10 „კინტოური“ ამბავი ძველი ქართული პრესიდან |

„კინტო - 1. თაბახით ხილის გამყიდავი, ფეხზედ მოვაჭრე ბაყალი. 2. - კინტოს სპარსეთში ჰქვია „ტაბაკ-კაშ“, ე.ი. თაბახის ამწევი“. კინტო არ არის სპარსული სიტყვა. ასეთ მოვაჭრეს, რომელიც ფეხზე ვაჭრობს და რომელსაც თავზე თაბახი უდგას, ჰქვიან: „თაბახ-ქაშა“ (თაბახის ამწევი). თაბახქაშე, ფალავანი - პეხლევან. კინტოობა - თავზე თაბახით ვაჭრობა ქუჩა-ქუჩა დატარებით. წვინტლიანო ქინთო. 3. კინტო - წარმოსდგება სიტყვიდან „კინტი“. კინტო ჰქვიან იმ დახვეულ ტილოს, რომელსაც თავზე თაბახქვეშ იდებენ კინტოები“, - იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“
***

 23 მკათათვეს ბულვარზე, რუსეთის სასტუმროს პირდაპირ, ორი კინტო გადმოხტა ეტლიდგან. ერთმა კინტომ უთხრა მეორეს: ფული შენ მიეციო. 

– ეეი! რას გაუგიჟებიხარ. მე-კი არა, შენ უნდა მისცე.

– აი დარდი, თუ არ მისცემო, და პირველი კინტო ცოტა წინ გაჩანჩალდა.

– ეჰეი! სად გარბიხარ, კაცო, მოიტა ფულიო, და გამოეკიდა უკან მეორე კინტო. წინამ მოუმატა სირბილს, უკანამაც საკმაოდ მოცოცხა და ასე და ამ გვარად გაუხვიეს ვიწრო ქუჩაში და გაჰქრნენ სადღაცა. მეეტლე კი შუა გზაში მიატოვეს გამოშტერებული.

[1887 წ.]

***

 სხვილ-სხვილ ქურდობასთან ერთად ტფილისში მრავლდება და მატულობს წვრილ-წვრილი ქურდ-ბაცაცობა და მტაციობლობა.

[...] იმ დღეს ერთი რაჭველი მტკვარში საბანაოდ შევიდა საზაფხულო თეატრის ახლო და ტანთ-საცმელი მდინარის პირას დააწყო. როცა ბანაობის ეშხში შევიდა კაცი, ამ დროს გამოჩნდა ერთი კინტუა ბიჭი, ქორივით დაეცა რაჭველის საცმელებს, მოხვეტა ერთბაშად, ამოიდო იღლიაში, დაჰკრა ფეხი და გაიქცა.

მაყურებელთაგანნი, ვინც ფეხ-მარდი იყო, დაედევნა, მაგრამ ჩოხის მეტი ვერა გამოსტაცეს-რა. დანარჩენი ისე მაგრა ეჭირა, რომ ვერ წაართვეს. წავიდა, გაჰქრა ეს ქურდ-ბაცაცა.

რაჭველმა ჩოხის ანაბარას როგორც იყო გაბედა სახლში წასვლა ქუჩა-ქუჩა.

[1887 წ.]

***

 სამშაბათ საღამოს საათის ათ საათზე ვიღაც შეზარხოშებული კინტოები დახვედროდნენ ვერის ახალ ხიდთან ერთს ნაც-შვილს, მოენდომათ გაცარცვა და დაეწყოთ ჩხუბი, მაგრამ რადგანაც ნაც-შვილი საკმაოდ ღონიერი აღმოჩნდა, გაუძალიანდა ცოტა ხანს და, როდესაც შეატყო თავის თავს, რომ ექვს კინტო ბიჭებთან ვერას გახდებოდა და არც იარაღი ჰქონდა თან, ამისათვის მოიხმარა უკანასკნელი ღონე: მიიბერტყ-მოიბერტყა მძლავრის მუშტებით გარშემოხვეული კინტოები და გადეშვა მტკვრისაკენ, ყორღანაშვილის წყლის ქარხნისკენ. 

ამ ჩხუბზე და ღრიანცელზე მოვიდა ორი პოლიციელი. კინტოებმა პოლიციელს დაუწყეს ყვირილი:

„ჩვენ ვიღაც ერთი კაცი გვცარცვავდა და თქვენ სად იყავითო?“

 – ექვსს კაცს ერთი კაცი როგორ გაგცარცვავდათო? წამოდით პოლიციაში, ჩვენ გიცნობთ, ვინცა ჰბრძანდებითო.

ერთი გიქუა კინტო გაუძალიანდათ – არ მიჰყვებოდათ. მაშინ დაუძახეს სხვა პოლიციელებსაც და წაიყვანეს ყველანი.

[1887 წ.]

***

 მაგრამ კოკა სულ მუდამ წყალს ვერა ჰზიდავს – ერთხელაც იქნება გატყდება. სწორედ ასე მოუვიდათ კინტოებს. მუდამ ხომ იმათკენ არ იქნება გამარჯვება; სეტყვას ქვა დაჰხვდება ხოლმე. აგერა, 24 ივლისს, დილით ხუთ საათზე, რას შეეხეთქნენ გამარჯვებული კინტოები: 

იარმუკაში ჩაიარა ზალისელმა გლეხმა მიხა შავხალაშვილმა თავის ცარიელ ურმით, რომლითაც კიტრი ჩამოეტანა.

გამოვარდა ჯერ ერთი კინტო-ბაყალი და ჩაუყარა ურემ- ში ერთი თაბახი ნაგავი.

შენიშნა გლეხმა და უთხრა:

„აბა, რათ მიყრი ურემში ნაგავსა, ვერა ჰხედავ შიგ საქონლისათვის თივა მიდევსო!“

– იმიტომ-რომ უნდა გადაჰყაროვო, უთხრა კინტომ.

ამ დროს მეორე ბაყალმაც მოიტანა ნაგავი და ჩაყარა ურემში.

გადმოუხტა გლეხი, დააყენა ურემი და მრისხანედ შეუძახა: გადმოიღე შენი ნაგავიო.

– ეჰეი, დარდაკ! რის ნაგავი! წადი დაიკარგე იქით, თორემ ბევრიც მოგხვდება, აი.

– როგორ თუ მომხვდება? გადმოიღე შენი ნაგავი-მეთქიო, და მოჰკიდა ბაყალს ხელი. ბაყალმა შემოჰკრა ფერდში მუშტი. მაშ შემოკვრა ეგრე-კი არ უნდაო, წამოიძახა გლეხმა, გაუდგა გვერდზე ბაყალს და აწნა სახრეები მხარ-ბეჭებში. თუმცა ათი კინტო-ბაყლებიც შემოეხვია, მაგრამ ერთიც ვერ შეუვიდა სახრეში. მანამდინ სცემა ბაყლებს იფნის სახრით, სანამ სირცხვილისაგან კინტო-ბაყლები უკან არ გამობრუნდნენ.

– უსამართლოს, შვილოსა, ჩვენშიაც უსამართლოდ ექცევიანო, შემოუძახა ბაყლებს გამარჯვებულმა გლეხმა და გაუდგა თავის გზასა.

[1887 წ.]

***

 ტფილისის კინტო-ჯიბგირებს ერთი კიდევ ახალი ხერხი მოუგონიათ ხალხის საცარცვავად. მატარებლის მოსვლის დროს შეგროვდებიან ვაგზალის გამოსასვლელ კარებთანა და ფაიტონებში და დაიწყებს თუ არა ხალხი გამოსვლას ჯგუფ-ჯგუფად, გაერევიან ჯიბის მოსახილავ-მოსაჩხრეკად, თუ შენიშნეს იმისთანა ხამი კაცი, რომელსაც ბევრი არა გაეგება ადგილობრივი, ამისთანას თანაც გაჰყვებიან „წესის ასაგებლად“, ე.ი. ჩასათრევად. 

ამ გვარი შემთხვევა სამშაბათს, 17-ს ნოემბერს, მოხდა.

ერთი სოფლელი მოხუცებული მღვდელი გამოვიდა ვაგზლიდამ და მეფაიტონეს ურიგდებოდა წაყვანასა. გაჩნდნენ კინტო-ჯიბგირები და შეატყეს მღვდელსა, რომ ხამიაო. აეკვიატნენ და რომელ ფაიტონთანაც მივიდოდა, ისინიც მაშინე მიაძახებდნენ: ჩვენც მოვდივართ, მამაო, ერთად ჩავსხდეთ, უფრო ცოტა დაგვეხარჯებაო.

მღვდელმა არ იკისრა მათთან ერთად წასვლა. როცა თავი მოაბეზრეს, უპასუხა: თქვენ რა ჩემი მგზავრები ხართ, ჩემი გზა არ იცით და კვალიო.

– ვა, მამაო, რად ჯავრობ, განა უცხონი ვართ? ერთმა ხელის მოკიდებაც მოინდომა და მეორემ-კი ჯიბისკენ გააცოცა ხელი, მაგრამ გაფრთხილებულმა მღვდელმა გაუგო ჯიბეში ხელის ჩაყოფა და დაიძახა: არიქა, მიშველეთო.

ხმაურობაზე პოლიცია მოვიდა, ხოლო ჯიბგირები დაიმალნენ.

[1887 წ.]

***

 კინტოებს ბევრი განსაკიცხავი ზნე სჭირთ, მაგრამ იმათში ბევრჯელ ისეთს პატიოსნებასა ნახავთ, რომ გაჰკვირდებით. იშვიათი არ არის, მაგალითად, იმისთანა საამური ამბავი:

ხარაზს გეო ოჰანეზოვს მოუკვდა ცოლი. გეომ არ იცოდა, სად ეშოვნა სამარხი ფული. მიჰმართა თავის ნაცნობებსა და მეგობრებს, ვინც ფულიანი ეგულებოდა, მაგრამ ვერას გახდა. ოჰანეზოვი ქუჩაში შესჩიოდა ნაცნობებს თავის გაჭირვებას. იქვე იდგა ერთი კინტო, ვანო მღებრიშვილი, რომელიც თაბახით ყველსა ჰყიდდა. მოჰკრა ყური გაჭირვებულ ოჰანეზოვის საჩივარსა, მაშინათვე მოიხსნა ვერცხლის ქამარი, მისცა გაჭირებულ კაცსა და უთხრა:

„აჰა, ძმავ, წაიღე, დააგირავე და ამით დამარხე შენი ცოლი. მერე, როცა შეგეძლება დაიხსენ და დამიბრუნე ქამარი – ჩემი სამარხიც ეგ ქამარიაო“.

[1887 წ.]

***

 იარმუკაზე ერთი კარგი ამბავი ვნახეთ. ორ კინტოს კვერცხი ჰქონდათ გასასყიდად მოტანილი. კინტოები ერთმანეთს ელაყბებოდნენ და ხუმრობდნენ. ამ დროს გაიარა ერთმა ახალგაზდა მოსწავლემ და კინტოებს ყურება დაუწყო. კინტოებმა ერთმანეთს თვალი უყვეს და რაღაც ანიშნეს. მერე ერთი კინტო მივიდა ყმაწვილთან და უთხრა: 

– ყმაწვილო, მე და ჩემი ამხანაგი დავნაძლევდით, რომ ის თვალებს დახუჭავს, მე კვერცხს დავმალავ, და მერე უნდა იპოვნოს. მოდი ერთი ქუდ ქვეშ დაიმალე, აბა ის ოხერი რას იპოვნის?

ყმაწვილი დასთანხმდა, კვერცხი ქუდში ჩაიდო და ქუდი თავზე დაიხურა.

გაბუტებულმა კინტომ დაიწყო კვერცხის ძებნა, აქეთ ეცა, იქით ეცა, – ბოლოს მივიდა ყმაწვილთან, სთქვა:

– აი კვერცხი სადა ყოფილაო! – და თავში მაგრა ჩაარტყა.

კვერცხი, ცხადია, გატყდა და საწყალს გაბრიყვებულს ყმაწვილს პირის სახეზე-კი ჩამოეგლისა. კვერცხი ლაყი ყოფილიყო.

დროა ბოლო მოეღოს კინტოების ასეთს თავ-გასულობას!..

[1889 წ.]

***

 ორი კინტო შუა ქუჩაში დამდგარიყო და ერთი ამბავი ჰქონდათ, ყვიროდნენ, ილანძღებოდნენ და ერთმანეთზე მუშტებით იწევდნენ. დიდძალი ხალხი შეგროვდა და სეირს უყურებდა. 

ბოლოს ერთმა მეორეს უთხრა:

– აი შენი დედის სულის... ჭირიმეო, – და ისევ გზას გაუდგნენ...

თურმე ხუმრობდნენ!

აი დიდება შენთვის ღმერთო!

[1889 წ.]

***

 მეორე თუმანოვის ქუჩაზე გუშინ-წინ, ამ თთვის 1-ს, შემდეგი უბედურება დატრიალდა. ერთს ვიღაცა გლეხს მოჰყავდა ბუღა ხარი, რქებზე თოკ მობმული. ხარი აქეთ-იქით აწყდებოდა სარჩოლად და ხალხი შიშით სულ დაჰფანტა. ცოტა ხნის შემდეგ ბუღა ეცა გლეხს და რქებით გადაისროლა ორს ადლზე. შემდეგ ზედ შეადგა, რქებით ასწია ჰაერში და გადაისროლა იქით. 

გამვლელები ხედავდნენ ამ საზარელს ამბავს, მაგრამ ვერავინ ჰბედავდა ახლო მისვლას, ვიდრე ერთი კინტო არ ეცა ხარს, არ წაავლო რქებში ხელი და ძირს არ დააგდო.

დაჟეჟილი გლეხი პოლიციაში წაიყვანეს.

[1891 წ.]

***

 ამ დღეებში ავლაბარში ერთი კინტო გახდა ხოლერით ავად. პოლიციელს წამალი უნდოდა მიეცა, მაგრამ კინტომ უარი სთქვა, არ დავლევო. ავადმყოფს გარშემო ხალხი შემოეხვია და ეუბნებოდნენ, არ დალიო, ეგ წამლები მოგკლავსო.

პოლიციელმა დასამტკიცებლად იმისა, რომ წამლები მავნებელი არ არისო, ჯერ თითონ დალია. ამის მნახველი ხალხი დარწმუნდა, რომ ის წამლები საწამლავი არ არისო, და ნება დართო პოლიციელს, ავადმყოფისთვის დაელევინებინა ის წამალი.

[1892 წ.]

***

P.S.  აბრაგუნე - მეტი სახელი იყო ტფილისელი მედუქნესი. იგი მოკლეს პირადულ ნიადაგზე. იყო დარდიმანდი, გულუხვი და გაჭირვებულის მეგობარი. აი როგორ ასწრს მის დაკრძალვას „დროება“:

„თბილისის მოქეიფე ხალხმა დიდის ამბით დაასაფლავეს კინტო აბრაგუნე. თბილისში ძვირად შეხვდებით ვისმეს, რომ აბრაგუნეს სახელი არ გაეგონოს, ამ სახელს ბევრი გაუტყუილებია დიდუბისაკენ, სადაც აბრაგუნეს ჰქონდა დუქანი. ოთხმა ზურნამ და რამდენიმე არღანმა გააცილა აბრაგუნე. ძმაბიჭები ერთობ დაღონებულნი მიჰყვებოდნენ გულუხვს მასპინძელს, რომელიც ხშირად მასპინძლობისათვის არა თუ არას ართმევდა, „ცუდად“ დარჩენილებს პირიქით აჭმევდა, ასმევდა და ჯიბის გროშებსაც აძლევდა ხოლმე“ („დროება“, 1885წ. #182).

გიორგი ჭეიშვილი