კვირაცხოვლის დაქცეული საყდარი ანჩის-ხატის მახლობლად |


„ანჩის-ხატის ტაძრის ახლო იყო ერთი ეკლესია კვირა-ცხოვლისა. ეს ეკლესია ძველად შეადგენდა მცხეთის სამთავროს მთავარ-ეპისკოპოსების სამეტოქო ეკლესიას. 

დღეს ამ ეკლესიის სახლებში სამი თუ ოთხი სინოდალურის კანტორის ჩინოვნიკი სცხოვრობს. ამათგან ბ. ს-მა ინება დანგრევა ეკლესიისა და იმ ადგილზედ ააშენა თავლა.

ხალხი კი დღესაც შაბათ-საღამოობით ანთებს სანთელს ეკლესიის გალავანის ქუჩის დაკეტილ კარებში, რომელიც ისეა გამურული სანთლის ალისაგან, გეგონებათ ძველი დარბაზის ერდოაო [ერდოგვირგვინიანი სახლის ბანში ამავალი ღია ადგილი, საიდანაც შემოდის სინათლე და ადის კვმალი];

ამ ფაქტს განმარტება აღარ ეჭირვება“, - გაზეთი „დროება“, 1884 წ.

***

„ჩვენს გაზეთში დაბეჭდილი იყო პატარა შენიშვნა ანჩის-ხატის მახლობლად დაქცეულ კვირაცხოვლის საყდრის გამო; შენიშვნაში მოხსენებული იყო, რომ ეს ეკლესია იყო მეტოქი მცხეთის მთავარ-ეპისკოპოსის ეკლესიისა ძველადგანვე; სინოდალური კანტორის ჩინოვნიკმა ს-მა ინებაო დანგრევა ეკლესიისა და იმ ადგილზედ ააშენა თავლაო, მაგრამ ხალხი კი დღესაც ლოცულობს და სანთელს ანთებს დაკეტილს ქუჩის კარებზედაო.

ამ შენიშვნამ გამოიწვია ბ-ნის ს-საგან „კავკაზში“ გულის მღელვარებისა გამო სიცრუით სავსე პასუხი. ბ.ს-ი ვითომ გვამტყუნებს და რაც ჩვენ არ გვითქვამს, მის თქმასა გვწამებს, მერმე აღიარებს თავს ნახევრად დანაშაულად და თან თავს იმართლებს, - „მე მომანდეს დანგრევა იმ დაძველებული, უვარგისი (!) ეკლესიის შენობისაო, რაზედაც რამდენსამე წელს მიწერ-მოწერა გამართული იყო თბ. გუბერნატორისაგან, რომ უბედურება არა მოხდეს-რაო. თავლის აშენება კი მიკვირს - ვისთვის იქნებოდა საჭირო, რომ ჩვენ ცხენები არა გვყავსო. ნასაყდრალი ალაგი შემოზღუდულია და მასზედ შენდება ბაღი, რომელიც სუფთად ინახებაო და იქ არავითარი შენობა არ არისო“.

ჩვენ თვით მივედით ნასაყდრალ ადგილზედ და ჩვენის თვალით ერთხელ-კიდე ვნახეთ: საკუთრად ეკლესიის ნაალაგევზე, გალავანზე მიშენებულია ფიცრული: თავლა, ბოსელი, გომი, საქონლის საბმელი, [რაც გნებავთ დაარქვით], სადაც ბ.ს-ეს ჰბმია მეწველი ძროხა.

საკუთრად ნასაყდრალზე ბაღის ხსენება არც კი არის. გალავანი ძველივეა. უწმიდესი სინოდის უქაზით 1863 წ. აგვისტოს 10-დამ, ეკლესია მართალია უნდა დაშლილიყო, მაგრამ ტრაპეზის ადგილზედ ან ნიში (часовня) უნდა აშენებულიყო, ან ჯვარი დადგმულიყო და წმიდად შენახულიყო სრულიად ეკლესიის ეზო.

ამ უკაზის შემდეგ გავიდა თითქმის თორმეტ-ცამეტი წელიწადი და ეკლესია არ იქცეოდა. შემდეგ დაიქცა ეკლესია და მის ადგილზედ ძროხის დასაბმელი ფიცრული თავლა აიშენა!..

უკაზის ძალით შეგვიძლიან მოვითხოვოთ, რომ ხსენებულს ნასაყდრალზე აგებულ იქმნას ნიში ხატის დასასვენებლად, მით უფრო, რომ საშუალებაც ადვილი მოსაპოვებელია, რადგან დღესაც აუარებელი მლოცველნი მიდიან ყოველ შაბათობით და გალავნის ყრუ კარებზე ანთებენ წმიდა სანთელს და ფულსაც სწირვენ“, - გაზეთი „დროება“, 1884 წ.

გიორგი ჭეიშვილი