თბილისის ტრანსპორტის მოკლე ისტორია |

ურმები ეჯიბრებიან ტფილისის „ტრამვაის“, 1902 წ.
XIX საუკუნემდე თბილისი გალავანშემორტყმული პატარა ქალაქი იყო, ამიტომ შიდა ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის აუცილებელი ტრანსპორტის რაიმე განსაკუთრებულ სახეობას არ იყენებდნენ.

თუმცა, უსისტემოდ გამოიყენებოდა ცხენი, სახედარი, ჯორი, აქლემი, ტვირთის გადასატანად - ურემი ან ჩარდახი (გადახურული ურემი).

სამდინარო ტრანსპორტი იყო ტივი. თუმცა, უმეტესად მას ბორჯომის ხეობაში კრავდნენ, თბილისში ჩამოცურების შემდეგ კი შეშად შლიდნენ და ყიდდნენ.

ნაპირების დასაკავშირებლად გამოიყენებოდა ბორანიც - გაბმული ბაგირის მეშვეობით მოძრავი ტივი. ბოლო, დიდუბის ბორანი თბილისში 1955 წლამდე ფუნქციონირებდა.
[★ „ქალაქის ბორანი, რომლითაც ხალხი გადი-გამოდის მტკვარზე მუხრანიანთ ხიდთან, ხანდისხან ეშმაკობს ხოლმე. მებორნე ჯერ გამოართმევს გადასაყვანს ფულსა და მერე შუა მტკვარში შეაყენებს ბორანსა და აღარც წინ მიდის, აღარც უკან. მიზეზი ის არის, რომ ზოგმა ფული არ მომცა და მუქთად უნდათ გადასვლაო. ატყდება ერთი კიჟინი, ვაი-ვაგლახი, ჩხუბი, მაგრამ მებორნე ფეხსაც არ იცვლის, მანამ მგზავრებს არ მოსწყინდებათ და რამდენსამე კაპიკს დამატებით არ მისცემენ. ხშირად ორისა და სამის კაპიკის გულისათვის შეაყენებს ხოლმე ბორანსა. ურიგოს არ იზამდნენ, რომ ჭკუა ესწავლებინათ ამ ახირებულ მებორნესათვის“, - 1001 ზღაპარი საქართველოზე", ტომი I , 1887 წელი]
XIX საუკუნეში საგრძნობლად გაიზარდა როგორც თბილისის ფართობი, ისე - მოსახლეობის რაოდენობაც და თანდათან გაჩნდა მგზავრების გრძელ მანძილზე გადაყვანის აუცილებლობაც.

შიდა საქალაქო ტრანსპორტის პირველი სახეობა საუკუნის დასაწყისში ეტლები იყო. ერთცხენიან ეტლებს „დროშკები“ ეწოდებოდა.

თანდათან გაჩნდა ფაეტონებიც, რომელშიც წყვილი ცხენი იყო შებმული. 1887 წლის აღწერის მიხედვით, თბილისში 520 მეფაეტონე იყო რეგისტრირებული.

[★ „კარგი იქნებოდა ყურადღება მიექციათ მეფაიტონეებისათვის და აღეკრძალათ მათთვის ჩქარი სიარული, თორემ ჩვეულებად აქვსთ, რომ რომელიმე მოქეიფე ყმაწვილს რომ ჩაისომენ, უნდათ აჩვენონ თავიანთი სიყოჩაღე, სიმარდე და ერეკებიან, აჭენებენ წინ-დაუხედავად, რაც ძალი და ღონე აქვთ ცხენებს“, - 1001 ზღაპარი საქართველოზე, 1886 წელი]
[★ „14 ივნისს, გოლოვინის პროსპექტზედ ელვასავით ჩამოქანდა მთაწმინდიდან ცარიელი ფოსტის ეტლი, რომელსაც მთვრალი მეეტლე მიაქროლებდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. ეტლმა კინაღამ ხალხი არ გაიტანა ამ დროს. შიშით-კი ძრიელ შეაშინა, მეტადრე ისინი, ვინც მთაწმინდის ქუჩას გადადიოდნენ ბულვარზე. მეეტლე შეიპყრეს და პოლიციაში გაჰგზავნეს“, - 1001 ზღაპარი საქართველოზე, 1889 წელი]
საშუალება „რეზინიან“ ფაიტონების წინააღმდეგ წვიმიან დღეს, 1902 წ.
თუმცა საუკუნის ბოლოს ქალაქი მტკვრის ორივე ნაპირზე ისე გაიჭიმა და გაიზარდა, რომ მხოლოდ ეტლები და ფაეტონები ვეღარ აუდიოდნენ მგზავრების გადაყვანას.

***

★ „არსად არ მოიპოვებიან ისეთი გაფუჭებული და გაამაყებული იზვოსჩიკები, როგორიც ჩვენს ქალაქში. უკანასკნელი ათჯერ მაინც უნდა დაუყვირო ქუჩაში გაჩერებულ მეფაიტონეს, რომ ერთხელ მოხედვა და ხმის გაცემა გაღირსოს. ჯერ თავიდამ ფეხებამდე აგხედ-დაგხედავს, თუ მოეწონე, ე.ი. თუ შეგატყო, რომ ტაქსაზე მეტს მისცემ, გეტყვის: „ნე ზანიატი ვარო!“ და თუ არა და ზედაც არც კი იკადრებს შემოხედვას. ტაქსასა ვინ უყურებს! ერთ გზაში მანეთს თხოულობენ, როდესაც ტაქსით ორ აბაზზე მეტი არ ერგებათ. ლანძღვა, გინება, გაუპატიურება ხალხისა ათასი ერთ გროშათაა იმათთვის... ქალაქის ავაზაკების და ჯიბგირების პირველი მეგობრები და დამცველები ჩვენი მეფაიტონეები არიან...“

***

★ „გუშინ საღამოს განოვის ქუჩაზე უფ. შოლკოვის მაღაზიის წინ, რომელსაც მიცვალებულების ჭირისუფლები კარგათ იცნობენ, ერთმა მეფაიტონემ (#154) მოიპარა ხალიჩა და თავის საჯდომს ქვეშ შედვა. მაგრამ, რადგან მარტო ქურდობა სცოდნია და ნაქურდალის დამალვა კი არა, ხალიჩის ბოლო გამოჩნდა, დაინახეს და წაართვეს. მეფაიტონე გაუშვეს, იმის ნომერი დაინიშნა უფ. შოლკოვმა“.

[გაზეთი „დროება“, 1878 წ.]

***

1883 წლიდან თბილისში ფუნქციონირება დაიწყო პირველმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა - ცხენის ტრამვაიმ, ანუ „კონკამ“.

„ტრამვაი“ არსებობს მცხოვრებთა ჩქარა მიმოსვლის გასაადვილებლად, მაგრამ, 1902 წ.
კონკის ვაგონი ოთხივე მხრიდან ღია იყო და 20 მგზავრს იტევდა. ვაგონს ერთი ცხენი ჰყავდა შებმული, ხოლო აღმართებში ე.წ. ფორეიტორები დამატებით კიდევ ორ ცხენს აბამდნენ.

ტფილისის ტრამვაის ცხენები რომ ვეღარ ერევიან, ხალხი ეწევა, 1903 წ.
ავჭალის ქუჩის ტრამვაი თავის რაშებით, 1903 წ.
ტფილისის „კონკის“ უკანასკნელი დღეები, 1904 წ.
1904 წლიდან „კონკა“ ელექტროტრამვაიმ ჩაანაცვლა. ტრამვაი თბილისში 102 წელი დადიოდა და მგზავრების გადაყვანა 2006 წლის 4 დეკემბერს დაასრულა.

ელექტრონის „ტრამვაის“ შემოღების გამო - ერთის მხრივ ტრამვაის ცხენები მხიარულობენ, აუტანელ მუშაობას მოვშორდითო. მეორეს მხრივ, ელექტრონის ძალის შემოღებით ისპობა მათი მნიშვნელობა, 1905 წ.
შეუბრალებენლნო! 1905 წ.
[★ „დღე არ გავა, რომ ცხენის რკინის გზაზედ ტფილისში დიდი უსიამოვნება რამ არ მოხდეს. ხოლო საგანი უსიამოვნებისა თითქმის ყოველთვის ის არის, რომ მანდილოსნებს ძვირად სთავაზობენ ადგილს ვაგონზედ მამაკაცები. მართალია, რაკი მოგზაური ადგილის ფასს გადაიხდის, უფლება აქვს იჯდეს თავისს ალაგზედ, მაგრამ არც ის არის ძნელი გასაგები, როდესაც მანდილოსანი თავზედ გადგიათ, ადგეთ და ადგილი უთავაზოთ. ასეა ყოველგან, და, საკვირველია, რატომ ტფილელებმა ვერ შეიგნეს ეს უბრალო ზრდილობის წესი ამდენს ხანს? ამერიკაში ქალის პატივისცემა იქამდის არის მიღწეული, რომ თუ სასტუმროში მოსულმა მანდილოსანმა ნომერი ვერ იშოვნა, მამაკაცები, რომელნიც ამ სასტუმროში დგანან, ვალდებულნი არიან უთავაზონ თავისი ნომერი და თითონ სხვაგან ეძიონ ბინა. ჩვენ გვგონია, რომ ურიგოს არ იზამდა ტრამვაის გამგეობა, ასეთი განცხადება გაეკრა ვაგონებზედ: „როდესაც მანდილოსანისთვის დასაჯდომი ადგილი აღარ არის ვაგონებზედ, გამგეობა სთხოვს მამაკაცთ, თავისი ადგილი უთავაზონ და თითონ ფეხზედ დადგნენ“. იქნება ამ მოწოდებამ გასჭრას და ტყაპა-ტყუპი, რომელიც ხშირად არის მამაკაცთ შორის ვაგონებზედ ამ საგნის გამო, მოისპოს!“, - 1001 ზღაპარი საქართველოზე, 1895 წელი]
1903 წ.
სტრატეგობა ტრამვაის გარშემო, 1917 წ.
თბილისის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი იყო მეტროპოლიტენის გაყვანა. მეტროპოლიტენის მშენებლობა 1952 წელს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობდა.

პირველი ხაზი საზეიმოდ 1966 წლის 10 იანვარს გაიხსნა. პირველი შემადგენლობა მოძრაობდა დიდუბისა და რუსთველის სადგურებს შორის.

თანდათანობით, საბჭოთა პერიოდში, ორი ხაზის 21 სადგური გაიხსნა. მშენებარე მესამე ხაზის დასრულება კი 90-იან წლებში ვეღარ მოხერხდა.

P.S. 2017 წელს სადგურებს 23-ე მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ დაემატა.


გამოყენებულია მასალა ალექსანდრე ელისაშვილის კრებულიდან - „თბილისის თავგადასავალი“, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2017 წ.

გიორგი ჭეიშვილი