სპარსეთის შაჰი ნასერ ალ-დინ ყაჯარი თფილისში | 1878 წ.

☆ „ჩემს მთელ სიცოცხლეში თბილისში მინახავს შემოსული თუ ალექსანდრე მეორე, თუ ალექსანდრე მესამე, თუ ნიკოლოზ მეორე, თუ ბუხარის ემირი, თუ ევროპიელი პრინცები, მაგრამ როგორც შაჰი მიიღეს, ისრეთ არავინ არ მიუღიათ, მთელი ერთი კვირა ყოველ ღამე ჩირაღდანი იყო გამართული, ისე რომ მნახავი იტყოდა, ქალაქი ცეცხლშია გახვეული. ალექსანდრეს ბაღის კარებზე ვერცხლის ლომი იყო ამართული, რომელიც ნიშნავდა სპარსეთის სამეფო გერბსა. შიგ ბაღში აუზი ღვინით გაევსოთ და ყველას ვერცხლის თასით ღვინოს ასმევდნენ, ისე რომ შაჰის სადღეგრძელოს დალევის შემდეგ ვერცხლის თასიც უნდა ჯიბეში ჩაგედვა და სახსოვრად წაგეღო. არსენალის უბნიდან და თაწმინდის მთის წვერვალიდან ათას ფერის შუშხუნები ადიოდა და ქალაქს ამშვენებდა თავის სინათლით. შაჰი ერეკლეს აბანოში საზანდრების დაკვრით აბანეს და ბოლოს დიდის დიდებით საქართველოს სამხედრო გზით გაისტუმრეს რუსეთში“, - კარაპეტ გრიგორიანცი, „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“ 
[29 აპრილი, შაბათი, 1878 წ.] 

„ქალაქში უკვე დაიწყეს მზადება სპარსეთის შაჰის ღირსეულად დასახვედრად. ყველა ქუჩებზე, სადაც მისი დიდებულება გამოივლის ქალაქში შემოსვლის დროს, ჩირაღდნებისა და ფარნებისათვის სვეტებია დარჭობილი, სასახლის პირ-და-პირ, ნაობახტთან გაუკეთებიათ სპარსეთის გერბი, რომელიც წარმოადგენს ლომსა და მზეს, ლომს ხელში ხმალი უჭირავს და სხვ.

ქალაქის სპარსელები დიდ ფაცა-ფუცში და სიხარულში არიან.

ამბობენ, რომ შაჰი 2-სა ან 3-ს იქნება თბილისშიო. იმას 20 კაცისაგან შემდგარი ამალა ახლავს.“

[30 აპრილი, კვირა, 1878 წ.]

მზადება სპარსეთის შაჰის დასახვედრად 

„ჩვენს ქალაქში მცხოვრები სპარსელები ახლა დილიდამ საღამომდინ მთვრალები უნდა ეყარნენ, რადგან ახლა ისინი ძალიან გახარებულები და ბედნიერნი არიან. 
შაჰი მოუდისთ იმათ. ერთ ფაცა-ფუცში, ერთ ამბავში არიან.

მაგრამ, არათუ მარტო ჩვენი ქალაქის სპარსელები, მთელი ქალაქიც დიდ მზადებაშია: სასახლის ქუჩაზე ორივ მხრით ტრიუმფის არკები გააკეთეს ყვავილებითა, ყველა მაღაზიების წინ თითო სვეტია დარჭობილი ფარნებითა და ყვავილებით შესამკობად იმ დროს, როცა მისი დიდებულება გამოივლის, სასახლის პირ-და-პირ ძლიერებისა და ბრწყინვალების წარმომადგენელი გერბია სპარსეთისა, ე.ი. ლომი და მზე; ქუჩებს ასუფთავებენ, სახლის კედლებს ლესვენ, ფანრების მინებს სწმენდენ...

„კავკაზის“ სასტუმროს პატრონი ფრანცუზი მარტენი 25 ოთახს ამზადებს შაჰის ამალისათვის (სვიტისთვის); ლულა-ქაბაბისა და ფლავის გასაკეთებელი ყველა მოწყობილება დაამზადა თავის სამზარეულოში;

სასტუმრო „კავკაზი“
მადამ ტოლლესა და საზოგადოთ ყველა მოდის მაღაზიებს დღე-და-ღამ მოსვენება აღარა აქვთ, იმდენი საქმე გაუჩინეს ჩვენმა ქალებმა...


თუ პარიჟში მსოფლიო გამოფენა არის ამჟამად, ჩვენშიაც მალე პატარა გამოფენა იქნება - გამოფენა თვალ-მარგალიტისა და ბრილიანტებისა... ჯერ-ჯერობით მარტო „რეპეტიცია“ აქვთ თფილისის ქალებს... ამ დღეებში თეატრში ვიყავი და, მართალი გითხრათ, თვალები ამიჭრელდა, იმდენი ბრწყინვალე და მოკიათე თავსაკრავები, გულები, ხელის-თითები და შავი თმები ვნახე. ყველგან ალმასი, ბრილიანტი, ყველგან ფირუზი, იაგუნდი, ზურმუხტი...

რაღა თქმა უნდა, შაჰისთვის ემზადებიან. მაგრამ სპარსეთის შაჰს ამით ვერ გააკვირვებენ: მოგეხსენებათ, რომ იმას პირ-და-პირ ყოველ სიმდიდრის წყაროდამ - ინდოეთიდამ აქვს მიღებული ყველა თვალ-მარგალიტი...

- რად ვეფერებით ჩენ ასე გულმოდგინეთ ახლა სპარსეთის შაჰს? რატომ ამისთანა ამბით უხვდებით?“
[სოლოლაკელი]

***

[3 მაისი, ოთხშაბათი, 1878 წ.]

სპარსეთის შაჰის მოსვლა

★ „დღეს, პირველ საათზე, ქალაქში მოვიდა სპარსეთის შაჰი, მთავრობისაგან დანიშნულის ცერემონიით იმას შემდეგის წესით დახვდნენ;

თფილისიდამ პირველ სტანციაზე გაგზავნილი იყო საკუთარი მ.ი.უ კავკასიის ნამესტნიკის კანვოის კამანდა, რომელმაც გამოაცილა თფილისამდინ.

ქალაქის წრესთან დაუხვდა მის დიდებულებას თფილისის მთავარ პოლიციმეისტერი და ჟანდარმების უფროსი ყაზახებითა და ჟანდარმებით.

დამოჟნასთან მიეგებნენ: მთავარ-სამმართველოს უფროსი ღენ.-ლეიტენანტი სტაროსელსკი, ღუბერნიის და უეზდის თავად-აზნაურთა წინამძღოლნი თავად-აზნაურებით, ქალაქის თავი უფალი ყიფიანი და აგრეთვე ამქარნი თავიანთი უსტაბაშებით. აქვე დაუხვდა იმას თფილისში მცხოვრები სპარსეთის ქვეშევრდომნი. ქალაქის თავმა მიართვა იმას პური და მარილი.

ქალაქში შემოსვლის დროს ზარბაზნის სროლა იყო. ნამესტნიკის სასახლესთან გაჩერებული იყო საპატიო ყარაული და მუზიკა.

თანაშემწე მთავარ-მმართებლისა მისი ბრწყინვალება თ. სვიატოპოლკ-მირსკი დაუხვდა შჰს სასახლის კარებთან; აქვე იყვნენ გაჩერებულნი ღენერლები.

შიგ სასახლეში შაჰის მისაგებებლად მოგროვილნი იყვნენ სამოქალაქო უწყების უმთავრესი ჩინოვნიკები...

პირველ საათზე სპარსეთის შაჰი შემოვიდა ქალაქში. დამოჟნიდამ დაწყებული, მთელი ბაზარი, სასახლემდინ სულ გავსებული იყო ყოველგვარი მაყურებლებით. მაღაზიებში, ფანჯრებში და ბალკონებზე ფერად-ფერადი ბაირაღები, ხალიჩები, ჩითები და სხვა ათასგვარი წითელ-ყვითელი საქონელი იყო გამოფენილი. მთელი ეს გზა ხალხი „ურას“ ძახილით მოჰყვებოდა...

შაჰი გადაშლილი კალასკაში იჯდა; იმის წინ იჯდა სპარსეთის უცხო ქვეყნის საქმეთა მინისტრი. უკან რიგ-რიგზე მოდიოდნენ ფაეტონები, რომელშიაც ისხდნენ შაჰის მხლებლები (ამალა). ფაეტონების შემდეგ მოსდევდნენ: სპარსელები თავის ჩინებულად ნაქარგის ბაირაღით, ქალაქის ამქარი, ზოგიერთი ჩვენი თავად-აზნაურები და სხვ. და სხვ.

საღამოს, ქალაქი, განსაკუთრებით გალავინის პროსპექტი და სასახლის ქუჩ ფერად-ფერადი ჭრაქებით და ფარნებით გაჩირაღდნებული იყო.

შაჰი ნესრ-ედდინი ორმოცი წლის კაცსა ჰგავს. თავი უჭირავს ისე, როგორც მეფეს, დიდებულ პირს შეეფერება. სასიამოვნო შესახედავი კაცია, თუმცა ცოტათი მოყვითალო. ქალაქში რომ შემოვიდა, სულ უბრალო ტანისამოსი ეცვა; მხოლოდ გულზედ ჰქონდა ერთი რაღაც ფოლაქი თუ ქინძის-თავი, რომელშიაც უკანასკნელი ცერის-ოდენი ბრილიანტი იყო ჩაყენებული...“ 


[5 მაისი, პარასკევი, 1878 წ.]

სპარსეთის შაჰი თფილისში

★ „მოგვყავს შესხმა, რომელიც უთხრეს 2 მაისს ქალაქის კარებთან სპარსეთის შაჰს თფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის თანამდებობის აღმასრულებელმა თ.დ. სუმბათოვმა და ქალაქის თავმა უფ. დ. ი. ყიფიანმა.
თ. დ. სუმბათოვმა უთხრა შემდეგი სიტყვა:
☆ „მეორედ მაქვს ბედნიერება საქართველოს თავად-აზნაურთა მხრით მოგილოცოთ, თქვენო დიდებულებავ, მობრძანება სატახტო ქალაქში კავკასიის სანამესტნიკოისა, რომელიც მოსამზღვრეა ჩინებულის და ძლევამოსილის ირანისა. თფილისის გუბერნიის თავად-აზნაურობა დიდად აფასებს თქვენ დიდებულების ხილვის ბედნიერებას და ამასთანავე ამ თავად-აზნაურობას უხარიან, რომ ის ვიწრო კავშირი, რომელიც თქვენა და ჩვენს ხელმწიფეს აერთებს, თან-და-თან მაგრდება ორთავე სახელმწიფოს საკეთილდღეოთ“.
ამ სიტყვის მოსმენის შემდეგ, შაჰიმ იკითხა - თუ რა მდგომარეობაში არის საქართველოს თავად-აზნაურობაო და მერე მიუბრუნდა ქალაქის თავს უფ. დ. ყიფიანს, რომელმანც თავის მხრით უთხრა შემდეგი შესხმა:
☆ „ქალაქის წარმომადგენელთ აქვთ ბედნიერება მოგილოცოთ, თქვენო დიდებულებავ, ჩვენი ხელმწიფის მეგობარო, მშვიდობით მობრძანება ჩვენს ქალაქში და გაბედვენ გულითადი ნატვრის განცხადებას, რომ თქვენი მოგზაურობა დასრულდეს ისე, როგორც შეეფერება თქვენს დიდებას და განზრახვას“.
გუშინ, 3-ს მაისს, საუბედუროთ, თითქმის მთელი დღე წვიმდა და ამიტომ საღამოსათვის გაკეთებულ ილუმინაციას შნო და ლაზათი დაეკარგა, რადგან ჭრაქები და ფერად-ფერადი ფანრები სულ ჩააქრო წვიმამ.

საღამოსთვის ჩვენს საზაფხულო თეატრში საკუთრივ შაჰისათვის დანიშნული წარმოდგენა, რომელზედაც მთავარ სამმართველომ თფილისის წარჩინებულ პირებს გაუგზავნა დასაპატიჟებელი მუქთი ბილეთები. კაცები რაკებში და მუნდირებში, ქალები დეკოლტით იყვნენ. უეჭველია, რომ მადამ ტოლემ ამ შაჰის მოსვლის წყალობით დიდი ფული მოიგო: საუკეთესო მატერიებს გაასაღებდა, რადგან ქალები თითქო ერთმანეთის ჯიბრით რაც შეიძლებოდა მდიდრულად და უკანასკნელ მოდაზედ იყვნენ გამოწყობილნი; რაც თვალ-მარგალიტი ჰქონდათ, ყველას გამოეფინა.

ცხრის ნახევარზე მოვიდა შაჰი თეატრში; კიბეზე მიეგებნენ მის დიდებულებას თ. სვიატოპოლკ-მირსკი და თეატრის დირექტორი ღენ. ლიმონავსკი; მთელი საზოგადოება თეატრის კარიდორში უცდიდა.

შაჰი ამობრძანდა წყნარის, დინჯის ნაბიჯით, ერთი გადმოხედა საზოგადოებას და პირ-და-პირ ავიდა თავის ლოჟაში. სულ უბრალოთ იყო ჩაცმული; მხოლოდ ყველას დარჩა თვალი იმ ცერის-ოდენა ექვს ალმასის თვალზედ, რომელიც ღილების მაგივრად ჰქონდა იმას ჩოხაზედ. ერთი მაინც მომცა ეს თვალი და მეტი არა მინდა-რაო! ბევრმა სთქვა.

შაჰთან ერთად დასხდნენ ლოჟაში: თ. სვიატოპოლკ-მირსკი, თ. გრ. ორბელიანი და იმის სადრიზანი (უცხო ქვეყნის საქმეთა მინისტრი).

თეატრში ითამაშეს ამ დღეს ოპერეტკა „მშვენიერი გალატეი“.

მთელი წარმოდგენის განმავლობაში შაჰს ერთხელ მეტად არ ამოუღია ხმა; ერთხელ კი რაღაც ისე ხმა-მაღლა უთხრა თავის მინისტრს, რომ პარტერში გავიგონეთ. მეორეთაც ჩაიცინა, როდესაც მშვენიერი გალატეია და ბიჭი მუზიკის აყოლებით ჰკოცნიან ერთმანეთს.

მეთერთმეტე საათის ნახევარზე წარმოდგენა გათავდა და შაჰი გამობრძანდა თეატრში ბაღში, სადაც დამზადებული იყო ოთახი; მაგრამ აქ არც კი დამჯდარა: შევიდა, ერთი მიტრიალ-მოტრილდა, ოქროს სათვალეები გაიკეთა, ერთი გადმოხედა საზოგადოებას და დაბრუნდა. აქ წარუდგინეს იმას ზოგიერთი ქალები, რომელთაც თითო-ოროლა სიტყვა უთხრა ფრანცუზულად. თერთმეტ საათზე სასახლეში დაბრუნდა თეატრიდამ.

დღეს, 4 მაისს, დილის 9 საათზე ზარბაზნის სროლამ შეგვატყობინა, რომ შაჰი ნასრ-ედდინი წავიდა თფილისიდამ. როგორც მოგეხსენებათ, აქედამ ის პირ-და-პირ პეტერბურღში მიდის და პეტერბურღიდამ პარიჟის გამოფენაზე, სადაც, ამბობენ, ერთი თვე დარჩებაო.

ამბობენ, შაჰი ძალიან კმაყოფილი დარჩაო, რომ თფილისში კარგათ მიმიღესო. ბევრი „ლომისა და მზის“ ორდენები დაარიგა იმან ჩვენში...“ 

გიორგი ჭეიშვილი