ლევან ბერძენიშვილი - თბილისი [კოლაუ ნადირაძე] | ლიტერატურული ქალაქები


თბილისი, ჩვენი დედაქალაქი, მრავალი პოეტის შთაგონების წყაროა, მაგრამ, ამავე დროს, თბილისი იმ საშინელი ტრაგედიის შთაგონების წყაროა, რაც 1921 წელის 25 თებერვალს,  საქართველოს დამოუკიდებლობის დაცემას მოჰყვა.

კაცმა რომ თქვას, 25 თებერვალი საქართველოს სიკვდილის დღეა, ვინაიდან, ძლივს გაცოცხლებული, ხელახლა დაბადებული და იმ მომენტისთვის მოწინავე ქართული საზოგადოება, რომელმაც კონსტიტუციის მიღებაც კი შეძლო, ქართველთა ღალატით, რუსების მუხთლობით, მსოფლიოს სისუსტით და ა.შ. და ა.შ. 25 თებერვალს დაეცა...

ტრაგედია კი არასდროს დგება მარტო, უფსკრული - უფსკრულს ეძახის და ასე, სწორედ ამ ტრაგედიამ გამოიწვია კოლაუ ნადირაძის სრულიად გამორჩეული ლექსი, ლექსი, რომელიც პირქუში სახით იწყება:
„თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...“
ეს არის დღე, როდესაც XVII-XVIII საუკუნის საშინელი ტრაგედიების, რუსეთთან ურთიერთობის, XIX საუკუნის გამოღვიძებისა და ილია ჭავჭავაძის შემდეგ, რუსეთის იმპერიიდან თავდაღწეული საქართველო ისევ საშინლად დამარცხდა და ეგება ეს მარცხი, სამუდამო მარცხადაც კი მიაჩნდა კოლაუ ნადირაძეს:

ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი -
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

არ შეიბრალეს თბილისი, დაცხრა კოჯორი, დაცხრა ტაბახმელა და გმირთა განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს, თებერვლის ეს საშინელი ღამე დაეფინა.

თოვს და დუმს თბილისი, დუმს სიონი და რაც მთავარია, დუმს ხალხი! ანუ, ჩვენ არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ თბილისშიც დავმარცხდით, იქ, სადაც 300 არაგველის ძვლები დაიფშვნა, იქ სადაც ქართლის დედამ ცრემლები ღვარა... სწორედ ჩვენი გმირების სისხლით გაჟღენთილი - კრწანისის ველიდან:

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

მახსოვს, თავის დროზე, როდესაც ეს ლექსი პირველად წავიკითხე, ჯერ შემეშინდა, შემდეგ კი გაჩნდა იმედი, რომ თუკი ასეთი რამის დაწერა შეგვიძლია, მაშინ შესაძლოა 25 თებერვლის დაძლევაც შევძლოთ. მართალია, ლექსში ეს არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, ტექსტს დიდი დატვირთვა აქვს, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ჩვენი ტრაგედიის 25 თებერვალი ზოგისთვის „საქართველოს გაზაფხულია“...

მადლობა მინდა შევუთვალო კოლაუ ნადირაძეს, რომელსაც გალაკტიონთან დამოკიდებულების გამო საყვედური კი ეკუთვნის, მაგრამ ამ ლექსის დაწერით ნაციონალური ამოცანა შეასრულა! 

გიორგი ჭეიშვილი