ტფილისელი „ბულბული“ - აბდულ-ბაღია ზულალოვი |


„კინტო საზამთროსა ჰყიდდა. მივიდა ერთი კაცი, საზამთრო აირჩია და ხელი მოუჭირა. 

- რატომ ხმა არა აქვსო? - ჰკითხა.

- ვა! აბლულ-ბაღი ხომ არა ზის შიგ, რომ ხმა ჰქონდესო, - მიუგო კინტომ“.

[გაზეთი „ივერია“, 1893 წ.]

***

★ აბდულ-ბაღია ზულალოვი თბილისში 1875 წლის დამლევს ჩამოსულა და სულ მოკლე ხანში, ბაიათებისა და შიქასტების ვირტუოზული შესრულებით, „ბულბულის“ სახელი დაუმსახურებია. თავისი საოცრად მომხიბლავი ხმის წყალობით იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელი ამიერკავკასიის მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ქართველ თავადაზნაურობაში. 

გადმოცემის თანახმად, 1902 წლის ყოველ კვირა დღეს, აბდულ-ბაღიას დასტა სათავადაზნაურო კლუბში უკრავდა. ერთ-ერთ კვირა დღეს, როდესაც ვიღაც უცხოელების პატივსაცემად გიორგი ამილახვარს კლუბში ბანკეტი ჰქონია გამართული, აბდულ-ბაღიასთვის მიუმართავს - „აბა, აბდულ, მასახელეო“.

ერთ-ერთი მუღამათის, ჩარგიას მესამე მუხლის - ჰასარის შესრულების დროს, აბდულ-ბაღიას სამწუთნახევრის განმავლობაში არ ამოუსუნთქია და შვიდნაირად შეუცვლია ხმა, მაშინ, როდესაც მას ვოკალური განათლება არ ჰქონია...

დაახლოებით 1904 წელს, როდესაც თბილისში ჩამოსულა დიდი თავადი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი, ქალაქის მმართველობას მისთვის ბანკეტი მოუწყვია ვერაზე, ბაღ-რესტორან „ედემში“. ზეიმზე მოუწვევიათ აბდულ-ბაღია თავისი დასტით. გადმოცემით, აბდულ-ბაღიას თავისი საყვარელი ჰანგი „ჩარგია“ უმღერია, რომლის დროსაც ყველა იქ დამსწრე განუცვიფრებია.

გაკვირვებულ თავადს აბდულ-ბაღიასთვის უბრძანებია პირი გაეღო, რათა დარწმუნებულიყო, რომ პირში არვითარი ინსტრუმენტი არ ედო და ხელმეორედ უმღერებია იგი.
დიდი თავადის გაკვირვებით წახალისებულ მომღერალს ისე საუცხოოდ უმღერია განმეორებით, რომ სიამოვნებით მოჯადოებული დიდი თავადი წამომდგარა ფეხზე, წაუძვრია თითიდან ძვირფასი ოქროს ბეჭედი შავი ბრილიანტის 3 კარატიანი თვალით და თავისი ხელით გაუკეთებია მისთვის მარცხენა ხელის ნეკზე. თანაც მაშინვე უბრძანებია მხლებლებისათვის, მოეტანათ ორი შეკვრა ათთუმნიანები და შეეკერინებინათ მისგან ჩოხა აბდულ-ბაღიასათვის.
დიდი თავადის ბრძანება დაუყოვნებლივ შეუსრულებიათ: მოუყვანიათ თერძი, რომელსაც ასანთის ღერებით შეუკოწიწებია „ჩოხა“ და ჩაუცმევია მომღერლისათვის. „ჩოხა“ აბდულ-ბაღიას 20-25 წუთის განმავლობაში „სცმია“, შემდეგ კი დაუშლია და გაუხვევია ბაღდადში. 

რაც შეეხება ძვირფას ბეჭედს, მას აბდულ-ბაღია სიკვდილამდე ატარებდა, შემდეგ კი გადაუცია ბაქოს მუზეუმისათვის.

ძალიან ჰყვარებია აბდულ-ბაღია ირანის შაჰს მუზაფერ-ედინს. მას ხშირად იწვევდნენ ირანში, სადაც ის მონაწილეობდა მუსიკალურ კონკურსებში და უცვლელად იმსაურებდა პირველ ადგილს, ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ სპარსეთის შაჰმა „ლომისა და მზის“ ორდენით დააჯილდოვა.

აბდულ-ბაღია 1927 წელს, ბაქოში, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

[მომზადებულია ალექსი ბარნოვის - „ძველი თბილისის მუსიკოსების“ მიხედვით...]

გიორგი ჭეიშვილი