გენერალი გიორგი კვინიტაძე - ქართველ მებრძოლთა საგმირო საქმეები |


★ „19 თებევრლიდან ტაბახმელასა და კოჯრის მონაკვეთებზე ბრძოლები არ შეწყვეტილა, ისინი დღედაღამ მიმდინარეობდა და საქმე ხშირად ხიშტის დარტყმამდეც მიდიოდა. გააფთრება უმაღლეს ზღვარს აღწევდა; სანგრები ხშირად მტრის ხელში გადადიოდა, მაგრამ მებრძოლთა თავდადებული შეტაკების შემდეგ კვლავ გვიბრუნდებოდა. რამდენიმე ეპიზოდს გავიხსენებ.

ერთ უბანზე მტერი რამდენიმე ათეული კაცის შემადგენლობით, წინ გაიჭრა და უფროსი ლეიტენანტის გოგი ალექსი-მესხიშვილის ბატარეაზე იერიში მიიტანა. იგი სროლით ისე იყო გართული, ლამის ზურგიდან მოახლოებული მოწინააღმდეგე ვერც კი შენიშნა; მხოლოდ უკანასკნელ წამს, როცა სულ ათიოდე ნაბიჯიღა იყო დარჩენილი, ალექსი-მესხიშვილმა შენიშნა ისინი, „ჩემსკენო“, დაიძახა, არტილერისტების მცირე ჯგუფი თავის გარშემო უცებ შემოიკრიბა და „ვაშას“ ძახილით, გაშიშვლებული ხმლით მტერს ეკვეთა; იმავდროულად, მეორე მხრიდან შენიშნა მოწინააღმდეგე საშველად გაგზავნილმა რამდენიმე ათეულმა იუნკერმა, რომლებიც ბრძოლაში უმალ ჩაებნენ. მტერი დამარცხდა.

სხვა ადგილას, ერთ-ერთი შეტაკებისას, რომელიც ჩვენი წარმატებით დასრულდა, სასიკვდილოდ დაიჭრა იუნკერი შალვა ერისთავი. იგი ბრძოლის ველზე იწვა და კვდებოდა. ერთი იუნკერი საშველად მივარდა. მომაკვდავმა ნახევრად უგონომ, ვერ იცნო ამხანაგი და შეჰყვირა: „შეჩერდი, ვინ ხარო“, ამასთან, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და თოფი მოიმარჯვა. ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო. იგი ბოლო წუთებშიც მტერზე ფიქრობდა.
კიდევ ერთი შემთხვევა. ერთგან, სოღანლუღის ქედზე, ერთი ოფიცერი, რომლის გვარიც, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს, სამ ჯარისკაცთან ერთად ზურგიდან მიეშურებოდა პოზიციებზე. დანიშნულების ადგილამდე 150 ნაბიჯიღა რჩებოდა. ღამე იყო; უეცრად მოწინააღმდეგე შეამჩნია, 20-მდე კაცი იქნებოდა. სიბნელეში გრძელი ფარაჯები, დამახასიათებელი ნაცრისფერი ცხვრის ფაფახები მოჩანდა. სამ ჯარისკაცთან ერთად თოფმომარჯვებული მტერს ეკვეთა; იმათ ყვირილი ატეხეს, „არ გვესროლოთ, გნებდებითო“. სამმა ჩვენმა ჯარისკაცმა ოფიცერთან ერთად ისინი ტყვედ ჩაიგდო.
კიდევ ერთ ოფიცერზე გიამბობთ, ვისშიც ძლიერი იყო მოვალეობის გრძნობა. უკვე დიდი ხანია ვსახურობ, რუსეთ-იაპონიის ომშიც ვმონაწილეობდი, მაგრამ მსგავსი შემთხვევის მოწმე არც ვყოფილვარ, არც სხვისგან მსმენია... 

სკოლის ოფიცერს, კაპიტან ყიფიანს ერთი სანგარი ეკავა, თან ორმოცამდე სათადარიგო კაცი ახლდა. მოწინააღმდეგე, ძლების უპირატესობით, თანდათან უახლოვდებოდა. მსროლელთა ცეცხლი მას ვერ შეაჩერებდა, პირდაპირ შებმა გარდაუვალი იყო. ამ დროს ყველა მისმა ჯარისკაცმა სანგარი მიატოვა და უკან გაიქცა. კაპიტანმა ყიფიანმა ხელქვეითების პანიკისას გაქცეულთა შეჩერება ვეღარ შეძლო. იგი სანგარში დარჩა და რევოლვერიდან ოთხი ტყვია დაიხალა. მეხუთეს გასროლა ვეღარ მოასწრო, რადგან ამ დროს საშველად რამდენიმე იუნკერმა მიირბინა და ხიშტებით უკუაქცია მტერი.

ერთი იუნკერი კაპიტან ყიფიანს მივარდა და რევოლვერი ხელიდან გამოგლიჯა. ოთხი ტყვიით დაჭრილი გადასახვევ პუნქტში მიიყვანეს, სადაც თავისი უფროსის გენერალ ჩხეიძის შეკითხვაზე „თავს რატომ იკლავდიო“, უპასუხა:
„მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებმა მიმატოვეს, თვალებში როგორღა შემოგხედავდითო“. 
ეს ჭაბუკი მოვალეობის უდიდესი გრძნობით იყო გამსჭვალული, რაც კვლავ დაამტკიცა რამდენიმე დღეში. თბილისში რომ დავტოვეთ, იგი ჰოსპიტალში იწვა. თბილისის დატოვება რომ შეიტყო, ჰოსპიტალიდან გამოიქცა და მცხეთაში ფეხით ჩამოვიდა. აქ იგი ვაგონში მოათავსეს.

ამგვარი გმირობა გამოავლინეს თბილისის დამცველებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ბრძოლისას. ალბათ ასეთი ეპიზოდები მრავლად იყო და მათ შესახებ უშუალო მონაწილეებმა უკეთ იციან…“

[გიორგი კვინიტაძე - „ჩემი მოგონებები 1917-1921“]

გიორგი ჭეიშვილი