მადათოვი • Madatovi

  • მთავარი
  • ძველი პრესა
  • სტატია
  • გამოცემები
  • სხვადასხვა
  • მულტიმედია
facebook
★ „ლერმონტოვის მოსამსახურე ქრისტაფორე სანიკიძის სურათი [ნახატი გაგარინის]. დედანი ინახება ლერმონტოვის მუზეუმში პიატიგორსკში. სურათი მითავაზა ლერმონტოვის მუზეუმის დირექტორმა ელისაბედ იაკოვკინამ. 21/VIII – 38 წელი. გ. კვიტაშვილი“

ასეთი წარწერა აქვს საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანეში დაცულ ფოტოს, რომელზეც ქართულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდაა ასახული.

ეს ახალგაზრდა, 1888 წლისთვის, უკვე ტფილისში მცხოვრები ერთი მოხუცი ქართველი კაცია, განსვენებულის რუსის პოეტის – ლერმონტოვის მოსამსახურედ ნაყოფი, ვისაც ბევრი რამ ხსომებია ლერმონტოვის ცხოვრებიდგან. 


„გაზეთი „Нов. Обоз.“ სწერს, რომ რუსეთის პოეტის მ. ლერმონტოვის მოსამსახურედ ნამყოფ კაცს, ქრისტეფორე სანიკიძეს უთქვამს, ტფილისში ყოფნის დროს მ. ლერმონტოვი 6 დღის განმავლობაში იმ სახლში იდგა, სადაც ეხლა „პარიჟის“ სასტუმროაო“, - გაზეთი „ივერია“, 1893 წ.  

1891 წლის ძველი ქართული პრესის ცნობით, ქაიხოსრო სანიკიძე ლერმონტოვთან უკანასკნელს ჟამს ყოფილა, დუელის დროს. 

„ქაიხოსრო სანიკიძე ნავალი კაცია და ბევრ რუსეთის გამოჩენილს კაცებთან ნამყოფი. ერთს დროს მთავარ-მართებელს ვორონცოვთანაც ყოფილა მსახურად. 

1840 წლებში უნახავს ლონდონი, ყოფილა ბერლინსა, პარიჟსა და სტამბოლში, ყოფილა აგრეთვე სპარსეთში და სხვაგან. ეს კაცი და რამდენიმე სხვანიც 1830 წლებში იმერეთს ჰყოლიათ რუსეთის დიდს კაცებს და იქიდამ მერე რუსეთში წაუყვანიათ. ამათ შორის ერთი ვინმე აღსაბაძე ბერლინში სცხოვრობს, ხელობით ჩექმის მკერვალია, ცოლად გერმანელი ქალი ჰყავს და ბერლინის ერთს კარგს ქუჩაზე თავისი სახლიც უდგია.“

წყარო: 
📕 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]
📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]
გაზიარება

📷 ინტერვიუ ფოტოგრაფ ლევან ხერხეულიძესთან

★ ლევან ხერხეულიძე, მეგობრებისთვის - ხერხე, ადამიანი, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ჩემს წარმოდგენაში, ღია სივრცეების, წვიმიანი ამინდებისა და უპასუხოდ დასატოვებელ საკითხებზე მსჯელობის კაცია. 

ხერხე ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის დაწყების პირველივე დღიდან მახსოვს და მას შემდეგ უამრავ აზრიან თუ უაზრო რეპორტაჟზე ვყოფილვართ ერთად; ასე იყო თუ ისე, ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, თემა ან რესპონდენტი თუ მიმტყუნებდა, ხერხეს ფოტოები იტყოდნენ სათქმელს.

მერე იყო და, რაღაც მომენტში, როცა ფოტოგრაფიით დავინტერესდი, თავისი „შამანობების“ სამყაროს კარის გახსნა სცადა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფოტოგრაფიაზე მეტად, ძველი თბილისი, საფასადო ქანდაკებები და დაქცეული შენობები მაინტერესებდა...

ხერხე მალევე მიხვდა ამ ამბავს და მე კიდევ იმას, რომ ძველი თბილისი მისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, სრულიად უინტერესო, სტერილური სამყარო იყო. 

ეს იყო და ეს. 

ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემის გათვალისწინებით, სიტყვის უთქმელად, „სამშვიდობო პაქტი“ გავაფორმეთ და საკითხი ამით დაიხურა. 

ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა მანამ, სანამ ხერხეს ფოტოები, მისი ცნობილი პორტრეტები ბარათაშვილის ხიდის ქვეშ არ ვნახე გამოფენილი.

აი, მაშინ კი ვიფიქრე, რომ თუკი მისი პორტრეტები ასეთი ორგანული იყო თბილისისთვის, მით უმეტეს იმ ადგილისთვის, სადაც 90-იანებიდან მოყოლებული, ადამიანები ყოველგვარი მორიდების გარეშე ავლენდნენ საკუთარ სახეს, კარგი იქნებოდა, ხერხეს, როგორც ფოტოგრაფის და თბილისის, როგორც ქალაქის ურთიერთობა ამით თუ არ დასრულდებოდა...

ჰოდა, ერთ დღესაც ისე მოხდა, რომ ჩვენი პირველი შეხვედრიდან მრავალი წლის შემდეგ, ხერხემ თბილისის ფოტო გამოაქვეყნა.


○ გაინტერესებთ, რა და როგორ მოხდა?!

☆ „შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ თბილისის გადაღებისკენ კორონავირუსმა და მისგან შექმნილმა ვითარებამ მიბიძგა. ზოგადად, უსაქმოდ ყოფნა არ მიყვარს და თებერვლიდან მოყოლებული სულ იმაზე ვფიქრობდი, რა მეკეთებინა. როგორც კი დათბა და ქუჩებში ხეტიალი თავისუფალი და სასიამოვნო გახდა, ძველი თბილისისთვის თვალის შევლება გადავწყვიტე. 

გამოგიტყდებით, რომ თბილისი ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, მაინცდამაინც საინტერესო არასდროს ყოფილა და ამის მიზეზსაც კარგად ვხვდები: ადამიანი ვერ ხედავს მათ და მას, ვისაც და რასაც ყოველდღიურად ეხება. ზოგჯერ რაღაცის დასანახად დისტანცირებაა აუცილებელი. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს [8 ივნისი] უბრალოდ გადავწყვიტე ძველი თბილისის ქუჩებში სიარული. 



რა თქმა უნდა, აზრადაც არ მომსვლია, რომ ეს გასეირნება ოდესმე რაიმე მნიშვნელოვანში გადაიზრდებოდა. ახლა კი მადლიერი ვარ იმ მომენტის და ამ გადაწყვეტილების, რადგან ამის შედეგად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერია მივიღე“.

○ ფოტო, თითქოს, ყველაზე უკეთ უნდა გადმოსცემდეს იმას, რასაც თბილისის ქუჩებში ხედავ. როგორი იქნებოდა შენი ფოტოები, სიტყვით რომ გეცადა მათი შინაარსის გადმოცემა?

☆ „ფოტოგრაფისთვის უცნაური შეკითხვაა. მთლიანობაში, მთელი ეს სერია ზოგჯერ ყვირის, ზოგჯერ ჩურჩულებს და ხშირად ითხოვს მასში მნახველის ჩაღვენთვას. ეს ფოტოები ცდილობენ, მნახველში სიყვარული, სითბო, ყველაფრის წარმავლობისა და მისდამი სათუთად მოპყრობის განცდა გააღვიძონ. ზოგადად, სენტიმენტალური არ ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ ამ ფოტოებში სენტიმენტალიზმი არ არის.  

თუ რამის გაზიარების სურვილი გამიჩნდა, ეს იყო თბილისისადმი, როგორც საინტერესო, ფასეული და ამჟამად ცოტა სევდიანი ცოცხალი არსებისთვის ყურადღების მიქცევა.
ეს ფოტოები არ არის ეთნოგრაფია, ან მხოლოდ იმის ასახვა, თუ რა ხდება ახლა ძველ თბილისში, ისინი მისდამი ჩემს დამოკიდებულებას და უდიდეს სურვილს უფრო გამოხატავენ, რომ ეს ნამდვილი და ფასეული გარემო არ დავკარგოთ“.

○ მოულოდნელი კადრი...

☆ „გარკვეული თვალსაზრისით, ყველა ფოტო მოულოდნელი იყო, რადგან არცერთი მათგანი არასდროს დამიგეგმავს. ანდა როგორ უნდა დაგეგმო ის, რაც თვალითაც არ გინახავს? წარმოდგენა არ მქონდა, სად რა დამხვდებოდა და სწორედ ეს აღვივებდა და აძლიერებდა ჩემს სურვილს, ფეხით მევლო, მეთვალიერებინა, დამენახა, აღმომეჩინა და გადამეღო. 

თუმცა, მახსენდება ერთი კადრი, რომელიც მართლაც რომ სრულიად შემთხვევით გადავიღე, როდესაც ერთ-ერთ მზიან დღეს კოტე აფხაზის ქუჩიდან - პურის მოედნისკენ ასვლა გადავწყვიტე. იმ პატარა შემაერთებელ მონაკვეთში არაფერი იყო ჩემთვის საინტერესო, უცებ კი დავინახე მეორადი ტანსაცმლის პატარა მაღაზია, რომლის შესასვლელშიც ორი კაბა ეკიდა.



საკუთარ თვალსა და ინსტინქტებს ვენდობი, ამიტომაც, ამ მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს წამიერად შევყოვნდი. უეცრად სიო ამოვარდა, კაბები ააფრიალა და კადრიც შემრჩა! 

ეს ფოტო ერთ-ერთი საუკეთესოა ამ სერიაში“.

○ არის ამ სერიაში რომელიმე ფოტო, რომელიც შეგიძლია გამოარჩიო და გვითხრა, რას გვიამბობს, ვისზე ან რაზე გველაპარაკება? 

☆ „რომელიმე ფოტოს გამორჩევა გამიძნელდება. ჩემი აზრით, მნახველს თითოეული მათგანი ესაუბრება და თავის პატარა ისტორიას მოუთხრობს. ეს ისტორიები განსხვავებულია: ზოგი სევდიანია, ზოგი - მხიარული, ზოგიც - იდუმალი, რომელიც თითქოს რაღაცას მალავს. ვფიქრობ, რომ ერთად შეკრული, საინტერესო თავგადასავალია. 



ჩემი მიზანი არც ყოფილა, რომ ამ ფოტოებით რამე კონკრეტულზე მესაუბრა. მხოლოდ ის მინდოდა, ადამიანებისათვის ჩემთვის საინტერესო ადგილები მეჩვენებინა და ისინი ამ მოგზაურობის თანამოზიარედ მექცია“.

○ ამ ფოტოებიდან რომელი მეტყველებს თბილისის წარსულზე, აწმყოსა ან/და მომავალზე?

☆ „მომავალზე? არც კი ვიცი... 
 
ფოტოების უმეტესობა აწმყოს ასახავს, რომელშიც, ასე თუ ისე, მათი წარსულიც იკითხება. 



მომავალზე საუბარი გამიჭირდება. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი ბოლომდე არ გაანადგურებს იმას, რაც ფასეულია და არ აქცევს თბილისს ტკბილეულად, რომლის დაგემოვნებისას გულისრევის შეგრძნება გიჩნდება... 

„ჩემი“ ძველი თბილისი ასეთი ნამდვილად არაა“.


○ რომელია ფოტოგრაფ ლევან ხერხეულიძის ურბანული ავტოპორტრეტი?

☆ „კარგი და რთული კითხვაა... 

ასე გიპასუხებ: 

ნებისმიერ ფოტოში ფოტოგრაფის ნაწილიც არის, ამითაა ფასეული ერთიცა და მეორეც. თუმცა არის რამდენიმე ფოტო, რომელიც მართლა ძალიან მგავს“.

○ რას ამბობს ქალაქი, რომელსაც იღებ? 

☆ „დუმს. მისი ტკივილი და ყველა ჭრილობა ისედაც ნათლად ჩანს. ქალაქი საკუთარი სხეულით გვაჩვენებს ამას, თავად კი დუმს და ჯერ კიდევ მედგრად იტანს ჩვენს უგუნურებას, სისასტიკეს, გულგრილობას. ამ ყველაფრის მიუხედავად, ალაგ-ალაგ, ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი სინათლის, სითბოსა და სიმყუდროვის გაზიარების სურვილი...“
გაზიარება

[იაკობ ბალახაშვილის წიგნიდან - „ლიტერატურული წრეები და სალონები საქართველოში, გამომცემლობა „საბლიტგამი“, 1940 წ.]

★ „ერთი ადგილთგანი, სადაც ოცდაათიანი წლების თბილისის მოწინავე არისტოკრატია თავს იყრიდა, იყო ბინა გრიგოლ ორბელიანისა.

„თუ თბილისში გიცხოვრიათ, - წერდა 1885 წელს იონა მეუნარგია, - რასაკვირველია, გეცოდინებათ, სად და რა ალაგას არის გრიგოლ ორბელიანის სახლი:

ძველთაგანვე ამ სახლის არემარე შეადგენდა ორბელიანთა გვარის სამყოფ ადგილს და იწოდებოდა ორბელიანთა უბნად, აულად. ამ აულში ცხოვრობდა სარდლიანთ ოჯახი, ასლანის ოჯახი, გიორგის ოჯახი, ზურაბ - პოეტის მამა და სხვა. 

ზურაბის დიდი, ორსართულიანი, ფართე მოაჯირით შემოვლებული სახლი ისევე დარჩა პოეტის ცხოვრებაში, როგორც იმის მამის დროს იყო. ადამის დროული არქიტექტურა, ფართე, ყოველს მცენარესა და ყვავილებს მოკლებული ეზო, შეულესელის უშნო გალავნით და ალაყაფის კარებით; გალავანის ერთ ყურეში - წვიმისაგან და მზისაგან გახუნებული ფიცრის საჯინიბო, სახლის გვერდით - სასახლის ეკლესია, - აი რა შეადგენდა სასახლის გარემოს. პოეტს არ უნდოდა სიძველეში შესულის სახლის განახლება.

ორბელიანების სახლი ვაშლოვანში
სახლის შესავალი ეკლესიის პირდაპირ იყო; კარებზე არც რიგიანი ზარი, არც მოსამსახურე, შედით, პალტო გაიხადეთ, ჩამოკიდეთ კედელზე და შეაღეთ ზალის კარები. არავინ არ არის. ვეებერთელა ზალა, სკამებით გარშემო შემომწკრივებული, რომელშიაც არც მაგიდა სდგას, არც სავარძელი, არც ტახტი. თუ კარების ხმამ გააგონა ვისმე მოსამსახურეს თქვენი შემოსვლა, ხომ კარგი, თუ არა და გასწით პირდაპირ და შეაღეთ ის დიდი კარები, რომელიც გზაზე დაგიხვდებათ. ამ კარებს შეჰყავხართ თქვენ პოეტის კაბინეტში.
მარჯვენა კედელზე მიკეთებული თაროები სავსეა წიგნებით, რომელთ ტყავის ყდაზე იკითხება წარსული პერიოდი წიგნის შემკვრელთა ვინაობისა. მაგიდები მარჯვნივ და მარცხნივ, თვითონ სამუშაო მაგიდა, ფანჯრები და ბუხრის თავი სავსეა არეულად დაყრილის მტვრიანის ქაღალდებითა, გაზეთებით, წიგნებით, სურათებით. არაფერს არ ეტყობა ხელოვნება, კაბინეტის ლამაზად მორთვის სურვილი, არსად არა სჩანს ქალის ხელი.
რომ შეხვედით პოეტთან, წიგნის კითხვაში, ან წერაში გართულმა მასპინძელმა წამოჰყო თავი, ფართეთ გაშალა ორივე ხელი, ერთი შესძახა ჩვეულებრივი „ჰოო!“, ნიშანი კმაყოფილებისა, წამოდგა, მოგეგებათ, მოგავლოთ ხელი და დაგისვათ პატარა მრგვალ მაგიდასთან, თავის პირდაპირ“.
აი ასეთი იყო ორბელიანის სახლი მისი ახალგაზრდობის დროსაც...

[...]

კვირაში ერთხელ გრ. ორბელიანი თავის ბინაზე იწვევდა აშუღებს, რომლებიც ასე ძალიან უყვარდა პოეტს და მრავალრიცხოვან მეგობრებს შორის ისმენდა შამჩი-მელქოს, ქიჩიკნოვასა და საიათნოვას „გულდამწველ სიტყვებს“

მგოსანი და მკვლევარი იოსებ გრიშაშვილი წერს:

„ჩემს შეკითხვაზე უხუცესმა აშუღმა ფნდიღამ და უსინათლო იაგორამ მიპასუხეს:

„ვა, კნიაზი?! ვენაცვალეთ ჩვენ იმას თავის ქრისტებში და ღმერთებში! 

კვირაში ერთხელ თუ ორხელ კნიაზის [გრ. ორბელიანის] ბრძანებისამებრ მივდიოდით მის სახლში, განსაკუთრებით საიათნოვას ლექსების სამღერლად-ჰაა!

კნიაზი გამოგვეგებებოდა და გვეტყოდა თავის მჯახე ხმით:

„ოხ, მოხვედით ჩემო შვილებო!“

ჩვენც ვუმღერდით საიათნოვას საჭიკმაჭიკო ლექსებს, და ოხრად  დაგვასაჩუქრებდა! 

ხოლო „ბედნიერ დღეებში“ [აღდგომასა თუ ახალწელიწადს] ტანსაცმელს შეაკერვინებდა თავის დერციკს და სახსოვრად გვიფეშქაშებდა“.

ასე იყო გრიგოლ ორბელიანის ბინაზე პოეტის გარდაცვალებამდის.“
გაზიარება

[ნაწყვეტი გიორგი ლეონიძის მიერ ფიროსმანის შესახებ შეკრებილი ცნობებიდან - „ცხოვრება ფიროსმანისა“]

[ნიკალას მეგობრის - ბეგოს ნაამბობიდან...]

★ „ძმობილი მყვანდა - კოლა რუსიშვილი. რიყეზედ ლუდხანა ჰქონდა. ეხლა აღარ არის. პატიოსანი ყმაწვილი იყო და სურათების დიდი მოყვარული. ახალგაზრდობაში სხვასთან იდგა დუქანში მოჯამაგირედ. იქ გაეცნო ნიკალა და მისი სურათები თურმე გულში ჩაიდო, გავხსნი თუ არა საკუთარ დუქანს, ნიკალაის დავახატვინებო! 

მართლაც, დუქნის გაღებამდე ნიკალას დაუძახა და სურათებში გაურიგდა. ოთხივე კედელი უნდა გამოეხატა. მეც იქ შევესწარი. ნიკალაიმ მეორე დღესვე დაიწყო მუშაობა და თითო არაყზედ გამოჩარხული სურათები გამოჰყავდა.

გავიდა ორი დღე, ნიკო აღარ გამოჩნდა. 

კოლა ბიჭს გულთ შემოეყარა. რა ექნა? სურათები დაუმთავრებელი რჩებოდა. დუქნის გახსნაც ამით გვიანდებოდა.

მესამე დილას ბიჭებმა უთხრეს კოლას: 

- ნიკალაი დილას ვაგზალთან ვნახეთ, სვამდაო! 

გახარებული კოლა მაშინვე ეტლში ჩაჯდა და საძებრათ გაექანა. მართლაც, იმ დუქანშივე ენახა სადაც მიასწავლეს და ნიკალაი ფაიტონით მოიყვანა:

მთვრალმა და ღამე ნათევარ ნიკალაიმ ისევ აიღო ფუნჯი, მაგრამ კოლას რა იმედი ჰქონდა, რომ სურათებს დაუბოლოვებდა? მაშინ - „ხერხი სჯობიაო“, - იფიქრა კოლამ. 
ლუდხანაში შეიყვანა, აღარ კი გამოუშვა. გარედ დუქანს კლიტე დაადვა და სამი დღე ნიკალაი მუშაობდა. ცოტა საჭმელს, ცოტა სასმელს ფანჯრიდან აწოდებდა, როგორც ტუსაღს. მანამ ყველა კუთხეები არ გამოუხატა, არ გამოუშვა. მერე კი გაანთავისუფლა...“
გაზიარება

★ საიათნოვა, ალბათ ყველაზე გამორჩეული ტფილისელი აშუღი, საკუთარი ცხოვრებითა და შემოქმედებით კარგად არის ცნობილი. 

აქ კი გთავაზობთ ერთ კონკრეტულ ამბავს, რომელიც საიათნოვას შესახებ, გაზეთ „დროებაში“, ზ. მთაწმინდელის [ზაქარია ჭიჭინაძის] მიერ 1878 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში გვხვდება.

★ „...საიათნოვას ცოლი შეურთავს, ერთი ჰავლაბრელი ქალი მარიამა, სამი შვილი ჰყოლია და შემდეგ ცოლი მოჰკვდომია.

ცოლის სიკვდილის შემდეგ ახპატის მონასტერში ბერათ შესულა. მეფე ერეკლე თურმე ძალიან უშლიდა ბერობას, მაგრამ იმას მაინც არ დაუშლია და შესულა.
მონასტერში ბერები თურმე ძალიან ეჩხუბებოდნენ: ლექსების წერას თავი დაანებეო, შენი საქმე არ არის, ხელი აიღევო. მარამ იმას არ დაუშლია და ისევ ბერობა დაუტოვებია და წამოსულა ქალაქში. მაგრამ რადგან მეფე ერეკლე იმაზე გამწყრალი ყოფილა, მისვლა ვერ გაუბედვნია.
აი ამ დროს დაუწერია იმას თავის თავზე შემდეგი ლექსი:

★ „შე საწყალო ჩემო თავო“

შე საწყალო, ჩემო თავო, რა იქენ?
ქვეყანაში სასაცილო შეიქენ;
საითაც გაიქეც, იქით წაიქეც,
ბოლოს დროს ბედოვლათი შეიქენ.
რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!

თითქმის ვიყავ ქვეყანაში ქებული,
ჭიქასავით ოქროს ყუთში დებული,
ეს რა მომივიდა ახირებული?
რაც მომიხდა, განუსჯელობით არი!
რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!

მეფეთაგან მეჯლიშს მიწოდებული,
თავადებთან პატივცემით შვებული,
ალისფერი კაბით განშვენებული
ახლა ამა ძაძით გაშავებული.
ესე ხვედრი ჩემის მოძღვრისგან არი!
რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!

ბრინჯი ვიყავ, ქრობა რად მინდოდა?
ქორი ვიყავ, ძერობა რად მინდოდა?
ერი ვიყავ, მღვდელობა რად მინდოდა?
მოდი, მითხარ, ბერობა რად მინდოდა?
ვგონებ, ჩემის უბედურის დღისაგან არი.
რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!
გაზიარება

★ ტფილისში, სხვადასხვა დროს, არაერთ გამორჩეულად საინტერესო ადამიანს უცხოვრია, პერსონაჟებს, რომლებიც ამ ქალაქის განუყოფელ ნაწილად იქცნენ და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი სარწმუნო ცნობების არ არსებობის გამო დავიწყებას მიეცა, არიან პერსონაჟები, რომელთა შესახებ ერთხელ თუ გაიგებ, შეუძლებელია ოდესმე დაგავიწყდეს.  

ასეთი ტფილისელი პერსონაჟების კატეგორიას მიეკუთვნება „კინტო - აბრაგუნე“. როგორც იოსებ გრიშაშვილის „ქალაქური ლექსიკონიდან“ ვიგებთ:
„აბრაგუნე მეტი სახელი იყო ტფილისელი მედუქნესი. იგი მოკლეს პირადულ ნიადაგზე. იყო დარდიმანდი, გულუხვი და გაჭირვებულის მეგობარი.“
იმავე იოსებ გრიშაშვილის - „ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“, სადაც ავტორი ქალაქური პოეზიის გამორჩეული წარმომადგენლის, დავით გივიშვილის მიერ - აბრაგუნესადმი მიძღვნილ ლექსზე [„ლექსი განსვენებულ აბრაგუნეზე“] საუბრობს, განმარტავს: 
★ „ეს მიკიტანი აბრაგუნე - ის აბრაგუნეა, ტფილისში რომ თოთხმეტი ფაიტონით ქეიფობდა. იგი ნამდვილი ბოჰემა იყო, მის დუქანში პოეტები ხშირად იკრიბებოდნენ. ერთხელ მისი სახედარი ჰაერში „შარითაც“ აიყვანეს. აბრაგუნე მოჰკლა მისივე დუქნის მეარღნემ პირადულ ნიადაგზე“.

აბრაგუნეს სახედრის ჰაერში „შარით“ აყვანა 1882 წლის ამბავი უნდა იყოს, როდესაც თბილისში მყოფი კავალერი ბედე, მუშტაიდში, თავისი ჰაეროსტატით ჰაერში აეშვა. 

„მეტად კარგი საყურებელი იყო ბ. ბედეს გიმნასტიკური მოქმედება ჰაერში, როდესაც ცალ-ფეხ ჩამოკიდებული გაიტაცა უზარ-მაზარ ჰაეროსტატმა. რამდენიმე წამს შემდეგ, როგორც ჰაეროსტატი, ისე ბედე, ბუზის ოდენა მოჩანდნენ...“, - გაზეთი „დროება“, 27 ნოემბერი, 1882 წ. 

აღსანიშნავია, რომ გაზეთ „Кавказ“-ის [#321] ცნობით, რამდენიმე დღეში, 5 დეკემბერს, კვლავაც მუშტაიდის ბაღთან ახლოს, ჟან ბედეს უკვე მესამედ ჰქონდა დაგეგმილი აფრენა საჰაერო ბუშტით, ოღონდ ამჯერად ცოცხალ ვირთან ერთად. სწორედ ეს სახედარი უნდა ყოფილიყო აბრაგუნეს საკუთრება.

აბრაგუნე იაკობა, როგორც მას დავით გივიშვილი მოიხსენიებს, 12 აგვისტოს, შუაღამეს, პირადულ ნიადაგზე ხანჯლით სასიკვდილოდ დაუჭრია მისივე დუქნის მეარღნეს; „ბოლნიცაში“ თითქოს მისი გადარჩენის იმედიც გაჩნდა, თუმცა, იაკობა აბრაგუნე ორ დღეში გარდაიცვალა.

აი, როგორ აღწერს მის დაკრძალვას 1885 წლის გაზეთი „დროება“:
★ „თბილისის მოქეიფე ხალხმა დიდის ამბით დაასაფლავეს კინტო აბრაგუნე. თბილისში ძვირად შეხვდებით ვისმეს, რომ აბრაგუნეს სახელი არ გაეგონოს, ამ სახელს ბევრი გაუტყუილებია დიდუბისაკენ, სადაც აბრაგუნეს ჰქონდა დუქანი. ოთხმა ზურნამ და რამდენიმე არღანმა გააცილა აბრაგუნე. ძმაბიჭები ერთობ დაღონებულნი მიჰყვებოდნენ გულუხვს მასპინძელს, რომელიც ხშირად მასპინძლობისათვის არა თუ არას ართმევდა, „ცუდად“ დარჩენილებს პირიქით აჭმევდა, ასმევდა და ჯიბის გროშებსაც აძლევდა ხოლმე“.
იაკობა აბრაგუნეს მკვლელობას „უკვალოდ“ არ ჩაუვლია და „თბილისში გამოვიდა პატარა ბროშიურა: „ლექსი აბრაგუნესი“, თქმული გომელისა“, ასევე, „ლექსი განსვენებულ იაკობ აბრაგუნეზედ“, დავით გივიშვილის ავტორობით.

მათი ლექსებიდან აბრაგუნეს შესახებ არაერთი საინტერესო ფაქტი ხდება ცნობილი:

დიდუბეში ვაჭრობდა, ღვინითა, სასმელითა,
ყველას თავს აყვარებდა თავის საქციელითა, 
ხუმრობით, ოხუნჯობით, ენითა მეტყველითა,
ბევრი გაჭირებულიც ცხოვრობდა მის ხელითა,
არა შურდა სიკეთე, არ უყვარდა ძუნწობა.


ამ ლექსიდან ასევე ვიგებთ, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, საავადმყოფოში მისი თანხმლები ერთ-ერთი პირი საკუთარ დუქანში გააგზავნა, შემწვარი ვარიის მისატანად, თუმცა, უკან დაბრუნებულებს იაკობა აბრაგუნე გარდაცვლილი დახვდათ...

მის დაკრძალვას უამრავი ადამიანი უნდა დასწრებოდა - „ხალხში ტევა არ იყო, რიცხვი გაუგებარი, ეცილებოდა ზიდვას უცხო, თუ მეგობარი“, ხოლო სასახლის მიწაში ჩასვენების შემდეგ, მისი საფლავი მუჭით ჩაყრილი მიწით შეივსო, ისე, რომ, როგოც გივიშვილი აღნიშნავს, ნიჩაბიც კი არ გამოუყენებიათ...

დასაფლავების შემდეგ, აბრაგუნეს ანდერძის მიხედვით, „დაიწყეს ზურნების კვრა, აგრეთვე არგნებისა...“

რაც შეეხება მკვლელს, როგორც გომელის ლექსით ვიგებთ, კაცი, რომელმაც აბრაგუნე სასიკვდილოდ დაჭრა, თავად ჩაბარებია პოლიციას და მისთვის იმწუთას ციხეში უკრავთ თავი...

საგულისხმოა, რომ პოეტურ გამოხმაურებას, რაც აბრაგუნე იაკობას მკვლელობას მოჰყვა, გაზეთი „დროებაც“ შეეხო:

★ „როგორც ეტყობა, უბრალო ხალხიც მისდევს ლიტერატურას და თავისებურად იკმაყოფილებს თავის სულიერსა და გონებრივს ინტერესებს.

თუ ჩვენ არ შეგვიძლია დავიკვეხოთ, რომ ხალხის ფიქრი და ინტერესი ვიცით და იმის დაკმაყოფილებას ვცდილობთ, სამაგიეროდ, თვითონ ხალხი ზრუნავს და არც ერთს ცხოვრების მოვლენას, რომელიც მისთვის საინტერესოა, ჩვენსავით გულ-გრილად გვერდს არ აუვლის ხოლმე. 

ეს ორი კვირაა, რაც ძალადობით მოჰკლეს ვიღაც იაკობა მედუქნე [აბრაგუნე] და თბილისის ხალხის სულიერის ვითარების მცოდნე გულ-უბრყვილო მწერლებმა მთელი თავისი ხელოვნება დაასრულეს, რომ ღირსეულად შეემკოთ თავისი ლექსებით ეს ხალხისათვის საინტერესო მიკიტანი“.
გაზიარება

★ გთავაზობთ ძველ ქართულ პრესაში [1884 წ.] არსებულ ცნობებს მეფე ერეკლე II-ის თოფის შესახებ...


ცნობა #1

★ „ერთმა პატივცემულმა პირმა გვიამბო, რომ მეფე ირაკლის თოფი, რომელიც კახეთის თავად-აზნაურობამ 2000 მანათად იყიდა და განსვენებულს კავკასიის სახელოვანს გმირსა და მთვარმართებელს თავადს ბარიატინსკის მიართვა, როცა მან შამილის წინააღმდეგ ლაშქრობა დაამთავრაო, დღეს ამ თოფის მფლობელს განუზრახავს ისევ საქართველოს დაუბრუნოს და საყვარელი მეფის ნაქონი ნივთი ისევ საქართველოს შვილთ ინახულონ ხოლმე სასწავლებლად და საგულისხმიეროდ. 

ჩვენის აზრით, თუ მივიღებთ მხედველობაში იმ გარემოებას, რომ მუზეუმში მისი ნახვა არც ყველას შეეძლება და უფასოდაც არ მოხერხდება, უმჯობესი იქნება, რომ ამ გვარი, წმინდა ქართულის მნიშვნელობის მქონე ძველი სახსოვარი შეწირულ ექმნას „წერა-კითხვის საზოგადოების“ ბიბლიოთეკას, სადაც იგი დაცული იქმნება მრავალ ძვირფას ხელ-ნაწერთა და მანუსკრიპტებთან ერთად ცალკე ვიტრინაში“. 


ცნობა #2

★ „ჩვენ ნამდვილად შევიტყეთ, რომ მეფე ერეკლეს ნაქონი თოფი, საჩუქრად თ. ბარიათინსკისთვის მირთმეული და თ. ბარიათინსკის დიდი სურათი, ეხლა ამ უკანასკნელის მემკვიდრეთა შეუწირავთ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობისათვის.

ზემოხსენებული ძვირფასი ნივთი თ. ბარიათინსკის მემკვიდრეთ შეუწირავთ თავად აზნაურობისათვის მათის ბრწყინვალების თ. ბარიათინსკის მეუღლის სურივლისამებრ.“


ცნობა #3

★ „ჩვენ შევიტყეთ, რომ ერეკლე II-ის ნაქონი თოფი უკვე ჩამოუტანიათ თბილისში და სათავად-აზნაურო სადეპუტატო სობრანიეში არის დაცული. 

არ იქნებოდა ურიგო, რომ ყოველს მსურველს შეეძლოს დანიშნულს დროზედ თავისუფლად შევიდეს სობრანიეში [ანდრონიკოვის სახლი, საპიორის ქუჩა] და დასტკბეს ძვირფასი საისტორიო განძის ხილვით“.
გაზიარება

★ ძველ თბილისში კრივი და ჭიდაობა რომ პოპულარული ამბავი იყო, ეს არახალია. რასაკვირველია, ორივე სფეროს, სხვადასხვა დროს, თავისი გამორჩეული ფიგურები ჰყავდა: კულა გლდანელი, ნესტორ ესებუა, ქრაფ-ქანდოღა, მეჩანგლე ლოპიანა და ა.შ. 

ამასთანავე, იყვნენ ისეთებიც, ვინც ტფილისის მოსახლეობაში ცნობილი იყვნენ, როგორც განსაკუთრებული ძალის პატრონები. 
ძველ ქართულ პრესაში არსებული მწირი ცნობების თანახმად, XIX საუკუნის 80-90-ანი წლების თბილისში ცხოვრობდა გოლიათური აღნაგობის კაცი, ფარსადან სხირტლაძე, რომელმაც სახელი გაითქვა არა მარტო თავისი ახოვანებით, არამედ უფრო იმით, რომ გადმოცემის თანახმად, თბილისში მისი დარი მოკრივე არ მოიძებნებოდა - „კრივში, რომელ მხარესაც ის გავიდოდა, გამარჯვებაც იქით რჩებოდა თურმე.“
როგორც ირკვევა, ფარსადან სხირტლაძე წარმოშობით რაჭიდან იყო, ქალაქში კი პურის ცხობით ირჩენდა თავს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ფარსადან სხირტლაძემ თბილისელების თვალწინ არაერთხელ ისახელა თავი საკუთარი გამბედაობითა და მამაცობით.

გთავაზობთ ორ ცნობას ფარსადან სხირტლაძის შესახებ, რომელიც 1891 წელს, ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა. 

ამბავი #1

★ „23-ს ქრისტეშობისთვეს, კვირას, იარმუკა ჩვეულებრივ ხალხით იყო გაჭედილი. ამ დროს იქ, სადაც ხალხში შესვლა ყველას უძნელდებოდა და სადაც, რაც უნდა სიმარდე გამოიჩინო, გაქცევით თავის შველა მოუხერხებელია, გაჩნდა ურემი დაკლულის ღორებით დატვირთული. უცებ ბღავილით ერთმა უღელმა ხარმა მილეწ-მოლეწა ტაბიკები, რქებით დაერია ხალხს და შეიქმნა საშინელი ყვირილ-წივილი. წვრილმან ვაჭრების ზარალს ვინ სჩივის, ხალხი ჯგუფად შიშისაგან ერთმანეთზედ დაეწყო, თაფხები და სტოლები, ნაფოტებად ნაქცევი, აქეთ-იქით ეყარნენ და ხალხს გაქცევის დროს ფეხქვეშ ედებოდა. 

ყველას ტანისამოსი ამოესვარა ტალახში და ბევრს იქამდის ჩამოეფხრიწათ, რომ თვალებზედ ხელ-მიფარებით გარბოდნენ სახლში. ჯიბგირებმა იპოვეს მარჯვე დრო და ბევრი ცარიელ-ტარიელი მიაგებეს შობას, თუმცა იმათში ათამდის კაცი შეიპყრეს და საშობაოთ იხილეს დღე მწუხარებისა.

ამ გასაოცებელ ხეთქვა-კიჟინაში, ერთმა რაჭველმა მეპურემ, წინად ქალაქში განთქმულმა მეკრივემ, ფარსადან სოლომონის ძემ სხირტლაძემ, რომელსაც გაგიჟებულმა ხარმა ტანისამოსი ჩამოაფხრიწა და სხვა ზარალიც მისცა, დიდის გამბედაობით გასწირა თავი, ეცა ხარს, მოუგრიხა კისერი და წააქცია. მაშინ-კი სხვებიც მისცვივდნენ, შეჰკრეს ხარი თავით, დასდეს ურემზედ და წაიღეს. მეორე ხარი გაგიჟებისთანავე იქმნა მარცხად წაქცეული და შეკრული. 

ამ სახით ღონემ და გამბედაობამ სხირტლაძისამ, უეჭველია, დაიხსნა მრავალი ხალხი აუცილებელის უბედურებისაგან. სხირტლაძის გამბედაობით გაოცებულნი მოხელე-სამსახურის კაცნი გროვდებოდნენ და კითხულობდნენ იმის ვინაობას, ზოგნი იწერდნენ კიდეც ჯიბის წიგნში მისს გვარსახელს. ესრედს სიმამაცეს, როგორიც ამ შემთხვევაში გამოიჩინა სხირტლაძემ, ვგონებ იშვიათად შეესწრას კაცი,“ - 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]


ამბავი #2

★ „31 იანვარს, საღამო ჟამს, იარმუკაზე დიდი ჩხუბი მოუვიდათ ერთმანეთში ორ ვაჭარს. მაჩხუბარებს ხალხი ზედ დაედო. გაჩნდა პოლიციელიც. ერთი გაცხარებული მოჩხუბარი მივარდა პოლიციელს, წაართვა ხმალი და გაექანა თავის მოწინააღმდეგესკენ. 

სწორედ იმ დროს აქ იყო ის ხელ-ღონიერი კაციც, სახელდობრ ფარსადან სხირტლაძე, რომელმაც გაგიჟებული ხარი წააქცია ამას წინად და მით დიდს ხიფათს გადაარჩინა ხალხი. ეს ფარსადანი მივარდა ეხლაც ხმლიანს ვაჭარს და თუმცა ოდნავ ცხვირი გაიკაწრა, ხმალი მაინც წაართვა გაცეცხლებულს კაცს და ამ სახით საფრთხეს გადაარჩინა მისი მოწინააღმდეგე,“ - 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]
გაზიარება
★ „ეძლევა ეს მოწმობა მოხეტიალე მუსიკოსს, ილიკო ქურხულს, რის ძალით მას აქვს უფლება ქ. თბილისის სხვა და სხვა უბნებში და მოედნებზე, სადაც მოისურვებს, დაუკრას როგორც ვიოლინოზე/სკრიპკაზე აგრეთვე წაუკითხოს ლექცია შემთხვევით გამვლელ-გამომვლელთ ხალხს მუსიკალურ აღზრდაზე. ქალაქის მოურავი ბ. ჩხიკვიშვილი. ქ. თბილისი. 17 მაისი, 1919 წ.“.
★ „ძველი თბილისის მუსიკოსებისაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა მოხეტიალე მუსიკოსი და საზოგადო მოღვაწე ილიკო ქურხული.

ილიკო პეტრეს ძე ქურხული დაიბადა თბილისში, 1885 წელს. ქურხულების ოჯახში მუსიკა უყვარდათ და ამიტომაც ილიკო ბავშვობიდანვე ეზიარა მუსიკალურ ხელოვნებას, პატარაობიდანვე შეისწავლა დაკვრა ვიოლინოსა და ჩანგზე.

მან კარგად იცოდა ძველ თბილისელ აშუღთა სიმღერები და ქართული ხალხური მელოდები, უყვარდა თეატრიც, მსახიობობა და ხშირად მართავდა კლასში შესვენების დროს „წარმოდგენა-ფუკუსებს“, რისთვისაც სასწავლებლიდანაც გაურიცხავთ. სასწავლებლიდან გარიცხვის შემდეგ ილიკოს სკოლა ქართული თეატრი გამხდარა...

ილიკოს გატაცება თეატრითა და მუსიკით მამამისს სრულიად არ ახარებდა, რადგან უნდოდა მისი შვილი ვაჭარი გამხდარიყო. იგი ხშირად ინსტრუმენტებსაც კი უმტვრევდა მას. ერთხელ, როცა მამას მესამეჯერ განუზრახავს ვიოლინოს დამტვრევა, ილიკო გაქცეულა სახლიდან. 

ცოდნის გაღრმავების მიზნით იგი მოსკოვში გამგზავრებულა და კონსერვატორიაში დაუწყია სწავლა...

მოსკოვის კონსერვატორიაში ილიკო დაუახლოვდა კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილს...

საინტერესოა კომპოზიტორის მოგონება ქურხულზე:
☆ „ერთხელ სასწავლებლიდან შინ ვბრუნდებოდი და ერთი ვიწრო ჩიხიდან ვიოლინოს მშვენიერი მელოდები შემომესმა. შევდექი, ყური დავუგდე და გავემართე იმ ეზოსაკენ, საიდანაც ეს მეტად ტკბილი ხმა გამოდიოდა. უფრო იმან დამაინტერესა, რომ ჰანგი ჩვენებური იყო, ქართული. გავოცდი, მივუახლოვდი ეზოს, შევიხედე შიგ და რასა ვხედავ, დავინახე კოხტა და ლამაზ კოსტიუმში გამოწყობილი ჩვენი ილიკო ქურხული... წარმოიდგინეთ, მე თვითონ ისე გამიტაცა, რომ იქვე მივიმალე, - არ დამინახოს, არ შერცხვეს და ეს მშვენიერი დაკვრა არ შეწყვიტოს-მეთქი. დაამთავრა, ტაშით დააჯილდოვეს და კვლავ გაამეორებინეს. მე სიხარულისაგან ცრემლები ჩამომდიოდა. დაამთავრა, ვიოლინო კოლოფში ჩადო და გასწია ახლა სხვა ეზოში, რის შემდეგაც მე ვუწოდე მოხეტიალე ქართველი მუსიკოსი და დღესაც ატარებს ჩემ მიერ დარქმეულ სახელს. ამ სახელით შემოიარა რამდენიმე უცხო სახელმწიფო და ხალხს გააცნო ქართული მუსიკა“.
1916 წელს ილიკო ქურხული კვლავ დაბრუნდა საქართველოში. აქ მას ხშირად შეხვდებოდით არა მარტო თბილისის ქუჩებში, არამედ მატარებელში, ან კახეთის გზაზე ჩანთამოკიდებულს თავის განუყრელ ველოსიპედზე, რომელსაც იგი ფოლადის ცხენს უწოდებდა.

წარწერა ფოტოზე - „ასე შემოიარა ილიკო ქურხულმა საქართველოს მთა და ბარი, სოფელი და ქალაქი, სკოლები და საბავშვო ბაღები, სკოლები და კლუბები“
ილიკო ქურხული თითქმის მთელი სიცოცხლე მოგზაურობდა თავისი განუყრელი ვიოლინოთი, სადღა არ ყოფილა და სად არ უცხოვრია საქართველოს გარდა...“

📖 მასალა მომზადებულია ალექსი ბარნოვის კრებულის - „ძველი თბილისის მუსიკოსები“-ს მიხედვით
გაზიარება

[ნაწყვეტი სოსიკო მელიქიშვილის მოგონებებიდან ალექსანდრე ყაზბეგის შესახებ, 1924 წ.]

★ „1880 წლებში სანდრო ყაზბეგი იდგა პლეხანოვის ქუჩაზე, სომხების ეკლესიის გვერდით, ზარაფიშვილის სახლებში, სადაც საცხოვრებელი ნომრები იყო გამართული. აქ სანდროს ერთი ნომერი ეჭირა. 

მე და ასიკო ცაგარელი, ჩვენი დრამაგურგი, თითქმის ყოველ დღე დავდიოდით სანდროსთან. სანდრო გვიკითხავდა ხოლმე თავისს ლექსებს, ასიკო უქებდა, მე კი ვუწუნებდი, არ უვარგოდა ლექსი, ხორკლიანი იყო, ლექსად არ იყო შეკრული, არც რითმა, არც აზრი.

გზაში ვეტყოდი ხოლმე ასიკოს:

„ბიჭო, არა გცხვენიან, რომ იმ უხეირო ლექსებს უწონებ?“

ასიკო მეტყოდა:
„სანდროს ერთი სპილოს ძვლის ხანჯალი აქვს, ოქროს ჩუქურთმიანი, მინდა ის დავცინცლოვო“.
გაზიარება

★ „გოლოვინის პროსპექტზედ, ბასისტის სათამბაქო მაღაზიის ფანჯარაში სდევს გასასყიდად ძველებური ქართული ტალკვესიანი თოფი, რომელიც სულ მთლად შევერცხულია და იშვიათის ხელოვნებით არის მოსევადებული და ნაკეთები. ლულაც, კონდახიც ვერცხლ-გადაკრულია და ვერცხლში ცურვილი. სალტები წმიდნა ვერცხლისაა. 
კონდახზე რუსული, ქართული, ფრანგული და თათრული ზედ-წარწერებია. ქართულად აწერია: „პეტრე მესხი ვარ“; ფრანგულად: „Naduda Bogdanoff“, რუსულად: „1859 годь, 25 июля. Кавказь. Укръпление Кумухь“. თათრული ზედ-წარწერა ვერ წავიკითხეთ. 
ეს თოფი მიუტანია მაღაზიაში ვიღაც ნიკოლოზ პეტრეს ძეს ვოლსკის, საკონტროლო პალატის სეკრეტარის თანაშემწეს. ფასი თოფისა 120 მანათია. 

ქართულს ზედ-წარწერაში მოხსენებული პეტრე მესხი ამ ჟამად ქართლში სცხოვრებს, ძველებური ქართველი კაცია, ახოვანის ტანისა, რომაულის ცხვირით, მაჯა-ძლიერი, ბევრის ომის მნახველი, მამულისა და სამშობლოს დიდი მოყვარე. ეს ის პეტრე მესხია, რომლის გმირობა და ვაჟკაცობა ქართლში კარგად იციან და რომელმაც შარშან შიშის ზარი დასცა ქართლის ავაზაკებს, რაკი გავარდა ხმა, რომ პეტრე მესხი და მეორე მისივე დოსტი, აწ უკვე მეტად ხნიერი ტარასი თავიანთ ნებით გავიდნენ ავაზაკების შესაპყრობადაო.

პეტრე მესხს ლეკურად აცვია: ლეკური ჩერქესკა, ლეკური დიდი ფაფახი, ლეკური ხმალი. სულ იარაღში ზის. გულმკერდზე მენდალი და ჯვრები აქვს ვაჟკაცობისათვის ბოძებული. იმისს ხმალზე სამი უცნაური სურათია: ვადაზე, შუა წელზე და ბოლოში. ვადაზე ლომია.
- ჩვენც წინად ლომები ვიყავითო, - იტყვის ხოლმე პეტრე მესხი ხშირად და ღრუბელი გადაურბენს სახეზედ. 
აი ასეთის ვაჟკაცის თოფი, საჭურველი და საომარი იარაღი, რომელსაც, ვინ იცის, რამდენი ცეცხლი და ვაება უნახავს, დღეს გასასყიდად არის გამოტანილი ბაზარში!..“

📕 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]
გაზიარება

16 ივლისი, 1899 წ.

★ „სამშაბათს, 13 ივლისს, საღამოს, „ლონდონის“ სასტუმროში, სხვა მრავალთა შორის სადილობდნენ ტფილისის გუბერნატორი ი.ნ. სვეჩინი, ბ-ნი ტებენკოვი და სხვ. ერთის საათის შემდეგ ყველა მოსადილეებმა მუცელში ტკივილი იგრძნეს, ყველას პირის ღება დააწყებინა და გამოაჩნდათ მოწამვლის ნიშნები. მოწამლულთ მათს ბინებზედ სამკურნალო დახმარება აღმოუჩინეს. 

პოლიციის გამოძიებამ გამოარკვია, რომ აღნიშნულ სასტუმროში იმ დღეს მოიწამლა 15 კაცი, სხვათა შორის, სასტუმროს პატრონიც ბ-ნი რიხტერი. სასტუმროდგან გაგზავნილ იქმნა გამოსაკვლევად სასმელ-საჭმელების ნიმუშები საგუბერნიო გამგეობის სამკურნალო განყოფილებაში და ქალაქის საქიმიო ლაბორატორიაში. მოწამლულნი უკვე იკურნებიან.“


17 ივლისი, 1899 წ.

★ „ლონდონის“ სასტუმროში 15 კაცის მოწამვლის საქმის გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ სასტუმროს პატრონს, რიხტერს, მხოლოდ „კვასი“ დაელია და მითი მოწამლულიყო. ეს სასტუმრო იღებდა კვასს ორ ადგილიდგან: გიორგიევის დუქნიდან [გოლოვინის პროსპექტზე] და ესაიანცის დუქნიდგან [მადათოვის კუნძულზე].

ეს დუქნები დაათვალიერა პოლიცმეისტრის თანამდებობის აღმასრულებელმა, ექიმებთან ერთად, და პირველი დუქანი ყოველ მხრივ სუფთა ჰნახა. აქედგან გამოსაკვლევად წაიღეს კვასის ჭაშნიკი და გიორგიევს დროებით ამ სასმელით ვაჭრობა აუკრძალეს.

ხოლო მეორე დუქანი მეტად ვიწრო და საშინელი უსუფთაო აღმოჩნდა. იქვე გადააქციეს 3 ბოჭკა სასმელად უვარგისი კვასი. დუქანი დაკეტილ იქმნა, სანამ მისი პატრონი უკეთესს სადგომს არ მოსძებნიდეს.“


20 ივლისი, 1899 წ.

★ „15 კაცის მოწამვლას „ლონდონის“ სასტუმროში იმ გარემოებას აბრალებენ, რომ ჭიების წინააღმდეგ სახმარი შხამიანი ნივთიერება სასტუმროს კედლების მოსხურვის დროს ჭურჭელშიაც ჩაცვივნულიყო“.

22 ივლისი, 1899 წ.

★ „იმ „კვასის“ გამოკვლევამ, რომელიც გიორგიევის დუქნიდგან იყო წაღებული [„ლონდონის სასტუმროში“ 15 კაცის მოწამვლის გამო], აღმოაჩინა, რომ ეს კვასი არავითარ შხამსა და მავნებელ ნივთიერებას არ შეიცავს. ამიტომ გიორგიევს უფლება მიეცა ჰყიდოს თავისი კვასი. 

ხოლო ესეიანცის დუქნიდგან წაღებულ კვასსა და აგრეთვე ხსენებულ სასტუმროდგან წაღებულ სხვა და სხვა გვარ საჭმელებს ჯერ კიდევ იკვლევენ...“
გაზიარება
სადი კარნო
18 ივნისი, 1894 წ.

★ „გაზ. „Тиф. Лист.“-ი გვაცნობებს, რომ მოვიდა თუ არა ტფილისში საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სადი-კარნოს სიკვდილის ამბავი, ტფილისში მცხოვრებმა საფრანგეთის ქვეშევრდომებმა თავისის ელჩის ბ-ნ ბულიეშის პირით კარნოს ქვრივს ასეთი დეპეშა მისწერესო:
„ფრანგთა ახალ-შენი ტფილისისა, დიდად დამწუხრებული და შეშფოთებული თქვენდა მოვლენილ უბედურებისა გამო გამოსთქვამს რა გრძნობასა თვისის ღრმა პატივის ცემისას პრეზიდენტის კარნოს მიმართ, თავისს გლოვასაც შემოუერთებს თქვენსა და მთელის საფრანგეთის გლოვას“.

21 ივნისი, 1894 წ.

★ „ვაცნობებთ ჩვენს მკითხველებს, რომ დღეს, 21 ივნისს, კათოლიკეთა ეკკლესიაში, რომელიც შუაბაზარშია, გადახდილ იქმნება პანაშვიდი ახლად გარდაცვალებულ საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სადი-კარნოს სულის მოსახსენებლად.

პანაშვიდი დაიწყება 10 საათზედ; ამ პანაშვიდზედ დასწრება შეიძლება ჩვეულებრივის ტანისამოსით, ხოლო გენერლები-კი ლენტებით უნდა იყვნენ.“


22 ივნისი, 1894 წ.

★ „გუშინ, 21 ივნისს, დილის 10 საათზედ, კათოლიკეთა ეკკლესიაში იყო გადახდილი წირვა და პანაშვიდი ახლად გარდაცვალებულის საფრანგეთის პრეზიდენტის სადი-კარნოს სულის მოსახსენებლად. 

დილის 9 საათიდგანვე ეკკლესიას დიდ ძალი ხალხი მიაწყდა, მაგრამ პოლიციამ და წესიერების დამცველებმა ყველანი არ შეუშვეს ადგილის უქონლობის გამო.

პანაშვიდს დაესწრნენ: კავკასიის მთავარ-მართებელი შერემეტევი, მისი თანაშემწე გრაფი ტატიშჩევი, გუბერნატორი თავადი შარვაშიძე, სხვა-და-სხვა სახელმწიფოს კონსულები, მთელი სამხედრო და სამოქალაქო უწყებათა წარმომადგენელნი და აგრეთვე მრავალნი წარჩინებულნი, ქალნი და კაცნი.

მიმსვლელთ ეგებებოდნენ გარეთ წესის დამცველნი ფრანგები და ეკკლესიაში თვით საფრანგეთის კონსული.
ეკკლესია შიგნით სულ შავებით იყო დაფარული. შუა ადგილზედ აღმართული იყო მცენარეთა და ყვავილებიაგან მშვენიერი, დიდად ხელოვნურად გაკეთებული ამბიონი, იმის გარშემო ენთო ასამდის დიდი კელეპტარი, შავებით მორთული; ზედ იყო დაწყობილი მრავალი ძვირფასი გვირგვინები, რომელთა შორის ყველაზე მეტს ყურადღებას იქცევდა ფრანგების ახალ-შენის გვირგვინი, შავის ლენტით და ოქროს ასოებით ზედ წარწერილი. 
წირვა და პანაშვიდი გარდაიხადეს სამმა კათოლიკეთა მღვდელმა. გალობდა მშვენიერი ხორო და მუსიკას უკრავდა ბ-ნ ტრუფფის სათეატრო ორკესტრი. ტფილისში შემთხვევით მყოფმა პარიზის კონსერვატორიის მოსწავლე ქალმა დარია რაშენმა იგალობა „Ave Maria”.

პანაშვიდი რომ გათავდა, მუსიკამ დაუკრა სამგლოვიარო მარში და არ შეუწყვეტია სანამ ამ დიდ-ძალმა ხალხმა არ დასცალა ეკკლესიის გალავანი.

საფრანგეთის კონსულმა მადლობა გამოუცხადა ყველა იმათ, რომელთაც საფრანგეთის საერთო მწუხარება გაიზიარეს და დაესწრნენ განსვენებულ პრეზიდენტის სადი-კარნოს სულის მოსახსენებელს პანაშვიდს“.


ჟან კაზიმირ-პერიე
Le Roi Est Mort, Vive Le Roi!
26 ივნისი, 1894 წ.

★ „გუშინ, საფრანგეთის ელჩმა ტფილისში დეპეშა მიიღო პარიზიდგან საფრანგეთის ახალის პრეზიდენტის კაზიმირ პერიესაგან, რომელიც მადლობას უხდის ტფილისში მცხოვრებელთ ფრანგთა, რომელთაც მას მიულოცეს საფრანგეთის პრეზიდენტათ მისი ამორჩევა“.
გაზიარება
Older Posts Home

Photo Profile

გიორგი ჭეიშვილი
ძველი თბილისის მკვლევარი

Email: Cheishvilig@gmail.com



• ერთი ამბავი •

გამოცემები ერთი ამბავი ინტერვიუ ლიტერატურული ქალაქები მადათოვის კუნძული მოგონებები ფიროსმანზე მულტიმედია პერსონაჟი პირველი რესპუბლიკა საბჭოთა თბილისის ქრონიკები სტატია სტუმრად ტფილისში სხვადასხვა ტფილისის ბუკინისტები ტფილისური ლეგენდა ტფილისური ტრადიციები უცხოელი მოგზაურები ტფილისზე ქალაქზედ ჩანაწერები ძველი თბილისის აშუღები ძველი თბილისის კრიმინალური ქრონიკა ძველი პრესა ძველი ქართული რეკლამა

პოპულარული პოსტები

  • ერთი რეკლამის ამბავი |
    სხვა-და-სხვა ხასიათის მელოტი, კარიკატურა, 1902 წ. „ვინ არ იცის ჩვენს დროში განცხადებათა მნიშვნელობა? ხალხთა ცხოვრებაში განცხადება ისეთს...
  • მხატვარი გიგო გაბაშვილი... |
    ★ „გუშინდელს რუსულს გაზეთებში იყო მოხსენებული, რომ ქართველს მხატვარს ბ-ნ გაბაშვილს უნდა გამოჰფინოს თვის მიერ ნახატი სურათები, რიცხვით 50,...
  • ორიოდე სიტყვა აისორებზე |
    ვანო ხოჯაბეგოვი - მეთულუხჩე „ტფილისის პოლიცმეისტერი აცნობებს ტფილისის გუბერნატორს, რომ გასულს 1895 წელს ტფილისში სულ 162, 351 მცხოვრებე...
  • ისპანახობა | ყეენობის კუდი
    ილია ჭავჭავაძე „ისპანახობის“ მონაწილეთა შორის, თბილისი, ფოტო: გრიგორი ბაბალოვი, 1894 წ. ★ „როდესაც 1880 წელს მთავრობამ ყეენობა აკრძალა,...
  • ტფილისელი „მასტერშეფების“ რეცეპტები, კერძები, განმარტებები |
    ნიკო ფიროსმანაშვილი - ნატურმორტი ★ ქართული სამზარეულოს, კერძების, „ხორაგის სიმძიმისგან ჩაზნექილი სუფრების“, ტრადიციული სტუმარ-მასპინძლო...
  • ლევან ბერძენიშვილი - ლამაზ-ქალაქი; კამორა; კანუდოსი | ლიტერატურული ქალაქები
    ★ გურამ დოჩანაშვილის რომანში - „სამოსელი პირველი“, მაგიური რეალიზმი გამოიხატება იმით, რომ აქ სამყარო შეტრიალებულია; ანუ, ჩვენ რომ ქართვე...
  • „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, ანუ ნამდვილი ამბავი |
    [იოსებ გრიშაშვილი - ავქსენტი ცაგარელი] ★ „ სცენაზე შესვლილსთანავე, 1878 წელს, ავქსენტი ცაგარელმა დაწერა თავისი უკვდავი კომედია „რაც ...
Copyright © 2019 მადათოვი • Madatovi

Created with by Beauty Templates | Distributed by Gooyaabi Templates