კათოლიკეთა ღვთისმშობლის საყდრის კურთხევა ტფილისში |

„ტურნეფორის მიხედვით, თბილისის მოსახლეობა 1704 წლიდან შედგებოდა 14 000-მდე სომხის, 3 000-მდე მაჰმადიანის, 2 000-მდე ქართველისა და 500 კათოლიკესაგან.“

***

 „ყველამ კარგად იცის, რომ ტფილისში ქართველ კათოლიკეთა ძმობა და ეკკლესია დიდის ხნიდამ არსებობს და ამ ეკკლესიასთან სამრევლო სკოლაც 1670 წლებში დაარსდა.

ტფილისშივე აქვთ კათოლიკეთ ორი ძველი საეკკლესიო შენობა, რომელიც სხვა-და-სხვა თავშესაფარად არის გადაკეთებული. ძველად-კი იქ ეკკლესიებიც ყოფილა და თავის საქმეების არხივიც ჰქონიათ. ყველა ეს ქაღალდები აწინდელ ეკკლესიას დარჩენია ბოლოს დასაცველად. ამბობენ, რომ აწინდელ ეკკლესიასაცა აქვს თავისი ძველი სიგელ-გუჯარებიო.

თუ ეს მართალია, თქმა არ უნდა, რომ ამ ქაღალდებში ბევრი ძვირფასი მასალა აღმოჩნდება ქართველ კათოლიკეთა შესახებ”, 1893 წ.


***

 „კვირას, ტფილისში იქნება კურთხევა ახლად გადაკეთებულის კათოლიკეთ ღვთისმშობლის საყდრისა, რომელიც შუა-ბაზარშია. ამ ეკკლესიის აშენება წარსულის საუკუნის დასასრულს ეკუთვნის, 1793 წელსა და დასრულებულია 1806-სა, განახლებული ეკკლესია გოთიკურის არხიტექტურისაა, როგორც გარეგანის შეხედულობით, აგრეთვე შინაგანისა. 

ამ საყდრის და აგრეთვე ამ რამდენისამე წლის წინად სკოლის სახლის ახლად აშენებაზე მოთავეობა ეკუთვნის პატივცემულს ეკკლესიის წინამძღვარს პატრს დიმიტრი თუმანიშვილსა. პირველად ამშენებელნი წარსულს საუკუნეში ყოფილან კაფუცინის ორდენის იტალიელი ბერები, იმ დროს მისსიონერები საქართველოში, რომელნიც იმყოფებოდნენ აქ 1846 წლამდე.

[...]

კვირას, ამ თთვის რვას თერთმეტის საათის ნახევარზე აღსრულდა ტფილისში კურთხევა გადაკეთებულის კათოლიკეთ ღვთის მშობლის მიძინების და ამაღლების ძველის ეკკლესიისა, რომელიც ფრანგების ქუჩაშია, შუა-ბაზართან ახლოს. სამღვდელოება სკოლის შენობიდამ, რომელშიაც

დროებითი ეკკლესია იყო, გამოვიდა აიაზმის კურთხევით და გალობით და დიდებით შემოუარა ძველის საყდრის შენობასა; მრევლი და უცხო ხალხი ბლომად დაესწრო. საყდარი ჯერ ცარიელი იყო და დიდების გათავების შემდეგ გაიღო კარი, სამღვდელოება და მრევლი შევიდა ეკკლესიაში და დაიწყო ლითანია (ვედრება) ყოველთა წმინდათა. ზარით და მაღალის ხმით გაისმოდა ეს ლოცვა...

[...]

ეკკლესია, როგორც მოხსენიებული იყო „ივერიაში“, გოთიკურის არხიტექტურისაა. შიგნიდამ შენობა წარმოადგენს ვრცელს გაშლილს ფართო ადგილს, რადგანაც ძველი სვეტები აუღიათ. ჭერი აქვს შუაში ბრტყელი და ნაპირები ალმაცერად გარშემო კედლებზე დაშვებული. სამი სამწირველო ტრაპეზი აქვს; ერთი დიდ აღმოსავლეთისა მშვენივრად მარმარილოს ქვით აგებული. ეკკლესია განათებულია, რადგან დიდრონი ფანჯრები აქვს. მოწყობილობა და მორთულობა მარტივია და მოხდენილის ხელოვნებისაა“, 1886 წ.

გიორგი ჭეიშვილი