იოსებ გრიშაშვილი - კალიაევის [ბარათაშვილის] აღმართი |

იოსებ გრიშაშვილი
„ციციანოვის აღმართი, რომელზედაც ადრე გვატყობინებდნენ, რომ წარსულის წლის ოქტომბრის პირველისთვის მზად იქნებაო, ეხლა გავიგეთ თვით მკეთებლისაგან, რომ 1 მარტზე ადრე არ გაიხსნებაო. დაგვიანების მიზეზად კლდე მოჰყავთ, რომელსაც ზედ ახლა-გზაზე აქვს თავი გადმოშვერილი, საიდგანაც ქვები ცვივა და მოსიარულეთა სიარულს უშლისო. ავლაბრის და რიყის მცხოვრებნი მოუთმენლად ელოდებიან ამ ახალი გზის გახსნას, რომ მასზედ სიარულის ნება მიეცეთო“, გაზეთი „ივერია“, 1886 წ.

★ ისე იცვლება ტფილისის ზოგიერთი ქუჩის იერი, რომ ხშირად ვერც კი წარმომიდგენია, რა სახის ქუჩა უნდა ყოფილიყო ძველად! წარმავალი ტფილისი!

ამ ციკლიდან ერთი თავი უკვე გამოვაქვეყნე სახელწოდებით „ერევნის მოედნის ისტორია“ („ლიტგაზეთი“, #23, 1934 წ.). ეხლა მინდა „კალიაევის აღმართის“ წარსულზედაც ვთქვა ორიოდე სიტყვა.

კალიაევის აღმართი ძველად არაფრით არ იყო შესანიშნავი, გარდა იმ ჩამონაჟონი წყლისა კლდის კალთებზე რომ მოწანწკარებს. ამ წყალს, რომელიც შეიცავს აზოტსა და გოგირდმჟავა კალციუმს, ტფილისის მოსახლეობა დღესაც თვალის სამკურნალოდ ხმარობს.

სწორედ იმ ადგილას, სადაც კალიაევის აღმართი თავდება, ძველად მრისხანეთ ამართული იყო ოთხკუთხიანი ციხის კოშკები ქონგურებიანი გალავნით შემოვლებული. დრეს ამ ისნის ნანგრევებზე ქართული სახლის აივნებია გადმოკიდული, რომლის ბოლო უბანში („სურამის ციხე“ რომ მოვიშველიოთ) „სუფკარაპეტის ეკლესიის აღმოსავლეთის მხრით, ავლაბარში, ზედ გორაზე ერთ ოთახიან იაქათაღის სახლში ბინადრობდა დანიელ ჭონქაძის მკითხავი ვარდუა.

ავლაბრის ისტორია მჭიდროდ დაკავშირებულია საქართველოს ისტორიასთან.

ავლაბარი, ანუ ძველებურად ისანი, მდებარეობს მტკვრის მარცხენა მაღალ კიდეზე. ზოგნი ამტკიცებენ, რომ „ავლაბარი ნიშნავს ავლას ბარზე: ე.ი. მინდორზე, რადგანაც მტკვრის კიდიდან რომ ავლაბარში ახვიდეთ, კარგა დიდი აღმართი უნდა აიაროთ“.

„დიდი აღმართი“, რომლითაც ადიოდნენ ავლაბარში ძველად, სულ სამი იყო: სირაჩხანის, მეტეხის და სუფკარაპეტის.


ციციანთ აღმართი კი, იმ სახით, რა სახითაც საბჭოთა ხელისუფლებამდე მოაღწია, გაკეთდა 1885 წელს.

„ციციანოვის აღმართზე მუშაობისათვის კვლავაც მიუყვიათ ხელი და, როგორც ეტყობა, ჩქარა იქნება მზად გზაო. ახალი გზა კარგად არის გაყვანილი და ძალიან მეტს შემწეობასა და შეღავათს მისცემს მცხოვრებლებსაო. მხოლოდ საჭიროა, რომ უეჭველად ქვით მოკირწყლონ ქუჩა და გზა-ტკეცილი კი არ გაიყვანონ, რადგანაც გზატკეცილმა ძალიან იცის ტალახიო“, - გაზეთი „ივერია“, 1886 წ.

ამის შესახებ „დროებაში“ ვკითხულობთ:

„ამჟამად კეთდება ავლაბრის გზა, რომელსაც ციციანოვის აღმართს ეძახიან. რიყიდამ ადის ყაზარმის წინა ქუჩამდის. სიგანე იმოდენა ექნება, რომ ურემსა და ფაეტონს გაევლება და არც აღმართი იქნება ძნელი. ეს გზა ორიოდე თვის შემდეგ მზად იქნება“ („დროება“, 1886 წ. #123).

ხოლო 1885 წლამდე აქ იყო პატარა ბილიკი. ეს ბილიკი ისეთი ვიწრო ყოფილა, რომ გაზეთების სიტყვით, ორი კაცი ერთმანეთს გვერდს ვერ აუქცევდა. ერთხელ „საკახო გზიდან“ (ასე ეძახდნენ კახეთის ქუჩას) გაგიჟებული კამეჩი გამოქცეულა და ვინც ამ ბილიკზე დახვედრია, ყველა გაუწყვეტია.

ამბობენ, თითქოს ეს ბილიკი ვინმე მოხელე ციციშვილის გაჭრილა ყოფილიყოს და ამიტომ დაერქვა ციციანოვის აღმართი. ზოგი კი „ახალ გზას“ ეძახდა. მაგრამ მე მგონია, ამ აღმართს ეწოდა გადაგვარებულ პავლე ციციანოვის სახელი, რომელიც ცარიზმის განსამტკიცებლად ნატრობდა „მტრების სისხლში თავის ჩექმების გაბანას“.

„ციციანოვის აღმართზე, რიყეზედ, ხშირად დიდრონი ქვები ცვიოდა კლდიდამ და ამველელ-ჩამვლელი ყოველთვის საფრთხეში იყო. ამის გამო საქალაქო გამგეობის თავოსნობით ახლა დიდი მუშაობაა დაწყობილი, რომ არავითარის ფათერაკისა აღარ ეშინოდეს გამვლელს: თოკებით ადიან მუშები კლდეზე და რაც კი საეჭვო ქვებია, ამტვრევენ“, - გაზეთი „ივერია“, 1887 წ.

მორჩა! დღეს ფართო და ლაღი მაგისტრალი აერთებს ავლაბარს და ნავთლუღს ქალაქის ცენტრთან. აღარ არის ავლაბრის „დარიალის ვიწრო ხეობა“ - როგორც ამას დაცინვით უწოდებდნენ ტრამვაის მუშაკები (და მერე რამდენი უბედური შემთხვევა გვახსოვს თვით უკანასკნელ დრომდე)!

გარდა ამისა ყოველ გამვლელს ეშინოდა კლდის თიხოვანი ფიქალის მორღვევისა და ყინულის ლოლუების ჩამომტვრევისა...
„10 ივლისს ციციანოვის აღმართში კლდის ქვა მოსკდა და თან ჩამოიყოლა ას ფუთამდე მიწა. უბედურება არა მომხდარა-რა“, - გაზეთი „ივერია“, 1891 წ.
„15 აგვისტოს, ღამით, ციციანოვის აღმართიდგან კიდევ მოსკდა კლდე და ოც ფუთამდე ქვა ჩამოვარდა. უბედურება არა მოუხდენია-რა. ეს ამბავი ქალაქის გამგეობას აცნობეს, რომ ღონე რამ იღონოს უბედურების თავიდგან ასაცილებლად“, - გაზეთი „ივერია“, 1891 წ.
დღეს ასე როდია: გაფართოებამდე ამ ქუჩის სიგანე 7 მეტრი იყო, ამჟამად მთელი აღმართის სიგანე 24 მეტრია. დაქანებაც ერთი სამადაა შემცირებული.
„გუშინ-წინ ციციანოვის აღმართზე ქვის დიდი ზვავი ჩამოწვა. საბედნიეროდ, იმ დროს ამ აღმართზე არავინ იყო და ამიტომ ქვის ზვავის ქვეშ არავინ არ მოჰყოლია. გუშინ პოლიცმეისტერის განკარგულებით ეს აღმართი შეჰღობეს. ამავე დროს ქალაქის გამგეობამ ამ კლდის დასათვალიერებლად ინჟინერი დანიშნა“, - გაზეთი „ივერია“, 1895 წ. 
ადიხარ ამ მშვენიერ აღმართზე და გადასროლილი თვალი ესობა გაღმა მხარეს: რიყეს, ნარიყალას, ხარფუხს.

ხარფუხი!

ეს ორი ძმა რატომ არ არიან ერთად? რატომ არის, რომ ერთი კოხტად გამოიყურება, მეორე კი დარცხვენილია? ხარფუხს შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა. მერე რა უბანს! 1905 წელს „პატარა შვეიცარიად“ წოდებულს და არსენ ჯორჯიაშვილის სამშობლოს...

ავლაბარი გაღმაა, ხარფუხი გამოღმა. ორივენი ერთი დედის შვილები არიან. ერთად იღვიძებენ, ერთად ესალმებიან ერთმანეთს, მაგრამ ერთი პირდაბანილია, მეორე პირდაუბანელი. მე მინდა, რომ ეს ორი ისტორიული უბანი ერთად ჩადიოდნენ ბარათაშვილის მტკვარზე პირის დასაბანად.


გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, 1936 წ.

გიორგი ჭეიშვილი