#საბჭოთა ტფილისის ქრონიკები - „ჩემი დედაქალაქი“ |


[ლევან მეტრეველი]
[გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, 1936 წ.] 


I. 

 ოქტომბრის გრიგალს ტფილისშივე შევხვდი ფეხზე მდგომი შუაღამისას. მე მივეგებე ამ გრიგალს ნათესაურად, როგორც მშრომელი მკერდიდან აღმომხდარ სუნთქვას. და იმ წუთიდან, ოცდახუთი თებერვლის პირველი წუთიდან, ტფილისმაც იცვალა ფერი, იცვალა სახე, იცვალა არსება.

აი, რეკავს გასაბჭოების თხუთმეტი წლის თავი. ამ ხნის განმავლობაში ფეხუცვლელი მოწმე ვარ ტფილისის ზრდისა, გამშვენიერებისა, მისი მნიშვნელობის გაძლიერებისა.

თხუთმეტი წელიწადია, რაც ტფილისი გამოაღვიძა ლენინ-სტალინის იდეების ქარიშხალმა. მასუკანია იგიც შეჰხარის დიად ოქტომბრის მზის ბრწყინვალებას და ახალ-ახალ ხვავს აყენებს სოციალისტურ მშენებლობისას.

თხუთმეტი წელიწადია ახალი სისხლი ჩუხჩუხებს იმის ძარღვებში. ახალი ხალხი ჰკვეთავს იმის სახეს.

ყოველდღე იცვლება, იზრდება იგი. ეს მიხარია, როგორც მის კალთაზე გაზრდილ შვილს. ამიტომ მინდა თხუთმეტი წლისთავზე სიყვარულით ერთხელ კიდევ გადავავლო თვალი მის სახეს და ყურიც დავუგდო მის გულისცემას.

II. 

ყოველდღე გვემშვიდობებიან ჩვენი ტფილისის ნაშთები და იქცევიან ან პოეტურ მოგონებად ან ინთქებიან დავიწყებაში.

ყოველდღე გვეგებებიან ახალი ტფილისის ძეგლები და გვიამბობენ ბუმბერაზული ცხოვრების მოვლენებზე, გულის ცემაზე.

ახლა ყოველი დღის გათენება იმდენ ახალ საქმეებს გვიჩვენებს, რაც ასეული წლებისთვისაც წარმოუდგენელი იყო ტფილისის განვლილ ისტორიაში.

როგორც მთელი საქართველოსათვის, ისე ტფილისისთვისაც სრულიად ახალი ისტორია დაიწყო 21 წლიდან.

გავიდნენ წლები და ქალაქის კედლებმა, ქალაქის ნიადაგმაც შექმნეს თრთოლა. ტფილისმა დაიწყო დიდ საწარმოო და კულტურულ ქალაქად გარდაქმნა.
ახალი ცხოვრების შემოჭრამ დაუნდობელი იერიში მიიტანა ძველი ქალაქის დრომოჭმულ უბნებზე, სულშემხუთავ ქუჩაბანდებსა და ხვრელებზე. იგი ყველგან მოითხოვდა სიახლეს, ჰაერს, სინათლესა და სილაღეს. და ძველმა ქალაქმა ჯერ მძიმედ მოსდრიკა წელი, შემდეგ კი სავსებით შეურიგდა თავის ულმობელ განკითხვას.
შეწყდა აქლემების ქარავნების მიმოსვლა, თავრიზიდან და ჰამადანიდან რომ ეზიდებოდნენ სურნელოვან აღჯანაბადსა და ალიბუხარს, ქარვისებურ ინდისხურმასა და ირანის სხვა ათასგვარ ნუგბარ ხილეულს. 

დაიკარგნენ წყნეთიდან და დიღომიდან საღამ-საღამოობით შუაქალაქში მოხმაურე ჯორ-სახედრების ქარავნები - ირანული განზალაკებით და გუმბათისებურ თავადგმულ ნახშირის ტომრებით.

ისინი განდევნეს ჩვენი ცხოვრების სარბიელიდან ტრამვაიმ, ავტომ, ავტობუსებმა.

დაუნდობლად ანგრევენ ქუჩებს და თან მიაქვთ საშუალო საუკუნოების წვრილ-ხელოსნური საბუდრები. თან მიაქვთ ჟამთასვლისაგან, აღა მაჰმად-ხანის აოხრებისაგან, მიწისძვრისაგან გადარჩენილი ბანიანი სახლები ან შემდეგ ულაზათოდ მიყრილი ქოხმახები. და შენობებთან ერთად თან მიაყოლებენ მაშინდელი ქუჩის ცოცხალ სახეობასაც:
უკვე გაჰქრა ის დრო, როცა აივნიდან აივანზე გადმომდგარი ქალები ყმამოურეცლად ჭორიკანაობდნენ მეზობლების გათხოვება-დაქორწინებაზე.
ახლა მოდის სრულიად ახალი ქუჩები და მოედნები. მათ მწკრივში იზრდებიან ახალი ამძვინვარებული ცხოვრების სასახლეები და ქარვასლები, დევგმირული ფაბრიკები და ქარხნები ან ზურმუხტოვანი ბაღები და ხეივნები.

უკვე შეუძლებელია ყველაფერი ასწერო - რაც ტფილისში შენდება და კეთდება ამჟამად. ყოველდღე სულ ახალ-ახალ რამეებს ხედავ. ყოველდღე უფრო და უფრო მეტი მშენებლობა იზრდება თვალწინ.

ამ ერთი-ორი კვირის წინეთ გავიარე მეტეხისაკენ. ყველაფერი თითქოს ძველებურად იყო. გავიარე შემდეგ და რასა ვხედავ.

მეტეხი, ეს თვითმპყრობელობის აკლდამა უკვე სახურავ-აყრილი ინგრევა საძიკრვლიანად, როგორც უკვე დაინგრა მისი გამომჭედი წესწყობილება.

მეტეხი ერთად-ერთია და ღირსშესანიშნავიც რევოლუციის სისხლით დაწერილ ისტორიაში. აქ ტყვედ ყავდათ გამომწყვდეული მთის არწივი, ორჯონიკიძე, კალინინი, კამო.

აქ მოჰკლეს ჯალათებმა ლადო კეცხოველი - ეს დაუვიწყარი, სწორუპოვარი თანამებრძოლი კობა ჯუღაშვილისა.

და დღეს ინგრევა ეს მეტეხი.

ჩქარა მისი ნასახიც აღარ დარჩება. მის ადგილას აღიმართება დიადი სასახლე ხელოვნებისა.

ქვევით, მეტეხის ძირშიც, მთელი რევოლუცია მომხდარა. სადღა არის ის ძველის ძველი სამჭედლოები, რომელთა გრდემლისა და კვერის კაკუნი გადადიოდა დღიდან დღეზე, საუკუნიდან საუკუნეზე.

ძველი სამჭედლოებისავე გზას გაჰყოლიან იქაური ბაყალხანა, ლილახანა, სირაჯხანა, ალაფხანა და სხვა მრავალი „ხანა“.

ჰაერი და სილაღე შეჭრილა მეტეხის ჯურღმულოებში და ოღროჩოღროებში.

აი ვეებერთელა მკერდგაშიშვლებული კლდე!

აქ იყო სახელგანთქმული სირაჯხანა, სადაც დღევანდელი ლიტრების გვერდით კიდევ ცოცხლად ინახებოდა „გაწუწული ჩარექის“ მოგონება, სადაც კიდევ კენტად დარჩენილ ყარაჩოღელებს გულამოსკვნით უმღერდნენ თავიანთ თეჯლისებს ეითიმ-გურჯი და მოხუცი ბეჩარა.

დღეს აქ ქუჩა გაშლილა განიერი. იქ, პირდაპირ ქარვასლის კიბეზე ზის საბუდარ-დანგრეული გიორგი კუპრაჯი და ჯერ კიდევ ვერ შორდება მიჩვეულ ადგილს. შოფერი მხიარულად მოაქროლებს თავის ავტოს კუპრაჯის ნადუქნარზე. მას აღარ ეშინია რომელიმე კუთხეზე დაჯახების ან სადმე გაჩხირვის.

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი სამუშაოების, რაც სრულაიდ განხორციელდება ამ მოკლე ხანში: თათრის მოედნიდან მტკვრის მორევებზე გადმოეკიდება ახალი ხიდი. იქიდან მხარბეჭიანი ქუჩა წამოვა სახეშეცვლილ სირაჯხანის აღმართით და შეუერთდება კახეთის მოედანს.

მუხრანის ხიდიდან კი მტკვრიდან ამოცურვებული ვეშაპივით მოიზმორება კალიაევის აღმართი. ერთი წლის თავგამოდებული მუშაობა ბოლოს დამთავრდება ბრწყინვალე გამარჯვებით. ეს ქუჩა კი არა, ახალი მშენებლობის პირველხარისხოვანი მონუმენტია.

აი სწორედ ამ კალიაევის და სირაჯხანის აღმართებით ტფილისი სამუდამოდ შემოიერთებს დიდ ოჯახში უგზოობით დაშორებულ ძმას - ჰავლაბარს.

კახეთის მოედანი, დაასფალტებული, მოკოპწიავებული, ის უკვე ჰავლაბრის შუაგულის ნამდვილ ლაზათს წარმოადგენს.

და კახეთის ქუჩა! ეშმაკიც რომ კისერს მოიტეხდა შუადღის გულზე! ახლა დაასფალტებული, გასუფთავებული. ლურჯი სუფრასავით გაშლილა პურმარილიანი კახეთისაკენ.

აქ ახლად მოვლენილ მრავალ სიკეთეთა შორის ძალაუნებურად განცვიფრებით შეჩერდებით უდიდესი ძეგლის წინაშე.

ეს არის ავლაბრის თეატრი.

შორიდან, ქალაქის მონაპირე სიმაღლეებიდან ბევრჯერ შემიმჩნევია ჰავლაბრის შუა გულში, რაღაც ზვიადი შენობების წითელი შუბლი. ახლა კი ვნახე რაც ყოფილა. ტანმორჩილ მოძმეთა შორის ის ახალი გოლიათივით აღმართულა ძველი ისნის მკერდზე.

III.

მადათოვის კუნძული! გუშინდელი მისი მნახველი განა გაოცებული არ დარჩება დღეს? სადღა არის ნასახი იმ უმსგავსო შენობებისა და ნაგავხანისა, გუშინ რომ თვალსა სჭრიდა იქ გამვლელ მოქალაქეს. ახლა მთელი ეს კუთხე გულის სალხინობელი ბაღით არის დამშვენებული და სისუფთავის ნიმუშათაც გადაქცეულა.

ელბაქიძის ხიდიდან მოყოლებით მტკვრის ტალღებზე გაწოლილა სანაპირო კედელი. მას საგანგებოდ ამშვენებს ზარნიშივით შემოვლებული წითელი და თეთრი ქვის მოაჯირები. ტფილისის მცხოვრებლები აქაურ ნორჩ ხეივნებში გასულ ზაფხულს უკვე მტკვრის ნიავით იგრილებდნენ დასიცხულ შუბლს.

ჩვენ უკვე შევეჩვიეთ სიტყვებს „ბუმბერაზული“, „გიგანტური“ და სათანადო წარმოდგენას ვეღარ ვქმნით რაიმე ახალ მშენებლობის მასშტაბზე და მნიშვნელობაზე. ამიტომ ჩელიუსკინელების ხიდის შესახებ მე აღარ ვიტყვი არც ბუმბერაზულს, არც გიგანტურს. მე ვიტყვი უბრალოდ: ეს არის ნამდვილი სტალინური ძეგლი ჩვენი ქალაქის მშენებლობაში. გავა ათი წელი, გავა ასი წელიც და მრავალჯერ გაზრდილი ტფილისი ამ ხიდზე მაინც ვერ იგრძნობს ვიწროობასა და საფრთხეს.

სიმკვიდრე, სილამაზე, სიდიადე, სიმარჯვე - ყველაფერი ახლავს ამ ხიდს.

ერთი-ორი წლის წინათ ვინ მოიფიქრებდა, რომ ეს დაშორებული, მივიწყებული და უდაბური ადგილი ტფილისისა გადიქცეოდა საქალაქო მშენებლობის უდიდეს მიღწევად, რომ ის წარმოგვიდგებოდა მთელი ტფილისის ულამაზეს კუთხედ.

ერთ მხარეს - მწვანე გორებშუა მიმავალი ხიდის პროსპექტი, მეორე მხარეს მშვენივრად მოგალავნებული ზოოლოგიური ბაღი, შუაში - გატკეცილი საქართველოს სამხედრო გზა. ამათ ჯვარედინზე კი აეროდრომის ტოლა საუცხოვო მოედანი - საბჭოთა კავშირის გმირებისა, აქედან გაკრიალებული პროსპექტი მიგაქანებთ შუაგულ ქალაქისკენ. აქ რუსთაველის პროსპექტზე შეგაჩერებთ ერთი დევ-გმირული შენობა.

ეს არის მარქს-ენგელს ლენინის ინსტიტუტი.

მისი სხეული უკვე დამთავრებულია, ახლა სამკაული აკლია მხოლოდ. მისთვის ჯერ არ ჩამოუხსნიათ ჩაჩქანივით შემოვლებული ხის ხარაჩოები. მაგრამ აღნაგობაზე აშკარად ეტყობა, რომ ეს შენობა მართლაც საკადრისი იქნება მათი, ვის სახელსაც იგი ატარებს.

ცოტა ქვევითი, ძველი სასახლის მეზობლად ცისკენ მიიწევს ცხრა სართულიანი ახალი სახლი მთავრობისა.

თავისი უბადლო სიზორბავით ეს არის თანამედროვე კოლიზეუმი ტფილისის მშენებლობაში. მაგრამ ეს მხოლოდ ზურგია. ჯერჯერობით მისი პირდაპირი ფასადი კი საუკეთესო ხუროთმოძღვრების შესაჯიბრ საგნად გადაქცეულა.

აჰა გულდაგულ ტფილისმაც შეიძინა ერთი ღირსეული მოედანი. სწორედ ყოფილი თამამშევის ქარვასლაზე ითქმის ახლა: „იყო და არა იყო რა“, იმის სანაცვლოდ გადაშლილა უზარმაზარი მოედანი. ეს არის განახლებული ტფილისის შავგვრემანი ლოყა. ამ ლოყას ახლა აკლია ხალი - რომელიმე უკვდავსაყოფი ძეგლის სახით.

ქარვასლის გზას გაჰყვა ძველი იარმუკაც. ან ტფილისი ამდენხანს როგორ ინელებდა ასეთ უმსგავსო რამეს შუაგულ ადგილას! მის სანაცვლოდ უკვე შენდება ბაღი.

მუხლმაგარი ხალხისათვის კი უკეთესია ნარიყალის გორაზე გავლა. ეს ნატვრისთვალით საძებნელი გასასვლელ-გადმოსახედი აქნობამდის გამოუყენებელი იყო ქალაქისათვის თავისი მიუდგომლობისა და მოუწყობლობის გამო. ახლა კი ბოლშევიკურმა მშენებლობამ აქაც გაავლო თავისი კვალი. კოჯრის გზიდან ნარიყალის ციხემდე გაყვანილია დაასფალტებული გზა, მოწყობილია ვერანდები. მათ ნაპირებს კი ამშვენებენ ქოჩორა ხეივნები. შარშან ზაფხულში ტფილისის მცხოვრებლებმა უკვე გული იჯერეს აქ სიამოვნებით.

ეგერ სტუდენტთა ქალაქი ვაკეზე! მეცნიერთა ქალაქი საბურთალოზე, საწარმოო ქალაქები დიდუბესა და ნავთლუღში. სად ავღნიშნო ყოველი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ქალაქის მშენებლობაში, ტფილისი არის ახალი ცხოვრებით აფეთქებულ ნახევარი მილიონის გულის ცემა: ტფილისი არის სოციალისტურ შემოქმედებით აღგზნებულ მილიონი მარჯვენის მოღვაწეობა.

აქ, ტფილისის სასწავლებლის კედლებში იზრდება ასიათასიანი ნორჩი თაობა. აქედან გამოდიან საქართველოს ნიადაგისა და ფაბრიკა-ქარხნების მამოძრავებელი კადრები. აქედან გამოდიან სოციალისტური აზროვნობისა და იდეალების მობაირაღტრენი.

ტფილისისავე ფაბრიკა-ქარხნებში დაუღალავად ატრიალებს მარჯვენას მრავალ ათასიანი ლაშქარი მუშებისა. ისინი სჭედავენ, ქსოვენ, ჰკერავენ, ამზადებენ ათასგვარ რამეს, რითაც ასაზრდოებენ დედა-ქალაქის და მთელი საქართველოს მშრომელ მოსახლეობას.

ეხ, როგორ მოვავლო სავსებით თვალი დედა-ქალაქის ფერადოვნებას!

როგორ შემოვხვიო სუსტი მკლავები ჩემ მხარე-ბეჭიან დედა-ქალაქს.

მაგრამ მამა დავითის გორა - ეს ხომ ბუნების გამოგონების შექმნილი ესტრადაა ტფილისის თავზე საგანგებოთ აღმართული.
პარიზს ენატრება მამა-დავითის გორა და მის სანაცვლოდ ააგო ეიფელის სამასმეტრიანი კოშკი. ჩვენ კი თვით ბუნებამ აგვიგო 700 მეტრიანი კოშკი (ზღვის დონედან). აქედან შეიძლება იხილოს კაცმა ტფილისის სრული პანორამა.
როგორც ძველ ყარაჩოღელს უხდება წელზე ვერცხლის ქამარი, ისე უხდებოდა ტფილისის წელსაც მოლაპლაპე მტკვარი. აქედან მოსჩანს საქოჩრე და საფეთქლები მრავალი ახალი მშენებლობისა. აქვე ისმის ქალაქის სიცოცხლით ამოვარდნილ ქარის შრიალი.

მაგრამ მამა-დავითიდან გადმოხედვა ისევ ღამით სჯობია მაინც. მაშინ იცით რას მაგონებს? თითქოს დედამიწაზე დაყირავებულა ზეცა მთელი თავისი ბრწყინვალებით, ეს არის ნამდვილი ლეგენდა ათას ერთი ღამისა.

დიაღ, კარგია და მიყვარს დღევანდელი ტფილისი - ჩემი დედა-ქალაქი!

ან როგორ არ უნდა მიყვარდეს, როცა აქ ვიხილე პირველი სიყრმის განთიადი, აქ ვიგრძენ სიცხე დავაჟკაცების შუადღეზე და აქვე ველი ჩემი ცხოვრების შემოღამებას.

მე ვცხოვრობ მაღლა, ძალიან მაღლა, მამა დავითის მთის ძირში. ტფილისს ზევიდან დავცქერი: ნავთლუღის რადიო ანძებიდან ავჭალის ალუბლის ბაღებამდე კარგ წარმოდგენასავით მოსჩანს მთელი ქალაქი.

ყოველ დილით, როცა გამოვალ კარში, დავხედავ მხარედან მხარეს და გადავსძახებ ხოლმე: გამარჯობა ჩემო დედა-ქალაქო!

გიორგი ჭეიშვილი