[სერგეი მესხი, გაზეთი „დროება“, 18 ოქტომბერი, 1874 წ.]
ამას რუსული წარმოდგენებისა და იტალიური ოპერების მოყვარეთა დარდი და მღელვარება რომ დაუმატოთ, გაიგებთ - თუ რა სურათს უნდა წარმოადგენდეს ეხლა ჩვენი ქალაქი...
ვინ მოსთვლის იმ ხმებს, რომელიც დადის ქალაქში თუ განგებ ცეცხლის წაკიდებისა და თუ იმ ზიანის თაობაზე, რომელიც თფილისის ვაჭრობას მიეცა ამ ცეცხლის გამოისათ? მაგრამ ჯერ ჩვენ იმაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რაც ბეჯითდ ვიცით.
ბეჯითი და ნამდვილი ეს არის, რომ წასულ პარასკევს, [11 ოქტომბერი, 1874 წ.] საღამოს შვიდ საათზე, ქარვასლის მეორე ეტაჟის ფანჯარაში პატარა ცეცხლი გამოჩნდა. ეს ფანჯარა იმ მაღაზიის პირდაპირ იყო, რომელიც ვაჭარს ნიკოლოზოვს ეჭირა. რამდენთამე გამვლელთა შენიშნეს ცეცხლი და თეატრში შეცვივდნენ, რომ შეეტყობინებიათ [ამ საღამოს იტალური ოპერის „ნორმოს“ წარმოდგენა უნდა ყოფილიყო].
☆ „თეატრი სრულიად დაიწვა, ასე რომ იმის შეკეთება შეუძლებელია. დეკორაციები ზოგი გადაარჩინეს. კოსტიუმები [სათეატრო ტანისამოსი] სულ დაიწვა, გადარჩა მხოლოთ „ნორმის“ ოპერაში სათამაშო ტანთსაცმელი, რომელიც იმ საღამოს ეცვათ; მოთამაშეები ამ ტანისამოსში გამოცვივდნენ გარეთ და ბევრს აკვირვებდა ის გარემოება, რომ შუაღამეზედ თფილისის ქუჩებში რომის სალდათები და პატრები დარბოდნენ...“
ნახევარ საათზე მეტმა განვლო. ცეცხლმა რამდენიმე ფანჯრიდამ გამოჭყიტა ელვარე თვალები.
ქალაქში მსწრაფლად გავარდა ხმა: „თამამშოვის ქარვასლას და თეატრს ცეცხლი ეკიდებაო“. ხალხის გროვა თან-და-თან მატულობს ერევნის მაიდანზედ, პოლიციის წინ; ვაჭრები, ამ მეორე ეტაჟის მაღაზიების პატრონები შეშლილივით გამოჰყოფენ დრო-გამოშვებით თავს ფანჯრებიდამა და გამწარებით ჰყვირიან: „პოღიბაემ! პაჟარნი კამანდა! გვიშველეთ, გვიშველეთ! ვიღუპებით! ცეცხლის საქრობი მაშინაო!“
ცხრის ნახევარი იქნებოდა, როდესაც ჩვენ პირველად მივედით ქარვასლასთან. ამ დროს ყველა იმ ფანრებიდამ, რომელიც პოლიციას შეჰყურებს, ცეცხლის ალი ბოლქვათ მოდიოდა და ისე მაგრათ მოჰკიდებოდა შენობას, რომ იმის დაცვა ძნელად მოხდებოდა. ცეცხლის საქრობი მაშინა მოტანილი იყო. უანგარიშო ხალხს მოეფინა სრულიად ერევნის მაედანი. იყო ერთი ჩოჩქოლი, ყვირილი, მოძრაობა. ორი ცეცხლის საქრობი მაშინა საჭყაპუნებელსავით ასხამდა წყალს გაზვიადებულს ცეცხლსა, მაგრამ, თითქო სპილოს ბუზი, ისე ვერას აკლებდა.
თამამშევის ქარვასლა, შიდა ხედი |
ათ საათზე მთელი შუაგული შენობისა, ე.ი. თეატრი ცეცხლის პირში იყო. ალმა სათავიდამ ამოხეთქა. შუაღამეზე ცეცხლი თითქმის მთელს შენობას ჰქონდა მოდებული.
ცეცხლმა მთვარის სინათლე დაჩრდილა, სოლოლაკის მთა გაჩაღებული იყო.
მეორე დილას ცეცხლი კიდევ ეკიდა. ერთი სიტყვით, რაც ხის რამე იყო შენობის მეორე და მესამე ეტაჟში, და აგრეთვე თეატრი, სრულიად დაიწვა.
ამბობენ, ეხლა გამოძიება არის დანიშნულიო; ამბობენ, ცეცხლი შემთხვევით არ გაჩენილაო, ვიღაცამ განგებ წაუკიდა თავის დუქანსაო; ამბობენ, რამდენიმე კაცი დაჭერილიაო. ბეჯითი კი ჯერ-ჯერობით კაცმა არა იცის რა. გამოძიებამ იქნება ბევრი რამ აღმოაჩინოს.
☆ „ამბობენ, ცეცხლის დროს, ორმოცამდი კაცი და დედა-კაცი დაუჭირავსთ, რომელსაც საქონელი მოეტაცნათ და მიჰქონდათო. ამბობენ, შვინდისში ერთი საქონლით სავსე ფურგუნი დაიჭირესო და ქალაქში ჩამოიყვანესო. ერთი სიტყვით, ბევრს რასმე ამბობენ და ყველასი მოთვლა შეუძლებელია...“
მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი რამ არის, რომელიც უგამოძიებოთაც ცხადია, რომელსაც გამოკვლევა არ სჭირია და რომელიც, ამ ცეცხლის დროს, ნათლად აღმოჩნდა.
ეს არის ის, რომ ყველა საშუალება ვერ იხმარეს, რომ ცეცხლს რიგიანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, რადგანაც როგორც ამბობენ, კამანდას არ აქვს საკმაო ღონისძიება, რომ ამ გვარ შემთხვევაში სრული შემწეობა მოიხმაროს.
თამამშევის ქარვასლა, შიდა ხედი |
თუ სხვაგან თფილისზე ბევრად უფრო ღარიბ ქალაქებს ჩინებულად გაწყობილი ცეცხლის საქრობი მაშინები აქვს, მგონია, ჩვენშიაც მოხერხდებოდა. თუ სხვაგან ქალაქის მოთავე პირები ამას აქცევენ ყურადღებას, ჩვენშიაც შეიძლებოდა. თუ სხვაგან ახერხებენ ცეცხლის წინააღმდეგობას, ჩვენშიაც შეიძლებოდა.
თამამშოვის ქარვასლის დაწვა კერძო, თითქმის წვრიმალი საქმეა; მაგრამ ამ კერძო და პატარა საქმეშია ცხადათ სჩანს ის ნაკლულევანება, საზოგადო დაუდევრობა და სენი, რომელიც მთელს საზოგადოებას აწუხებს, რომელიც ყველას შეეხება...“