ნოე ჟორდანია და ბრიტანელი „კოლონელი“ |


 „1918 წლის მიწურულს, მსოფლიო ომში გერმანელების დამარცხების შემდეგ, ბრიტანელების ოკუპაციის ჯერი მოვიდა. ახლა მათ უნდა დაეკავებინათ ამიერკავკასიის სხვადასხვა ნაწილი, მათ შორის - საქართველო.

[...]

ბრიტანელები ბაქოში 1918 წლის 17 ნოემბერს შევიდნენ - საზავო ხელშეკრულებაზე (ანუ Armistice - იგულისხმება კომპიენის საზავო ხელშეკრულება - შეთანხმება პირველ მსოფლიო ომში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომელიც 1918 წლის 11 ნოემბერს დაიდო გერმანიასა და ანტანტას შორის) ხელის მოწერიდან ჯერ ერთი კვირაც არ იყო გასული, და სასწრაფოდ დაამყარეს კავშირი ტფილისთან - საქართველოს ხელისუფლებასთან.

თავიდან ბრიტანელები ქართველებს ეჭვის თვალით უყურებდნენ. სხვა რომ არაფერი, საქართველო ჯერაც გერმანიის ჯარის მიერ იყო ოკუპირებული. თავის დროზე ამ ჯარს ქვეყანა ისე დახვდა, როგორც მფარველებს.

ნოე ჟორდანიასა და ბრიტანელების პირველ შეხვედრას საამოდ სულაც არ ჩაუვლია. ბრიტანელმა კოლონელმა, რომელიც მოგონებებში აღწერილია, როგორც „ზორბა მამაკაცი მოწითალო პირისახითა და ქერა ულვაშით“, ჟორდანიას თანაშემწისა და რუსულის მცოდნე თარჯიმნის თანხლებით ეწვია.

მან ჟორდანიას მოახსენა, რომ ყველა მისი ბრძანება ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად, რკინიგზის რეგულარული მუშაობისთვის იქნება გამიზნული, და რომ ასევე მისი მიზანი იყო დამარცხებული თურქული და გერმანული ჯარების ევაკუაცია. ხოლო ჟორდანია კი გააფრთხილა, რომ თუ ქართველები მის ბრძანებებს არ დაემორჩილებოდნენ ან ბრიტანელ ჯარისკაცებს ვინმე რამენაირად ავნებდა, იგი საქართველოს მთავრობას სცნობდა პასუხისმგებლად. ამაზე ჟორდანიამ უპასუხა:
კოლონელო, მოკლედ უნდა გიამბოთ ჩვენი ქვეყნის შესახებ. ეს დამოუკიდებელი ქვეყანაა. ჩვენ არ ვიმყოფებით საბრძოლო მდგომარეობაში თქვენს ქვეყანასთან და თქვენ აქ ბრძანდებით არა როგორც დამყპრობელი, არამედ როგორც სტუმარი. მოველოდი, რომ თქვენ რაიმე ფორმით გამოხატავდით განცდას იმ პატივისა, რასაც სახელმწიფოს მეთაურის მიერ მიღება გულისხმობს. მე მასპინძლობას შემოგთავაზებდით და შეგეკითხებოდით, თუ რით შემეძლო დახმარება. ეს თქვენ საშუალებას მოგცემდათ, გესაუბრათ რკინიგზაზე და სხვა საკითხებზე. განა ეს არ იქნებოდა სათანადო პროცედურა ცივილიზებულ ხალხს შორის?
ის ქართველები, რომლებმაც შეიტყვეს, თუ რა უპასუხა ჟორდანიამ ბრიტანელ ოფიცერს, შეშფოთდნენ და კითხულობდნენ, მართებული იყო კი მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს წარმომადგენელთან ასე საუბარი. მაგრამ ჟორდანია მართალი გამოდგა. ორი საათის შემდეგ კოლონელი მას ხელახლა ეახლა, გამორჩეულად თავაზიანად, მოზომილი ოფიციალური ენით ესაუბრა, უამბო თავისი მისიის შესახებ და საქართველოს ამბებიც გამოიკითხა. 

შეხვედრის შემდეგ მან ჟორდანიას სთხოვა, სასახლეში მისი პირველი შემოსვლა დაევიწყებინა. ჟორდანიას, როგორც ამბობენ, კოლონელისთვის მხარზე ხელი მოუთათუნებია და უთქვამს, რომ უკვე ყველაფერი დაივიწყა...“

[მთარგმნელი - ქეთი ქანთარია

გიორგი ჭეიშვილი