კრიმინალი კინტო „არდაგანი“ და „თავისუფალი მოქალაქენი თბილისისა“ |


 „ჩვენს ტურფა დედა-ქალაქში ბევრი ტურფა და სასიამოვნო ამბავი ხდება ხოლმე. მკითხველს მოეხსენება, რომ ბევრგან მთელი დასი და ამხანაგობანი არიან შედგენილნი, რომელთაც საგნად ისა აქვთ, რომ შეერთებულის ძალითა და მოხერხებით ჰყვლიფონ და სცარცვონ ხალხი.
ეს დასი და ამხანაგობანი ნამდვილ ავაზაკთაგან, თოკიდან თავდახსნილთა და ციხიდამ განთავისუფლებულთაგან შესდგებიან.
მათნი წევრნი მომეტებულ ნაწილად ესრედ-წოდებულნი თავისუფალნი მოქალაქენი ბრძანდებიან ბედნიერის თბილისისა. მათ სახელად უფრო კინტოები ჰქვიანთ. ერთი ამ გვარი დასი მძვინვარებს თურმე ყასუმოვის სავაჭრო სახლის ქვეშ ტრაკტირში, რომელსაც აუარებელი ვაჭრობა აქვს და რომელშიაც დღე ცხადად და ღამე ფარულად იკრიბებიან თავისუფალ წრეთა და დასთა წევრნი.

ერთს ამ უკანასკნელთაგანს ჰქვიან „არდაგანი“ სახელად და პოლიცია კარგად იცნობს ამ კინტოსაო, ამბობს „კავკაზი“, მაგრამ ჩვენ ვერ გაგვიგია, თუ ავაზაკს პოლიცია კარგად იცნობს, რაღას შესჩერებია...

ეს არდგანი სხვა ამხანაგებთან ერთად ამას წინად შადინოვის სახლებში ბალკონიდგან ასულან. შადინოვის სახლები ხაზინის გვერდზეა. ერთს წევრთაგანს პოლიციელი სხვა მხრისკენ წაეყვანა, ერთი ყარაულად ყოფილიყო და დანარჩენები კი სახლში შესულიყვნენ. მაგრამ, როცა ხელაობა დაეწყოთ, ყვირილი შეექნათ სახლში, კინტოები გადმოცვივნულიყვნენ და პირდაპირ ალექსანდროვის ბაღში გავარდნილიყვნენ.

პოლიციელები გარ-შემორტყმიან და დაუჭერიათ „არდაგანი“.


მეორე დასი ხელაობს სხვა-და-სხვა ალაგას და სხვა და სხვა დროს. მისი ხელაობა სწორედ მთელი თეატრალური წარმოდგენაა. 

მოქმედება პირველი წარმოადგენს მტკვრის პირს, რომელზედაც აწყვია ტანისამოსი ერთის მცხოვრებელისა. ამ უკანასკნელს ქამარ-ხანჯალი, ჩოხა-ახალუხი და სხვ. დაუწყვია ნაპირთა ზედა მდინარისათა და თვით გასაგრილებლად შიგ შესულა. ამ დროს, როგორც ძველ პიესებში იცოდნენ, Deus ex machina-სავით, გაჩენილან კინტოები და ზოგს ვერცხლის ქამარი მოუტაცნია, ზოგს ხანჯალი და ზოგს საათი ტანსაცმელთან ერთად და სრულიად სხვა-და-სხვა გზით გაქცეულან.

საწყალს პატრონს გონება დაჰკარგვია, ვეღარ მოუფიქრებია, რომელს ერს უნდა გამოვეკიდოვო და დედიშობილას დაუწყვია ღრიალი, ხალხი მოგროვილა და დაუმშვიდებიათ კინტოების ხელაობის მსხვერპლი.

ამით დასრულებულა პირველი მოქმედება.

მეორე მოქმედება წარმოადგენს სახლს საწყალი მსხვერპლისას, რომელიც თავის დანაკარგს გლოვობს და ამ დროს ორი კინტო ფაფახებით მოვლენ მასთან მთხრობელად და ეუბნებიან, ჩვენ ვიცით, სად არის ან ვისა აქვს შენი ნივთები და ტანთასცმელიო, 25 მან. მოგვეცი და მოგიტანთო.

- რაღა ვისა აქვს, თვით თქვენ იყავითო, - უთქვამს უბედურს ტირილითა და ქუხილით.

გმირებს სწყენიათ ესეთი შეურაცხ-ყოფა და მოუთხოვნიათ, რომ აქა და აქ ესა და ეს კაცი გამოგზავნეო და იმას გამოვატანთო, თუ ფულს მოიტანსო.

ამით გათავებულა მეორე მოქმედება.

საწყალს დაზარალებულს კაცს გაუგზავნია კაცი დანიშნულს ალაგას ნივთებისათვის. მისულა გაგზავნილი ერთს მიყრუებულს ალაგას, იქ შეუყვანიათ უბედური ბნელ სარდაფში, რომელიც თურმე სავსე იყო კინტოებით და რომელშიაც ჯგუფ-ჯგუფად ისხდნენ ჩვენი ბედის მმართველნი.

შუა-კაცს კინაღამ გული შესწუხებია, როცა აქედ-იქიდამ შემორტყმიან სულთამხუთავნი.

- მოგვეც სუყველაფერი, რაცა გაქვს, შეჰღრიალეს საცოდავს, რომელსაც შიშით ენა მუცელში ჩაუვარდა თურმე.

შემდეგ, როგორც იყო, კანკალით ამოიღო ექვსი მანათი და უთხრა:

- აი ამის მეტი არა მაქვს, ქეიფი გასწიეთო და ცოცხალ-მკვდარი გამოსულა გარეთ.

ამით დასრულებულა მესამე, ტრაგიზმით სავსე, მოქმედება და უცბად ჩამოეშვა ფარდა, რომელმაც დაჰფარა ბნელი და შავი კულისები საეჭვო აკტიორებისა და მოთამაშეებისა.“

[გაზეთი „დროება“, 1884 წ.]

გიორგი ჭეიშვილი