ტფილისელ ყარაჩოღელთა სადღეგრძელოები... |


ყარაჩოღელთა სადღეგრძელოები ყოველთვის კაფიად იყო თქმული: უცები, მოსწრებული და დროის შესაფერი. პირდაპირ საკვირველია, რომ ეს უანბანო ლოთები, რომლებსაც წიგნის ნაცვლად, გაწუწული ხელადა ეჭირათ ხელში, ასეთი პოეზიით სავსე სიტყვებს ჰხარჯავდნენ! რა კარგია ზოგჯერ ბავშვური მიამიტობა და პრიმიტიული სიბრძნე...

❝ეს გაუმარჯოს იმ კაცს, რომელიც ვთქვათ, ეხლა ჩვენს წინ გაივლის, ჩვენს ავს ნახავს, წავა და კარგს ილაპარაკებს.❞

❝ესეც გაუმარჯოს იმ მებაღეს, რომელი მებაღეც ვენახში გაივლის, დაწოლილ ვაზს შეამჩნევს, წამოაყენებს, ახეირებს, ნაყოფს გამოაღებინებს, დაჰკრეფს, დასწურავს, თითონაც დალევს და ჩვენც დაგვალევინებს.❞

❝ესეც ღმერთმა აცოცხლოს ის მთვარე, რომელიც ძალიან კაშკაშებს, ჩვენისთანა ბოღლოწო ხალხს გზას უჩვენებს და ეუბნება: ე, მუდრეგ, აქეთ გაიარე, იქით ხრამია, არ ჩავარდეო.❞

❝ესეც ღმერთმა აცოცხლოს ის ხე, რომელიც წყლის პირასა სდგას და უწყლოდა ხმება.❞

❝ეს გაუმარჯოს იმ ტივს, რომელსაც ადიდებული წყალი დაშლილს ჩამოიტანს, ერთი ტივის ხე ორთაჭალაში ყასიდად გაიხიდება, რომ ჩვენისთანა საწყალმა ხალხმა ზედ გაიარ-გამოიაროს.❞
❝ბიჭებო, შეითნებო, ეს კი სხვანაირი სადღეგრძელოა, ჰაა! ვთქვათ, ორი მტრედია და ეს ორი მტრედი ორ ხეზე ზის, უნდათ ერთმანეთთან გადაფრენა, ალერსი, ჭუკლუკი, ღუღუნი, მაგრამ ვერ ახერხებენ; ამ დროს ამოვარდება ქარი, ხის ტოტებს ერთმანეთს მიაჯახუნებს და ამ ორ მტრედს ერთმანეთს შეახვედრებს! გაუმარჯოს ჩვენს ძმა ფირუზას და იმის დანიშნულს სალომეს.❞ 
❝ძმებოჯან, ესეც ღმერთმა ადღეგრძელოს ის ლოთი ძმაბიჭი, რომელიც კვირა დილით ეკლესიაში წავა, რომ ღმერთს სანთელი დაუნთოს, მაგრამ გზაზე შემოეყრება მშიერი ამხანაგი, ძმა - ბიჭი, ჩაიყვანს სარდაფში, პურს აჭმევს, ღვინოს დაალევინებს, იმ სანთლის ფულს იქ დახარჯავს და იტყვის, თუ ღმერთი უჩვენოთაც იოლას წავაო.❞ 

❝საფლავის ბულბულის სადღეგრძელო: ეს იმ ბულბულს გაუმარჯოს, რომელიც რომა ჩვენს საფლავის ქვაზე შემოჯდება, ქვაზე ამოჭრილ ასოებში ჩამდგარ წყალს დალევს, მაღლა ღმერთს შეხედავს და ჩვენ გვახსენებს.❞

❝ესეც ღმერთმა გაუმარჯოს იმ ადამიანს, რომელიც ეხლა სახლში სანთელ-ანთებული გველოდება.❞ [ეს უკანასკნელი სადღეგრძელო მოქეიფეთა ოჯახობას ეკუთვნოდა.]

📖 იოსებ გრიშაშვილი - „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“

გიორგი ჭეიშვილი