ბარათაშვილის (ყოფილი ციციანოვის) აღმართის დასაწყისი ჩუღურეთის გაგრძელებაა (რიყის, ჩუღურეთის და ავლაბრის მიჯნა). პლატონ იოსელიანის სიტყვით, ციციანოვის აღმართის კლდის წვერზე გაშენებული ყოფილა ორი სასახლე: ერთი გურიის მთავარს, ხოლო მეორე - სამეგრელოს მთავარს ეკუთვნოდა. ეს სასახლენი აღა-მაჰმად-ხანის თარეშის დროს დაუნგრევიათ ხოჯას განკარგულებით.
ის უზარმაზარი ცრემლიანი კლდე კი, რომელიც აღმართზეა გაჭიმული, წინათ გაუჭრელი იყო და დარიის მონასტრისკენ, მეტეხის ციხემდე მიდიოდა თურმე.
სწორედ იმ ადგილას, სადაც ამჟამად ეს აღმართი თავდება, მეთხუთმეტე საუკუნეში აღმართული ყოფილა გალავანშემოვლებული და ქონგურებიანი ციხის რამდენიმე კოშკი, რომლის ნანგრევებზედაც ამჟამად ქართული სტილის აივნებია გადმოკიდებული. სწორედ ამ უბნის ბოლოში, „სურბ-კარაპეტის ეკლესიის აღმოსავლეთით, ავლაბარში, ზედ გორაზე, ერთოთახიან იაქათაღის სახლში“ ბინადრობდა დანიელ ჭონქაძის მოთხრობის პერსონაჟი, მკითხავი ვარდუა.
ამ არემარეზეა აგებული აგრეთვე ის ცნობილი ყაზარმები, რომლებიც ერთ დროს საპატიმროს მოვალეობას ასრულებდა და სადაც სასჯელს იხდიდნენ 1832 წლის შეთქმულების მონაწილე მწერლები - დიმიტრი ყიფიანი, გრიგოლ ორბელიანი, გიორგი ერისთავი, ალექსანდრე ორბელიანი და სხვ.
ციციანოვის აღმართი |
ავლაბარი ანუ ისანი მდებარეობს მტკვრის მარცხენა მხარეს, მაღლობზე. ჯერ კიდევ საბოლოოდ არ არის დადგენილი, საიდან წარმოსდგება სიტყვა ავლაბარი. ზოგიერთის განმარტებით, „ავლაბარი“ ნიშნავს ავლას ბარზე, ე.ი. მინდორზე, რადგანაც მტკვრის კიდიდან რომ ავლაბარში ახვიდეთ, კარგა დიდი აღმართი უნდა „აიაროთ“. უფრო დაახლოებითი ახსნა მოგცა, პირადი საუბრის დროს, აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა. მისი აზრით, „ისანი“ და „ავლაბარი“ შემოტანილი სიტყვებია და დაკავშირებულია ციხე-სიმაგრის, ციხე-დარბაზის ანუ სასახლის მიდამოების მცნებასთან...
ცნობილი ქართველი გეოგრაფოსის ვახუშტის დროს ძველ ისანს (ანუ ისნის) უკვე „ავლაბარი ეწოდებოდა.
სიტყვა „ავლაბარი“ დავით გურამიშვილსაც აქვს მოხსენებული თავის ისტორიულ პოემაში:
კახს ბატონსა წინა დღითვე მზასა ყვანდა თვისი ჯარი;
იგ რა ესმა, წამოვიდა, დაიჭირა ავლაბარი;
ნარიყალა მიმბაშს ეპყრა, შაის-ტახტი, ციხის კარი.
რა მივიდა, ფიცხლავ მოსცა, გაიკეთა მუნ საფარი.
„ავლაბარი“ მოხსენიებულია მე-19 საუკუნის ერთ ხალხურ ლექსშიც:
პასკევიჩი შაიკაზმა,
წელს შემაირტყავს ხმალსაო,
ქალაქში რომ ჩამოვიდა,
გაშინჯავს სამართალსაო,
ჯერ სასამართლოს გაშინჯამს,
მერე კი ავლაბარსაო,
თავის საომარ სოფლებსა
გადაავლებდა თვალსაო!
იოანე ქართველიშვილი, მე-19 საუკუნის დასაწყისში თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ „დარიის მონასტერი“ ავლაბარში იყო აშენებული; იგი წერს: „...იმერეთიდან მოველ თბილისს 1802 წელსა, ვახლდი დედოფალს დარიას ავლაბარში“.
ისანი ძველი სიტყვაა: „ისანი“, „ისნელთა“, „ისნის მთა“, „ისნის ველი“, „ისნის ცისკარი“... მე-11 საუკუნის ძეგლი „მატიანე ქართლისაო“, თბილისის გარემოცვასთან დაკავშირებით, ისანსაც იხსენიებს: „...ხოლო ისნელთა ჩააგდეს ხიდი და არა მოსცეს ისანი, დაუდგეს ფილაკავანნი, ბრძოდეს ისნთა და ისნის ველთა მოვიდეს კახთ მეფე გაგიკ და ერისთავი გოდერძი და ყოველი დიდებულნი კახეთისანი დარბაზობად ბაგრატისა“.
ძველად ავლაბარში ასასვლელი სამი დიდი აღმართი იყო: მეტეხისა, სირაჯხანისა და სურბ-კარაპეტისა. ციციანოვის აღმართი კი, იმ სახით, რა სახითაც მან საბჭოთა ხელისუფლებამდე მოაღწია, გაკეთდა 1886 წელს; ამის შესახებ გაზეთ „დროებაში“ ვკითხულობთ: „ამჟამად კეთდება ავლაბრის გზა, რომელსაც ციციანოვის აღმართს ეძახიან. ეს აღმართი რიყიდან ადის ყაზარმის წინა ქუჩამდის, სიგანე იმოდენა ექნება, რომ ურემსა და ფაეტონს ადვილად გაევლება და არც ასვლა იქნება ძნელი“. (იხ. „დროება“, 1886 წ. #123)
1885 წლამდე აქ იყო საცალფეხო ბილიკი. გზა ისეთი ვიწერო ყოფილა, რომ გაზეთების ცნობი, ორი კაცი ერთმანეთს გვერდს ვერ აუქცევდა; ერთხელ „საკახო გზიდან“ (ასე ეძახდნენ ყოფილ კახეთის ქუჩას) გაგიჟებული კამეჩი გამოქცეულა და ვინც ამ ბილიკზე დახვედრია, ყველა გაუწყვეტია.
პირველი ბილიკი ამ აღმართზე გაუყვანია - ფარსადან ციციშვილს, რომელსაც ამ მიდამოებში საკუთარი მამულები ჰქონია. ეს მომხდარა გასული საუკუნის 40-იან წლებში, გენერალ სოტნიკოვის გუბერნატორობის დროს.
ლუკა ისარლოვის ცნობით, ფარსადან ციციშვილს ბილიკის გასაჭრელად თავისი ყმები გამოუყვანია და რადგან ძნელი სამუშაო იყო, მთელ დღეს დაფაზურნას აკვრევინებდა, რათა მუშებში ხალისი გამოეწვია.
ბევრს ეგონა, რომ ეს აღმართი მთავარმართებელ პავლე ციციანოვის სახელს ატარებდა, ისე როგორც ალ. ჭავჭავაძის ქუჩას დიდხანს ილია ჭავჭავაძის ქუჩად სთვლიდნენ. მემამულე ფარსადან ციციშვილი, რომლის სახელიც რევოლუციამდე ამ აღმართს ჰქონდა შერჩენილი, შეძლებული თავადიშვილი იყო. იგი დაახლოებული ყოფილა ბატონიშვილებთან და საკმაოდ დიდი გავლენითაც სარგებლობდა. რევოლუციის შემდეგ ამ აღმართს ცნობილი რევოლუციონერის კალიაევის აღმართი დაერქვა, ხოლო 1944 წელს - ბარათაშვილის აღმართი.
ამ აღმართის გამოღმა, ე.ი. მარჯვნივ, ანჩისხატის ეკლესიის ჩასწვრივ, მტკვრის ნაპირას, ხშირად იკრიბებოდნენ ჩვენი ლიტერატორები - „ცისკრის“ თანამშრომლები და მსჯელობდნენ მშობლიურ ლიტერატურაზე. აქ დაიწერა ნ. ბარათაშვილის „ჩინარი“ და „ფიქრნი მტკვრის პირას“. აქ ზაფხულობით, პატარა ლხინის დროს, თარს უკრავდა სიღნაღელი პოეტი დიმიტრი ბერიევი. აქ ჩაისახა დანიელ ჭონქაძის მოთხრობა - „სურამის ციხის“ იდეა. ეს ადგილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, იყო გასართობი და სასაუბრო კლუბი ჩვენთა მწერალთა ორმოციან წლებში...
დღეს [1944 წ.] 26 კომისრის რაიონს, ყოფილ ავლაბარს, ფართო და ლაღი მაგისტრალი აერთებს დედაქალაქის ცენტრთან. გაფართოებამდე ამ აღმართის სიგანე შვიდი მეტრი იყო, ამჟამად მისი სიგანე 24 მეტრია, დაქანებაც ერთი ორადაა შემცირებული.
ასეთია ახალი თბილისის ეს ერთ-ერთი ლამაზი კუთხე!
როდესაც ამ აღმართიდან თბილისს გაჰყურებთ, თვალწინ გადაგეშლებათ ყველა ის ადგილი, სადაც ბარათაშვილს ჭაბუკური ცხოვრება გაუტარებია. მართლაც ბარათაშვილის სახელი უნდა რქმეოდა ამ მშვენიერ აღმართს! მისი სილაღე და ზევით ატყორცნილი ფრთა თითქოს ბარათაშვილის რომანტიკულ ბუნებას ეხმიანება. რა კარგი იქნებოდა, რომ ამ კლდოვან მაღლობს ზევიდან ლამაზად გადმოჰყურებდეს ბარათაშვილის მერნის ქანდაკება, რომლის ლტოლვაც მამა-დავითის მთისკენ უნდა იყოს მიმართული.“