ტფილისელ მეთულუხჩეთა წრე-გადასული ქმედებანი... |

☆ „თულუხჩი - თულუხჩი საზოგადოდ წყლის დამტარებელს ნიშნავს. ეს სიტყვა წარმოსდგება თულუხიდან: თულუხი - ტყავის ტომარაა; ძველად ტფილისში წყალსადენი არ იყო, წყალს პირდაპირ მტკვრიდან იღებდნენ და კამეჩის ტყავიდან გაკეთებული რუმბებით ეზიდებოდნენ ოჯახებში. 1893 წ. ქალაქის თვითმართველობამ თულუხი „ბოჩკებით“ შესცვალა“, - იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“
„კარგი იქმნებოდა რომ ჩვენს წყლის-მზიდავებზე - მეთულუხჩეებზე მიექციათ ყურადღება და წყლის მოტანაზე რამე გარკვეული ნიხრი დაენიშნათ, თორემ ამ ბატონების წრეს-გასულ ქცევას და ბოროტ-მოქმედებას სამზღვარი არა აქვს. 

მოგეხსენებათ, რომ ყველა ეზოს თავისი მეთულუხჩე ჰყავს და სხვას არავის შეუძლიან იმ სახლებში წყლის მიტანა, თუ არ იმ ეზოს მეთულუხჩესა. ისე აქვთ პირობა შეკრული ერთმანერთში, რომ თუ თავისი ეზო არ არის, თულუხ წყალში რომ მანათი აძლიო, წყალს არ მოგიტანენ.

ამიტომაც თქვენი ეზოს მეთულუხჩე თქვენი ბატონია, თუ რაცა გთხოვათ იმდენი არ მიეცათ, უწყლოობით ამოგარჩობთ. კიბის ორ საფეხურზე რომ ატანა მოუნდეს, თულუხზე სამ შაურსა და აბაზს გახდევინებს, და შენც, მეტი რა ღონე გაქვს, უნდა გადაიხადო,“ - გაზეთი „ივერია“, 1886 წ.


„ბევრჯელ მიგვიქცევია ქალაქის გამგეობის ყურადღება იმ გარემოებაზედ, რომ ჩვენის წყლის მზიდავების - მეთულუხჩეების საქციელი წრეს გადასულიაო. მცხოვრებელთ წყალში ერთი-ორად ართმევენ ფასს და ამას გარდა, უვარგის წყალს ჰზიდავენო.

ეხლა, გაზ. „ახ. მიმოხ.“ სიტყვით, ქალაქის გამგეობას მოუყრია ყველა მეთულუხჩეებისთვის თავი და გამოუცხადებია, რომ ყველამ ერთ-გვარი წყლის საზიდავი იქონიეთო. საზიდავი ქალაქის გამგეობის მიერ ბეჭედ-დასმული იქნება და წყლის ნიხრიც იმის კვალობაზედ დაინიშნებაო“, - გაზეთი „ივერია“, 1886 წ. 

გიორგი ჭეიშვილი