დავით კაკაბაძე - საქართველოს ღერბი |


[ჟურნალი „შვიდი მნათობი“, აპრილი, 1919 წ.]

კონკურსის და შესრულების შესახებ

★ სახელმწიფოებრივი ღერბი არის სიმბოლიური გამოხატულება სახელმწიფოს არსებობისა. ამიტომ ღერბის სახე უნდა გამოხატავდეს სახელმწიფოს არსებით ელემენტებს, მისი ტრადიციული ნიშნებით. ჩვენი სამშობლოს ღერბიც სწორედ უნდა ყოფილიყო შესრულებული ჩვენი ცხოვრების, ჩვენი ისტორიის და ტრადიციის მიხედვით. 
სამწუხაროდ უნდა ვსთქვათ, რომ ჩვენი ღერბი უკვე მთავრობის და პარლამენტის მიერ დამტკიცებული არ შეეფერება თავის დანიშნულებას. ამ მიღებულ სახით ღერბის ცხოვრებაში გატარება ჩვენ არ მიგვაჩნია შეუ[სა?]წყნარებლათ. მიზეზი ღერბის უვარგისობისა არის ის არა ნორმალური პირობები, რომლის ფარგლებში ხდებოდა ღერბის შემუშავება.
როგორც ვიცით ღერბის შესრულებისათვის მთავრობამ გამოაცხადა კონკურსი. კონკურსი იყო გამოცხადებული განსაკუთრებულ პირობების აღნიშვნით. ამ პირობების შემუშავებაში იღებდა მონაწილეობას მხატვართა საზოგადოებაც. ცხადია, რომ კონკურსის პირობები იმისათვის არსებობს, რომ ამ პირობების ფარგლებში უნდა მოხდეს მისი შესრულება, და ეს პირობები სავალდებულო უნდა იყვეს, როგორც კონკურსში მონაწილეობის მიმღებთათვის, ისე მათთვის, ვინც კონკურსს აცხადებს. თუ კი ამ პირობებს არც ერთი მხარე ანგარიშს არ გაუწევს, მაშინ იბადება კითხვა: რისთვისაა საჭირო ეს პირობები?

სწორედ ჩვენი ღერბის შესრულების კონკურსი მოხდა არაშესაფერ პირობებში, და ეს არის უმთავრესი მიზეზი ღერბის უვარგისობისა. მთავრობამ დაარღვია კონკურსის უმთავრესი პირობები. პირველი პირობა, რომელიც უკვე კონკურსის შედეგს სწყვეტდა, ეს იყო დამფასებელი შემადგენლობა. კონკურსის პირობის მიხედვით დამფასებელი კოლეგია უნდა ყოფილიყო შემდგარი მთავრობის, პარლამენტის, მეცნიერთა და მხატვართა საზოგადოების წარმომადგენლებისაგან. მთავრობამ ეს პირობა დაარღვია: დამფასებელთა შორის არ იყო მოწვეული არც მეცნიერი და არც მხატვარი. კონკურსის ნამდვილ დაფასებას კი აუცილებლად ესაჭიროებოდა როგორც მეცნიერი, ისე მხატვარი. მთავრობამ კი მთელი კონკურსის დაფასება მარტო თავის თავზე იდვა.

ამ უმთავრეს პირობის დარღვევას, რასაკვირველია, მოყვა სხვა პირობების დარღვევაც, რადგან დამფასებელთა შემადგენლობაზედ იყო დამყარებული სხვა პირობების დაცვა.

კონკურსის მეორე პირობა იყო, რომ ღერბი შესრულებული ყოფილიყო ქართული სტილის მიხედვით. მიღებულ პროექტში ქართული სტილი სრულებით არ არის დაცული.

მესამე პირობა აღნიშნავდა, რომ ღერბის შესრულების დროს უნდა ყოფილიყო დაცული ზოგადი ღერალდიული წესი. მიღებულ პროექტში კი არც ერთი უმთავრესი ღერალდიული წესი არ არის დაცული. ჩვენი ღერბის სახეს შეადგენს თეთრი გიორგი შვიდი მნათობით. დამფასებელთათვის სრულებით შეუმჩნეველი დარჩა, რომ მიღებულ პროექტში ცხრა მნათობი იყო.

საქართველოს ღერბი
მიღებული ღერბის სახე შესრულებულია შარლემანის მიერ. შესწორების შემდეგ ღერბის სახე წარმოადგენს შემდეგს: თეთრი გიორგი ცხენზედ მჯდომარე შვიდი მნათობით მრგვალ ფარზედ. ღერბისათვის დამახასიათებელი უნდა ყოფილიყო გარეგნული მხარეც, და, რასაკვირველია, ქართული ღერბი უნდა ყოფილიყო შესრულებული ქართული სტილის მიხედვით. ჩვენ ვამტკიცებთ და ვიმეორებთ, რომ შარლემანის მიერ შესრულებულ ღერბის სახეში სრულებით არ არის დაცული ქართული სტილი. პირიქით, გიორგი სახე შესრულებულია რუსული საეკლესიო-სახატო რიგის მიხედვით. იყო დრო როდესაც საქართველოს ხელოვნება ბრწყინვალე ხანას განიცდიდა. მან შექმნა განსაკუთრებული თავისი ფორმები ხელოვნების ყველა დარგში, და კერძოდ მხატვრობაში კი თავისი რიგიც შეიმუშავა.

ჩვენ გვაქვს როგორც საერო, ისე საკლესიო მხატვრობა. არავითარი საჭიროება არ მოითხოვს, რომ ჩვენი ღერბის სახე რუსულ რიგზედ იქნეს აგებული, როდესაც ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი სტილი. გიორგის პირის სახე, მისი საზოგადო მოხაზულობა, მისი ხელების მოძრაობა შესრულებულია ეგრედ წოდებულ შეერთებულ „მოსკოვის“ და „ნოვგოროდის“ მე-XV-XVI საუკუნის მხატვრობის რიგზედ. ვინც იცნობს მოსკოვის და ნოვგოროდის მხატვრობის რიგს, ის ადვილათ დაინახავს შარლემანის მიერ შესრულებულ გიორგის სახეში ამ მხატვრობის სახეს. ეს რუსული სტილი კი განსაკუთრებით დაცულია გიორგის პირის სახეში, როგორც საზოგადო მოხაზულობაში, ისე ფორმის მხრივ.

გიორგის ცხენის ნახაზობაშიც დაცულია მოსკოვ-ნოვგოროდის რიგი, მხოლოდ აქ უფრო თავისუფლადაა ნახმარი ეს რიგი. ცხენის თავის და ფეხების ნახაზობაში ნათლად არის დაცული ეს რუსული რიგი, მხოლოდ ცხენის ტანის სხვა ნაწილი კი შესრულებულია თავისუფალი ნახატობით. (ერთ ადგილობრივ ჟურნალში ცნობა იყო, რომ საზავო კონფერენციაზე საფრანგეთში მიმავალმა ჩვენმა დელეგაციამ თან წაიღო მიღებულ ღერბის ნახატი, რომ საფრანგეთის ჟურნალ-გაზეთებში მოათავსონ. ევროპას ვაცნობთ საქართველოს ღერბს რუსული სტილით ნახატს, ვითომც ქართული მხატვრული სტილი არ არსებობდეს...)

ფარი, რომელზედაც მოთავსებულია გიორგი, წარმოადგენს მხოლოდ უბრალო მრგვალ სახეს, რომელსაც არავითარი ნიშანი არ ახლავს ქართული სტილისა. ცხენის ძირს, მის ფეხებს შუა, მოთავსებულია არაბულ კამარის მზგავსი მოხაზულობა, მაგრამ რისთვის, ან რად ესაჭიროება აქ ეს სახე - ყოვლად გაუგებარია.

საზოგადოთ ღერბი უნდა იყოს შესრულებული ღერალდიული წესების მიხედვით. ღერალდიული წესების დაცვა იმისთვისაა საჭირო, რომ ეს აადვილებს ღერბის ხმარებას. კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი ღერბიც სრული ღერალდიული წესების მიხედვით ყოფილიყო შესრულებული, და ამით ჩვენი ღერბი ყველასათვის გასაგები ყოფილიყო. მაგრამ მთავრობამ გადასწყვიტა, რომ ღერალდიული წესები მხოლოდ ზოგადათ ყოფილიყო დაცული. მიღებულ ღერბის ნახატში კი არც ერთი უმთავრესი ღერალდიული წესი არ არის დაცული. მაგალითად, ფერადების ხმარებაში ღერალდიკას აქვს შემუშავებული ერთი წესი.

არსებობს წესი ლითონების ხმარებაშიც. ეს წესები აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაცული, რადგან ამაზედ დამოკიდებულია ღერბის გრაფიკული გამოხატვა. ამიტომ შეუძლებელია, რომ მიღებული ღერბის ნახატი ცხოვრებაში გატარდეს, და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თვით მთავრობა მალე დაინახავს ამას.

აქვე არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ ჩვენი მოსაზრება საქართველოს ღერბის შესახებ. ჩვენის აზრით საქართველოს ღერბი უნდა ყოფილიყო შესრულებული ქართული სტილის მიხედვით, მაგრამ საერო რიგისა, და არა საეკლესიო. (ძველი რუსეთის საერო მხატვრული სტილი ჩვენ არ ვიცით, რადგან მას ეს არც ჰქონია, ჩვენი კი გვაქვს როგორც საერო, ისე საეკლესიო მხატვრობა). თეთრი გიორგის ფორმას უფრო შეეხამება საერო მხატვრული სტილი ვიდრე საეკლესიო.
შვიდი მნათობი მთავრობის მიერ დამტკიცებულ ღერბში გამოსახულია ხუთი ვარსკვლავით, მზით და მთვარით. ჩვენი კი ვფიქრობთ, რომ ყველა მნათობები უნდა ყოფილიყო ერთი სახის, მაგალითად, ვარსკვლავისა. ეს იმ მოსაზრებით, რომ ბერძნულ მითოლოგიის გარდა, შვიდ მნათობს ჩვენში ადგილობრივი მნიშვნელობაც ჰქონდა, როგორც სახეს შვიდის სამთავროისა. ამიტომ, ჩვენს დროში საჭიროა, რომ ყველა მნათობებს ერთი სახე ჰქონოდა, რაც აღნიშნავდა უპირატესობის მოსპობას. ამით შევიტანდით ჩვენ ღერბის ფორმაში ახალ სახეს. 
ჩვენ გვსურდა, რომ საზოგადოებისათვის გაგვეცნო კონკურსისათვის წარმოდგენილი ღერბის ყველა ნახატები, მაგრამ ეს შეუძლებელი ხდება, რადგან კონკურსი იმნაირ პირობებში სწარმოებდა, რომ ჩვენ შეძლება არ გვქონდა გვენახა ყველა ნახატები და გვესარგებლა მათი. საზოგადო კონკურსის წესით კი კონკურსის გათავების შემდეგ ყველა პროექტებს საჯაროთ გამოაფენენ, რომ საზოგადოებამ თავისი მსჯავრი დასდოს.

გიორგი ჭეიშვილი