საზოგადო ლექციები თფილისში |

ძველი ქართული რეკლამა, 1889 წ.
[გაზეთი „დროება“, 1876 წ.]

★ „დიდმა-მარხვამ სადიდ-მარხო დროს გატარება მოგვიტანა: თფილისის წრეში პუბლიკური ლექციების კითხვა დაიწყეს.
კარგი რამ არის პუბლიკური ლექციების კითხვა, ცოცხალი სიტყვის გაგონება, საზოგადოთ ყოველთვის და განსაკუთრებით ისეთს ქალაქში, ისეთის ხალხისათვის, რომელიც ნაბეჭდი სიტყვის ე.ი. წიგნებისა და გაზეთ-ჟურნალების კითხვას მაგრე რიგათ არ არის შეჩვეული.
მაგრამ ამ ლექციებს ნამდვილი სარგებლობა მხოლოთ მაშინ მოაქვთ და მნიშვნელობაც მაშინა აქვთ, როცა წამკითხველები საზოგადოების პირ-და-პირ ინტერესებს შეეხებიან, როცა ისეთს საგნებს აცნობენ მსმენელთა, რომელიც აღნიშნულ დროს იმათთვის საჭირო და სასიამოვნო საგნებს შეადგენენ.

***

 „დადგა დიდი მარხვა თავის ღანძილითა და ლობიოთი, თავის მყუდრო ცხოვრებითა და მოწყენით, და ჩამოვარდა ლაპარაკი საზოგადო ლექციების გამართვაზედ. თფილისის კრუჟოკი აცხადებს, ვისაც ამ დიდ-მარხვაში ლექციების წაკითხვა ჰსურს, ვთხოვთ კრუჟოკის სტარშინებს მომართოსო“, - გაზეთი „დროება“, 1879 წ.

***
★ ბ-ნ. პ. აზბელევმა წაიკითხა 29 აპრილს, პარასკევს მეორე ლექცია, რომელიც, როგორც პირველი, განიყოფებოდა ორ ნაწილად. პირველ ნაწილს შეადგენდა შესწავლა ცისა საშუალო და ჩვენის დროის საუკუნოებში. მეორე ნაწილში არჩევდა მზეს და ასტროფიზიკის და ასტროხიმიის დასაწყისს. ლექტორი ამ ლექციაზე უფრო ხმამაღლა და გარკვევით ლაპარაკობდა. 
[...]
კვირას, პირველ მაისს იყო უკანასკნელი ლექცია ბ-ნ აზბელევისა. ლექტორმა ილაპარაკა ცისა და ვარსკვლავების შესახებ. ბ-ნმა აზბელევმა გაათავა თავისი ლექცია თუ არა, მადლობა გამოუცხადა საზოგადოებას, რომ აგრე ყურადღებით მოისმინეს. 
ამ გვარის ყურადღების გამო საზოგადოების მხრივ თითონაც შეძლების და გვარად ყურადღებით ასრულებდა თავის მოვალეობას. 
საზოგადოებამ ლექტორი დაასაჩუქრა ტაშის კვრით და „ვაშა“-ს ძახილით [1894 წ.]“, - 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]
***

საუბედუროთ, ეს პირველი ჭეშმარიტება ავიწყდებათ ჩვენ წამკითხველებს. რასაკვირველია, საჭიროცაა და სასიამოვნოც, რომ საზოგადოებამ გაიცნოს ასტრონომიის კანონები, სპექტრალური ანალიზი, ქიმიის მეცნიერება და სხვა ამგვარი საგნები. მაგრამ ამ ჟამად ჩვენთვის ამაებზე უფრო საჭირო საგნების ამორჩევა შეიძლებოდა. ერთ-ორ მაგალითს მოვიყვანთ:

დღე-დღეზე უნდა მოველოდებოდეთ ჩვენ საერო წესის შემოღებას, ე.ი. ისეთს დროს, როცა ზოგიერთ თავის საქმეებს თვითონ ხალხი განაგებს თავის ამორჩეული პირების საშუალობითა. უეჭველია, რომ ეს წესი თითქმის იმგვარივე იქნება, როგორც რუსეთის მომეტებულ ნაწილში არის შემოღებული. და ჩვენი საზოგადოება ხომ ამ წესს ვერ იცნობს, ხომ ძალიან გაუჭირდება, პირველ ხანებში მაინცა, იმ უფლებებით სარგებლობა, რომელიც იმას მიენიჭება! განა დრო არ არის, რომ ამ დროისთვის ჩვენ ახლავე და ცოტ-ცოტათი მოვემზადნეთ?

დღე-დღეზე უნდა მოველოდეთ ჩვენ აგრეთვე კავკასიაში ახალი სამხედრო კანონის შემოღებასა. ამის გაცნობაც, ვგონებთ, საჭირო იყო; ამ დროისთვის მომზადებასაც წინდახედულობა და თადარიგი მოითხოვს.

არის ბევრი ისეთი საგნები, რომლის გაცნობას ამ ჟამად დღიური, აუცილებელი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის; ამისთანა საგნები არიან მაგალითად ქალაქის გამგეობის ახალი წესდება, ახალი წესდება (გილდიური) ვაჭრობის თაობაზე და სხვა, რომლის უცოდნელობა ხალხს ავიწროებს.

ამას გარდა, თვით მეცნიერებაშიც შეიძლებოდა ბევრი ისეთი საგნების ამორჩევა, რომელთაც ხალხის საჭიროებასთან უფრო დაახლოებითი კავშირი ჰქონდა ან რომელნიც ადამიანის გონების გაფართოებას გახსნას უფრო დაეხმარებოდა, ვიდრემ სპექტრალური ანალიზის ცოდნა. ამგვარი საგნები არიან: პოლიტიკური ეკონომია, ისტორია, ლიტერატურა და სხ. და სხ.

აი ამისთანა საგნებს რომ მომეტებული ყურადღება მიაქციონ იმ პირთა, რომელნიც ჩვენში საზოგადო ლექციებს მართავენ, ჩვენის ჰაზრით, მაშინ ყოველთვის უკეთ წავიდოდა ლექციების საქმეც, რადგან ხალხი პირ-და-პირ თავის სარგებლობას ნახავდა და უფრო ხალისიანათ დაიწყებდა იქ სიარულს.

ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ უარ-ვყოთ რომელისამე ხალხისათვის მეცნიერების სარგებლობა. მხოლოდ იმას ვამტკიცებთ, რომ დროთა ვითარება ერთ დროს უფრო ერთნაირს ცოდნისა და სწავლის გავრცელებას მოითხოვს და მეორე დროს მეორე გვარისას. და საზოგადო მოქმედ პირთა მოვალეობა ის არის, რომ ყოველივე დროისთვის საგნის არჩევა იცოდეს...“

გიორგი ჭეიშვილი