ერთად-ერთი მიზეზი ამ გარემოებისა გახლავთ ის, რომ ქალაქებში უფრო ცუდი და უფრო გაფუჭებული ჰაერია, ვინემ სოფლებში.
ამიტომაც არის, რომ სამზღვარ გარეთ ყველა დიდ ქალაქებში ბაღებს, მაედნებს და ფართო ქუჩებს ისეთი ყურადღება აქვთ მიქცეული.
ჩვენში ეს უბრალო გარემოება ვერ გაუგიათ. ჩვენი ქალაქის პატრონები კარგათ ხედავენ, რომ თითქმის ასი-ათას ქალაქის მცხოვრებელთ მხოლოდ ერთად-ერთი ბაღი გააჩნიათ, სადაც ამ სიცხეებისაგან ასე შეწუხებულს ხალხს შეეძლო დილა-საღამობით მაინც სულის მობრუნება და დასვენება და იმდენი ვერ მოუხერხებიათ, რომ ეს ბაღი სუფთად შეინახონ, დღეში ორჯელ-სამჯერ თუ არა, ერთხელ მაინც არის მორწყონ.
★ „როგორც მკითხველებს ეცოდინებათ, ზემო ალექსანდრეს ბაღი დღეს შეკრულია, რადგანაც აქ უნდა აშენდეს სახლი სამხედრო მუზეუმისათვის. ზემო ბაღის აუზი შადრევნითურთ მოსთხარეს და შუა ბაღში გადაიტანეს. როცა ამ აუზისათვის გასჭრეს მიწა, შიგ მრავლად აღმოჩნდა ადამიანის ძვლები. აღმოჩნდა აგრეთვე საფლავის ქვა ზედ-წარწერით. ეს ზედ-წარწერა მიწისაგან ისე გადაფხეკილა, რომ მხოლოდ რამდენისამე სიტყვის ამოკითხვაღა შეიძლება. უფრო მრავლად გამოჩენილა ადამიანის ძვლები ზემო ბაღში, საცა საძირკველი გაუჭრიათ სამუზეუმო შენობისათვის [1886 წ.]“, - 📕ალექსანდროვის ბაღი განსაკუთრებით ღარიბი ხალხის ბაღად უნდა ითვლებოდეს; მდიდრებს არა უშავთ-რა: ისინი, ზაფხულობით, როცა ღარიბს აქ სიცხისაგან სული სძვრება, მიდიან სამზღვარ გარეთ, პიატოგორსკს, ბორჯომს, კოჯორს და სხვაგან სტკბებიან ნეტარის ცხოვრებით. მაგრამ ღარიბი ხალხი კი იძულებულია მთელი წელიწადი აქ დარჩეს. და ამიტომაც ვამბობთ, რომ ალექსანდროვის ბაღი ყველაზე უფრო იმათთვის არის საჭირო.
„1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]
★ „ამ უკანასკნელ კვირის განმავლობაში [1880 წ.] დღე ისე არ გაივლის, რომ ალექსანდროვის ბაღის კარებთან სამი-ოთხი ჩხუბი მაინც არ მოხდეს და რამდენიმე კაცი არ წაიყვანონ პოლიციაში. ამის მიზეზი არის შემდეგი:
ბაღის ყველა კარებთან პოლიციის მოხელეები, დესეტნიკები დგანან და ჩოხიანებს და განსაკუთრებით ჩუსტიანებს არავის უშვებენ ბაღში!
გვიკვირს - ვისი განკარგულებაა ეს ამ გვარი განკარგულება! ქალაქს ერთად-ერთი ბაღი აქვს, სადაც ამ ზაფხულში ხალხს ცოტა სულის მობრუნება შეუძლიან და ვერ გავგიგია - რომელი კანონით, რა საფუძვლით უშლის პოლიცია ხალხს ამ ბაღში სიარულსა და სეირნობას!..
ნუ თუ ყველა, ვინც ბაღში გაივლის, უეჭველად უკანასკნელს მოდაზე ჩაცმული და გამოპრანჭული უნდა იყოს?!.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ გვარი უაზრო განკარგულება უმაღლესის მთავრობისაგან არ არის, არამედ პოლიციის მომეტებულის ერთგულების შედეგია. დარწმუნებული ვართ აგრეთვე, რომ უმაღლესი მთავრობა შეიტყობს თუ არა ამ განკარგულებას, იმ წამსვე მოსპობს...“, - გაზეთი „დროება“, 1880 წ.
ამის შემდეგ, თქვენ წარმოიდგინეთ - როგორ უნდა მოგვწონებოდა ჩვენ გაზეთის „კავკაზის“ ჰაზრი, რომ „უმჯობესი იქნებაო, რომ ალექსანდროვის ბაღში შესვლის მსურველს ფული გადაახდევინოთო, ოღონდ კი სუფთად შეინახოთ ეს ბაღიო“.
★ „ქალაქელები სჩივიან, რომ ქალაქში ერთი-ორი ბაღია და იქაც ბევრნაირი მოუხერხებლობააო. ალექსანდრეს ბაღი ათასის საეჭვო ხალხით ივსება ხოლმე საღამ-საღამოობით და რიგიანს კაცს არ გაევლება [1888 წ.]“, - 📕 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]რასაკვირველია, ბევრისათვის, რომელთაც ხუთას და ათას თუმნობით აქვს წელიწადში შემოსავალი, ამისთანა გადასახადის დადება ალექსანდროვის ბაღში შესასვლელად, მაგდენთ საგრძნობელი არ იქნება; ამისთანა ხალხს მაგდენათ არ გაუჭირდება, რომ თვეში ერთი, ორი ან ხუთი მანეთი აძლიონ ბაღში შესასვლელად, თუ კი ისინი იძულებულნი არიან, რომ რომელიმე ზაფხული ქალაქში გაატარონ.
მაგრამ ღარიბმა ხალხმა რაღა უნდა ჰქნას? იმას, უიმისოთაც ათას გვარად შეწუხებულს, განა შეუძლია, რომ ბაღში შესასვლელად თვეში მანეთი ან თუნდ აბაზი მისცეს? და რა უფლება აქვს ვისმე - დაადვას გადასახადი მისთანა რასმეზე, რომელიც ხალხსავე ეკუთვნის, რომელიც ქალაქის მცხოვრებლების, განსაკუთრებით ღარიბების, საკუთრებას უნდა შეადგენდეს?
განა ასე ძნელია, რომ ამ ბაღში შესასვლელად არც გადასახადი იყოს დანიშნული და ყოველ დღეც მორწყონ ერთხელ-ორჯელ! თუ ათას გვარ სხვა უნამყოფო საგანზე ხარჯავს ქალაქი ათასობით საქალაქო ფულსა, მგონია, არც ამისთვის გაუჭირდებოდა წელიწადში ბევრი-ბევრი ორმოცი, ორმოც-და-ათი თუმნის დახარჯვა!“
[გაზეთი „დროება“, 1877 წ.]
★ „კარგმა დარმა, რომელიც ორიოდე დღის წინად დადგა ტფილისში,
მრავლად მოჰფინა გოლოვინის პროსპექტზედ ტფილისელნი სასერინოდ და სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად.
[...] ამ დროს ერთად-ერთი სასეირნო ადგილი გოლოვინის პროსპექტია, ოლქის სასამართლოს
წინ და ალექსანდრეს ბაღის თავზე.
მაგრამ ალექსანდრეს ბაღის თავზე ვერაფერი სასიამოვნოა:
აქ შენდება ამ ჟამად სამხედრო მუზეუმი და ამის გამო ბულვარი ხის მესერით არის გაუშნოებული
და შევიწროებული. სასახლის გვერდზე კიდევ ცარიელი ალაგია დარჩენილი, საცა კორპუსის
ეკკლესიის აგებას აპირობენ და ამის გამო ეს ალაგი, რომელსაც გუნიბის მოედანი ეწოდება,
სავსეა სხვა-და-სხვა საშენებელის მასალით. ზოგან ფიცრები ჰყრია, ზოგან ქვა და ქვის
ღორღი, ზოგან კიდევ მიწაა ამოთხრილი და სხვ. სასურველია, რომ ეს ადგილი მოწმინდავდებოდეს,
რადგან ჯერ მაინც, როგორც ეტყობა, ეკკლესიის აშენებას არ აპირობენ.
უფრო უმჯობესი იქმნებოდა, რომ თუ სამერმისოდ ეკკლესიის
აშენებას არ დაუშლიდა, საქალაქო გამგეობას ამ მოედანზე ისეთივე სასეირნო ბაღი გაემართა,
როგორიც გამართა მან სემინარიის გვერდზედ. მით უფრო სასურველია ესა, რომ ალექსანდრეს
ზემო-ბაღი ამ ჟამად სრულიად არ არსებობს ტფილელთათვის და ერთობ დაჭერილი აქვს სხვა-და-სხვა
საშენებელს მასალას მუზეუმისას [1886 წ.]“, - 📕 „1001 ზღაპარისაქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]
★ „ჩვენ გვიამბეს მნახველთ, რომ 30 ივნისს,
საღამოს ექვს საათზე, ტფილისს, ერთი ქართულად ჩაცმული დარბაისელი ქალი ჩამოჯდა სკამზე
ალექსანდროვის ბაღში. ამ დროს მოდიოდა ერთი ვიღაც სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმული ახალგაზდა
კაცი, რომელმაც მოჰკრა თუ არა ქალს თვალი, გასწია მისკენ, მოუჯდა გვერდზე და დაუწყო
ფრიად შეუსაბამო არშიყული ლაზღანდარობა.
ქალმა რამდენჯერმე გააფრთხილა, გაუჯავრდა – მომშორდი
თავიდამაო. მაგრამ ამით რომ ვერას გახდა და მისმა მოსაუბრემ უარესები დაიწყო, მაშინ
წამოდგა ქალი ფეხზე და ერთი-თუ-ორი შიგ ცხვირ-პირში იმდენი სცემა არამკითხე მოარშიყეს,
რომ სულ დაუსისხლიანა პირ-სახე.
მხოლოდ ასეთის საშუალებით მოიშორა თავიდამ ეს უსიამოვნო
ადამიანი, რომელმაც აიძუა კუდი და გასწია თავისკენ. ამ დროს ხალხიც მოგროვდა და პატიოსნურის
თანაგრძნობით დაამშვიდა აღშფოთებული მანდილოსანი [1887 წ.]“, - 📕 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]
***
★ „ტფილისის ბავშვთა მზრუნველი საზოგადოება
სთხოვს ქალაქის მოურავს, ალექსანდრეს ბაღის ქვემო ნაწილი დაგვითმეთო. საზოგადოებას
აზრდა აქვს ბაღში გამართოს ბავშვთათვის სათამაშო ალაგი [1899 წ.]“, - 📗 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი III [1896-1900 წწ.]