საქმე იმაშია, რომ 1914 წელს, რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ „მშრალი კანონი“ შემოიღო. ბუნებრივია, ეს კანონი, იმ დროს - რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოზეც ვრცელდებოდა, შესაბამისად, ალკოჰოლური სასმელების აკრძალვამ ხელ-ფეხი გაუხსნა მიტროფანე ლაღიძეს და „ლაღიძის წყლებს“.
1915 წელს, ერთ-ერთი გაზეთის ფურცლებზე, სარეკლამის კამპანიის ფარგლებში, „ლაღიძის წყლები“ საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისათვის ერთსა და იმავე ილუსტრაციას იყენებს, ტექსტი კი მუდმივად იცვლება.
„ბასიაკობის“ გასაკიცხი ჩვეულების ნაცვლად, რომელიც ღვინის ბოთლზე მიწოლილი, დაბეჩავებული „სერგუას“ ბედით არის ილუსტრირებული, ლაღიძის წყლის ბოთლის გვერდით, მხნე, ფხიზელი მთხრობელი დგას, რომელიც დაწვრილებით გვიამბობს, თუ რა დადებითი შედეგი მოჰყვა ღვინის აკრძალვას; როგორ უნდა გაარჩიო „ლაღიძის ჩიხტი-კოპიანი ქალის“ ეტიკეტი - ყალბისაგან; „რამ დაღუპა კნიაზები, რამ გახადა ყველა ბანკის მონათ?“ და ა.შ.
სარეკლამო ტექსტი #1
★ „გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას - მიირთვით ლაღიძის ხილეულ მადნეულის წყალი
მოითხოვეთ ყველგან!
- ვენაცვალე იმას ვინც ღვინო აკრძალა, პირძაღლი ვიყო თუ აწი მე მის სმას დაუბრუნდე. თვალები ახლა ამეხილა! ჰაი დედასა სად ვიყავ აქამდი, რამდენი ფული გავფლანგე იმ „პადვლებში“ ქეიფობით, რამდენჯერ ცხარე ცრემლით ვიტირე ცოლშვილი. რამდენი აყალ-მაყალი ამიტეხია, რამდენჯერ მცემეს და ვირის აბანოში ჩამსვეს, ამეებს ვინ მოსთვლის.
აი, ხედავთ საწყალ სერგუას? ოსტატი კაცი ღვინის სმამ როგორ დაღუპა, რუსის „ბასიაკათ“ გახადა. მე კი, ღმერთმა დიდი დღე მისცეს ლაღიძეს, ვსვამ მხოლოდ მისი ქარხნის წყალს, ეს ლიმონიაო, ეს ფორთოხალიაო, ეს მარწყვიაო, ყველა ერთი მეორეზე უკეთესი, ბროლივით ანკარა, ვარდზე უფრო სურნელოვანი და თაფლზე გემრიელი. არც თავს გატკენს, არც გულს და არც ჯიბეს.
ფხიზლათაც ვარ და ჯანსაღათაც, არც ვინმეს ვცემ და აღარც მე მცემენ - ეკონომიაა რაღა!“
***
სარეკლამო ტექსტი #2
★ „ამბობდნენ და გაზეთებშიაც წერდენ, რომ იაპონიის ადმირალმა მეომარი კაპიტნები ბრძოლის დაწყების წინ წყლით ადღეგრძელაო.
მე სულელს მაშინ ეს ამბავი მეცინებოდა, ვამბობდი, თუ ის კაცი რა კაცი უნდა იყოს, ვინც ღვინოს არა სვამს და სადღეგრძელოს წყლით მიირთმევს მეთქი. ახლა კი, როცა მე თვით გამოვცადე, მჯერა რომ იაპონიამ მისთვის გაიმარჯვა, რომ ღვინოს არა სვამდა.
ღვინის გადამკიდეს რა ხეირი დაეყრება. ჯიბის სიცალიერე და აურზაური სულ ღვინის ბრალია. ციხეში ვინც იტანჯება ნახევარზე მეტი სულ ღვინის მიზეზია. როცა ღვინის სმას თავი დავანებე და წყლის სმა დავიწყე, კაციც მერე ვარ და ქუდიც მერე მხურავს! ცოლშვილიც მერე შემიყვარდა და ბარაქაც მერე დამეტყო.
წყალი ყველა კარგია, მაგრამ ლაღიძის ქარხნის წყალთან ფას ყველა, მასთან ვერც ერთი თავს ვერ მოვა.
მიირთვით გენაცვა ლაღიძის წყალი, დასტკბით და ისიამოვნეთ!“
***
სარეკლამო ტექსტი #3
გუშინ წინ მომწყურდა, რაღაც უქეიფოდ ვიყავი, შევდივარ დუქანში ყელის გასასველებლათ. მე ხომ ეხლა სულ ლაღიძის წყალსა ვსვამ, ის არის ჩემი კახური. ვიცი რომ ლაღიძის ბოთლს ჩიხტა-კოპიანი ქალი აკრავს და მეც ხელით ვანიშნე აი ის ბოთლი გახსენით მეთქი. დავასხი მღვრიეა, ცხვირთან მივიტანე ნივრის სუნი აქვს, გემოთი ვნახე სახარინით გაუტკბიათ.
ბიჭოს, ეს ლაღიძე არ უნდა იყოს მეთქი. სათვალეები გავიკეთე და წავიკითხე ვიღაც მოლაძისა თუ ცალყურიას გვარი. ხედავთ რა „პადლოგი“ გაუკეთებიათ. მე კი აწი აღარ მოვტყვილდები ჩიხტაკოპი ვერ შემაცდენს, მაგრამ იმ სამ შაურს მივტირი.
დააკვირდით ბოთლზე წარწერას თორემ თქვენც დაგატყვილებენ.“
***
სარეკლამო ტექსტი #4
★ „- რამ დაღუპა კნიაზები, რამ ააღებინა ხელი მამულ-დედულზე, რამ გააკოტრა ამ დიდი „იმენიის“ პატრონები, რამ გახადა ყველა ბანკის მონათ? რასაკვირველია, რომ ღვინის სმამ! ღვინის სმას გადააყოლეს ყველაფერი და დღეს ტარიელ-ცარიელი დადიან, ბევრი ციმბირისკენაც შეაყოლეს.
ჰაი, ჰაი, რომ მეც გვიან მივხვდი, რომ ღვინო ადამიანის დამღუპველია. ეხლა კი სარდაფის კარებს ახლოც არ ვეკარები.
ვენაცვალე ლაღიძის წყალს, ცხონდა მისი მომგონის მამის სული. ლაღიძის წყალი ყველაფერს მირჩევნია. ვინც ერთხელ მისი გემო ნახა ის არც ღვინოს და არც სხვა წყალს არ დალევს და ჭკუასაც იქმს.“
***
სარეკლამო ტექსტი #5
★ „- შინდის ჩურჩით გაკეთებული ბატი პირში ნერწყვის მომგვრელია, შინდით შეზავებული ფლავიც ოჰ, რა გემრიელია! შინდის მურაბით ჩაიც დამილევია და ძლიერ მომწონებია! შინდის კერკს დიდ მარხვაში ლობიოს საკმაზათ უშვრებიან, ერთი ჯამის მაგიერ ორსაც შეჭამ - კარგია რაღა! შინდის ტყლაპი ორსულ დედაკაცებს ძლიერ უყვართ.
ტყეში შინდის საკრეფათ წასული გოგოები, შინდივით ლოყა წითლები, ძალიან გიჟობენ და კარგს დროსაც ატარებენ.
შინდი, რომ კარგია და კარგი მე ეგ ბავშვობიდან ვიცოდი, მაგრამ იმას კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ შინდის წყალი მომზადდებოდა და ასეთი მშვენიერი რამ იქნებოდა.
ჩემი ნუ გჯერათ, თვით მიბრძანდით წყლების პროფესორ ლაღიძესთან მოითხოვეთ შინდის წყალი და ნახეთ ლაღიძის ეს ახალი გამოგონება საპრემიო თუ არ არის! მაშ!“
***
სარეკლამო ტექსტი #6
★ „რა მასმევს ლაღიძის წყალს?
- ნაცნობები და ძმა-ბიჭები სულ იმას ჩამციებიან და მეკითხებიან რა მასმევს ლაღიძის წყალს? - თქვენ ისა მკითხეთ თუ რა არ მასმევს, თორემ მაგისი პასუხი ადვილია.
- რა მასმევს ლაღიძის წყალს? პირველი ისა, რომ მინდა ვიცოცხლო და ჯანმრთელად ვიყო, ვიცი რომ ლაღიძის წყალი ნამდვილი ბუნებრივია, ის არ არის სახარინითი და სხვადასხვა დოზანათი გამტკბარი, ვიცი რომ ის ფილტრში გატარებული და გადადუღებული წყლიდან არის მომზადებული, მაშასადამე მჯერა რომ მასში აი ის ოხერი რაღაცა ბაცილები არ ერევა და ვიცი არ მოვიწამლები.
რა მასმევს ლაღიძის წყალს? მე რას მეკითხებით, თვით იგემეთ მისი გემო და მერე მე აღარ მკითხავთ და თუ მაინც მკითხავთ, დამაცათ და მოგახსენებთ!“
***
სარეკლამო ტექსტი #7
★ „- რა მასმევს ლაღიძის წყალს? რას ჩამაცივდი და მოსვენებას არ მაძლევ, რა კი არ დაგიშლია და არ მეშვები მეც გეტყვი:
- რა მასმევს და ჩემი ჭკუა და პირის გემო. ერთმაც და მეორემაც დამარწმუნა, რომ ლაღიძის წყალს არც ერთი არ სჯობია, ყველა ქარხანა თავის წყალს აქებს, მაგრამ მას არც ერთი არ შეედრება. ამას წყლის „ზაოდების“ ხაზეინებიც ხედავენ და ამიტომ ყველა ცდილობს მიბაძოს ლაღიძის ფირმას, თავის ბოთლზე ყველა ჩიხტი-კოპიან ქალს ხატავს, მაგრამ გარდამიდან ბოთლზე მიკრული ქაღალდის ფარატინა რას უშველის - შიგნით თუ არაფერი ხეირია...
ზოგსაც მერე მოგახსენებ.“
***
ასე, რომ, მიუხედავად ძველი ქართული რეკლამის როგორც ვიზუალური, ისე შინაარსობრივი მხარის მრავალფეროვნებისა, XX საუკუნის დასაწყისში, ყველაზე რელევანტური და გამორჩეული ხასიათის სარეკლამო კამპანია სწორედ ცნობილი ქართველი მეცენატის, მიტროფანე ლაღიძის უალკოჰოლო სასმელებს უკავშირდება. ზოგსაც მერე მოგახსენებთ...