ვანო ხოჯაბეგოვი - მეთულუხჩე |
„ტფილისის პოლიცმეისტერი აცნობებს ტფილისის გუბერნატორს, რომ გასულს 1895 წელს ტფილისში სულ 162, 351 მცხოვრებელი იყო; მათგან 88, 274 მამა-კაცი და 74, 077 ქალი; მათ შორის ყოფილან: ...აისორები 1169 მამაკაცი და 1027 ქალი...“, - „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი III,1896წ.★ „საქართველოს დედა ქალაქ ტფილისში, როგორც ვიცით, სცხოვრობს მრავალის ტომისა და მილეთის ხალხი. აქვე სცხოვრობენ, სხვათა შორის, აისორები.
ვის არ ენახვება ეს მშრომელი, გამრჯელი ხალხი. აისორი წყლის მზიდველი ანუ მეთულუხე ცნობილია მთელს ქალაქში. წყლის ზიდვა ცხენით, და ამ ბოლო დროს ბოჭკებითაც, აისორის საყვარელი ხელობაა. თითქო იგი ამ საქმისათვის არის დაბადებულიო. არ აშინებს არც სიცივე, არც ტალახი და არც პაპანაქება სიცხე.
ყოველ გვარ ამინდს აისორი, ხშირად უფეხ-საცმელო, „ტოტებ-აკლანწული“ თავისის თულუხებით დასაპალნებულ ცხენით, ერთ ნაირის მუყაითით მიცუხცუხებს წყლის ასავსებისკენ, რომ ყველას თავისს დროზედ მიაწოდოს ეს უსაჭიროესი სასმელი.
აისორები ქალაქში გადმოსულან ზოგი სოფ. კოილასარიდგან, ზოგი - სპარსეთიდგან და სხვ. აისორებზე, საზოგადოდ, ცნობებს გადმოგვცემს აისორივე, პავლე ეივაზაშვილი, ტფილისის სემინარიაში კურს-შესრულებული და დღეს მასწავლებელი კოილარის ერთ-კლასიან სასწავლებლისა:
აისორები სცხოვრობენ განიბასარის განყოფილებაში, ერევნის გუბერნიას. აქ გადმოსახლდნენ იგინი 1830 წელს სპარსეთიდგან, საცა მათ ბარბაროსულად ეპყრობოდნენ. გადმოსახლებულთა რიცხვი იყო ასი კომლი. აღიარებდნენ ნესტორის სწავლას, ე.ი. სარწმუნოებით იყვნენ ნესტორიანები. მათ უმთავრესს სოფელს ჰქვიან კოილასარი. აქ დასახლების შემდეგ მოისურვილეს მართლმადიდებელ ქრისტიანებრივ სარწმუნოების მიღება. თავისი სურვილი კიდეც განახორციელეს, იგინი მართლ-მადიდებელობაზე მოაქცია არქიმანდრიტმა მაისკიმ, რომელმაც სამლოცველოც დაუდგა - წმ. ქვირიკისა და ივლიტას სახელზედ; წირვა-ლოცვას მაისკი აღასრულებდა ბერძნულს ენაზე. მას შემდეგ აისორების მოძღვრად საქართველოს ეგზარხოსმა ისიდორემ დანიშნა აისორი იოანე ილინი. მან მოსძებნა აისორული ხელთ-ნაწერი წიგნები და მღვდელ-მოქმედების შესრულება დაიწყო აისორულსავე ენაზე.
ილინის შემდეგ აისორების მოძღვრად იყვნენ საფონი, დავ. გურგენიძე, სიმ. ალახვერიანოვი და სხვ., რომელთაც დიდი გავლენა ჰქონდათ ხალხის ყოფა-ქცევასა და ზნეობაზედ. საფონის მოღვაწეობით კოილასარს გაიმართა სასოფლო სკოლა.
აისორები სირიელ-ქალდეველთა შთამომავლებად ითვლებიან. თავისს მამამთავრად იგინი სთვლიან ნიმრედსა და ასურს. პირველს ხანში იგინი იყვნენ წარმართნი და თაყვანსა სცემდნენ პლანეტთა. ქრისტეს შემდეგ მიიღეს ქრისტიანობა პეტრესა და თომასაგან და ამ სარწმუნოებას მოწიწებით აღსრულებდნენ 489 წლამდე; ამ წელს ნესტორის მწვალებლობა მიიღეს. 640 წლამდე იგინი სპარსთა მფლობელობაში იყვნენ, 640-1527 წლამდე კი აისორებს რიგ-რიგად ჰფლობდნენ არაბნი და შემდეგ ოსმალნი. 1599 წლამდე აისორნი მტკიცედ ადგნენ ნესტორიანობას, ხოლო ამ წელს კათოლიკეთა მისიონერებმა მათშიაც დანერგეს თესლი მწვალებლობისა. დრეს, კათოლიკე მისიონერებს გარდა, აისორთა შორის თავისის სარწმუნოების უპირატესობას ჰქადაგებენ აგრეთვე ინგლისელთა და ამერიკელთ მისიონერნიც.
ენა აისორთა მონათესავეა ძველის ებრაულ ენისა, რის გამო დღესაც აისორთა და ებრაელთ ადვილად ესმით ურთიერთის ლაპარაკი. კოილასარის აისორების საოჯახო ენა არის აისორული, ხოლო მეზობლად მოსახლე ხალხებთან საუბრობენ თათრულად. თუ აისორმა ცოლად ითხოვა სომხის ქალი, მაშინ იმისი საოჯახო ენაც თათრულია.
აისორთა წიგნები დაწერილია ძველ სირულ-ქალდეურ ენაზედ, რომელიც ძალიან განირჩევა ახლანდელ სალაპარაკო ენისაგან. აისორთა ანბანი შესდგება 22 ასოსაგან. ხმოვანი ასო არის ოთხი.
„პოლიციამ დააპატიმრა ერთი აისორი, გვარად მსტაოღლი, რომელიც წინასწარმეტყველს უწოდებდა თავის თავს და ხალხს უცხადებდა, რომ ამ წელს უსათოდ წარღვნა უნდა იყოსო. ამ ცრუ წინასწარმეტყველმა გუშინ პოლიცმეისტერსაც სთხოვა, რომ მე სიზმარში ვნახე ეს გარემოება და ტფილისის მცხოვრებლებს გამოუცხადეთო“, - „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II,1894 წ.
წერილის ბოლოში ავტორს მოუყვანია თვით სახელწოდებანი ასოთა და მათი გამოხატულობა. ორს ასოს ჰქვიან ქართულის ასოების სახელი. მაგალითად ზენ, შინ. მესამე ასოს ავტორი გამოჰხატავს ქართულისავე ასო ჰ-თი.
აისორებს უჭერიათ 600 დღიური მიწა. იმათ მამულებს რწყავს მდ. გარნი, საცა ქართველ მეფეებს არა ერთხელ ჰქონიათ სასტიკი ომი და ბრძოლა მტრებთან. აქ არის ძველი სიმაგრენი თორფაღ-ყალასი, გარნისი, არდაშარსი, დუგუნსი და სხვ. (როგორც ვიცით, „თორფაღ-ყალასი“ სახელ-წოდებით საინგილოშიაც არსებობს ერთი ძველი სიმაგრე).
კოილასარის ჰავა ზაფხულს ფრიად ცხელია, ზამთარში-კი ცივი, ყინვიანი. სიცხე აქ ადის 43 გრადუსზე, ხოლო სიცივე 19 გრადუსზე. (R) სამხრეთ დასავლეთის ქარს, რომელიც აქაურობის ხშირი სტუმარია, ჰქვიან ქოროღლის ქარი.
„კვირას, 4 ივნისს, ნიკოლოზის ქუჩაზედ, ენფენჯიანცის თამბაქოს ქარხნის წინ, წაიჩხუბნენ ერთი აისორი და კინტო. აისორს სხვა აისორი მიეშველა, კინტოს სხვა კინტო. მერე ამათ სხვა გამოგები გამოუჩდნენ; გაჩნდა ჩხუბი, მუშტისა და ჯოხის ტრიალი. ჩხუბი მეტად გამწვავდა, რომელიც კარგა ხანს განეგრ- ძო. მთელი მოედანი მოჩხუბარ ხალხით იყო სავსე. ჩხუბში ზოგს თავი გაუტყდა, ზოგს მკლავი დაუშავდა; ერთს აისორს იმდენი სცემეს, რომ მისი მორჩენა საეჭვო-ღაა. ამ ქუჩაზედ ძალიან ხშირადა ხდება ამგვარი ჩხუბი”, - „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II,1895 წ.აისორნი უმთავრესად მხვნელ-მთესველნი, მიწის მომუშავენი არიან. აქ სთესვენ პურს, ქერს, ბამბას, თამბაქოს, ნესვ-საზამთროს, ლობიოს, მუხუდოს და სხვას. აქვსთ ვენახები, თუმცა ღვინო მდაბალის ღირსებისა იცის. ყურძნის მარცვალს ქიშმიშად ახმობენ. ღვინოს სწურავენ ქვითკირის საწნახელში. უმეტესი ნაწილი ღვინისა და არაყისა ადგილობრივ ისმევა მკვიდრთაგან. მიწას ჰხვნენ გუთნით. ბამბას სთესვენ ადგილობრივსა და ფრანგულს. პირველი თუმცა ღირსებით მდარეა მეორეზედ, მაგრამ მეურნეობისათვის უფრო ხელ-მიმცემია, რადგან ყოველ გვარი მავნებელი მწერი ისე ვერ ანადგურებს, როგორც მეორეს.
საქონელი აქ იცის: კამბეჩი, ცხენი, ხარი, ძროხა. ცხვარს თითქმის არ აჩენენ. მთელს კოილასში რამდენიმე ცხვარი ჰყავს მხოლოდ სამ კაცს. შინაურ ფრთოსანთაგან აქ იცის მხოლოდ ქათამი.
ვაჭრობა და აღებ-მიცემა აისორებისა კოილარსა და ერევანს არ სცდება. ჰყიდიან ყურძენს, ღვინოს, არაყს, ბოსტნეულს და სხვ. სავაჭრო საქონელი 1870 წლამდე გადაჰქონდათ მეტად თავისებურ ურმით. იგი იყო სამკუთხა, რამდენადმე მსგავსი იმერულის ურმისა და შიგ აბამდნენ ყევარ კამბეჩს, ან ხარს. ეხლა-კი ახალი ურმები შემოიღეს, რომელშიაც აბმენ ერთს უღელს ხარს, ან კამბეჩს.
აქაური ნიადაგი თუმცა ნაყოფიერია და ხალხიც მშრომელი, მაგრამ მცხოვრებნი მაინც ღარიბნი არიან. ამისი მიზეზი, სხვათა შორის, არის ბუნების ყოველ წლიური მოვლენანი (სეტყვა, ყინვა და სხვანი), მავნებელი მწერები და აგრეთვე ღალა. მეათე ნაწილი შემოსავლისა მიწის პატრონისაა, ესე იგი მემამულე ბატონისა. ფულის მსესხებელნი მჯიხოსანნიც უღმერთოდ იქცევიან; რაც უნდა გიჭირდეს, ას მანათს 24-30 მან. სარგებელ ნაკლებ არ გასესხებენ 1881 წ. კოილასარს გაიმართა სასოფლო პურის მაღაზია.
აისორი მამაკაცი, წყარო - ეროვნული ფოტომატიანე |
აისორი შუათანა ტანისაა, კარგად ჩასხმული, შავგვრემანი, შავ-თმიანი, განიერ-შუბლიანი. აისორი აისორს რომ შეხვდება, ეტყვის შლამალუხ (მშვიდობა შენდა), სხვა ტომის კაცს-კი - ალასახლასინ (ღმერთმა დაგიფაროს). უმცროსი უფროსს ფეხზე წამოუდგება. აისორი პურადია, ღვთისნიერი და კაცთმოყვარეც.
აისორი მამაკაცები, წყარო - ეროვნული ფოტომატიანე |
სახლ კარი აისორისა ფრიად უბრალოა, სიღარიბისა და მოუწყობლობის ნიშანი ატყვია. ტანსაცმელიც უბრალოა, ადგილობრივი. ბოლო დრომდე ყველა საცმელი იკერებოდა ადგილობრივ მოქსოვილ მატერიიდგან - გრივადამ. გივას ჰქსოვდნენ ბამბის ძაფისაგან. ახლა-კი გრივას მაგიერ ბევრნი ერევანში ჩითს ჰყიდულბოენ. დედაკაცებს, სხვათა შორის, აცვიათ ჩითის შარვლები, გულზედ აქვსთ გაკეთებული ვერცხლის ზანათი (ჩაფრასტი) და შუბლზედაც ამ გვარივე ჯინჯილი, მხოლოდ ოქროსი.
აისორი ქალბატონი, წყარო - ეროვნული ფოტომატიანე |
დედაკაცი არ ერიდება მამაკაცს. ერთად მუშაობენ, ერთად დროს ატარებენ, ცეკვავენ, მღერიან, ხოლო ვაი იმ მამაკაცს, თუ როგორმე შეურაცხ-ჰყო დედაკაცი: ჩააქვავებენ.
აისორნი მღერიან თათრულად. სიმღერის შინაარსი აღებულია აისორების ცხოვრებიდამ. იმათ ძალიან უყვარსთ სიმღერა და თავისი აშუღები. იმათი სიმღერა მრავალ ნაირია: მკისა, ხვნა-თესვისა და სხვ. ზოგს სიმღერაში აღწერილია სიყვარული; მეტად გულ-საკლავი მოსასმენია აისორული ნანა. რამდენიმე გამოცანა და ანდაზა, რომელიც ჩაუწერია ივაზაშვილს, გვატყობინებეს აგრეთვე ხალხის შეხედულებას ცხოვრებასა და ბუნებაზედ. საინტერესოა აგრეთვე აისორული ქორწილი.
აისორთა ქორწილი იცოდნენ ექვსს დღეს, ეხლა-კი მხოლოდ ოთხსა. პირველ დღეს ვაჟის მამა დაჰკლავს ხარს, რომლის გარეშემო ამ დროს სცეკვავენ ქალ-ვაჟნი ზურნაზედ. მერე ერთ-ერთი ნათესავ ქალთაგანი ხმელის ბალახების კონით ხელში და ერთ-ერთი ნათესავი ვაჟი ღვინითა და „ბუზიკით“ წავლენ სოფელში სტუმრების მოსაწვევად. ქალი მიაწვდის თითო ბალახსა და ვაჟი - ჭიქა ღვინოს ლამბაქზე. თუ მიიღო სახლის პატრონმა, ეს ნიშანია იმისი, რომ ქორწილში გესტუმრებითო. ასე დაუძახებენ ყველას.
ცეკვის შემდეგ ჰინით იღებავენ ხელებს. ჯერ შეუღებავენ სამეფოს, მერე მიდიან საპატარძლოსას და იმასაც უღებავენ. შემდეგ-კი ყველანი იღებავენ მოწვეულნი ახალგაზრდანიც.
მეორე დღეს საპატარძლოს მამის სახლიდამ წაიყვანენ ნათლისას. წაყვანამდე შეჰმოსავენ, მერე იგი სამჯერ შემოუვლის თონეს, მივა დედ-მამასთან, ხელ-ფეხს დაუკოცნის, ყმაწვილებს ეამბორება და დედ-მამაც დალოცავს. ნათესავები სტირიან. მერე ცხენზე შესვამენ ქალს და წაიყვანენ ნათესავებისას, რომელნიც რასმე უფეშქაშებენ.
ამ დროს რომელსამე სახლის ბანზედ ზის სამეფო თავისის ტოლ-ამხანაგებით და ღვინოს მიირთმევს. საპატარძლო რომ გამოივლის, სამს ვაშლს ესვრის: პირველი ვაშლი სამღვთოდ ითვლება. ამას შემდეგ საპატარძლო ნათლიისას ჩამოხტება. სამეფო-კი შინ წავა, საცა გაჩაღებული სტუმრობაა. მესამე დღეს ეკკლესიაში ჯვარს დასწერენ. იქიდგან დაბრუნებისას მეფე-დედოფალი ერთად მიდიან და სცდილობენ, რომ შუაში არავინ გაურბინოთ და ამით მთელს სიცოცხლეში უბედურები შეიქმნენ. ქორწილის დასრულებისას ჰკრეფენ საბახტას (შაბაშს).
„ხუთშაბათს და პარასკევს აისორების ეკკლესიაში დეკანოზმა მამა გურგენიძემ კიდევ 20 აისორი შეუერთა მართლ-მადიდებელ ეკკლესიას. ამ ჟამად ორი ათასზე მეტი ტფილისში მცხოვრებნი აისორი-ნესტორიელნი შუერთდნენ მართლ-მადიდებლურ ეკკლესიას“, - „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი III, 1898 წ.
მშობიარე დედაკაცს პატივით ეპყრობიან, აწვენენ თბილსა და სუფთა სადგურში. ღამე მშობიარესთან იკრიბებიან ნათესავი ქალები და ართობენ ავადმყოფს. თუ მშობიარეს გაუძნელდა შობა, დაანთებენ ცეცხლს და გადაახტუნებენ ავადმყოფს. შობის შემდეგ ჩვილს ჩვრებში გაახვევენ და დედას-კი თბილს ლოგინში ჩააწვენენ. მოუხარშავენ და აჭმევენ ტკბილსა და ნოყიერს საჭმელს. მეორე დღეს ყრმას აბანებენ მარილიანს თბილს წყალში.
„აგერ თითქმის ორი კვირაა, რაც ტფილისის ბულვრებზედ და ბაღებში დადის ერთი აისორი, რომელსაც უბრალო მუშის ტანისამოსი აცვია და რაღაც ახალს სარწმუნოებას ჰქადაგებს. გამვლელ-გამომვლელს ეუბნება, რომ ნამდვილი ქრისტიანული ლოცვა არ იცითო. ამ აისორს ხელში აისორული სახარება უჭირავს და ყველას იმას ეუბნება, რომ აი ამ სახარებით უნდა ილოცოთ; ვინც ამ გვარის სახარებით არა ლოცულობს, წაწყმენდილიაო. ზოგიერთნი შეძლებულნი ფულს მიაწვდიან ხოლმე ამ საწყალს აისორს, მაგრამ როცა ბევრს აძლევენ, არ იღებს, რამდენსამე კაპეიკს ართმევს და ამბობს, რომ მე დღეს ეს მეყოფა პურისათვისო“, - „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I, 1887 წ.აისორნი ცრუ მორწმუნეობასაც არ არიან მოკლებულნი. ოთხშაბათი და პარასკევი ბოროტ არსებათა დღენია. ეს არსებანი მტრულად ეპყრობიან იმ დედაკაცებს, რომელნიც ამ დღეებში ან ჰრეცხავენ სარეცხს და ან ბანაობენ. ექვსი ივლისი გველეშაპის (მარიიმამუ) დღედ მიაჩნიათ და არ უნდა იმუშავო, რომ არ გიკბინოს. სამს აგვისტოს დღესასწაულობენ პატივად ვირთა (პალმა ხმარი); არც ამ დღეს უნდა იმუშავო, რომ ყბა არ გაგიმრუდდეს.
„ამ ჟამად ტფილისის მცხოვრებ აისორთაგან მუდამ დღე რამდენიმე კაცი უერთდება მართლ-მადიდებელ ეკკლესიას, ასე რომ მართლ-მადიდებლობა მიიღო უკვე 1070 კაცმა“, - გაზეთი „ივერია“, 1898 წ.ბოსლებში მუდამ სცხოვრობენ ბოროტი სულები (დეშაბახტაი). იგინი სდევნიან დედაკაცებს. ბოროტი სული ფრიად ემტერება მშობიარეს, რომელსაც თავ-ქვეშ 7 დღის განმავლობაში დაუდებენ ხოლმე ხანჯალსა და სახარებას, ბოროტი სული ვერ მიეკარება ავადმყოფსაო. აისორებს სწამთ, რომ ღამ-ღამე დადიან მაღალი კაცები გრძელ-მკლავებიანი და მაღალ-ფეხებიანი და იგინი, ვითარცა ნადირნი, ეძებენ საჭმელს.
„26 დეკემბერს აისორთა სამრევლო სკოლაში ბავშვებს „შობის ხე“ გაუმართეს ამ სკოლის მზრუნველთა, რომელთაც ბავშვებისათვის სხვა და სხვა საჩუქრებიც შეეძინათ „შობის ხეზედ“ დასარიგებლად; საჩუქრებს შეადგენდნენ: წინდები, საბლუზეები, სამოსწავლებო ნივთები და სხ. ბავშვები ძალიან გახარებულნი იყვნენ ამითი და მწყობრად და ტკბილად გალობდნენ ქ-ნ მ. ნადირაშვილის ლოტბარობით ქართულსა და რუსულს საგალობლებსა. „შენ ხარ ვენახი“ სკოლის მზრუნველებმა ორჯერ გაამეორებინეს. კარგი იქნებოდა სხვა სკოლებსაც მიებაძნათ და თავისი პაწია ბავშვები გაეხარებინათ“, - „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II, 1894 წ.
კიდევ ბევრი საინტერესო ცნობებია ეივაზაშვილის წერილში, მაგრამ დღეს ჩვენ ყველას ვერ გამოვეკიდებით. აისორთაგან ამ 20-25 წელში არა ერთმა მიიღო რიგიანი განათლება ტფილისის სასულიერო სემინარიაში და დღეს შეძლებისამებრ ემსახურებიან თავისის გვარ-ტომის ხალხს.“
[მ. ჯანაშვილი
გაზეთი „ივერია“, 1888 წელი]