თფილისელი მკითხავი მილანა... |



★ „ჩვენს ქალაქში დამკვიდრდა მკითხავი მილანა. ამ ცრუ წინასწარმეტყველმა ხალხის გაყვლეფაში გადააჭარბა გათქმული კოდელი ნინოს და სხვა მკითხავებს.

ბევრმა თურმე დიდი და დაბალ კაცის ცოლებმა, ქალებმა, ღენერლებმა, პოლკოვნიკებმა, მაიორებმა, ყრმაწვილ-ქალობამ და კაცობამ თაყვანი სცეს მილანას ცრუ ტაძარს, მოჭედილს შავი მაუდით და ბუზმენტით, სადაც ერთ კუნჭულში სტოლზედ გამოიჭყიტება გამხმარი ადამიანის თავი, - შეიტანეს ამ ტაძარში რამდენიმე მანეთი თავისი მსხვერპლი.

ამ ტაძარში გროვდება უფრო მრავალი მრევლი, ვიდრე ჩვენ ეკკლესიებში სალოცავად! რამდენიმე დიდი-კაცის ქალები ორი დღე ზედაზედ, დილას და საღამოს, დადიოდნენ მილანასთან საკითხავად. ამ ვითარებით მილანას ყუთში გროვდება თურმე დღეში ექვს თუმნამდინ!

აი სადა პრწყინავს განათლების სხივი, აი სადა მტკიცდება ჩვენი საზოგადოების კეთილ-გრძნობა და კაცობრობა! ამისთანა სნეულება ამტკიცებს კაცობრივს სისუსტეს. ყველა ამ გვარი მიმართულება დაბალ ხალხს უფრო შეჰფერის, ვიდრე მცოდნე - განათლებულ პირებს.

ჩვენი მღვდლები არ ცდილობენ ქადაგებით მოსპონ ესრეთი ცრუ-რმუნება.
რამ შეაცდინა ჩვენი დიდ-კაცობის ცოლები და სხვა პირები, კაცს ვერ გაუგია. კაცი რომ შიმშილით იხრჩობოდეს, ეს ხალხი ძლივ გამოიმეტებს მისცეს იმას შემწეობა, ხელი გაუმართოს, მილანას კი გულ-უხვად ფულებს აყრიან. 
რომ ვიანგარიშოთ ფაიტონის და სხვა ხარჯი, მილანას ცრუ ტაძარში შესვლა თითო პირს უჯდებათ არა ნაკლებ ხუთი მანათისა. ნუ თუ აქნობამდენ ესენი ვერ დარწმუნდნენ, რომ მილანამ არც აწმყო იცის კაცისა, და ვერც იმის მომავალს გაიგებს.

ამბობენ, ვითომც მილანა მკითხაობს პოლიციის ნება-დართვით. თუ ეს ანბავი მართალია, მაშინ პოლიციის აზრით ხალხი ისე მოუძლურებულია, რომ იმის სულის საზდოთ დღევანდლამდენ უნდა იყოს ცრუ-რწმუნება, რომლის მოწყვეტა არც იმის ხელშია, არც ჩვენი მღვდლებისა!“

[ხორეშან გვერდწითელისა, გაზეთი „დროება“, 1882 წ.] 

გიორგი ჭეიშვილი