წინანაურობა ტფილისში |

წინანაურის ეკლესია კრწანისში
„გუშინ-წინ, ორშაბათს, [16 ივლისი] როგორც ქალაქელს მკითხველებს მოეხსენებათ, წინანაურობა იყო. როგორც ყოველთვის, ამ დღესაც დიდ-ძალი ხალხი მიაწყდა წინანაურის ბაღებს საქეიფოდ და დროს გასატარებლად.

რაღა თქმა უნდა, რომ ქალაქელი ბიჭები, ჩვეულებისამებრ, კარგად ილხინებდნენ და ბოლოს თავ-პირსაც დაუსისხლიანებდნენ ერთმანეთს და ისე დაბრუნდებოდნენ თავთავიანთ სახლებში.

ლაზათიანის ქეიფის შემდეგ, ლაზათიანი თავ-პირის მტვრევა გაჩენილა გუშინ-წინ წინანაურის ბაღებში და ამ ჩხუბსა და აყალ-მაყალში ბევრს მოხელესაც მოხვედრია ქალაქელი ბიჭების მუშტები.

ჩვენ გვატყობინებენ შემდეგს შემთხვევათა:

ა) ოთხს კინტო ბიჭს, რომელნიც საღამომდინ ერთად თურმე ქეიფობდენ წინანაურში, საღამოზედ მოსვლიათ ერთმანეთში ჩხუბი და ორი მათგანი მძიმედ დაჭრილა ხანჯლით. ჩხუბის დროს მისულა ერთი პოლიციელი გასაშველებლად და ესეც დაუჭრიათ. სამივე დაჭრილები ფაეტონებით წამოუყვანიათ ქალაქში;

ბ) იმ საღამოსვე ორთაჭალის ბაღებში ერთი დიდი კამპანიის შეზარხოშებულ წევრთ რაღაზედაც ჩავარდნიათ ურთიერთ შორის შუღლი და ისეთი საშინელი ჩხუბი ატეხილა, რომ უბრალო პოლიციელებს ვერა გაუწყვიათ-რა და საჭიროდ გამხდარა პრისტავის მისვლა და საქმეში ჩარევა. შეუტყობინებიათ პრისტავის თანაშემწე არ-კისათვის, რომელიც მაშინათვე მისულა იქ...

გ) აბანოების რიგზე ერთს თათარს და ქართველ ხარაზს მოსვლიათ ჩხუბი [ეჭვი არ არის, ესენიც წინანაურის ღვინით იქნებოდნენ შეზარხოშებულნი]; თათარს დანა დაუცია ქართველისათვის მუცელში და დაჭრილი შინ წაუყვანიათ ფაეტონით, მაგრამ გზაზედ დაულევია სული. გასაკვირველია, რომ ჯერ დაუჭერიათ მკვლელი და მერე ისევ გაუშვიათ.

ამას გარდა, გუშინ წინვე ერთს ფაეტონს, რომელიც წინანაურში მიაქროლებდა თურმე მოქეიფე ბიჭებს, ვარანცოვის ქუჩაზედ ერთი პატარა ბავშვისთვის გადაუვლია ხელზე და ხელი მოუტეხია. დედის წივილ-კივილზე რამდენიმე პირი გამოსდგომია ფაეტონს, რომელსაც ამ შემთხვევის გამო, რასაკვირველია, უფრო გაუქროლებია ცხენები და ვეღარ დასწევნიან; ამბობენ, რომ ფაეტონის ნომერი უნახავთ და პოლიციისთვის შეუტყობინებიათ“, - გაზეთი „დროება“, 1884 წ. 

***

„წარსულს ორშაბათს წინანაურობის გამო ქალაქის ხალხი „ძველ-დამოჟნისკენ“ გაიკრიფა. სასიამოვნო სურათს წარმოადგენდა მთელი ხარფუხის უბანი, დიდ-ძალი ხალხი მიდიოდ-მოდიოდა, ბევრნი იყვნენ ცხენოსნებიც, მთელი დღე ზურნის ხმა მოისმოდა“, - გაზეთი „ივერია“, 1886 წ. 

***

„ამ თთვის პირველს [აგვისტო] სომხების ეკკლესიის დღეობა იყო - „წინანაურობა“. წინანაურის ეკკლესია მდებარეობს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთზედ, თელეთის მთის ქვეშ, სადაც ფერდობზე გაშენებულია მშვენიერი წინანაურის ბაღები. ამ დღობაზე დიდ-ძალი ხალხი დაესწრო, განსაკუთრებით სომხობა და აგრეთვე ქართველობაც.

ამ ეკლესიას მიუდის ორი გზა, ერთი ბილიკი, ქვეითთათვის, და მეორე კი საეტლო. ორივე გზა ეკლესიის მახლობლად უერთდება ერთმანეთს, სადაც ორღობეა. აქ იმოდენად ვიწროობაა, რომ ორს ეტლს ძალიან უჭირდებათ ერთმანეთის ახვევა და ამასთანავე, ფეხით მოსიარულენიც დიდის გაჭირვებით მიდი-მოდიან.

ქეიფი ძალიან გაჩაღებული იყო წინანაურის ბაღებში. ზურნა-დაფნის ხმა და „არღნისა“ გაისმოდა. უწესოება და ჩხუბი არაფერი მომდარა. მართალია, ერთმა იმერელმა იძრო ხანჯალი, მაგრამ საჩქაროზე წაართვეს პოლიციელებმა“, - გაზეთი „ივერია“, 1888 წ.


***

★ „5 ივლისს კრწანისობა იყო, ე.ი. წინანაურის ეკკლესიის დღესასწაული, ტფილისს ახლო. როგორც ყოველთვის, ხალხი ბლომად დასწრებია ამ დღეობას. ჩხუბი და აყალმაყალი ბევრი ყოფილა, მაგრამ გვერდების ჟეჟვა-ბეგვის გარდა სხვა უსიამოვნება რამ არა მომხდარა რა“, - გაზეთი „ივერია“, 1893 წ.


***

★ „ორშაბათს კრწანისობა იყო. განთიადიდგანვე დიდძალი ხალხი გაემგზავრა კრწანისში სალოცავად და შემდეგ საქეიფოდ. ამ დღეს კრწანისში ათი ათას კაცამდე იყო. 

საღამომდე ხალხი ქეიფს ატარებდა, მხოლოდ როდესაც თავში შეუჯდათ ღვინო, ორთაჭალაში და კრწანისში რამდენსამე კაცს თავი გაუხეთქეს ჩხუბსა და კრივში, რამდენიმე კაცი დასჭრეს და ერთი კაცი კრწანისში ნაქეიფარი შუა ბაზარში ბებუთით მოჰკლეს.

ამ დღეს მიხეილის საავადმყოფოში 25 დაჭრილი კაცი მიიყვანეს ქალაქის სხვა-და-სხვა ადგილიდგან“, - გაზეთი „ივერია“, 1894 წ.

გიორგი ჭეიშვილი