თფილისის სისუფთავეზედ... |

კარიკატურა, 1904 წ.
ძველი ქართული პრესის კვლევისას, სხვადასხვა მასალათა შორის, ხშირად გვხვდება ტექსტები, ძირითადად, საჩივრები თბილისში არსებული მძიმე ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ. როგორც რედაქტორები და ჟურნალისტები, ისე თბილისის მოსახლეობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ „ვისაც ჯერ არს“, რამენაირად ყურადღება გაამახვილებინოს ამა თუ იმ ქუჩაზე არსებულ არასახარბიელო სანიტარულ მდგომარეობაზე, რათა არსებული მძიმე ვითარება შეიცვალოს. 

წლების განმავლობაში, ქალაქის გამგეობის სხვადასხვა მცდელობებისა და განკარგულების მიუხედავად, თბილისის ქუჩები მაინც სიბინძურის კერად რჩებოდა, რასაც ძველ ქართულ პრესაში გამოქვეყნებული კარიკატურებიც მოწმობს...

***

კარიკატურა, 1902 წ.
★ „ვაი იმათ, ვინც ქალაქის ყრუ ქუჩებში ცხოვრობენ! ნამდვილად რომ „მიყრუებული“ ქუჩები ესენი არიან! 

წელიწადი ისე არ გაივლისო, გვეუბნებიან და ამას ყველაც ხედავს, რომ ქალაქის გამგეობა იმ ყრუ ქუჩების გაწმენდას და გასუფთავებას არც კი გაიხსენებს.

დამხრჩვალი კატა, მოკლული ძაღლი, ნაგავი, ყოველივე სიმყრალე იქ ყრია და ზოგან ისეთი სუნი დგას, რომ კაცს უკვირს - იმ ქუჩებზე მცხოვრები ხალხი რატომ ნიადაგ ავათ არ არიან. 

ტალახი ხო რაღა თქმა უნდა.

ახლა რომ ვსთქვათ, ჩვენი ქალაქის გამგეობა სულ მარტო მიხაილოვის შოსესა და გალავინის პროსპექტის სისუფთავეზე და რემონტზე უნდა ზრუნავდეს? ამ ორის ქუჩისაგან მხოლოთ ხო არ შესდგება ჩვენი ქალაქი?!“, - გაზეთი „დროება“, 1876 წ.

***

★ ქალაქის გაჯანმთელებაზედ

„ყველგან ავათმყოფობა და სიკვდილი; დღე არ გაივლის, რომ თითქმის ყოველ ქუჩაზე ერთი მიცვალებულის კუბო მაინც არ გაატარონ.

ხალხი დაფთხობილია ამ გახშირებული სიკვდილისაგან; ექიმები კიდევ უფრო გვაშინებენ: ახლავე ურჩევენ ისინი ყველას, ვისაც ღონის-ძიება აქვს, რომ გამოზაფხულდეს თუ არა, თებერვალში და მარტში, ქალაქიდამ სოფლად გავიდნენ, თორემ აქ სხვა-და-სხვა ათას გვარი ავათმყოფობა გავრცელდება და საშინელი სიკვდილობა გაჩნდებაო.

სიძვირეს, სიცივეს, მტერს და მოყვარეს აბრალებენ ამ უბედურ მოვლენას, ამ გახშირებულ ავათმყოფობასა და სიკვდილს; ეძებენ მიზეზს, რომ როგორმე მოსპონ ამ მიზეზისაგან წარმომდგარი შედეგი.

მაგრამ ამ მიზეზს ძებნა არ უნდა, ის დიდი ხანია მონახული და ცხადია: ყოველ ავათმყოფობისა და სენის მიზეზი ცუდი საჭმელია, გაფუჭებული ჰაერი, გაციება, ურიგოთ ცხოვრება, ცუდათ ჩაცმა-დახურვა. ყველა ამას ახლა ომი და იმის შენაძენი ტყვეები დაერთო, რომელთაც ჩვენ საოფლე და სხვა გადამდები სენი მოგვიტანეს.

მაშასადამე აი ამ მოვლენათ, ამ მიზეზებს უნდა ებრძოლონ, ამათს მოსპობას უნდა ცდილობდნენ ისინი, ვისიც ვალია ქალაქის გაჯანმრთელება და ხალხის დახსნა ახლანდელ და მომავალ გაჭირებისაგან.

გასულ ორშაბათს სხდომაზე ჩვენს ქალაქის რჩევას ჰქონდა ამ საგნის შესახებ ლაპარაკი და სხვათა შორის აღმოჩნდა, რომ რჩევისაგან დანიშნული სანიტარული კომისია შესდგომია თავის საქმეს; იმას დაუჭერია მუშები ჰავლაბრისა და რიყის გასასუფთავებლად, გადაუწყვეტიათ მნაცაკანის ხიდამდისინ საქონლის დასაკლავი ადგილებისა და აგრეთვე ტყავის და საპნის საკეთებელი ქარხნების შიგ ქალაქში მოსპობა; სწმენდენ იმ არხებს, რომლითაც მტკვარში ქალაქის სიბინძურე ჩადის და სხვ.

მნაცაკანოვის ხიდი
ამავე სხდომაზედ რჩევამ გადაწყვიტა, რომ ქალაქის გასუფთავებისათვის მოსახმარად 15.000 მანეთი ისესხონ ხაზინიდამ. მოგეხსენებათ აგრეთვე, რომ ნამესტნიკის ბრძანებით, ამ საგნისთვისვე 75.000 მანეთი არის დანიშნული.

რასაკვირველია, ყველა ეს ყოვლად გონიერი განკარგულებაა და გამოსადეგი; მაგრამ მარტო ამ გვარი საშულებანი არ კმარა ქალაქის გასუფთავებისათვის.
ჩვენის ჰაზრით, ყურადღებაში მისაღებია უფ. ხმოვანის ხარაზოვის წინადადება, რომ ყოველი სახლის პატრონი ვალდებულად გავხადოთ, რომ თავის ეზო სუფთად დაიჭიროსო.
მართლაც, სიბინძურე განა მარტო მაედნებზე და ქუჩებზედაა ჩვენს ქალაქში? ყველგან არის, სანამ მთელი ქალაქი არ გასუფთავდება, მანამ ჯანმთელობა არ დამყარდება, რადგან ერთი გაფუჭებული უბანი სხვებს, საღებსაც გააფუჭებს.
საჭიროა აგრეთვე ზრუნვა სიძვირის შემცირებაზედ, ჭირიანი საქონლის დაკვლის აღკრძალვა; საჭიროა შეშის გაიაფება, საავათმყოფოები მდაბიო ხალხისათვის; საჭიროა უფრო მომეტებული ექიმები, უფრო იაფი წამლები და სხვა ბევრი რამ.

მხოლოთ, როცა ყველა ამ მიზეზებს მიაქცევენ ჯეროვან ყურადღებას, როცა ქალაქის გამგეობა და მთავრობა გულმოდგინეთ შეუდგება ამ ქალაქის ხალხის ჯანმრთელობის დამაბრკოლებელ მიზეზების მოსპობას, მხოლოდ მაშინ ავიცდენთ ჩვენ თავიდამ იმ სხვა-და-სხვა ავათმყოფობას, რომელიც ახლაც ასე გავრცელებულია ჩვენში და რომელიც შემდეგში უარესობას გვპირდება“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ.

***

★ „გვთხოვენ გაზეთში გამოვაცხადოთ, რომ ჩვენი უძველესი და ყველაზედ შესანიშნავი ეკკლესიის სიონის სამრეკლო ამ ჟამად საძაგელ საბინძურედ გამხდარაო იქაურ გარს მჯდომი ხალხისაგანაო და ამას არავინ ყურადღებას არ აქცევსო“, - გაზეთი „დროება“, 1877 წ.

***

★ „ერთი ჩვენი მოქალაქე გვთხოვს მივაქციოთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ, მგონი, არც ერთს ქალაქში არ მოიპოვება იმდენი ძველი, დამპალი და საშიშო სახლები, რამდენიც ჩვენს ქალაქშიო. განსაკუთრებით ძველი ნაწილი ქალაქისა სავსეა ისეთი შენობებითა, რომელთაც შიშით შეჰყურებს კაცი და რომელთ დანგრევას დღე-დღეზე უნდა მოველოდებოდეთო. ამ შენობებში ცხოვრობს საწყალი, მაგრამ მუშა და იქნება ყველაზე სასარგებლო ნაწილი ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებისაო.

ჩვენ, ჩვენის მხრით, ამ გარემოებაზე ქალაქის გამგეობის ყურადღებას მივაქცევთ, რომლის პირ-და-პირი მოვალეობაა, რომ ამგვარი შენობები დააქცევინონ პატრონებს“, - გაზეთი „დროება“, 1877 წ.

***

★ „ჩვენ გვთხოვენ მივაქციოთ ვისიც რიგია ყურადღება, რომ ეს ერთი თვე იქნებაო, რაც ვანქის გვერდით მტკვარში ორი მკვდარი ცხენი და ძაღლები ჰყრიანო, საძაგლად აყროლებულანო და კაცი, პატრონი არ არის, რომ აქედამ სადმე გადაჰყარონ ან წყლით გაისტუმრონო. მით უმეტეს ყურადღების ღირსია ეს გარემოება, რომ სწორეთ ამ ადგილებიდამ იღებენ წყალს მეთულუხეები და ქალაქში ატარებენო...“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ.

***

★ „ამას წინათ ჩვენს გაზეთში ჰავლაბრისა და რიყის მცხოვრებლების საჩივარი იყო დაბეჭდილი, რომ ჩვენი ქუჩები დაარსებიდამვე არ გაკეთებულა, არ გაწმენდილაო, ისეთი ოღრო-ჩოღროებია, რომ კაცი კისერს მოიტეხს, განსაკუთრებით ღამე, თუ ფრთხილად არ გაიარაო.

ამ გვარივე საჩივარი სიონის გარშემო მცხოვრებთა და ანჩისხატის უბნელებსაც მმართებსთ, რადგან ამათკენაც ისეთი ტალახიანი, სიბინძურით სავსე ქუჩებია, რომ კაცს გავლა შეეზიზღება.

აი ეს სიბინძურეა, სხვათა შორის, ბუდე და მიზეზი სხვა-და-სხვა ავათმყოფობისა, რომელიც ასეთნაირად გავრცელებულია ამ ჟამად ჩვენს ქალაქში და რომლის უფრო მომეტებულად გავრცელებას მომავალში მოველით.

რამდენათაც ჩვენ ვიცით, მთელი ქალაქის ქუჩებიდამ მტვრისა, ტალახისა და ყოველგვარი სიბინძურის გადასატანად ქალაქის გამგეობას სულ ოციოდე პატარა ტაჩკები აქვს გამართული. ოცი ტაჩკა ამოდენა ქალაქის ქუჩებისათვის, რასაკვირველია, საკმარისი არ არის, განსაკუთრებით თუ იმ გარემოებასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ ჩვენი სანახევროდ-აზიური ქალაქის მცხოვრებნი არ არიან სისუფთავეს შეჩვეულნი და ყველა გვარ ნაგავს პირ-და-პირ ქუჩებში ჰყრიან ხოლმე...“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ.

***

★ „ამ სამი-ოთხი დღის წინათ, ქალაქის ბაყლებს ორმოც ფუთამდინ დამპალი ხახვი გაუტანიათ და რიყეზე დაუყრიათ. ამ ხახვისაგან, როგორ გვაცნობებენ, ამ ჟამად საშინელი მყრალი სუნი დგას რიყის ახლო-მახლო ადგილებში და კაცი პატრონი არ არის, რომ წყალში მაინც გადააყრევინონო“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ.

***

★ „იმედი უნდა გვქონდეს, რომ ის კომისია, რომელიც ქალაქის გასუფთავებისა და გაჯანმრთელებისათვის არის დანიშნული, სხვათა შორის იმ წყაროებსაც მიაქცევს ჯეროვანს ყურადღებას, რომელნიც თფილისის ზოგიერთს განაპირებულ უბნებში იპოვება და რომლის ბინძურ წყალს ხალხი სვამს, რასაკვირველია, რაა თავის ჯანმთელობის სასიკეთოთ. ამ წყაროებს ამოწმენდა, სუფთად შენახვა, ყურის მგდებელი ეჭირება“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ.

***

★ „ჩვენ შევიტყეთ, რომ სანიტარული კომიტეტები, რომელნიც ჩვენი ქალაქის გასასუფთავებლად და საზოგადოთ გაჯანმთელებისათვის არიან შემდგარნი, ამ მარტის პირველიდამ იწყებენ თავიანთ საქმეს.

ყველაზე პირველად, როგორც გვითხრეს, ისინი შეუდგებიან იმ მიყრუებული ქუჩების გაწმენდას, რომელნიც ქალაქის დაარსებიდამ, მგონი, ერთხელაც არ გასუფთავებულან; შემდეგ პირუტყვის საკლავი ალაგი ქალაქს გარეთ უნდა გადაიტანონ; ამას გარდა უნდა დახურონ ზემოდამ არხები, რომელშიაც ყოველი სიმყრალე მიდის.

უბედურება ეს არის, რომ ყველა ეს ნაგავი, რომელსაც ქალაქის ქუჩებში მოკრებენ, მტკვარში უნდა ჩაჰყარონ. 

ამბობენ კია, რომ განკარგულება არისო, რომ შუაღამეზე ადრე არ უნდა ჩაჰყარონ ნაგავი წყალშიო, ასე რომ გათენებამდინ მდინარემ წაიღოს და წყალი დაიწმინდოსო“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ. 

***

★ „თფილისის გასასუფთავებლად შედგენილმა კომიტეტებმა დაიწყეს თავის ნაკისრ მოვალეობის შესრულება და უნდა სთქვას კაცმა, რომ, როგორც ეტყობა, ენერგიულათაც მოუკიდნიათ ხელი ამათ თავის საქმისთვის.

ყოველ უბანში ცალკე კომიტეტია დანიშნული და ყოველ წევრს ამ კომიტეტისა თითო ან რამდენიმე ქუჩა აქვს მინდობილი; უნდა უგდოს ყური, რომ ეს ქუჩები სუფთად იყვნენ, უნდა შევიდნენ ეზოებში, სახლებში და ნახონ, რომ მდგმურებმა ეზოებში წყალი არ ასხან, ნაგავი არ დაჰყარონდა სხვ.

ყოველი სახლის-პატრონი მოვალეა, რომ კომიტეტის მოთხოვნილება დაუყოვნებლივ აასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმას შეუძლიან სასამართლოში იჩივლოს, ჯარიმა გადაახდევინოს და ამ ჯარიმის ფულით გაწმინდოს იმის ბინძური ეზო და სხვ.“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ.

***

★ „იარმუკაში ამ ჟამად ფეხის-ალაგებს აკეთებენ. კარგი იქნება, რომ ამისთანა ფეხის-ალაგები ზოგიერთ სხვა ქუჩებშიაც გაიმართოს, როგორც მაგალითად შუა-ბაზარში, რომელიც მუდამ აყროლებულია უწმინდურობით, გალავინის პროსპექტზე, კუკიაში და სხვ. მაგრამ ჯერ-ჯერობით ამისთვისაც მადლობა უნდა უძღვნათ ღმერთს...“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ.

***

★ „თფილისის გაჯანმთელებისა და გასუფთავებისათვის დანიშნული კომიტეტები ენერგიულად მუშაობენ და მხნეთ ასრულებენ თავის საქმეს: ამ კომიტეტის წევრები მუდამ დღე დაიარებიან ქალაქში, თითქმის ყოველ ეზოში შედიან და განკარგულებას ახდენენ, რომ ყველგან სისუფთავე იყოს; იწმინდებიან აგრეთვე ქალაქის ქუჩები, მაედნები, მტკვრის ნაპირები და სხვ.

ერთის სიტყვით, თუ ასე მარჯვედ წაიყვანეს საქმე, ამ ორი-სამი თვის განმავლობაში ჩვენი თფილისი კეთილგანწყობილ, ევროპიულ ქალაქს დაემსგავსება სისუფთავით და ამით, რაღა თქმა უნდა, მცხოვრებლები აიცილებენ თავიდამ სხვა-და-სხვა ავათმყოფობასა და სენს, რომლის წვევასაც ამ ზაფხულში მოელიან.

მაგრამ დიდ ხანს გასძლებს ამ გვარი ზრუნვა ქალაქის სისუფთავისთვის? ქალაქის მცხოვრებლები მხოლოთ მაშინ იგრძნობენ ამ სისუფთავის ნამდვილ ნაყოფს, როდესაც ერთი და ორი წლით კი არ იქნება ეს სისუფთავე, არამედ მუდამ, ყოველთვის...“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ.

***

★ „რადგან სანიტარული კომიტეტის განკარგულებით სხვა-და-სხვა უწმინდურობისა და ნაგავის დაჰყრა მტკვრის ნაპირზედ აღკრძალულია, ამის გამო იქ რამდენსამე ალაგას დააწყვეს დიდრონი ოთხ კუთხი ყუები, რომლებშიაც უნდა ჩაჰყარონ ყოველგვარი ნაგავი, რომ მერე ადვილად შეიძლებოდეს ქალაქს გარეთ გატანა“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ. 

***

★ „მეორე ამბავი, რომელიც აგრეთვე ქალაქის ჯანმრთელობას შეეხება: ჩვენ გვითხრეს, რომ ქალაქის გასასუფთავებლად დანიშნულის ფულით გაუკეთებიათ იარმუკაში (რუსის ბაზარში) საზოგადო ფეხის-ადგილი. ახლა ერევნის მაედანზე და აგრეთვე ჰავლაბრის მაედანზეც აპირობენ ამისთანა ფეხის-ადგილის გამართვას“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ. 

***

★ „თფილისის სანიტარული კომისიის ჩივილით, ქალაქის მომრიგებელ მოსამართლემ სადგომების ბინძურად შენახვისთვის, სხვათა შორის, გაბრიელ მინაიჩის მირზოევს, შვიდჯერ მილიონერს მირზოევს, გარდაუწყვიტა ათი თუმანი ჯარიმა და „თუ ამ ჯარიმის გადახდას ვერ შესძლებს, ერთ თვე უნდა დატუსახდესო!“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ. 

[...]

★ „ჩვენს გამოჩენილს მილიონერს უფ. ივ. მინ. მირზოევს, სანიტარული კომისიის ჩივილით, თფილისის მეორე განყოფილების მომრიგებელ მოსამართლემ ერთის თვით ციხეში დატუსაღება გადაუწყვიტა კუკიის ხიდზე რომ მაღაზიები აქვს, იმის უკან ადგილების (მადათის კუნძულის) ბინძურად შენახვისათვის.

მომრიგებელ მოსამართლემ ამავე საგნის გამო, ორჯერ გადაახდევინა უფ. მირზოევს ას-ასი მანეთი ჯარიმა, მაგრამ ამან ხსენებული მაღაზიის პატრონებს გამოართვა თურმე ეს ფული და ისე გადაიხადა. თვითონაც რომ გადაეხადა, რა დააკლდებოდა! აი ამისთვის, რომ იგრძნოს რამეო, მოსამართლემ ახლა დატუსაღება გარდაუჭრა. იმას დაულოცე სამართალი...“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ.

***

★ „ვერის უბნის რამდენისამე მცხოვრებისაგან მივიღეთ ჩვენ საჩივარი, რომ მას შემდეგ რაც ეს სანიტარული კომიტეტები დაარსდაო და ქალაქის ქუჩებში და სახლების ეზოებში ნაგვის დაყრა მოსპობილიაო, თითქმის მთელი ქალაქის ნაგავი ყოველ ცისმარე დღეს ვერის მინდორზე გამოაქვთ, აქ ჰყრიანო და ამისაგან ჩვენკენ საძაგელი სიმყრალე დგას, ჰაერი გაფუჭდა და, უეჭველია, რამე საშინელი ავათმყოფობა გაგვიჩნდებაო.

ამის გამო ვერელები თხოლუობენ, რომ გაანთავისუფლოს ქალაქმა ეს უბანი ამ სიმყრალისაგან და ქალაქის ნაგავი სადმე სხვაგან ქალაქის წრეს გარეთ გადაატანინონ.

სრულიად კანონიერი მოთხოვნილებაა... მაგრამ რამდენი ამისთანა კანონიერი მოთხოვნილება რჩება უყურადღებოდ!..“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ.

***

★ „ეს თითქმის ნახევარი წელიწადია, მთელი ქვეყანა ქალაქის გასუფთავებაზედ და გაჯანმთელებაზედ ლაპარაკობს; სხვა-და-სხვა სანიტარული და ასსენიზაციური კომისიები და კომიტეტები არის დანიშნული; მთავრობამ მარტო ქალაქის გასასუფთავებლად 75.000 მანეთი გადასდო, ქალაქმაც თავის მხრით 32.000 მანეთი მისცა და სხ.

კარიკატურა, 1902 წ.

მაგრამ ვინც გუშინ ჩვენს ქუჩებში გაიარა დარწმუნდებოდა, რომ ქალაქის გასუფთავებისა და გაჯანმთელების არა ატყვია-რა. ცოტა ქარი ატყდა და ამისაგან საუკეთესო უბანში - სოლოლაკში - ისეთი საშინელი მტვერის ბურუსი დადგა, რომ ერთ საჟენზე ვერ დაინახავდი კაცს და თვალები მტვრით გევსებოდა.
თუ სოლოლაკის ქუჩებში ამისთანა სიბინძურეა, სხვა უფრო მიყრუებულ უბნებში რაღა უნდა მოვითხოვოთ.

ჩვენი ქალაქის რჩევისა და გამგეობის არსებობაც კი არ ისმის ამისთანა დროს. იმათ რა უშავთ? მომეტებული ნაწილი ჩვენი რჩევის წევრების შეძლებული, ფულიანი ხალხია; ისინი სხვა-და-სხვა ქვეყნებში და აგარაკებში არიან საზაფხულოთ წასულნი და იმათ რა ენაღვლებათ, თუ ძალა-უნებურად ქალაქში დარჩენილს ხალხს ამ ზაფხულში სიმყრალითა და მტვრისაგან სული ხდება!..“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ.

***

★ „ძალიანაა ეს ჩვენი თფილისის ასსენიზაციის, ე.ი. გასუფთავების, გაჯანმთელების კომიტეტების მოქმედება. მთელი მისი გამჭრიახობა გამოიხატა ოთხ უმთავრეს საგანში:

ყასაფხანა ქალაქ გარეთ გადაატანინა და მით ხორცის მჭამელი ქალაქის მცხოვრებლების კუჭი და ჯიბე საეჭვო მდგომარეობაში ჩააგდო და შეავიწროვა; ბრალიანებს უბრალო სახლის პატრონებიც თან მიაყოლა და ჯარიმები გადაახდევინებინა, ზოგიც დაატუსაღებინა, - აქაო და მაშ მე რა მქვიანო.

საზოგადო ფეხის-ადგილები დააკეთა და მით თვალს მოარიდა და კედლებს მოაშორა სიბინძურე, თორემ ცხივირი და ფილტვები ისევ იმ მდგომარეობაშია და უფრო ცხარეთაც - ასე რომ გულშეღონებულისათვის ნიშადურის სპირტად გამოდგება იმ ფეხის ადგილების სუნი.

პატიოსანი ქუჩები საზიზღარ სანაგვეებად გახადა რაღაც წითელი ყუთების დადგმით, რომელთა გარშემო მუდამ იმდენი ნაგავი და ვაი-ვაგლახი ჰყრია, რომ ხშირად ყუთი აღარა სჩანს.

ყველა-ყველაა, მაგრამ მე ეს სანაგვე ყუთები ყველაზედ ძალიან მომწონს, მაგრამ ერთი ნაკლულევანება რომ შეუსრულონ, მაშინ სულ ჩინებული იქნება: თითო ყუთს ანუ უკეთ ვსთქვათ თითო ნაგვის გორაკს რომ ათიოდე ღორიც მიუჩინონ შესაქცევრად მაშინ სწორედ დაგვირგვინებული იქნება მისი საქმე - ქალაქის გასუფთავებ-გაჯანმთელება...“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ.

***

[1879 წელი]

★ ქალაქის რჩევის სხდომა 3 დეკემბერს

„გუშინდელი მთელი სხდომაც ჩვენმა ხმოსნება მხოლოთ ტალახსა და ნაგავს მოანდომეს... ქალაქის გასუფთავებაზედ იყო სჯა...“, - გაზეთი „დროება“, 1879 წ.

***

★ განცხადება თფილისის პოლიცმეისტერისაგან

„მე შემინიშნავს, რომ ვაჭრები და მოქალაქენი თავიანთ მაღაზიებიდამ, ეზოებიდამ, დუქნებიდამ და სახლებიდამ ისვრიან ხოლმე ნაგავს ქუჩაზე, რის გამოც ანაგვიანებ ამ ქუჩებსა და ტროტუარებს.

რადგან ამ გვარი ქცევა მედუქნეებისა და სახლის პატრონებისა კანონის წინააღმდეგია და მავნებელი მცხოვრებლებისათვის, ამის გამო ვსთხოვ ამათ, რომ შემდეგში ნუ ჩაიდენენ ამ უწესოებას; წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინც ამ მოთხოვნილებას არ აასრულებს, დევნილი იქნება კანონით და სასამართლოში გაგზავნილი დასასჯელად.

უფროსი პოლიცმეისტერი, პოდპოლკოვნიკი მერკლინგი

***

★ „ვანქის უბნელებმა შემოგვჩივლეს, რომ მტკვრის ნაპირი იქ სავსეა ნაგავით, მკვდარი კატებით, ძაღლებით, ცხენებით და სხვ. სიმყრალითაო; იქვე თულუხები წყალს იღებენ მთელი სოლოლაკისთვისაო, - და ყველა ამას კაცი ყურადღებას არ აქცევსო“, - გაზეთი „დროება“, 1879 წ.

***

★ „ზოგიერთ სახლისა და დუქნის პატრონებისაგან მივიღეთ საჩივარი პოლიციაზედ, რომ ერთი ტაშტის წყლის ქუჩაზე დაღვრისათვის გვაწუხებენ, პროტოკოლებს გვიდგენენო, და იმას კი არ უყურებენ, რომ ზოგიერთი ქუჩები, მაგალითად ანჩისხატისაკენ და მომავალ სახელოსნო შკოლის ახლო-მახლოს სულ ავსებულია ნაგავითა და სხვა ყოველგვარი სიმყრალითაო.

თუ ქალაქის სანიტარულ მდგომარეობას, მცხოვრებთა ჯანმთელობას რამე ვნებს, ეს ბინძური ქუჩები ვნებენ და არა ერთი ტაშტი წყალი სახლის წინ დაღვრილიო...“, - გაზეთი „დროება“, 1879 წ. 

***

★ ერთი განჩინება ქალაქის რჩევისა

„დღევანდელს ნომერში წაიკითხავთ ჩვენი ქალაქის რჩევის განჩინებას ქუჩების, მეიდნების, ეზოებისა და ტროტუარების გასუფთავების თაობაზედ.

ამ განჩინებიდამ დაინახავთ, რომ რჩევამ ხმის უმეტესობით მიიღო, რომ ქალაქმა თავის ხაზინის საშუალებით იკისროს ქუჩებისა, მეიდნებისა და სხვ. გაწმენდა და სახლის პატრონები კი განთავისუფლებულნი იქმნენ ამ მოვალეობისაგან. ამასთანავე ერთხელ და სამუდამოდ კიდევ დაადგინეს, სთხოვონ უმაღლესს მთავრობას, რომ მოსპოს ის სასტიკი განკარგულება, რომლის ძალითაც სახლის პატრონებს ძალას ატანენ, ჯარიმას ახდევინებენ და ხან ციხეშიაც ისტუმრებენ თავიანთ ეზოებისა და სახლების წინ ქუჩების გაუსუფთავებისათვის. 

ამ ნაირად, რჩევამ, რომელმაც ძალიან კარგათ იცის, რომ ქალაქის ხაზინა თითქმის ცარიელია, რომ შემოსავალი ქალაქისა დიდის გაჭირვებით ჰყოფნის ჩვეულებრივ გასავალს, რომელმაც იცის, რომ ქალაქს ვალიცა აქვს, რადგან შემოსავალი ხშირად გასავალს ვერ აუდის, - რჩევამ, რომელმაც ყველა ეს ძალიან კარგათ იცის, გარდაწყვიტა, რომ ქალაქის უფრო უკეთ გასუფთავებისათვის ჩვეულებრივის მუდამ წლიურ გასავლის 27.000 მანეთის მაგივრად, დახარჯოს ამ ცარიელი ხაზინიდამ კიდევ 30.200 მან., ე.ი. წელიწადში სულ 57.200 მან.!

საიდამ? რომელი წყაროდამ? რა საშუალებით? - ამას არ ჰკითხულობენ. დაიხარჯოსო, ითქვა და მორჩა, გათავდა!

დღემდინ ეს საქმე, ეს ქალაქის სუფთად შენახვა სახლის-პატრონების მოვალეობას შეადგენდა; იმათი ვალი იყო სუფთად ჰქონოდათ თავიანთი ეზოები, ტროტუარები სახლის წინ და ნახევარი ქუჩა; ვინც ამას არ შეასრულებდა, პოლიცია ჯარიმას ახდევინებდა, ან ციხეში გზავნიდა.

ახლა კი ისე უნდათ მოახერხონ საქმე, რომ ეს მოვალეობა თავიდამ მოიშორონ. ქალაქის საზოგადო შემოსავალით უნდა გასუფთავდეს ჩვენი ეზოები, ჩვენი სახლის წინ ტროტუარები და ქუჩებიო! საყურადღებო არის, რომ ქალაქის რჩევაში ყველაზე უფრო გაცხარებით ამგვარად საქმის გადაწყვეტას ისეთი ხმოსნები ცდილობდნენ, რომელთაც უფრო დიდი უძრავი მამულები, უფრო შემოსავლიანი სახლები აქვთ ქალაქში...“, - გაზეთი „დროება“, 1879 წ.

***

[1880 წელი]

★ „ჩვენი ბაზრებისა და მეიდნების ერთი უმთავრეს ნაკლულევანებათაგანი არის ფეხის-ადგილის უქონველობა. მარტო ერთ ადგილას, რუსის ბაზარში (იარმუკაზე) გამართა ქალაქმა საზოგადო ფეხის-ალაგი, მაგრამ ისიც ისე ბინძურად არის შენახული, რომ თუ არ ძალიან გაჭირებულ კაცს არ შეესვლება.

დანარჩენ მეიდნებს არც ერთს არა აქვს საზოგადო ფეხის-ადგილი და ამიტომაც ეს მაედნები ისე ბინძურები და აყროლებულები არიან და ყოველგვარი ავადმყოფობა, უეჭველია, აქედამ უნდა იწყებოდეს.

რამდენიმე ავლაბრელის ვაჭრებისაგან მივიღეთ ჩვენ საჩივარი ქალაქის გამგეობაზედ, რომ ორმოცი დუქანი გააკეთესო ქალაქის სასარგებლოთაო და ამ ორმოც დუქანს არც ერთი ფეხის ადგილი კი არა აქვსო. ბევრს უნდა ამ დუქნების დაჭერა, მაგრამ საჭიროებისათვის არ იციან - სად წავიდნენ და ამის გამო ვერ იჭერენო; ნახევარ ვერსზე სანაგვე ადგილი არისო, მაგრამ იქ პოლიციის სალდათი დგას და არავის უშვებსო.

გვთხოვენ ქალაქის გამგეობის ყურადღება მივაქციოთ ამ გარემოებაზედ“, - გაზეთი „დროება“, 1880 წ.

***

★ ქალაქის გასუფთავება

ტფილისი, 9 აპრილი

„ერთი უმთავრესთაგანი მოვალეობა ქალაქის თვით-მმართველობისა ის არის, რომ ქალაქი სუფთად, წმინდად შეინახოს, რომ უსუფთაობისა და სიბინძურისაგან მცხოვრებლების ჯანმთელობას, სისაღეს ზარალი არ ეძლეოდეს და სხვა და სხვა ავათმყოფობა და სენი, რომელნიც ხშირად ამ უსუფთაობისაგან წარმოსდგებიან, ააცილოს თავიდამ ქალაქის ხალხსა.

ჩვენ ქალაქის რჩევამ განსაკუთრებით კარგათ გაიგო ამ გიგიენური მოთხოვნილების საჭიროება უკანასკნელის ომიანობის შემდეგ, როდესაც ათას ნაირის ჭირისა და თვით ჟამის გაჩენას უქადოდენ ჩვენს ქალაქს. გაიგო და ხან ნებით და ხან ძალა დატანებით ცდილობდა, რამდენათაც შეეძლო, სუფთად შეენახა ქალაქი.

[...]

ამას წინათ გაზეთებში იყო გამოცხადებული, სასურველიაო, რომ ქალაქის ქუჩები დილით ადრე, და არა შუადღეზე, დააგვევინოს თავის მუშებს გამგეობამო, რადგან შვა დღეზე ხალხი დადის ქუჩებში, მაღაზიებიც ღიააო და მტვერი ვნებსო. ესეც კი ვერ მოახერხა გამგეობამ.

კარიკატურა, 1903 წ.

გაზაფხული იწყება. მოგეხსენებათ რა სიცხეები და გოლვა იცის ქალაქში გაზაფხულზე და განსაკუთრებით ზაფხულზე. თუ ახლავე რიგიანათ არ გასუფთავდა ქალაქი, მერე, როცა ფაფანაქება სიცხეები დადგება და ჰაერის მოძრაობასაც კი მოისპობა, მერე რაღას უშველის ქალაქს?
 
რამდენიმე ავათმყოფობა და სენი შეიძლება, გაჩნდეს და გავრცელდეს ქალაქის მცხოვრებლებში, რომელთაც ამ ზამთარში ამისთანა წარმოუდგენელი სიცივეები, შიმშილი და ყოველი უბედურება გამოსცადეს, თუ ამას დაემატა კიდევ ზაფხულის გვალვა და ქალაქის უსუფთაობა და სიბინძურე?!

მართალია, სანამ ქალაქს წყალი არა აქვს ყველა ქუჩებში გაყვანილი, მანამ ძალიან ძნელია სანატრელი სისუფთავის დაცვა, სუფთად შენახვა ქალაქისა; მაგრამ ისიც მართალია, რომ იმ ფულით, რომელიც ამ ჟამად აქვს გამგეობას თავის განკარგულებაში, ბევრად უფრო სუფთად შენახვა შეიძლება ჩვენის ქალაქისა, ვინემ დღეს არის, თუ რასაკვირველია, ეს გამგეობა უფრო ენერგიულად მოჰკიდებს ამ საქმეს ხელს და უფრო თავიანად გაუძღვება ხსენებულ ფულსა...“, - გაზეთი „დროება“, 1880 წ.

გიორგი ჭეიშვილი