ლევან ბერძენიშვილი - ლამაზ-ქალაქი; კამორა; კანუდოსი | ლიტერატურული ქალაქები


გურამ დოჩანაშვილის რომანში - „სამოსელი პირველი“, მაგიური რეალიზმი გამოიხატება იმით, რომ აქ სამყარო შეტრიალებულია; ანუ, ჩვენ რომ ქართველები გვგონია, ისინი იტალიურად ლაპარაკობენ, ის ხალხი კი, იტალიელებად რომ მივიჩნევთ, ქართულად საუბრობენ. ავტორისთვის იტალია ყველაფერია და ამაში მაშინვე დარწმუნდებით, როგორც კი წიგნს გადაშლით და წაიკითხავთ, რომ ბიჭის სახელია - დომენიკო...

გურამ დოჩანაშვილი არაერთ ასპექტშია ძალიან მაგარი, მაგრამ სახელებში, მას არათუ ქართულ, ალბათ მსოფლიო ლიტერატურაშიც კი არ ჰყავს ბადალი! ჩვენი მწერალი დიდ ყურადღებას აქცევს სახელების მაგიას…

მაგალითად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პრაქტიკულად არ ვიცნობთ ქალაქ თბილისს, რომელსაც არაერთხელ შევხვედრივართ ქართულ ლიტერატურაში, თუმცა ისე არსად ფიგურირებს, რომ ეს ქალაქი ვიგრძნოთ. გამონაკლისია „სამოსელი პირველი“, უბრალოდ, თბილისს აქ - „ლამაზ-ქალაქი“ ჰქვია.
„ლამაზ-ქალაქი“, რომელიც თბილისისა და ქუთაისის ნიშნებს ატარებს, გაცილებით უფრო თბილისური და ქუთაისურია, ვიდრე თბილისი და ქუთაისი სინამდვილეში, იმიტომ, რომ დოჩანაშვილმა ეს რომანი სულ ნაცნობი ხალხით დაასახლა და „ლამაზ-ქალაქის“ მოსახლეობის უკან, კონკრეტული, რეალური ისტორიული პირები დგანან.
მხოლოდ „ლამაზ-ქალაქის“ ამბები რომ აღეწერა ავტორს, ამითაც კი დაუდგამდა მაგიურ რეალიზმს ქართულ ლიტერატურაში ძეგლს.

ამ მითო-მაგიური რომანის მიხედვით, სახლში დასაბრუნებლად, დომენიკომ ინიციაცია, ანუ სამი სკნელი: წიაღი, ზედაპირი და ზეცა უნდა გაიაროს.
სამივე ქალაქი: „ლამაზ-ქალაქი“, „კამორა“ [ცუდი ადგილი] და „კანუდოსი“ [ნათელი და კარგი ადგილი] - ერთი ადგილია, ჩვენი საქართველოა, ყველგან თბილისია... 
„ლამაზ-ქალაქი“ ის თბილისია, რომელსაც ვიცნობთ; „კამორა“ - ის, რომელიც არ გვინდა დავინახოთ, მაგრამ რომელშიც ვცხოვრობთ; ფაქტია, არაფერი არ ჰგავს კამორას ისე, როგორც დღევანდელი თბილისი; ხოლო „კანუდოსი“ არის ის თბილისი, რაც უნდა ყოფილიყო, სამოთხე დედამიწაზე, სამოთხე, რომელიც აუცილებლად დაინგრევა...

გიორგი ჭეიშვილი