მაჰმადიანები ამ დღეს დღესასწაულობდნენ და საღამოს ექვს საათზე ათასზე მეტი სპარსეთის ქვეშევრდომნი სამხედრო მუსიკით, ზურნით და ბაირაღებით სპარსეთის საელჩოსთან მოგროვდნენ, ხოლო მრავალი მდიდარი მაჰმადიანი და სპარსეთის საელჩოში მსახური ეტლებით დიღმის მინდორზე გავიდნენ მისაგებებლად.
📷 „ალმასის სასახლე“, ჭონქაძის #11, სახლი, სადაც სპარსეთის ელჩი - მირზა რეზა ხანი ცხოვრობდა... |
☆ „ტფილისის სპარსეთის ელჩი მირზა-მუინულ-ვეზირე მისის უდიდებულესობის სპარსეთის შაჰის ბრძანებით დანიშნულ იქმნა სპარსეთის ელჩად ლონდონში, მხოლოდ იმის ალაგას დაინიშნა ტფილისის ელჩად პეტერბურგის სპარსეთის საელჩოს წევრი რიზა ხანი, რომელსაც ტფილისში იანვრის პირველ რიცხვებში მოელიან. მუინულ ვეზირეც ამავე ხანში გაემგზავრება ტფილისიდგან ლონდონს“, - 14 დეკემბერი, 1889 წ.
აგერ კავკავის გზაზე ეტლებიც გამოჩნდა. წინ ცხენით მოჰქროლავდა პოლიციის ბოქაული ბ-ნი სვიმონოვი, მის შემდეგ ბ-ნი ტფილისის პოლიციის უფროსი სტატსკი სოვეტნიკი ლ.პ. მასტიცკი, რომელსაც უკან მოსდევდნენ ცხენებით მოხელენი. შემდეგ ყაზახები, რომელნიც საფოსტო ეტლების წინ მოდიოდნენ.
პირველ ეტლში იჯდა ტფილისის ელჩი მირზა-რიზა-ხანი და მისი ადიუტანტები, მეორეში ბ-ნი ბელიავსკი და სპარსეთის საელჩოს პირველი მდივანი, მის შემდეგ მოდიოდა დახურული ეტლი, რომელშიაც ბრძანდებოდა მის უდიდებულესობა, შავის ფარჩის კაბით და პირ-ბადე ჩამოფარებული ორის ფრეილინითურთ.
მის უდიდებულესობის ეტლს მოსდევდა მთელი ამალა კავკასიის მთავარ-მართებლის ყაზახებისა სამის აფიცრით. ყაზახების შემდეგ მოდიოდა შვიდი ეტლი მის უდიდებულესობის ამალათი და მრავალი სხვა ეტლიცა, რომლითაც დიღმის მინდორზე მიეგებნენ მის უდიდებულესობას.
როდესაც ეტლები სპარსეთის საელჩოს დაუახლოვდა, სამხედრო მუსიკამ სპარსული ჰიმნი დაუკრა. მის უმაღლესობა ჩამოხდა სპარსეთის საელჩოში. დარჩება ტფილისში ორს დღეს, შემდეგ ამიერ-კავკასიის რკინის გზით გაემგზავრება ბაქო ენზელისკენ - თეირანში.
მის უდიდებულესობა, როგორც მკითხველს ეხსომება, ვენაში (ავსტრი-ვენგრიაში) იყო, საცა თვალი აუცრეს,“ - გაზეთი „ივერია“, 1890 წ.
***
★ „სამშაბათს, ამ თვის 29, შუაღამისას, რკინის გზით გაემგზავრა ბაქოს მის უდიდებულესობის ნასრ ედინ სპარსეთის შაჰის პირველი მეუღლე ემინ აგდასი.
სადგურზე მოგროვდა მრავალი მაჰმადიანობა - სპარსეთის ქვეშევრდომნი. მის უდიდებულესობის ეტლს გარშემო მისდევდნენ მაშხალებით ყაზახები კავკასიის მთავარ-მართებელის ამალისა. ყაზახებს წინ ეტლით მოუძღოდა პოლიციის უფროსი ლ.პ. მასტიცკი.
ემინ აგდასის ეტლს მოსდევდა მრავალი ეტლები, რომელშიაც ისხდა ამალა მის უდიდებულესობისა,“ - გაზეთი „ივერია“, 1890 წ.