სპარსეთის შაჰის ვიზიტი ტფილისში 1889 წელს |


ჩვენი ტფილისი დღეს მოელის სპარსეთის შაჰს, ნასრ-ედინს. შაჰს თან ახლავს დიდი ამალა. ამალაში ოთხი მინისტრია. [...] შაჰს ახლავან კიდევ სედიქ-უს-სულტანე, ექიმბაში ფრანგი ტულეზინი, რვა გენერალი და 21 შინა ყმა. სულ ამალაში 110 კაცია. 40 კაცამდე ამ ამალაში მყოფთა მოსამსახურენი იქმნებიან, ასე რომ შაჰთან ერთად ჰნახავს ევროპას სულ 80 კაცზე მეტი სპარსელი.

[...]

გუშინ ჩვენი ქალაქი დილიდგანვე ძნელად საცნობელი იყო. ყველა სახელმწიფო და კერძო სახლები გამშვენიერებული იყო რუსეთის სამფეროვანის დროშებით. ჩვენი ქალაქი, როგორც მკითხველსაც მოეხსენებათ, ემზადებოდა, რომ საღამოზედ დახვედროდა უდიდებულესს სტუმარს, მბრძანებელს ირანისას, სპარსეთის შაჰს ნასრ-ედინს. გზა, რომელიც მის უდიდებულესობას უნდა გამოევლო, გალამაზებული იყო ბოძებით, მწვანისა და ყვავილების გრეხილებით და რუსეთის სამ ფეროვან დროშებით. საღმოს ოთხ საათიდანვე მიხეილის ქუჩის ორივ მხრივ, თ. ვარანცოვის ძეგლიდან დაწყებული ელისაბედის ქუჩამდე, გამწკრივებული იყო ჯარი სამხედრო მუსიკითურთ. რკინის გზის სადგურთან იდგა ჰამქარი და დიდ ძალი მაყურებელი, რომელნიც ირანის მბრძანებელის მოსვლას ელოდნენ.

რკინის გზის სადგური მშვენივრად იყო მორთული დროშებითა და მწვანისა და ყვავილის გრეხილით, ბაქანზედ იდგა საპატიო ყარაული, რომელიც კავკასიის 1-ლ მსროლელ ბატალიონის ჯარის-კაცთან შესდგებოდა. ცოტა მოშორებით, საპატიო ყარაულის რიგზედ, გაშლილი იყო წითელი მაუდი და სამეფო ოთახი ხალებით იყო მოფენილი. ამ ოთახში იყვნენ თავ მოყრილნი ქალაქის გამგეობის წევრნი ქალაქის თავის ბ-ნ მატინოვის მეთაურობით, გენერლობა და სხვა საადმინისტრაციო მოხელენი, სპარსეთის საელჩოს ყველა წევრნი, რამდენიმე ქართველი თავადიშვილი და სხ.

სწორედ 4 საათი და 45 იყო, რომ რკინის გზის სადგურზედ მოვიდა მთავარ-მართებელი თ.დონდუკოვ კორსაკოვი. ხუთს საათს ხუთი წუთი აკლდა, რომ გამოჩნდა ბაქანიდგან სამეფო მატარებელი თერთმეტს ვაგონით. პირველი ორთქლმავალი მორთული იყო სამ-ფეროვანის დროშებით. სწორედ ხუთს საათზედ მის უდიდებულესობამ ინება და გამობრძანდა სამეფო მატარებლიდან. აქ პირველად სალამი მოახსენა მის იმპერატორობით უდიდებულესობის ხელმწიფე იმპერატორის სახელით გენერალ-ადიუტანტმა პოპოვმა, პეტერბურგიდან მოსულმა. შემდეგ სალამი მოახსენეს თ. დონდუკოვ-კორსაკოვმა, ტფილისის კომენდანტმა ერნესტმა და სხვათა.

მისმა უდიდებულესობამ შემდეგ ინახულა საპატიო ყარაული და შევიდა სამეფო ოთახში, სადაც თ. დონდუკოვ-კორსაკოვმა წარუდგინა მის უდიდებულესობას ქალაქის თავი ბ ნი მატინოვი, რომელამც შაჰს პურ-მარილი მიართვა. ჩაბრძანდა თუ არა მისი უდიდებულესობა ეტლში მთავარ-მართებელ თ. დონდუკოვ-კორსაკოვითურთ, არსენალიდგან დაიწყეს ზარბაზნების სროლა. ხალხი ირანის მბრძანებელს დიდის „ურას“ ძახილით მიეგება. შაჰის ეტლს წინ უძღოდნენ ცხენოსანი ჯანდრები და უკან მოჰყვებოდნენ ყაზახები მიხეილის ქუჩაზედ. მუსიკა დიდებულს სტუმარს სპარსეთის ჰიმნის დაკვრით მიეგება. სასახლესთანაც ინახულა მისმა უდიდებულესობამ საპატიო ყარაული და შემდეგ სასახლეში შებრძანდა. საღამოზედ მთელი ქალაქი მშვენივრად იყო გაჩირაღებული ფერადის ფარნებით; სასახლის პირდაპირ აანთეს ტრანსპარანტი, რომელზედაც გამოხატული იყო სპარსეთის სახელმწიფო გერბი - მზე და ლომი.

[...]

გუშინ, 4 მაისს, დილა ადრიანვე იყრიდა ხალხი თავს სასახლის ახლო, განსაკუთრებით მუსულმანობა. სასახლის თავზედ ჰფრიალებდა მისის უდიდებულესობის სპარსეთის შაჰის დროშა, რომელზედაც დახატულია მზე და ლომი. დილის ათ საათზედ 1-ლის კლასიკურ გიმნაზიის მოწაფენი დათხოვილ იქმნენ მეორე გაკვეთილის შემდეგ და ებრძანათ, რომ 11 საათზედ უკანვე დაბრუნებულიყვნენ მუნდირებში მოწყობილნი. გოლოვინის პროსპექტი თანდათან ხალხით ივსებოდა; სასახლესთანვე იდგნენ ყაზახები და ელოდნენ ირანის მბრძანებლის გამობრძანებას.

სწორედ შუადღის პირველი საათი იყო, რომ კარებში გამოჩნდა სპარსეთის შაჰი, რომელსაც თან მოჰყვებოდა მისი ბრწყინვალება თ. მთავარმართებელი და ამალა. შაჰმა სალამი უთხრა ყაზახებს და პასუხად ერთხმივი სალამივე მიიღო. აქვე კარებთან მისმა უდიდებულესობამ მიიღო სპარსეთის რამდენიმე ქვეშევრდომისაგან არზა, შემდეგ ჩაჯდა ეტლში და კადეტის კორპუსში წაბრძანდა. კადეტის კორპუსის შენობა ლამაზად იყო მორთული ყვავილებითა და დროშებით. შაჰი მიესალმა კადეტებს, უყურა იმათს მწყობრს სიარულს, 10 წუთი იქ დაჰყო, დაბრუნდა უკანვე და ტფილისის 1-ლ კლასიკურ გიმნაზიაში ინება შევლა. გიმნაზიის კიბეები და სარეპეტიციო ოთახიც მორთული იყო, დაფენილი ხალებით და გამშვენიერებული ყვავილებით. შებრძანდა თუ არა მისი უდიდებულესობა და სალამი მისცა შეგირდებს, გაისმა ხანგრძლივი „ურას“ ძახილი შეგირდებისა და შეგირდებისგანვე შემდგარმა ორკესტრმა დაუკრა სპარსეთის საერო ჰიმნი.

ამის შემდეგ მე-VIII კლასის მოწაფემ მამადბეგოვმა წაუკითხა მის უდიდებულესობას პატარა ლექსი, სპარსულად დაწერილი. მერე მისმა უდიდებულესობამ ინება და უყურა გიმნაზიის მოწაფეთა მარშს გიმნაზიისავე მუსიკაზე. მის უდიდებულესობას ფრიად მოეწონა გიმნაზია და მოწაფედ ნება მისცა, რომ შეგიძლიანთ ორი დღე ისასწაულოთო. გიმნაზიაში მისმა უდიდებულესობამ დაჰყო 25 წუთამდე და შემდეგ წაბრძანდა წმ. ნინოს სასწავლებელში. აქ შაჰი სულ 15 წუთს ბრძანდებოდა და იქიდგან კავკასიის მუზეიში გაეშურა. მუზეიში მისი უდიდებულესობა მთელს საათს იმყოფებოდა, ძალიან მოეწონა მუზეი, ყველაფერი ყურადღებით გასინჯა და აქედგან ნაშუადღევის სამს საათზე სასახლეში გაემართა.

[...]

შაჰის მობრძანების დღეს ტფილისში ვოგზალზე დახვდა მის უდიდებულესობას სხვათა შორის ჩვენი თავად აზნაურობა და ტფილისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი ლ. მაღალაშვილი. თავად-აზნაურთა შორის ერია რამდენიმე ქულაჯით ჩაცმულიც, სწორედ ისე, როგორც ხელმწიფე იმპერატორის მობრძანების დროს იყო ჩაცმული მისის უდიდებულესობის საპატიო ყარაული. შაჰმა მიაქცია ყურადღება ამ ტანთ-ჩაცმულობას და დიდად მოიწონა.

[...]

5 ამ თვისას, როცა შაჰი სპარსეთისა ტფილისიდგან გაემგზავრა და როცა ჯარები უკანვე ბრუნდებოდნენ, ბარიათინსკის ქუჩაზე, ინჟენერის ქუჩის მოსახვევში შემდეგი უბედურება მოხდა: სხვათა შორის ოსმალოს ქვეშევრდომი იაგორ პეტრუსოვი მიწიდგან იღებდა ხის სვეტს, რომელზედაც ბაირაღი ეკიდა ამ დროს სვეტი წაიქცა და დაეცა თავზე ერთს ჯარის-კაცს, რომელსაც თავი გაუტეხა. ეს ჯარის-კაცი სამკურნალოში გაგზავნეს და პეტრუსოვი-კი პოლიციამ შეიპყრო.

P.S. ტფილისის მეტეხის ციხიდგან სამუშაოდ წაყვანის დროს გაიქცა ტუსაღი ალახპერ-სულეიმან-ოღლი, რომელიც პოლიციის მოხელეთ ავლაბარში შეიპყრეს.

შეპყრობის დროს ტუსაღმა გამოუცხადა პოლიციის მოხელეთ, რომ შაჰი სანახავად მივდიოდი, მინდოდა მენახა როგორ დაუხვდნენ, და ისევ უკან დავბრუნდებოდიო.


გიორგი ჭეიშვილი