ციციანოვის ასავალი |

★ „პირველი ბილიკი ამ აღმართზე გაუყვანია - ფარსადან ციციშვილს, რომელსაც ბილიკის გასაჭრელად თავისი ყმები გამოუყვანია და რადგან ძნელი სამუშაო იყო, მთელ დღეს დაფაზურნას აკვრევინებდა, რათა მუშებში ხალისი გამოეწვია“, - იოსებ გრიშაშვილი - ბარათაშვილის აღმართი
***

„ავლაბარს, თბილისის სხვა ნაწილებთან მისასვლელ-მოსასვლელათ ორი გზა აქვს - ერთი ჩუღურეთიდგან და მეორეც ავლაბრის აღმართიდგან. ორივ უხეირო და მაღალი აღმართებია.

ამით მისვლა-მოსვლა ავლაბარში ძალიან სამძიმო საქმეს შეადგენს ქალაქელებისთვის. ამიტომ, ძალიან სასიამოვნოდ უნდა დარჩეთ ქალაქელებს, რომ თბილისის გამგეობა მა ბოლოს დროს შეუდგა რიყიდამ მესამე გზის აყვანას ავლაბარში.

ეს გზა დანარჩენებზე უფრო სახერხო და საადვილო გზა გამოდის. იწყობა თითქმის რიყის სათაურიდგან, ჩუღურეთთან ახლოს, სჭრის ავლაბრის მაღალი კლდის შუაწელსა, ქამარივით ევლება ამ კლდეს და გადის ზედ ავლაბრის შუა-გულში.

გზა იქნება, როგორც ეტყობა, კარგა განიერი და ფართო. დასაქნებელი ადგილები თითქმის არსად არ ექნება. ოდნავ დაღმართი მოსდის მას თვიდამ ბოლომდის.

ამ სასიამოვნო ამბავს ერთვის უფრო სასიამოვნო გარემოება: გზის გასაკეთებლად ამუშავებენ ტუსაღებს, რომელთაც მსუბუქი დანაშაულობა აქვთ, და, მაშასადამე, გაქცევის შიში არ არის.

ეს სანაქებო განკარგულება თურმე ბ. გუბერნატორს მოუხდენია; როგორც გვეუბნებიან, 70 ტუსაღი მუშაობს მუდამ დღე ამ გზაზე.

ვინატრებთ, რომ ხშირად ისარგებლონ ამ გვარად საცოდავი ტუსაღების ძალ-ღონით, რომელიც ეხლა მუქთად იკარგება ქვეყნისთვისაც და თითონ ბედ-კრული ტუსაღებისთვისაც“, - გაზეთი „დროება“, 1884 წ.

***


***

„20 მარტს [1884 წ.], დილის სამ საათზე, ავლაბრის კლდიდამ ჩამოწვა რიყის ქუჩაზე ქვის დიდი ნაჭერი, რომელიც დაიმღვრა და დაიჭირა მთლი ქუჩა 7-8 საჟნამდის, ასე რომ სიარული აღარ შეიძლებოდა. 

დილითვე ქალაქის მუშებმა გაწმინდეს გზის შუა-გული და შვიდ საათზე გაიხსნა გზა.


მთელი დღე ბეჯითი მუშაობაა საჭირო ამ ქუჩის ერთიან გასაწმენდად. ჯერ არავინ იცის, მოხდა რამ უბედურება ამ გზაზე, თუ არა. დღისით რომ მომხდარიყო ამ ზვინის ჩამოწოლა, უთუოდ საშინელი უბედურება რამ მოჰყვებოდა თან, რადგან იქ მრავალი ხალხი დაიარება დილიდამ საღამომდის. განგებამ დაიფარა ქალაქელები ამ უბედურებისაგან.
ეს ამბავი მოხდა ზედ იმ ადგილას, სადაც ეხლა ქალაქის თვით-მმართველობას გაჰყავს რიყიდამ გზა ავლაბარზე, სახელად ციციანოვის ასავალი. 
იქვე, პირ-და-პირ მალაკნების სახლებია. ისინიც გადარჩნენ ხიფათს, მარტო რამდენიმე შუშა გატყდა ფანჯრებში. 

იმავე კლდეზე კიდევაცა სჩანს უშველებელი ქვა, ნახევარზედ მოვარდნილი. ეჭვი არ არის, რომ ქალაქის გამგეობამ უნდა მიიღოს ყოველი ღონისძიება და ააცდინოს მცხოვრებლებს ამ გვარი მოზვავება მომავალში“, - გაზეთი „დროება“, 1884 წ. 

გიორგი ჭეიშვილი