ავლაბარი, იორის ქუჩა |
★ „მთელი ქალაქი რომ დაიაროს კაცმა, არსად არ შეხვდება ისეთს ფეთხუმს და ბინძურს ქუჩებს, როგორც ჰავლაბარში. ყველა ქუჩები და განსაკუთრებით ვიწრო ქუჩები ისეთ ნაირად გატალახიანებულ-დანაგვიანებული არიან, რომ გავლაზე კაცს გული ერევა, მომეტებულ ნაწილ ზაფხულში.
ყველგან საძაგელი სუნი ტრიალებს. არიან აქეთკენ ისეთი ქუჩები, რომელნიც თავის დღეში არ დაშრებიან რიგიანათ, მიტომ, რომ სახლები სულ ერთნაირათ და ერთმანერთზე მიყრილები და მიწაში ჩამძვრალები არიან, და სულ ვიწრო ორ არშინიანი და ერთ საჟენიანი ქუჩები აქვს და მზე დედამიწას ვერა ჰხედავს. დაგვა ამ ქუჩებს აგრეთვე თავის დღეში არა ღირსებია. დიდრონი ქუჩები თუ იგვებიან ხოლმე, ისევ მედუქნეების შაგირდები დაჰგვიან; ხანდისხან თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ ჰავლაბრის მეიდანსაც ეღირსება დაგვა.
ჰავლაბრის ხალხი ამას ყურადღებას არ აქცევს. ვინც რომ შეძლებულები არიან, არა ჰფიქრობენ - თუ რამდენათ მავნებელია მათთვის ასეთი ბინძურათ შენახული ქუჩები; ვინც რომ თავ კაცებათ ირიცხებიან ჰავლაბარში, იმათ არა სცალიანთ ქუჩებისათვის, ფულის მოსაგებათ არიან და ვაჭრობენ და აბა გლეხმა კაცმა რაღა ქნას - დილით საღამომდინ მუშაობაში აღამებენ, და ყურის მგდებელი ამაობაში სულ არავინ არის ჰავლაბრისთვის.
ჰავლაბარში მცხოვრებელს სახლში რომ ვინმე ავათ გაუხდებათ, ძნელათ თუ სადმე ადვილათ მორჩებიან ხოლმე; უფრო მომეტებული ნაწილი აქ ხალხი ავათ ხდება ზაფხულში; შეწუხდება თუ არა ავათმყოფი, მაშინათვე პატრონები მიმართამენ აქაურ მკითხავებს (ყველაზე ბევრი ჰავლაბარში არიან მკითხავები და გათქმულნი), და აკითხვინებენ.
***
★ „თფ. მოამბე“ გაცნობებს, რომ ამ თვის 11, [1879 წ.] ავლაბარში მოუკლავთ გამოჩენილი მკითხავი კოდელი ნინო. მკვლელი დამალულა და ჯერაც ვერ მოუნახავთ. რამდენიმე დაჭრილობა აქვს თურმე ზოგი სახეზე, ზოგი მუცელზე და თავში. მოკლულის გვამი კლინიკაში წაიღეს, ექიმებმა უნდა შეამოწმონ.
კოდელი ნინო თითქმის მთელ საქართველოში განთქმული იყო მკითხაობით და მაჭანკლობით. ზოგიერთი გასათხოვარი ქალები და სასიძო ვაჟები, უეჭველია, ძალიან ინანებენ ამ საბრალო ქალის მოკვლას...“
★ „ჩვენს გაზეთში იყო ამას წინათ გამოცხადებული თფილისის გამოჩენილი მკითხავის კოდელი ნინოს მოკვლა. ახლა გვაცნობებენ, რომ ეს ამბავი ტყუილი ყოფილა: კოდელი ნინო არც მოუკლავთ, არც დაუჭრიათ, იმას ბრჩხილიც არ ასტკივნიაო, შვიდობით არის და ძველებურად, ხელოვნურად ასრულებს თავის წარჩინებულ ხელობას - მკითხაობასაო“, - გაზეთი „დროება“, 1879 წ.]
***
შემდეგ, ამავე მკითხავის სიტყვით, შეწუხებულს ავათმყოფს სოფლათ წაიყვანენ სალოცავათ ხატზე; სოფელში რამდენიმე ხანი რჩებიან და ავათმყოფი სულიერდება, ჩამოდიან ქალაქში კარგა მყოფები.
ჰავლაბრელები არა გრძნობენ - თუ რამდენათ საჭიროა კაცისათვის სუფთა ჰაერი და უმადლიან ისევ მკითხავებსა და ხატებსა, რომ იმათ მოარჩინესო.
დღემდინ ეს მაგალითები ძალიან ბევრი მამხდარა და ხდება ხოლმე ეხლაც (უფრო ზაფხულში), რომ უსუფთაობისაგან ხშირად რაღაც ნაირი ავათმყოფობა ჩნდება და გლეხი ხალხი იღუპება.
ჩვენ გვიკვირს, რომ ვისიც ვალია ჰავლაბარს ამ მხრით ყურადრებას არ აქცევენ; სჩანს, რომ მათ ჰავლაბარი ქალაქათ არ მიაჩნიათ, რადგანაც სულ გლეხი და საწყალი ხალხი სდგანანო! მაშ რისთვის იხდის ქალაქი იმოდენა ფულსა, თუ კი მაგათ მარტო ორს ქუჩაზე ექნებათ ყურადღება მიქცეული, როგორც ამას წინათ თქვენს პატივცემულ გაზეთშიაც იყო მოხსენიებული?
კიდევ ვიმეორებ, რომ საჭიროა, საჭიროა განსაკუთრებით ახლა როდესაც ზაფხული თვის სიცხეებით ცხვირ წინ გვიდგია, რომ ჩვენმა ქალაქის გამგეობამ ჰავლაბრის სიბინძურეს ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს“.
[ჰავლაბრელი, გაზეთი „დროება“, 1877 წ.]