ამქართა აჯანყება ტფილისში |

თივით მოვაჭრეთა ამქრის დროშა, XIX ს-ის ბოლო - XX ს-ის დასაწყისი
„ბუნტი ნალოგის გამოთ - ეს საზარი და შემაძრწუნებელი არეულობა მომხდარა ალექსანდრე მეორის მეფობის ჟამად, ბაშბეუქმელიქოვის ქალაქის თავათ ყოფნის დროს. ჯერ კიდევ დღესაც არ იციან სახლების ფანჯრებზე ნალოგის დაწესება მთავრობის განკარგულება იყო თუ ქალაქის სამმართველომ ხალხს დააკისრა ასეთი შეუფერებელი გადასახადი.

პოლიცია ისეთი ძალა გამოცლილი და სუსტი იყო, რომ შეიძლება არც-კი დაიჯეროთ, ერთი უბნის სამმართველო სომხების ბაზარში იყო და მეორე ავლაბარში ფორაქიშვილების სახლებში. პოლიციის მოხელები თითებიდან დაითვლებოდნენ, რომლებიც ნაბდის ქუდებით ჩოხა ჩაცმულები სახრე ხელში მოედან ადგილებში იდგნენ“, - კარაპეტ გრიგორიანცი - „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“

***

[ნაწყვეტი დემნა შენგელაიას მოთხრობიდან - „ოქროს ხელები“] 

„მას შემდეგ, რაც მეფის რუსეთის გრენადერებმა დარიელა გადმოლახეს, ძველ ტფილისს ეშხი ნელნელა გაუხუნდა, ამქრის დიდებასაც პატივი ეყრებოდა. დროებამ ნირი იცვალა და ქარმაც სხვაგვარმა იწყო ქროლა. ყაბახი მოიშალა. სალაყბოც დადუმდა და ქვეყანა სულ რუსეთუმებითა და თერგდალეულებით აივსო. „მოდნაც“ სხვა გაჩნდა და ძველებურ ტანისამოსს იშვიათად თუ ვინმე იცვამდა. სახლებსაც ახალ ყაიდაზე აშენებდნენ, ნივთნიც „გრანიცისა“ შემოდიოდა და ბევრი ხელობაც სულ გადავარდა.

თერძებს, მექოშეებსა და ძველ ჭონებს მუშტარი ეგრერიგად აღარ ეტანებოდა და ამიტომ ამ ხელობათა მაზანდაც თანდათან ეცემოდა.

ათას რვაას სამოცდახუთ წელს შემოღებულმა ახალმა გადასახადებმა სულ მთლად ააფორიაქა ისინი. სხვა გზა რომ აღარ იყო, ისევ არზა დასწერეს და ქალაქის მოურავს შერმაზანა ვართანოვს დიდის ფეშქაშებით მიართვეს, მაგრამ არა გამოვიდა რა, - რუსული „ატკაზით“ გამოისტუმრეს უკან.

ტფილისის მოქალაქენი ჯერ ისედაც არ იყვნენ მთავრობის მადლიერნი, რადგან მათ გვერდი აუარეს და მოურავად ეს ვიღაც სპარსეთიდან გადმოხვეწილი სოვდაგარი დაუყენეს. ახლა საქმე იქამდეც მივიდა, რომ ამ არამკითხე გადამთიელმა მათი სათხოვარი არად ჩააგდო და, თითქოს ჯიბრზე, თავისი დამქაში ბეჟბეუქ-მელიქოვი ხარჯის მოსაკრებად გამოგზავნა.

მთელი ქალაქი ფეხზე დადგა და აი თიბათვის ოცდაშვიდის დილაც, როგორც იქნა, შავად გათენდა.

მართალია, ეს დღე კვირა დღე იყო, მაგრამ ერთპირი ამქრის ხალხი მაინც დუქნებში ისხდა და „ბუნტის“ დაწყებას წუთით წუთზე ელოდა.

და აი, დროც რომ დადგა, რამდენიმე მარჯვე ბიჭმა უბნები ხელდახელ მოაფათურა.

- ბუნტია, ბუნტი! - ყვიროდნენ ისინი.

- დუქნები დაკეტეთ!.. გარეთ გამოდით!.. - ვინც ნებით არა ჰკეტავდა, იოლის კვრით ემუქრებოდნენ და სახელოსნოებს ძალის-ძალად აკეტვინებდნენ.

მედროშკეებმა ბირჟა დასტოვეს, „მეპოვოსკეები“ მიიმალნენ, თულუხჩებმა წყლის ზიდვა შესწყვიტეს და მეპურეებმაც იმ დღეს პური აღარ გამოაცხეს.

დაბანახაში აღარ ისმოდა ქობინების ცემა. ლილახანაში აღარ ფრიალებდა გასაშრობად გაკიდებული ნარმისა და ლაინის თოფები. სეიდაბადში აბანოები დაიგმანა და თათრის მეიდანზე ამაოდ ფრიალებდა ბაზრის ბაირაღი. უქმად მდგარ ყაფანის გვერდით მარტოდ დარჩენილი აქლემები არხეინად იწვნენ და თვალების ლულვით ზანტად იცოხნებოდნენ.

„კვარტალნები“ და ბოქაულები არსადა სჩანდნენ.

- ბიჭო, ადე, დუქანი დაკეტე!.. - ბრძანა ოსტატმა და ბესო გარეთ რომ გამოვიდა, ხედავს ქუჩაში მილეთის ხალხი ირევა. თოქმაჩები, მექისეები, მექოშეები, დაბაღები, ოქრომჭედლები, ზეინკლები, მეზანდუკენი და ვინ იცის კიდევ რა ხელობის და ყაიდის კაცი არ გამოსულა გარეთ! ჩოხის კალთები ყველას რიყის ქვით ჰქონდა სავსე და ირგვლივ იდგა ერთი გაუთავებელი ყაყანი, ჟრიამული.

მათ განთქმული მოკრივე მინასა კრუაშვილი, თავზეხელაღებული ძმანი ქსანთუაშვილები და დამთხვეული ყრუჩა მეჩუსტე მეთაურობდნენ.

დუქნები ურდულებით იკეტებოდა, დარაბები იხურებოდა და ზედ ოინბაზური ყვირილითა და ხმაურობით ხუთგირვანქიან ძველებურ კლიტეებს ჰკიდებდნენ.

აივნებზე და ბანებზე გადმომდგარი დედაკაცები ცივი ხმით წიოდნენ და თავიანთ ქმრებს, მამებსა და ძმებს შურისძიებისათვის აქეზებდნენ.

ბესომ დუქანი საჩქაროდ დაჰკეტა და ისიც მარაქაში გაერია.

ერევნის მეიდანზე ქალაქის სახლს რომ მიადგნენ, იქაურობა ისე იყო გაჭედილი, რომ ძირს ნემსი არ დავარდებოდა.

აღელვებული ხალხი რას არ იტყვის, ისინიც აღელვებული იყვნენ და ვინ იცის, რას არ ამბობდნენ:

- ცხენი და დუქანი რაა, - ფანჯრები, აივნები, წყალი, ეზო და ბანიც დაიბეგრებაო.

- სუ იმ უსტაბაშების ბრალია, იმათ გაგვყიდეს!..

- იუდებო!.. გამყიდველებო!..

- გამოდით!.. პასუხი გაგვეცი!..

- ემუქრებოდნენ ქალაქის მამებს მუშტის ქნევით.

კავკასიის მთავარმართებელმა გენერალმა გრიგოლ ორბელიანმაც იკადრა და ეტლით მობრძანდა.

- ხალხნო!.. შვილებო!.. - მიმართა მან ბრბოს დაყვავებით. - დაწყნარდით!.. ეს კანონი მარტო თქვენთვის ხომ არ არის მოჭრილი!.. აი, კაცი იარანალი ვარ, ცხენიცა მყავს და ბეგარას მეც მახდევინებენ!..

მეთევზე ლოპიანამ უცქირა გენერალს, უცქირა და მერე არც აცია, არც აცხელა, პირში მიახალა:

- ვახ, დალოცვილო, იხდი რომელია?.. ჩვენ მარაქაში შენ რამ გაგრია, ან ჩვენთან ვინ გაგაყადრა, როცა შენ ცხენს ინახავ და ჩვენ ცხენი გვინახავს?..

ორბელიანმა მეთევზეს პასუხი ვერ მოუჭრა და გაბრაზებულმა ეტლი შინისკენ რომ შეაბრუნა, ამ დროს ყვირილიც გაისმა:

- ბაზარნიკი!.. ბაზარნიკი!..

და აშლილი ხალხი ქუჩაში გაქცეულ კაცს ღრიალით, სტვენით დაედო.

- დაიჭით!.. დაიჭით, ეგ წურბელა ეგა!.. - მაგრამ „ბაზარნიკმა“ დადევნებულ ხალხს ქარვასლაში შეასწრო და იქიდან იმ არხში გადახტა, რომელსაც ქალაქს უსუფთაობა მტკვარში მიჰქონდა. იმ სიბინძურეში ჩაყოლა არავინ იკადრა და გადარჩა ის სულამყრალებული.

ამ აყალმაყალში სადილობამაც მოაწია.

რიგი მიდიოდა, რიგი მოდიოდა და ნასადილევზე ღვინით შეხურებული ხალხი თანდათან საშიში ხდებოდა.

ამ დროს არსენალის გორაკზე კრივი იმართებოდა, მაგრამ ასეთ დროს საკრივოდ ვის ეცალა?

ის შერმაზანა გარეთ რომ აღარ გამოვიდა, გადასწყვიტეს ისევ თითონ ავიდნენ მასთან. კარებს რომ მიაწყდნენ, უეცრად ვიღაცამ დაიძახა:

- ხალხნო!.. ამ ქალაქის სახლს რათ ვანგრევთ?.. წავიდეთ და იმისი საკუთარი სახლი დავანგრიოთ!..

- დავანგრიოთ!.. ავიკლოთ!.. - იგრიალა ბრბომ და გნიასით, ღრიანცელით ნაგორნი ქუჩისაკენ გაემართნენ.

შინ არც იქ დახვედრიათ არავინ.

- მიდით!.. მიაყარეთ!.. - ღრიალებდა ყრუჩა მეჩუსტე შეშლილი თვალებით და ფანჯრებში ქვები რომ მიუშვა, სხვებმაც მიჰბაძეს. მალე ქვებს თვითონაც მიჰყვნენ და სახლს ნგრევა დაუწყეს. არაფერს არა ზოგავდნენ, ყველაფერი გარეთ გამოჰქონდათ და ლეწდნენ. ანიავებდნენ.

- ნაარმალია და არმად წავიდეს!.. - ყვიროდნენ ისინი და ბროლისა და ფაიფურის ძვირფას ჭურჭელს ქვებზე ამსხვრევდნენ, მიწაზე დანარცხებული მურაბით სავსე ქილები ყუმბარასავით სკდებოდა, სინესა და ფარაგანის თვალისწმომჭრელ ხალიჩებსა და ფალასებს ხანჯლებით სჭრიდნენ, ავეჯს ქუჩაში ჰყრიდნენ, აღარც როიალი დაზოგეს, ისიც ქუჩაში გადმოუშვეს და გრიალით დალეწეს. წიგნებს ხევდნენ, ზემოდან ფოთლებად დაშლილს ფანტავდნენ და თან გაჰყვიროდნენ:

- ალბათ, ამ წიგნებით ისწავლა ჩვენი ტყავის გაძრობა!

ნათქვამია: მადა ჭამაში მოდისო, ამათაც მადა რბევაში მოემატათ და ახლა ყიჟინით, სტვენით, ხარჯთამკრეფ ბაჟბეუქ - მელიქოვის სახლისაკენ გაემართნენ კუკიაში. მტკვარ-გამა მათ მეფის მოადგილის მცველმა ყაზახმა სროლა აუტეხა, რამდენიმე კაცი დაიჭრა და ერთიც - აფთიაქში მომუშავე პროვიზორი მოკვდა, მაგრამ უკან მაინც არავის დაუხევია. პირიქით, დაღვრილმა სისხლმა კიდევ უფრო გააცეცხლა ისინი. დამალული მელიქოვიც მალე იპოვნეს, გარეთ გამოათრიეს და მეორე სართულიდან ქუჩაში გადმოისროლეს, მაგრამ გადარჩა, - თავი მოიმკვდარა მხოლოდ.

ერთ ნაიუნკრალს თვალი შერჩა მის ძვირფას ბეჭედზე და წამოძრობას რომ უპირებდა, მელიქოვმა ხელი უნებურად შეკუმშა.

- ცოცხალია!.. ცოცხალია!.. - აყვირდა მძარცველი. ამ ყვირილზე ხალხი ისევ მიესია.

ნახშირგორელმა ბადალაშვილმა ურმის ღერძი თავში დასთხლიშა და იქვე სული გააცხებინა.

შებინდების ხანს ხალხიც დაწყნარდა და თავთავიანთ სახლებში ნელ-ნელა გაიკრიფა.

მეორე დღეს მთავრობამ შიშით, რომ მათ სოფლებიც არ გამოსარჩლებოდნენ, საბანაკო ადგილებიდან ქალაქს ჯარი მოაყარა.

ყარასულაღიდან ბატალიონები გამოიწვიეს, ხრამიდან ყაზახები, მუხრავანიდან ზარბაზნები და ავლაბრის ორივე ხიდზე, თათრის მეიდანზე, პოლიციის შენობასთან, კუკიის ხიდთან და ჩუღურეთის მახლობლად ჩააყენეს.

ქალაქი მცხოვრებთაგან დასცალეს, გარეუბნებიდან შიგ არავის უშვებდნენ, ხოლო გამსვლელებს წინააღმდეგობას არ უწევდნენ.

სხვა ჩარა რომ აღარ იყო, აჯანყეულნი ხოჯივანქში ბებუთაანთ სასაფლაოზე შეგროვდნენ.

სამი დღე დაჰყვეს მათ აქ, სამი დღე იყაყანეს და იდავეს. აქაური უბნის დედაკაცები პურს ბლომად აცხობდნენ და ხალხს მუქთად ურიგებდნენ.

ზოგს თავისი ხორაგი მოეტანა - ჯვარიმამის ლავაშები, ყველი და ტიკით ღვინო. სადღაც ზურნაც ჭყვიტინებდა.

ბესო ვიღაც დიდკაცის მარმარილოს თეთრ ანგელოზს ფრთაში ჩაჰფრენოდა და მატურაზე გადმოკიდებული, ხალხის ზიმზიმს ზემოდან გადასცქეროდა.

ვიღაც ახალგაზრდა საფლავის ლოდზე შემდგარიყო, თან ფეხით ჰქელავდა და თან ჩახლანძული ხმით გაჰყვიროდა:

- რად დაგვღუპეთ?.. ვის ხელში ჩაგვყარეთ?..

მინასა კრუაშვილიც იქვე, მის გვერდით იდგა და კრივში ნაცად სამლიტრიანი მუშტების ქნევით ცასა და მიწას ემუქრებოდა:

- ხალხნო!.. აი, როგორც აქ ყველანი ერთი პირით არ მოვსულვართ, - ბოლომდეც ეგრე პირიანად ვიყვნეთ!.. ან დავიხოცოთ, ან კაცურად ვიცხოვროთ!.. ეს ამოდენა ბეგარაც გაგონილა?.. ვინც დათმობაზე წავიდეს, დედა შეერთოს ცოლად!.. გროშიც არ გადაიხადოთ!.. დუქნები დავკეტოთ, პურს ნუ გამოვაცხობთ, წყალს ნუ მოვიტანთ, თორემ, ხედავთ, როგორც ჩვენ არა ვდგევართ ეხლა აი აქ, ამ საფლავებზე, და ჩვენ მამა-პაპებს საყვედურებით არ ვავსებთ: რათ დაჰყაბულდით, რუსთხელმწიფე რათ შემოუშვით და ამ ცეცხლში რათ ჩაგვყარეთო, - ჩვენი შვილებიც ეგრე აგვავსებენ ლანძღვა-გინებით!.. საფლავს ამოგვიბრუნებენ. ქოქოლას მოგვაყრიან, წყევლა-კრულვით გაგვიხსენებენ: კვერი რათ დაუკარით და მსუნაგ ბაზარნიკებისა და კვარტალნების ხელში რათ ჩაგვაგდეთო!.. ეს ამქრის მადლით ნაკურთხი ხელები ხომ სისხლში დაგვასვრევინეს, - ბარემ სულ დავისვაროთ და ეგ იქნება!.. რახან ბუნტია, ბუნტი იყოს, ბუნტი ისეთი, რომ მაგათი ცოდვით მთელი დუნია იწოდეს!..

მინასას ხმა იმისმა დამქაშებმა „მედროშკე“ შაუა სოლოლაკელმა, ყრუჩა მეჩუსტემა და თებელმა იოსებამაც დააწიეს:

- სიყმის მზემ, ღვთის პირით ლაპარაკობს!..

- მიდი, მინას, მიდიიჰ!..

- ბაშაუსტა, მინასაჯან!.. - აქეზებდნენ აქეთ-იქიდან.

მოხუცები დინჯად უცქერდნენ და თავს სინანულით იქნევდნენ.

- ეჰ, კარგია დაა!.. რუსს ჩვენ რას გაუძლებთ!.. მოდი ისევ დაუთმოთ, კანონს შევურიგდეთ!.. - მაგრამ ფიცხმა ახალგაზდობამ დროულ კაცებს არ დაუჯერა, მათი რჩევა შორს დაიჭირა, და მალე გოგილოს აბანოებთან ჩადგმული ზარბაზნებიც აგრიალდნენ, მათ თათრის მეიდნიდანაც მისცეს ბანი.

სროლაზე ხალხმა იხუვლა და ციციანთ დაღმართისაკენ გამოეშურა, მაგრამ გზა შეკრული რომ დახვდა, ადგა და სირაჯხანის თავზე რუსეთში გადასახლებულ დარეჯან დედოფლის ნასახლარი დაიკავა.

- მიდით!.. მიდით!.. - ყვიროდნენ გახელებულნი და მეტეხის კალთებზე მომდგარ ჯარს რიყის ქვა შხუილით დააყარეს.

ბესოც მარაქაში გაერია, ქვებს ისიც ისროდა. მაგრამ ზარბაზნებთან ქვით რას გახდებოდნენ და აკი დამარცხდნენ კიდეც.

აჯანყების ცეცხლი ცეცხლითვე იქნა ჩაქრობილი.

ბევრი ციხეში ჩაალპეს, ბევრიც სულით ხორცამდე დაღუპეს: თებელი ოსება, მინასა კრუაშვილი, ბადალაშვილი, დერციკი ქიტესა, ორნი ძმანი ქსანთუაშვილები... ის ნაიუნკრალიც თავის გზას გაუყენეს.“

გიორგი ჭეიშვილი