★ „გუშინდელს რუსულს გაზეთებში იყო მოხსენებული, რომ ქართველს მხატვარს ბ-ნ გაბაშვილს უნდა გამოჰფინოს თვის მიერ ნახატი სურათები, რიცხვით 50, სარაჯოვის სახლში, სასახლის ქუჩაზეო. ამ სურათებში ზოგიერთი საკმაოდ მოზრდილიც არისო“, - გაზეთი „ივერია“, 1890 წ.★ „მკითხველებმა უკვე უწყიან, რომ დღეს, 25 დეკემბერს [1898 წ.], სამხედრო საისტორიო მუზეუმი ჩვენი მხატვარი გ.ი. გაბაშვილი გაჰმართავს თავის სურათების გამოფენას.
ბ-ნი გაბაშვილი უკვე საკმაოდ ცნობილია როგორც კავკასიაში, აგრეთვე კავკასიის გარეთაც: თვისის სამხატვრო ნიჭით მაინ დაიმსახურა საზოგადოების ყურადღება.
გ.ი. გაბაშვილი დაიბადა ტფილისში 1862 წელს. სამხატვრო განათლება მან პეტერბურგში მიიღო, ხოლო დაამთავრა იგი მიუნჰენში.
აკადემიაში შესვლის პირველსავე წელს ახალგაზდა მხატვარი დაჯილდოვებულ იქმნა ოქროს მცირე მედალით „ცხენის ეტიუდი“-სთვის, ერთის წლის შემდეგ მიიღო მოწონების ფურცელი და კიდევ ვერცხლის მედალი კავკასიის ცხოვრებიდგან აღებულ ეტიუდებისთვის.
გიგო გაბაშვილი - „შაითან ბაზარი“
|
1888 წელს გაბაშვილმა მიიღო დიდი და პატარა ვერცხლის მედალი, ხოლო იმის ერთი სურათი, სადაც ბრძოლაა დახატული, შეიძინა აკადემიამ და აღნიშნა საუკეთესო სურათთა სიაში. იმავე წელს გაბაშვილმა მიიღო ვერცხლის მედალი სურათისათვის, რომელსაც ეწოდება „ბაზარი ბაქოში“ და რომელიც გამოფენილი იყო აკადემიის გამოფენაზე, ხოლო შემდეგ ტრეტიაკოვის სურათების გალერეიამ შეიძინა.
აკადემიაში ახალგაზდა მხატვარი მათის იმპერატორებითის დიდის მთავრების: ნიკოლოოზ, მიხეილ და გიორგი მიხეილის ძეთა სტიპენდიანტად ითვლებოდა.
1888 წელს გაბაშვილი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ჰმუშაობდა ექვსის წლის განმავლობაში. ამ დროს გაბაშვილმა დაჰხატა მრავალი ეტიუდი და პატარ-პატარა სურათი. ეტიუდებმა და სურათებმა აშკარად დაანახვეს ყველას ახალგაზდა მხატვრის თვით-ყოფილი ნიჭი და იმისი თამამი ყალამი.
გიგო გაბაშვილი - „ძველი თბილისის კუთხე“ |
ერთი სურათი, რომელიც ამ ხანში იყო დახატული, სახელდობრ „ყაზახთა ბანაკი“, შეიძინა ამერიკელმა მილიონების პატრონმა კრენმა. ბ-ნმა კრენმა შემოუთვალა ბ-ნს გაბაშვილს დაეხატა რამდენიმე სურათი შუა-აზიის ცხოვრებიდგან. ამ მიზეზის გამო ბ-ნი გაბაშვილი წავიდა შუა-გულ აზიაში და იქიდგან მრავალი მასალა მოიტანა თავის სურათებისათვის.
★ „ახალგაზდა ქართველს მხატვარს გ. გაბაშვილს თორმეტი სურათი შეუკვეთეს კავკასიის ტიპებისა და ადგილებისა ჩიკაგოს გამოფენისთვის. ამ ზაფხულს კავკასიასა და შუა აზიაში ამერიკელი ჩარლზ კრენი მოგზაურობდა და იმანაც შეიძინა რამდენიმე სურათი ამავე საგნისათვის,“ - გაზეთი „ივერია“, 1891 წ.
1894 წელს ბ-ნი გაბაშვილი საზღვარ-გარედ წავიდა მიუნჰენში, სადაც იგი სამეფო სამხატვრო აკადემიაში უკანასკნელ კურსზედ მიიღეს და აკადემიაში ცალკე სახელოსნო დაუთმეს. ერთის წლის შემდეგ გაბაშვილი დააჯილდოვა აკადემიამ ვერცხლის მედალით. აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მიუნჰენის სასტიკმა კრიტიკამ დიდის ქებით მოიხსენია ბ-ნ გაბაშვილის სურათები, რომელიც კრენისთვის იყო მომზადებული.
გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1897 წ.
|
★ „ცნობილი მხატვარი გ.ი. გაბაშვილი, რომელიც გასავარჯიშებლად მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, უკვე დაბრუნდა ტფილისში. როგორც ამბობენ, ბ-ნი გაბაშვილი სამხატვრო სკოლის დაარსებას აპირებს“, - გაზეთი „ივერია“, 1897 წ.მიუნჰენში სწავლის დამთავრების შემდეგ, ბატონმა გაბაშვილმა ორი წელიწადი დაჰყო იტალიასა და საბერძნეთში.
ბოლოს ბ-მა გაბაშვილმა მოიწადინა მოსვლა თავისს სამშობლოში. წარსულ ზაფხულს დაჰყო ხევსურეთში და იქ აგროვებდა მასალას თავის საუცხოვო სურათებისათვის.
დიდის ინტერესით მოველით ბ-ნ გაბაშვილის სურათების გამოფენას. ამ მხატვარს ძლიერი, თავისებური ნიჭი აქვს, რომელსაც ჯერ თუმცა სავსებით არ გაუშლია ფრთა, მაგრამ რომელმაც ამ ათს წელიწადში საკმაოდ იჩინა თავი. ამ დროს განმავლობაში ბ-ნს გაბაშვილს დახატული აქვს 200-მდე დიდი სურათი და 2 000 ესკიზი და ეტიუდი. უკანასკნელ ნაწარმოებთაგან „სამარყანდის ბაზარი“, რომელიც გამოფენილი იყო შარშან კავკასიის მხატვრობის გამოფენაზედ და რომელსაც საზოგადოებამ დიდი ყურადღება მიაქცია.
ამბობენ, ახალგაზდა მხატვარის გაბაშვილის გამოფენაზედ არც თუ ბევრი იქმნება სურათები, რადგანაც საეჭვოა, რომ ამ გამოფენისათვის შეაგროვოს ყველა ის სურათი, რომლებიც ტფილისელებს უყიდნიათ ბ-ნ გაბაშვილისაგან. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ბ-ნ გაბაშვილის სურათების გამოფენა მეტად საყურადღებოა ტფილისის საზოგადოებისათვის.
ბ-ნ გაბაშვილის მოღვაწეობა საკმაოდ ნაყოფიერია ჩვენთვის და იმედია, რომ ჩვენც ყურადღებით მოვექცევით ნიჭიერის მხატვრის სურათების გამოფენას,“ - გაზეთი „ივერია“, 1898 წ.
გიგო გაბაშვილი - „ბაზარი სამარყანდში“, 1890-იანი წლები |
★ „გუშინ წინ, 30 დეკემბერს, კავკასიის მთავარ-მართებელმა გენერალ ადიუტანტმა თავ. გ.ს. გოლიცინმა თავისს მეუღლესთან ერთად დაათვალიერა გ.ი. გაბაშვილის სურათების გამოფენა.
თავადმა მთავარ-მართებელმა შეიძინა რამდენიმე სურათი და მათ შორის ერთი დიდი სურათი, რომელსაც სახელად ეწოდება „ბაზარი სამარყანდში“, - გაზეთი „ივერია“, 1899 წ.