თბილისის ქარვასლები... |


[ნიკოლოზ გაბაონი - „აივნიანი ქალაქი“]

„თბილისი იმთავითვე თავისი ქარვასლებით იყო განთქმული. ყველაზე კეთილგანწყობილ ქარვასლად არწრუნის ქარვასლა ითვლებოდა, იარაღის რიგში, სიონის ტაძრის მახლობლად. ამ ქარვასლას საუცხოო შადრევანი ჰქონდა. სწორედ აქ, 1837 წელს, ჩირაღდნებით და შილიგნებით გაჩირაღდნებული ქარვასლის აღმოსავლურად მორთულ დარბაზებში, თბილისის სოვდაგრობამ ნიკოლოზ I-ს საარაკო ვახშამი გაუმართა.

არწრუნის ქარვასლის პირდაპირ ბატონიშვილების ძველის-ძველი ქარვასლა მდებარეობდა, სადაც თავრიზიდან, გილანიდან, არდებილიდან და რეშტიდან ირანული და შუააზიური საქონელი მოჰქონდათ. სარქისოვის ქარვასლაში, რიყეზე, ნუხიდან და ყარაბაღიდან მოტანილი აზიური ტანსაცმლით ვაჭრობდნენ. ასევე ცნობილი იყო სედინოვების ქარვასლა ბნელ რიგებში, ბებუთოვების და სარაჯევის ქარვასლები სომხის ბაზარში. ყორმახზამ მელიქოვის ქარვასლას ღარიბების ქარვასლას ეძახდნენ, რადგან ის ღარიბულად იყო მოწყობილი და შიგ მხოლოდ ღარიბი მედუქნეები ვაჭრობდნენ. ფურო გვიან გაჩნდნენ შიოევის ქარვასლა აბანოს ხიდთან, მირიმანოვის - თათრის მოედანზე, შემდეგ იაკობ ზუბალოვის და პარსელ ტერმოსესოვის ქარვასლები და ვანქის ქარვასლა ვანქის ტაძრის შორიახლო. ამ ქარვასლებში ვაჭრობა დუღდა და გადმოდუღდა.

ქარვასლების ქვემო და ზემო სართულების დუქნებთან, გადმოხურულ ბნელ გალერეებში და ურიცხვ კიბეებზე აუარებელი ხალხი ირეოდა. ყველგან აღებ-მიცემობის ფუსფუსი და გნიასი იდგა. დუქნების წინ პატარა ბიჭები მუშტრებს კალათებს აგლეჯდნენ და თავ-თავისი საქონლის ქებას გაჰკიოდნენ. ყველგან ნაირ-ნაირად ჩაცმული ხალხი მოჩანდა. ქარვასლებში ყოველ ცისმარე დღეს მოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის და ხალხის ვაჭრები ცხენების, ჯორებისა და აქლემების ქარავნებით. დარიალის გზაზე ცხენიანი ჩალვადრები იყვნენ გაბმულნი, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ძველ გზებზე აქლემების ქარავნები მოდიოდნენ: ფრანგები, გერმანელები, ინგლისელები, რუსები, სომხები, ებრაელები, თურქები, სპარსელები, მთიელ-დაღესტნელები, ბუხარელები, ჩინელები, ავღანელები და ინდოელებიც, რომლებსაც შორეული ინდოეთიდან აქლემებით ინდური საქონელი მოჰქონდათ, ბაქოში საღვთო ცეცხლებს თაყვანს სცემდნენ და მერე ქალაქ თბილისისკენ მოისწრაფოდნენ.

ქალაქში ყოველ განთიადზე ზარების რეკვით შემოდიოდნენ აქლემების ქარავნები აზიელი ვაჭრებისა, ხოლო ქართლელი მეურმეები ყოველდღე საძნე ურმებით ეზიდებოდნენ რედუტ-კალეში კონსტანტინეპოლიდან, ლონდონიდან, მარსელიდან და ჰამბურგიდან ხომალდებით მოტანილ ევროპულ საქონელს. დარიალის გზაზეც მილი მილზე იყო გაბმული ჩალვადრების ცხენებისა და რუსული პოვოსკებისა. მათ უმთავრესად რუსეთის ფაბრიკებში დამზადებული ტილო და ფართლეული მოჰქონდათ. სოვდაგრები ქარვასლებში გაფაციცებით ვაჭრობდნენ. გამდიდრებულნი სოლოლაკის ბაღებს უწყალოდ სჩეხდნენ და იტალიური სტილის მრავალსართულიან სახლებს აშენებდნენ.“

***


[თეიმურაზ ბერიძე - „ძველი თბილისის სურათები“]

თბილისის მოხერხებული, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა დავლეთ ევროპის სავაჭრო კაპიტალს საშუალებას აძლევდა, სააღებმიცემო ურთიერთობა გაება აღმოსავლეთის ქვეყნებთან. თბილისში შეუწყვეტელ ნაკადად მოდიოდა საქონელი თურქეთიდან, სპარსეთიდან, ინდოეთიდან, რუსეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, აქ, თბილისის ქარვასლებში ინახებოდა და მერე ნაწილდებოდა მთელ ამიერკავკასიაში.

1872 წლამდე, ვიდრე თბილისსა და ფოთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა გაიხსნებოდა, მთელი ეს საქონელი გადაჰქონდათ აქლემით, ცხენით, ჯორით, სახედრით, ტივით, ნავით და ბორნით მდინარე მტკვარზე და მდინარე რიონზე. ისინიც ეზიდებოდნენ და ეზიდებოდნენ ნაირნაირ საქონელს თბილისის ქარვასლებისაკენ.

ქარვასლა უძველესი დროიდან არსებობდა ყველა აღმოსავლურ ქვეყანაში, მათ შორის თბილისშიც. იგი ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი აუცილებელი ნაგებობა იყო. ძველი ქართული სიტყვა ფუნდუკი, რომელიც სასტუმრო სახლის აღმნიშვნელ ტერმინად იხმარებოდა, XVIII საუკუნეში საბოლოოდ განდევნა ტერმინმა „ქარვასლა“ იგი ჩამოსული ვაჭრის როგორც ღამის გასათევი ბინა, ისე ქარავნის გასაჩერებელი ადგილიც იყო. ვაჭარს აქვე შეეძლო დაელაგებინა თავისი საქონელი, ე.ი. ქარვასლა სასტუმრო-საწყობი იყო. ამიტომაც შენდებოდა ქარვასლები ორ, სამ და ოთხსართულიანი. აქ იყო საცხოვრებელი ოთახები, სავაჭრო დუქნები, საქონლის სარდაფები, საჯინიბოები და ფართო ეზო პირუტყვის გასაჩერებლად.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში თბილისში იდგა 13 დიდი ქარვასლა, რომლებშიც ასიათასი მანეთის ღირებულების საქონელი იყო მოთავსებული.

არწრუნის ქარვასლა [აშენდა 1818 წელს] მდებარეობდა ე.წ. იარაღის რიგში, სიონის ტაძრის ახლოს. ქარვასლა სამსართულიანი იყო, ეზოში აუზით. მესამე სართულზე 33 ოთახი იყო ჩამოსულთათვის, აქედან - ორი კანტორისათვის. მეორე სართულზე იყო 25 დუქანი, სადაც თავსდებოდა სხვადასხვა საქონელი: აბრეშუმი, შალი და აზიური თუ ევროპული ნაწარმი; პირველ სართულზე, სარდაფებში, იყო ერთი მთავარი და 24 პატარა საწყობი, აქვე იყო ორი სამკერვალო სახელოსნო, სადაც იკერებოდა აზიური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. არწრუნის ქარვასლაში ვაჭრობა წარმოებდა ბითუმად.

არწრუნის ქარვასლის მოპირდაპირე მხარეს იდგა ქართველი ბატონიშვილების ქარვასლა, რომელიც აშენებული იყო XVIII საუკუნეში. მას ჰქონდა 62 საცხოვრებელი ოთახი ჩამოსულთათვის და 30 სავაჭრო დუქანი. 15 ოთახი ეკავა სხვადასხვა სახელოსნოს. ეზოში იყო შადრევანიც. ქარვასლაში ინახებოდა შაქარი. ძირითადად კი აქ მოთავსებული იყო აზიური, ნაწილობრივ, ევროპული საქონელი.

ბნელ რიგში იდგა ბებუთოვის ქარვასლა. ქარვასლაში 18 ოთახი ჩამოსულთათვის იყო განკუთვნილი, 12 საწყობისათვის, ერთი მაღაზიისთვის და 11 დუქნისთვის. აქ ძირითადად აზიიდან და რუსეთიდან შემოტანილი ბამბის და აბრეშუმის ნაწარმი ინახებოდა.

ბნელი რიგის ახლოს იდგა ხეროდინოვების ქარვასლა, აშენებული 1840 წელს. აქ იყო 29 ოთახი ჩამოსულთათვის, 2 საწყობი და 8 დუქანი. აქ ინახებოდა და იყიდებოდა შაქარი, სხვადასხვა სახის სასმელი, ბამბის და აბრეშუმის ნაწარმი.

ხეროდინოვების ქარვასლასთან ახლოს იდგა თავად კორხმაზ მელიქოვის ქარვასლა, აშენებული 1828 წელს. მას ჰქონდა 12 ოთახი ჩამოსულთათვის, ერთი საწყობი, 2 ღვინის სარდაფი, 5 დუქანი და 3 სხვადასხვა სახელოსნო. ეზო შენობას პატარა და ვიწრო ჰქონდა. ამ ქარვასლაში აღებმიცემობა ნაკლებად წარმოებდა, უფრო ღამის სათევად ჩერდებოდნენ ნაკლებად შეძლებული ვაჭრები და მრეწველები.

მტკვრის ორივე მხარეს, ავლაბრის ძველ ხიდთან, იდგა ორი ქარვასლა, მშვენიერი მყარი საძირკვლით, რომელიც მდინარის ფსკერიდან იყო ამოყვანილი. მარჯვენა ნაპირზე მდებარე ქარვასლა შადინოვს აუშენებია 1841 წელს. აქ იყო 27 ოთახი ჩამოსულთათვის, 2 საწყობი და 11 დუქანი.

მდინარის მარცხენა ნაპირზე იდგა იაკობ ზუბალაშვილის და ფარსეგა ტერ-მოსენიანის ქარვასლა, აუშენებიათ 1845 წელს. აქ იყო 31 ოთახი ჩამოსულთათვის, ერთი ღვინის სარდაფი და 10 დუქანი.

ქარვასლებში გაჩერებული ვაჭრები თავისი საქონლით აქვე ვაჭრობდნენ.

რიყეზე იდგა სარქისოვის ქარვასლა. აუშენებიათ 1820 წელს. აქ 30 ოთახი ჩამოსულთათვის იყო განკუთვნილი, ერთი საწყობისთვის. დუქანი კი 73 იყო. აქ ძირითადად აზიური ნაწარმი ინახებოდა. ქარვასლას ჰქონდა ფართო ეზო, სადაც დგებოდა ჩამოსულ ვაჭართა „ტრანსპორტი“: ცხენი, აქლემი, ჯორი და სხვ.

ქარვასლას გაყოლებით ერთ რიგში ვაჭრობდნენ ჩამოსული სპარსელები; იყიდებოდა ჩოხა-ახალუხი, ნაბადი და სხვა აზიური ტანისამოსი; აგრეთვე, ნედლი აბრეშუმი, რომელიც ნუხიდან და ყარაბაღიდან ჩამოჰქონდათ.

შუაბაზართან იყო სარაჯიშვილის ქარვასლა, აუშენებია 1828 წელს. ჰქონდა 5 დუქანი და 9 საწყობი. აგრეთვე, 18 ოთახი ჩამოსულთათვის. იქვე იყო საათების ერთი შემკეთებელი სახელოსნო. ქარვასლის დუქნებსა და საწყობებს სარაჯიშვილი ქირით გასცემდა ხოლმე.

აბანოს ხიდთან იდგა შიოევის ქარვასლა, აუშენებია 1838 წელს. მის ერთ გაქირავებულ ოთახში ხელსაქმეობდა თექის გამომყვანი ხელოსანი.

ვანქის ეკლესიასთან ახლოს იდგა ამავე ეკლესიის ქარვასლა, აშენებული 1820 წ. მისი 24 დუქანი ქირავდებოდა ხელოსნებზე.

ეს ორი ქარვასლა ატარებდა არა იმდენად სავაჭრო-საწყობის სახეს, რამდენადაც სასტუმრო-ბარაკისას.

თამამშევის ქარვასლა, შიდა ხედი
1846 წ. ქალაქის ხელისუფლებამ, რომლის მთავარი მიზანი იყო თეატრის აშენება, ვაჭარ თამაშევს ბაზრის მოედანზე [„ლენინის“/თავისუფლების მოედანზე] გამოუყო ნაკვეთი [1000 კვ. მ.] ქარვასლის ასაშენებლად, სადაც უნდა მოთავსებულიყო თეატრიც.

★ „ყაფლანი - გრიფონი. აქ, ე.ი. თბილისში თამამშევის ქარვასლის წინ იდგნენ თუჯის ფრთოსანი ცხენები - გრიფონები. ხალხი ყაფლანებს უწოდებდა“, - იოსებ გრიშაშვილი,  „ქალაქური ლექსიკონი“

პირველ სართულზე მოთავსებული იყო 6 საცხოვრებელი ოთახი, 29 დუქანი და 11 ბნელი სარდაფი.

მეორე სართულზე: 29 დუქანი, 16 ბნელი სარდაფი-საწყობი და ფულის გადასახურდავებელი ორი დუქანი;

მესამე სართულზე: 19 მაღაზია, 80 შესანახი კარადა. ფულის გადასახურდავებელი ოთხი დუქანი;

მეოთხე სართულზე: 21 მაღაზია ანტრესოლებით.

მეორე-მესამე სართული ეკავა თეატრს, რომლის მოწყობა დამთავრდა 1851 წლის 12 აპრილს.

თამამშევის ქარვასლაში მოთავსებულ თეატრთან დაკავშირებით გვინდა გავიხსენოთ ერთი ამბავი. როცა კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა თბილისში თეატრის გახსნა გადაწყვიტა, მან ამ საქმისთვის თბილისელი ბაზაზები [მეფართლეები] შეარჩია - მდიდარი ქალაქელი ვაჭრების ხარჯზე უნდოდა თეატრისთვის შენობის აგება. გეგმის მიხედვით, შენობა ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. პირველ სართულზე მეფართლეებს - ბაზაზებს ექნებოდა სავაჭრო დუქნები, მეორე სართული კი თეატრს დაეთმობოდა. მაგრამ თბილისელმა ბაზაზებმა მიხეილ ვორონცოვს უარი შეუთვალეს: „ზედმეტი ფული არ გაგვაჩნია, რაცა გვაქვს, ისიც აღებ-მიცემობასა და საქონელში გვაქვს დაბანდებული, თანაც ძველი თბილისიდან ზევით ამოსვლა ჩვენი საქმე არ არის, აქ შეჩვეული მუშტრები გვყავს და გაკოტრებისა გვეშინიაო“.

ბოლოს თეატრის აგების საქმე ითავა ვაჭარმა გაბრიელ თამამშევმა, რომელმაც ქარვასლისათვის ავანაანთ ხევზე [დღევანდელი „ლენინის“ სახ. მოედანი/თავისუფლების მოედანი] ქართველი თავადიშვილის ესტატე ციციშვილისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი „ორ დოშათ და ორი კაცის საკაბეთ“. ავანაანთ ხევი საკმაოდ ღრმა იყო. იგი გადახურეს და ქარვასლისათვის ააგეს შენობა, რომლის მეორე-მესამე სართულებზე მოთავსდა თეატრი.

1874 წლის 11 ოქტომბერს თეატრი დაიწვა ქარვასლაში გაჩენილი ხანძრის დროს. გრიგოლ ორბელიანი გულისტკივილით წერდა:
„დაიწვა თამამშევის ქარვასლა და მასთან ჩვენი თეატრი... მხოლოდ იმ ღამეს შევიტყვეთ, რომ თბილისში არ ყოფილა პაჟარნი კამანდა. შეგროვდა მრავალი ხალხი და მწუხარებით შეჰყურებდა, როგორცა ადიოდა ალი ვარსკვლავებამდის...“
თამამშევის ქარვასლა, შიდა ხედი
★ „ამ ორშაბათს სხდომაზე ჩვენი ქალაქის გამგეობაში იყო სხვათა შორის მოლაპარაკება თეატრის თაობაზე. ამ საგნის თაობაზე დანიშნულმა კომისიამ გამგეობას წარუდგინა უფ. თამამშევის წინადადება, რომ ის თანახმა არის 150,000 მანეთი მისცეს ქალაქს, იმის ქარვასლის განთავისუფლებისათვის, და ან, ქალაქის ჩვენებით, ადგილს იყიდის თეატრისთვის და ამას გარდა 80,000 მანეთს მისცემს თვითონ თეატრის ასაშენებლად. გამგეობა დათნხმდა უფ. თამამშევის უკანასკნელს წინადადებაზე“, - გაზეთი „დროება“, 1876 წ.
თბილისის ქარვასლებში საქონელი ჩამოჰქონდათ ევროპიდან - რედუტ-კალეს გამოვლით ლონდონიდან, ჰამბურგიდან, კონსტანტინოპოლიდან; აზიიდან - ნახიჭევნის გზით - თავრიზიდან, არდებილიდან, რეშტადან და სხვ; რუსეთიდან - კავკასიის ქედის გადმოვლით - საქართველოს სამხედრო გზით, დარიალის ხეობით. მეორე გზა რუსეთისაკენ იყო თბილისიდან შემახაზე, ბაქოს გავლით, იქიდან კი - კასპიის ზღვით მდ. ვოლგაზე.

[...]

ქარვასლაში გაჩერებული ვაჭარი იხდიდა ბაჟს - თავისი საქონლის ფასის ¼-ს.

აღნიშნული ბაჟის აკრეფა 1850 წ. 20 მაისამდე ხდებოდა თბილისის საქალაქო მმართველობის მიერ, რომელსაც ამ სახით წლიურად შემოდიოდა, საშუალოდ, 3.300 მან. 1850 წლის 20 მაისს ეს სტატია ქალაქის მმართველობისაგან შეისყიდა კერძო პირმა 6000 მანეთად [ვერცხლი] წელიწადში. ამის შემდეგ ბაჟის გადახდა ეკისრებოდათ არა მარტო იმ ვაჭრებს, რომლებიც ქარვასლაში ჩერდებოდნენ, არამედ იმათაც, კერძოდ რომ ქირაობდნენ ბინას და სხვა-და-სხვა ადგილას ინახავდნენ თავიანთ საქონელს.

ქარვასლაში საქონლის შესყიდვის შემთხვევაში, შემსყიდველს ქარვასლის პატრონის სასარგებლოდ ყოველ ათ მანეთზე უნდა გადაეხადა 20 კაპიკი ვერცხლით, რასაც ავაია ეწოდებოდა. ავაიას არ ახდევინებდნენ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი შეისყიდებოდა სახელმწიფო დაწესებულების მიერ.

ადგილობრივი ვაჭრები, რომლებსაც ქირით ეჭირათ ქარვასლის შენობა, პატრონს უხდიდნენ წინასწარ შეთანხმებულ თანხას და ავაიათი აღარ იბეგრებოდნენ.

ქარვასლა აღმოსავლეთში განცალკევებული სამყარო იყო თავისი წეს-ჩვევებით. გარდა სავაჭრო ოპერაციებისა, აქ ეწყობოდა მთელი რიგი სავაჭრო „მახინაციები“ - ოპერაციები ადგილობრივ და უცხოელ ვაჭრებს შორის [საქონელზე ფასების აწევ-დაწევა, ანდა გაფუჭება-დაცემა და სხვ.].

თბილისის ქარვასლებიც აღმოსავლურ სახეს ატარებდნენ, მაგრამ ჰქონდათ თავიანთი თავისებურებანიც, რომელიც უცხო იყო სხვა აღმოსავლური ქარვასლისათვის. აქ ნახავდით მწერლებს, რომლებიც მოთხოვნებს წერდნენ სხვადასხვა სავაჭრო გარიგებებზე, ადგენდნენ თბილისში ჩამოსულ უცხო ვაჭართა კომერციული ხასიათის საქმეებს და სხვა.

ზემოთ ჩამოთვლილი ქარვასლების უმეტესობა ქალაქის ძველ ნაწილში იდგა.

1935 წელს, ლენინის მოედნის გაფართოებისას აღებულ იქნა თამამშევის ქარვასლა. 
★ „აჰა გულდაგულ ტფილისმაც შეიძინა ერთი ღირსეული მოედანი. სწორედ ყოფილი თამამშევის ქარვასლაზე ითქმის ახლა: „იყო და არა იყო რა“, იმის სანაცვლოდ გადაშლილა უზარმაზარი მოედანი. ეს არის განახლებული ტფილისის შავგვრემანი ლოყა. ამ ლოყას ახლა აკლია ხალი - რომელიმე უკვდავსაყოფი ძეგლის სახით. ქარვასლის გზას გაჰყვა ძველი იარმუკაც. ან ტფილისი ამდენხანს როგორ ინელებდა ასეთ უმსგავსო რამეს შუაგულ ადგილას! მის სანაცვლოდ უკვე შენდება ბაღი“, - #საბჭოთა ტფილისის ქრონიკები - „ჩემი დედაქალაქი“ |
მტკვრის სანაპიროების, ახალი ხიდებისა და მაგისტრალების მშენებლობას „შეეწირა“ ზოგი სხვა ქარვასლაც. რაც დანგრევას გადაურჩა, სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულებად გადაკეთდა...

გიორგი ჭეიშვილი