ფრანგთა ახალ-შენი ტფილისისა რესპუბლიკის პრეზიდენტის გარდაცვალებისდა გამო... |

სადი კარნო
18 ივნისი, 1894 წ.

„გაზ. „Тиф. Лист.“-ი გვაცნობებს, რომ მოვიდა თუ არა ტფილისში საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სადი-კარნოს სიკვდილის ამბავი, ტფილისში მცხოვრებმა საფრანგეთის ქვეშევრდომებმა თავისის ელჩის ბ-ნ ბულიეშის პირით კარნოს ქვრივს ასეთი დეპეშა მისწერესო:
„ფრანგთა ახალ-შენი ტფილისისა, დიდად დამწუხრებული და შეშფოთებული თქვენდა მოვლენილ უბედურებისა გამო გამოსთქვამს რა გრძნობასა თვისის ღრმა პატივის ცემისას პრეზიდენტის კარნოს მიმართ, თავისს გლოვასაც შემოუერთებს თქვენსა და მთელის საფრანგეთის გლოვას“.

21 ივნისი, 1894 წ.

„ვაცნობებთ ჩვენს მკითხველებს, რომ დღეს, 21 ივნისს, კათოლიკეთა ეკკლესიაში, რომელიც შუაბაზარშია, გადახდილ იქმნება პანაშვიდი ახლად გარდაცვალებულ საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სადი-კარნოს სულის მოსახსენებლად.

პანაშვიდი დაიწყება 10 საათზედ; ამ პანაშვიდზედ დასწრება შეიძლება ჩვეულებრივის ტანისამოსით, ხოლო გენერლები-კი ლენტებით უნდა იყვნენ.“


22 ივნისი, 1894 წ.

„გუშინ, 21 ივნისს, დილის 10 საათზედ, კათოლიკეთა ეკკლესიაში იყო გადახდილი წირვა და პანაშვიდი ახლად გარდაცვალებულის საფრანგეთის პრეზიდენტის სადი-კარნოს სულის მოსახსენებლად. 

დილის 9 საათიდგანვე ეკკლესიას დიდ ძალი ხალხი მიაწყდა, მაგრამ პოლიციამ და წესიერების დამცველებმა ყველანი არ შეუშვეს ადგილის უქონლობის გამო.

პანაშვიდს დაესწრნენ: კავკასიის მთავარ-მართებელი შერემეტევი, მისი თანაშემწე გრაფი ტატიშჩევი, გუბერნატორი თავადი შარვაშიძე, სხვა-და-სხვა სახელმწიფოს კონსულები, მთელი სამხედრო და სამოქალაქო უწყებათა წარმომადგენელნი და აგრეთვე მრავალნი წარჩინებულნი, ქალნი და კაცნი.

მიმსვლელთ ეგებებოდნენ გარეთ წესის დამცველნი ფრანგები და ეკკლესიაში თვით საფრანგეთის კონსული.
ეკკლესია შიგნით სულ შავებით იყო დაფარული. შუა ადგილზედ აღმართული იყო მცენარეთა და ყვავილებიაგან მშვენიერი, დიდად ხელოვნურად გაკეთებული ამბიონი, იმის გარშემო ენთო ასამდის დიდი კელეპტარი, შავებით მორთული; ზედ იყო დაწყობილი მრავალი ძვირფასი გვირგვინები, რომელთა შორის ყველაზე მეტს ყურადღებას იქცევდა ფრანგების ახალ-შენის გვირგვინი, შავის ლენტით და ოქროს ასოებით ზედ წარწერილი. 
წირვა და პანაშვიდი გარდაიხადეს სამმა კათოლიკეთა მღვდელმა. გალობდა მშვენიერი ხორო და მუსიკას უკრავდა ბ-ნ ტრუფფის სათეატრო ორკესტრი. ტფილისში შემთხვევით მყოფმა პარიზის კონსერვატორიის მოსწავლე ქალმა დარია რაშენმა იგალობა „Ave Maria”.

პანაშვიდი რომ გათავდა, მუსიკამ დაუკრა სამგლოვიარო მარში და არ შეუწყვეტია სანამ ამ დიდ-ძალმა ხალხმა არ დასცალა ეკკლესიის გალავანი.

საფრანგეთის კონსულმა მადლობა გამოუცხადა ყველა იმათ, რომელთაც საფრანგეთის საერთო მწუხარება გაიზიარეს და დაესწრნენ განსვენებულ პრეზიდენტის სადი-კარნოს სულის მოსახსენებელს პანაშვიდს“.


ჟან კაზიმირ-პერიე
Le Roi Est Mort, Vive Le Roi!
26 ივნისი, 1894 წ.

„გუშინ, საფრანგეთის ელჩმა ტფილისში დეპეშა მიიღო პარიზიდგან საფრანგეთის ახალის პრეზიდენტის კაზიმირ პერიესაგან, რომელიც მადლობას უხდის ტფილისში მცხოვრებელთ ფრანგთა, რომელთაც მას მიულოცეს საფრანგეთის პრეზიდენტათ მისი ამორჩევა“.

გიორგი ჭეიშვილი