რად მიყვარხარ? | კინტოს აღსარება

ლადო გუდიაშვილი, კონტოების ქეიფი ქალთან, 1919 წ.

„რად მიყვარხარ?.. რომ ვიცოდე, განა-კი მეყვარები? იმიტომ, რომ ამ სიცოცხლის ღერძი ხარ და ეს ქვეყანაც მაგ ღერძზედა ტრიალებს; იმიტომ, რომ ეს დუნია პატარა ბეჭედია და ამ ბეჭდისა დიდი თვალი შენა ხარ; იმიტომ, რომ შუბლზედ ეგრე მეწერა: შენ-ბატონი, მე-შენი ყმა, გენაცვა, შენი მონა, ყურ-მოჭრილი, ერთგული. საბაბს რა უთხრა!..

რად მიყვარხარ? მეც ვკითხულობ, მაგრამ პასუხს ვინ მომცემს?.. ქვად მაქციე, მაინც ეშხით დავდნები, ფეხს ავიდგამ, ჯანდაბას გამოგყვები. ყელში დანა გამიყარე, დამკალი; ქვა მომაბი, შუა ზღვას გადამაგდე; მეხი დამეც, მიწაში ჩამიტანე; ნაცრადა მქმენ, ქარაშოტს გამატანე - მაინც კიდევ მეყვარები, მაინცა, შენი ეშხი იმ ქვეყანად გამყვება, სულის აბგავ, გულის კლიტევ, სამოთხის გასაღებო!..

რად მიყვარხარ?.. რომელი ენა იტყვის! მდევი ვიყავ, შენ ფალასად მაქციე, მაგრამ მითხარ, მთელს დუნიას განზედ გავწევ, გავიტან, ზურგს მოვიგდებ, ზედ იალბუზზედ უსვენებლივ ავიტან. რა იქნება, შენთვის არ გავაჩინო? გსურს ღრუბლები ლეიბად გაგიშალო, ვარსკვლავების საბანი გადმოგხურო? გინდა მთვარე ბალიშად მოგიტანო და მზეც ჭრაქად შანდალში დაგისვენო, თუმცა ვიცი ორივე იზარალებს, შენ იმათზე ძლიერ მნათობი ხარ!..

რად მიყვარხარ? ბემურაზი ვიყო, თუ რომ ვიცოდე? არ ვიცი და მაინც შენი მონა ვარ. კუტი ვარ და სად გამგზავნი, რომ სულ ფრენით არ წავიდე?.. მუნჯი ვარ და შენი ქება როდის იყო, რომ არა ვთქვი?.. ყრუ ვარ, მაგრამ რას მიბრძანებ, რომ ერთს ვერსზედ არ გავიგო?.. ბრმა ვარ, მაგრამ რა დროს იყო, დღე თუ ღამე, რომ ვერ ვნახე?.. უძლური ვარ, - სად რას მეტყვი, ჩემმა მკლავმა ვერ შეიძლოს?.. ღარიბი ვარ, მაგრამ მითხარ, ზღვა გიყიდო, თუ ხმელეთი?.. შენ რა იცი, რა ძლიერი ხატი ხარ!..

რად მიყვარხარ?.. იმიტომ, რომ უფასო ზურმუხტი ხარ!.. იცი რად ღირს მარტო ეგ ზილფი კავი? ვის მივყიდო, ჯერ იმდენი ფული რომ არ მოჭრილა?.. ზღვათა ქვიშა რომ აქციოს მარგალიტად, გოგჩის ტბა-ერთიან დიდ ბრილიანტად, არარატი ოქროდა ჰქმნას, შეამკოს, ვერ გავატან შენის თმის ერთ ბეწვსაც-კი, სავარცხელს რომ ვარცხნაში ჩამოჰყვება... სულის მტრედო, ეგ მარჯნები ნეტა ვინ უნდა წუწნოს!..

რად მიყვარხარ?.. წამალი მომე, მოვრჩე. ლეკის ჯარს წინ დავუხვდები, გავფანტავ, ღვინოდ ნაქცევს ზღვას ერთ ყლუპად გადავკრავ, არ შევიხრი წარბს, ჭკუას არ დავკარგავ... შენ გნახავ და ანდერძის ამეგება: ჯანში ღონე და ძალა მიწყალდება; აღარ მიჭრის მაჯა, რაც უნდა ვიქნიო; თავში დავთრები მეშლება, მებნევა; რეტიანად, შტერად გადავქცეულვარ. უზმო ვარ და ყელში ლუკმა არ ჩადის; ფხიზელი ვარ, ფეხი ვერ გადამიდგავს; მინდა რამ ვთქვა ენა პირში მებმება... ჯანაოზი-კი მომარჩენს, სიყმე-მკვდარს! უკვდავების წყაროვ, არ გებრალები!..

რად მიყვარხარ?.. რა დარდუბალა ვიცი!.. შენ ის მითხარ, ეგ თითები რა ჩარხმა გამოთალა, ეგრე სრული რამ შეგკონა და შეგკრა? მთლიანი ხარ, თუ განგებ გაგაკეთეს? ხორციელმა, თუ ჰაერმა დაგბადა? რა სული ხარ, სადაური, საიდგან? რომელ ზღვიდგან რა ქარმა მოგიტანა? ან იქნება ციდგან გამოიპარე? რას აკეთებს ზეციერი უფალი? ქვეყნის შემდეგ შენს შექმნას თუ მოუნდა!.. უშენობას ვითომ იქ არ ჰგლოვობენ?!

რად მიყვარხარ?.. აბა ერთი სარკეში ჩაიხედე: დაინახე ეგ გიშრის ტბა თვალები, ლოყის თავზედ დაფენილი წამწამი, ჯვარის მამის შოთებსავით წარბები, ეგ სტამბოლის მარმარილო - გულ-მკერდი, დაინახე და უცეცხლოდ დაიწვი, ეშხით დადნი, აღდგომის კელაპტარო, დაიხრაკე, ამაღლების ბატკანო, დაიდაგე, ამ ქვეყნის ანგელოზო და იმ ქვეყნის ძლიერო მოჩვენებავ!.. 

ჩემსავით რომ წელში მოიღუნები, ღამეც ძილი დაგიფრთხება და დღეცა, შენის მეტი არავინ გეხსომება, სიყვარულის სიცხეს მოგცემს, გაბოდებს, გზას აგირევს, ქვეყანას დაგავიწყებს, ღრუბლებიდგან ჩამოგიყვანს, ძირს დაგცემს, იალბუზის მთას სისირად გადაგაქცევს, - მიმიხვდები, გულში რაც ცეცხლი მიდუღს, რაც სახმილი მიკიდია, რაცა მკლავს და შემიბრალებ, აღარაფერსა მკითხავ!..

ორ-ანი [არტემ ახნაზაროვი], გაზეთი „ივერია“, 1891 წ. 

გიორგი ჭეიშვილი