თფილისის ბაზარი |

[სერგეი მესხი, გაზეთი „დროება“, 1876 წ.]

„ბაზარი - კუჭია ქალაქისა. ბაზარში მოაქვთ, აქ გროვდება ყოველი ხორაგი, რაც კი ადამიანის საკვებს, იმის საჭმელ-სასმელს, იმის ნამდვილ „აუცილებელ საჭიროებას“ შეადგენ.

თუ ბაზარი უხეიროა, თუ იქ უწესოება, უთავბოლობა ჰსუფევს, მთელი ქალაქის მცხოვრებლები გრძნობენ ამას, ყველანი შეწუხებულნი და შევიწროებულნი არიან.

ეს უბრალო ჭეშმარიტება რომ ესმოდეს ჩვენ ქალაქის გამგეობას, უეჭველია, ჩვენი ბაზრის საქმე ისეთს საძაგელს მდგომარეობაში არ იქნებოდა, ისეთი უწესოება და უპატრონობა არ ისუფევდა იქ, როგორც ახლა ვხედავთ.

მართლაც, ძნელად თუ სადმე სხვა ქალაქში ნახულა ისეთი უპატრონო, უწესო და ურიგო ბაზარი, როგორც ამ ჩვენს ქალაქში ვხედავთ.

ერთი მიდით, ნახეთ - რა ამბები ხდება-და! ერთი ჩაიარეთ, დაათვალიერეთ - როგორი ბაზარი გვაქვს და ამ ბაზარში რა წესები ჰსუფევენ! ეს ბაზრის საქმე ხო ლუკმა-პურის საქმეა და ლუკმა-პურის საქმე ისეთი ხალხისათვის, რომელიც დღე და ღამე ამ ლუკმა-პურზე ზრუნავს!

ვინ უნდა იყოს ქალაქის საქმეებისა და ამათ შორის ბაზრის პატრონი? - თვითონ ქალაქისაგან ამორჩეული ქალაქის გამგეობა?

ვინ არის ნამდვილი ბატონი და მბრძანებელი? - ჩარჩები და ბაყლები!

***

★ „ჩვენის ქალაქის ბაზრებში ჩარჩ-ვაჭრებს აღკძალული აქვთ, იყიდონ სოფლებიდამ ჩამოტანილი ხორაგეულობა და ყოველ-გვარი ნობათი, სანოვაგე და სალეველი ხილეულობითურთ.

საქალაქო გამგეობის გარდაწყვეტილების ძალით, თუ არა ვცდებით, შუადღემდე ჩარჩი ვაჭარი არ უნდა გავიდეს მეიდნებზე ზემოხსენებულის სავაჭროს სასყიდლად. მხოლოდ 12 საათს შემდეგ, როცა სოფლურის სავაჭროს გამყიდველი და ქალაქელი მომხმარებელი უშუამავლოდ, უჩარჩოდ ივაჭრებენ ნებაყოფლობით, შეუძლიანთ გავიდნენ ბაზარში ზემოხსენებული ჩარჩნიცა და იყიდონ დანარჩენი სოფლური სავაჭრო თავიანთ დუქნებში დასაწყობად და ჰყიდონ, როგორც უნდათ.

გადაწყვეტილი ასეა და ასეც უნდა იყოს კეთილად მოწყობილს ქალაქში, როგორც სოფლელთა და ისე ქალაქის მკვიდრთა დასაფარავად ხარბისა და ფლეთა-გლეჯია ჩარჩებისაგან, მაგრამ ამ წესსა და რიგს ჩვენებური ბაყალ-მედუქნეები არას დასდევენ. გაჩნდება თუ არა სოფლელი მეიდანზე, მაშინვე ეცემიან, ბეს აძლევენ ყველაფერში, რაც ჩამოტანილი აქვთ და 12 საათს უკან მიაქვთ თავიანთს დუქნებში, რომ იქ გაჰყიდონ და ერთი-ორად მეტი ფასი აიღონ.

დილის 8 საათზე რომ მიხვიდეთ ბაზარში, ვეღარასა ჰნახავთ გასასყიდს სოფლელების ხელში: ყველაფერი წინადვე დაბევებულია და გლეხ-კაცი იმასა ჩივის, ბე მომცეს და აღარ მიაქვთ, რო მალე წავიდე აქედამ, ვინ იცის, რამ სიშორიდამ ჩამოვსულვარო. ჩარჩი-კი ვერ მივა, რასაკვირველია, შუადღემდე, რადგანაც გამგეობის აგენტები 9 და 10 საათზე უკვე მიბრძანდებიან ხოლმე ბაზარში და ამის ნებას აღარ აძლევენ.

ქალაქის აგენტებიცა ჰხედავენ ამ უწესო ამბავს, მაგრამ გულს ასე იმშვიდებენ: ისწავლონ სოფლელებმაც წესი და ჭკუით მოიქცნენო.

სოფლელმა რა ჰქნას: ათასში ერთხელ ძლივს ჩამოდის ქალაქში და ან ქალაქის წესისა რა გაიგოს და ან ჩარჩი და ნამდვილი მუშტარი როგორ გაარჩიოს ერთმანეთში.

ჩვენის აზრით, არ იქნება ურიგო რომ ქალაქის გამგეობამ იზრუნოს და ამ საგანს ღირსეული ყურადღება მიაქციოს [1890 წ.]“, - 📕 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

***

ნუ გაგიკვირდებათ ან ნაირი სიტყვა: რაც ჩვენის თვალით გვინახავს და რაც სანდო კაცებისაგან, ბაზრის მცოდნეებისაგან გაგვიგონია, იმას მოგახსენებთ.

და ჩვენ აი რა გვინახავს ჩვენის თვალით და ჩვენის ყურითაც აი რა გაგვიგონია:

აი სოფლელი, რომელსაც ვინ იცის რის ვაი-ვაგლახით მოუტანია რამდენიმე ფუთი, ვსთქვათ, კომბოსტო; დაუდვია ურემზე და ხუთმეტი-ოცი ვერსის სიშორიდამ ქალაქში მოაქვს გასასყიდად.

აი მეორე სოფლელი, რომელსაც ამ გვარისავე შრომით და ოფლის წურვით მოყვანილი ხახვი ჩამოუტანია.

აი, ესეც მესამე, რომელსაც ხილი აქვს.

ყველანი ბაზარში მოდიან, ყველანი ამ თავიანთ ნაწარმოებისაგან აღებულის ფულით მოელიან ხელმწიფისა და ბატონის, მღვდლისა და ერის კაცის ხარჯის გადახდას, ცოლ-შვილის გამოკვებას და შემოსვას.

ქალაქის ღარიბ ხალხსაც ამის იმედი აქვს: იცის, რომ სოფლელი ქალაქელ ჩარჩზე და საზოგადოთ ვაჭარზედ უფრო იაფად ჰყიდის ხოლმე და იშურება ბაზარში, იქვე, ურემზედვე იყიდოს ყველაფერი, რაც იმის ღარიბ ოჯახს ეჭირვება.

მაგრამ სად არის! ჩარჩები და კინტოები ჯერ ქალაქს გარეთ, დიღმის, ვერის ან წავკისის გზებზე უხვდებიან სოფლელებს და ერთმა ღმერთმა იცის, როგორის ხერხებით, მოტყუებით და ხშირად ძალადობითაც ართმევენ და ჰყიდულობენ ხსენებულ საგნებსა და მოაქვთ ქალაქში! მოაქვთ იმისთვის, რომ შემდეგ ან სხვა ვაჭარს ვისმე მიჰყიდონ ერთიანად, ნარდათ და ან თვითონვე გაჰყიდონ მომხმარებლებზე ერთი-ორად, ერთი-სამად.

***

★ „თფილისის განცხადებანი“ მიაქცევენ საზოგადოების ყურადღებას ერთს მართლაც საყურადღებო გარემოებას:

ქალაქის გარშემო, ყოველის მხრით, საიდამაც კი შემოაქვთ ახლო-მახლო სოფლებიდამ გასასყიდლად ქათმები, ინდაურები, ქერი, ბზე, შეშა, კვერცხი, წვანილი, ხილი და სხვ., ყველგან გამართულია დუქნები, რომლის პატრონები უხვდებიან გზაზე ამ სოფლიდამ მონავალ ხალხს და ხშირად ძალ-დატანებით ჰყიდულობენ იმათგან ნახევარ ფასად ყველაფერს, რაც კი წამოუღიათ შინიდამ ქალაქში გასასყიდლად; შემდეგ ამათ შემოაქვთ ქალაქში და ერთი-ორად ჰყიდიან...

ურიგო არ იქნება, რომ ვისგანაც ჯერ არს, ამ გარემოებას ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს.“

***

★ „თფილისის განცხადებანი“ გვაცნობებენ, რომ ჩარჩები, სხვათა შორის, ნახშირსაც კი ჰყიდულობენ და აგროვებენ თურმე ერთ ალაგას, და ამის გამო ამ უკანასკნელ დროს ნახშირი ისე გამძვირდაო, რომ თითქმის წონით ისყიდებაო, გირვანქაში 7 კაპეიკი მოდისო“.


[გაზეთი „დროება“, 1878 წ.]

***


★ „ტფილისის მოედნებზე აქა-იქ ურმებიდამ წვრილ-წვრილად იყიდება ღვინო. ვინაც არ იცის გარემოება, ეგონება, რომ ეს ღვინო ჩამოაქვს თითონ ვენახის პატრონს გლეხსა და პირდაპირ მხმარებელზე ასაღებსო.

მართლა რომ ასე იყოს, დიდი სარფა იქნებოდა როგორც მყიდველისათვის, აგრეთვე მწარმოებლისათვისაც. მაგრამ ძნელი ის არის, რომ საქმე სრულებით სხვა გვარად დაუტრიალებიათ ჩვენებურ ჩარჩებსა.

რაკი ჩარჩებმა მოჰკრეს ყური, რომ ქალაქის გამგეობა არ უშლის სოფლის ხალხს პირდაპირ მხმარებელთან დაიჭიროს საქმე თავის ნაწარმოების გაყიდვაში, მაშინათვე გაემგზავრნენ სოფლებისაკენ, იყიდეს ღვინოები, მოიპოვეს გლეხ-კაცის მოწმობა და ჩამოიტანეს რუმბები ტფილისში. იშოვნეს შიგ ტფილისში აგრეთვე ძველი დამტვრეული ურმები, რომელიც დააყენეს მეიდნებზე და დაიწყეს ღვინის გაყიდვა.

მსურველი ადვილად დარწმუნდება, რომ იმ ურმების გადაგორებაც-კი შეუძლებელია, არა თუ სოფლიდამ მათზე ღვინის ჩამოტანა. ჩარჩებს რუმბები უწყვიათ სახლში, თითო-ოროლა გამოაქვთ მეიდნებზე და როცა დაიცლება ერთი რუმბი, მაშინათვე გამოიტანენ მეორესა და დასდებენ იმავ დამტვრეულ ურემზე.

ღვინოს, რასაკვირველია, ისე აფუჭებენ, როგორც-კი შეიძლება და როგორადაც თავის დღეში გლეხი-კაცი ვერ გააფუჭებს, „არ დაიდებს ცოდვასა“. მუშტარს-კი ჰგონია, პირდაპირ სოფლის ღვინოს ვყიდულობო.

თუ მართლა რომელსამე გლეხს მოუვა აზრად ჩამოიტანოს თავისი ღვინო ურმით და წვრილ-წვრილად გაასაღოს, ვაი იმის ბრალი ამ უწყალო ჩარჩების ხელში! მუშტარს არ მიაკარებენ, წინ გადაუდგებიან, უძაგებენ ღვინოს, ეჩხუბებიან გლეხსა იქამდის, რომ სულ თავ-ბედს აწყევლინებენ და ბოლოს ნახევარ ფასად თითონ დაინარჩუნებენ სხვის საქონელსა.

ჩვენი ქალაქის გამგეობას ძრიელ დიდი სიფრთხილე ჰმართებს, რომ ამ მხრით მეღვინე-ჩარჩებმა ასე ხელ-აღებით არ გააცრუონ ხოლმე მისი დადგინება, რომელიც ისე სასარგებლოა ქალაქისა და სოფლისათვის და რომელსაც ფრჩხილის ოდნავაც ვერ შეუსრულებია თავისი დანიშნულება [1887 წ.]“, - 📕 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

***

ან გადაურჩა, ვსთქვათ, სოფლელი გზაზე დამხდომ ვაჭრებს. ჩამოიტანა ბაზარში თავის კომბოსტო, ხილი ან წვანილეული. რამდენ წვალებას გამოივლის, რამდენ შაურს გადიხდის, სანამ ურმის დასადგმელ ალაგს მონახავდეს! ვისაც აქვს უფლება და არა, ყველა ამ ხამ კაცს დაეხვევა. საიდამაც არი, გაჩნდებიან იგივე ჩარჩები და კინტოები; ერთი ურმიდან სტაცებს; გამოუდგა იმას წასართმევად. ათი სხვა მიადგა იმის ურემსა და ისე ალაგებენ იქიდამ სავაჭროს, თითქო იმათი საკუთრება იყოს. დღე არ გავა ისე ბაზარში, რომ ერთი ჩხუბი, ყვირილი, ვა-ვაგლახი არ შეიქნეს; და ყველა ამ უწესოების მიზეზი უფრო ხშირად ის არის, რომ კინტოებმა ან დაიტაცეს სოფლელის ურმიდამ, რაც რამე იყო შიგ, ან თვითონ იმას მოსჭრეს ჯიბე და ან სხვა რამე ამ გვარი.

***

★ „მაგრამ კოკა სულ მუდამ წყალს ვერა ჰზიდავსერთხელაც იქნება გატყდება. სწორედ ასე მოუვიდათ კინტოებს. მუდამ ხომ იმათკენ არ იქნება გამარჯვება; სეტყვას ქვა დაჰხვდება ხოლმე. აგერა, 24 ივლისს, დილით ხუთ საათზე, რას შეეხეთქნენ გამარჯვებული კინტოები:

იარმუკაში ჩაიარა ზალისელმა გლეხმა მიხა შავხალაშვილმა თავის ცარიელ ურმით, რომლითაც კიტრი ჩამოეტანა. გამოვარდა ჯერ ერთი კინტო-ბაყალი და ჩაუყარა ურემში ერთი თაბახი ნაგავი. შენიშნა გლეხმა და უთხრა:

აბა, რათ მიყრი ურემში ნაგავსა, ვერა ჰხედავ შიგ საქონლისათვის თივა მიდევსო!”

იმიტომ-რომ უნდა გადაჰყაროვო, უთხრა კინტომ.

ამ დროს მეორე ბაყალმაც მოიტანა ნაგავი და ჩაყარა ურემში. გადმოუხტა გლეხი, დააყენა ურემი და მრისხანედ შეუძახა: გადმოიღე შენი ნაგავიო.

ეჰეი, დარდაკ! რის ნაგავი! წადი დაიკარგე იქით, თორემ ბევრიც მოგხვდება, აი.

როგორ თუ მომხვდება? გადმოიღე შენი ნაგავი-მეთქიო, და მოჰკიდა ბაყალს ხელი. ბაყალმა შემოჰკრა ფერდში მუშტი. მაშ შემოკვრა ეგრე-კი არ უნდაო, წამოიძახა გლეხმა, გაუდგა გვერდზე ბაყალს და აწნა სახრეები მხარ-ბეჭებში. თუმცა ათი კინტო-ბაყლებიც შემოეხვია, მაგრამ ერთიც ვერ შეუვიდა სახრეში. მანამდინ სცემა ბაყლებს იფნის სახრით, სანამ სირცხვილისაგან კინტო-ბაყლები უკან არ გამობრუნდნენ.

უსამართლოს, შვილოსა, ჩვენშიაც უსამართლოდ ექცევიანო, შემოუძახა ბაყლებს გამარჯვებულმა გლეხმა და გაუდგა თავის გზასა [1887 წ.], -📕„1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

***

კარიკატურა, 1916 წ.
სოფლელი ჰხედამს, ხელს სტაცებს თავის გამცარცველს, მაგრამ დაჭერილს ათი ამხანაგი უჩნდება, გამოჰგლეჯენ ხელიდამ, და კიდევ კარგი, თუ მარტო ამ ქურდის განთავისუფლებას დაკმაყოფილდნენ: ისიც გვინახავს, რომ ამისთანა შემთხვევის დროს სოფლელი კარგა შნოიანად მიებერტყოსთ და ყველაფერი წაერსთმიოსთ.

სად არიან ამ დროს ბაზარნიკები, რომელთაც ქალაქის გამგეობისაგან ბაზარში წესის დაცვა აქვთ მინდობილი? როცა და საცა ყველაზე უფრო საჭიროა იმათი ყოფნა, სწორეთ იმ დროს იქ არა სჩანან ისინი. მაგრამ კიდეც რომ იყვნენ, ნუ თუ გგონიათ, რომ სოფლელი იმათგან დაცვას უნდა მოელოდეს? ბოროტი ენები ამტკიცებენ, რომ ეს ბაზარნიკები ამ გვარ საქმეებში მონაწილენი არიანო...

***

★ „საზოგადო ჩივილი ისმის ქალაქში სიძვირეზედ. ღარიბ ხალხს თან-და-თან უძნელდება თავის ცოდვილი სხეულის დაკმაყოფილება.

ამასთანავე ყოველის მხრით უკმაყოფილებას აცხადებენ ქალაქის გამგეობის პოლიციაზე, ანუ ესრედ წოდებულ ბაზარნიკებზე; გვეუბნებიან და გვწერენ, რომ ქალაქის ტაქსას ვაჭრები სრულიად არ უყურებენო, როგორც შეხვდებათ, როგორც მოახერხებენ ისე ატყვილებენ ხალხს, და ბაზარნიკებს კი ამ დროს დაუღიათ პირი და შესჩერებიან ვაჭრებს, ხმასაც არ იღებენო...

ეს თითქმის ერთად-ერთი ნაკულევანებაა (მაგრამ მსხვილი ნაკლულევანება კი არის) ჩვენის ქალაქის გამგეობის წევრებისა, რომ ბაზარს სრულებით ყურადღებას არ აქცევენ, და თუმცა ბაზრის უწესოებაზე ჩვენ და სხვა გაზეთებსაც რამდენჯერმე მიგვიქცევია ქალაქის გამგეობის ყურადღება, მაგრამ, საუბედუროთ, არა გამოდის-რა.“

[გაზეთი „დროება“, 1877 წ.]

***

★ „ჩვენ შევიტყეთ, რომ იარმუკის ბაზარნიკის უფ. წითლიევისათვის ამ დღეებში ორ ყასაბს შეურაცხყოფა მიუყენებია იმ დროს, როცა ბაზარნიკი ნებას არ აძლევდა იმათ, რომ ტაქცაზე მომეტებულ ფასით გაეყიდნათ ხორცი. ამბობენ, რომ ეს საქმე პროკურორს გადასცესო“.


[გაზეთი „დროება“, 1878 წ.]

***

★ „ერთს ცნობის-მოყვარეს ტფილისში უყიდნია სოფლელისაგან რძე ამ ოც-და-შვიდის დღის წინად. თურმე ეს რძე დადგა ქილით განჯინაში და ხელ-უხლებელი დასტოვა.

რძე ისეთის საკვირველის თვისებისა გამომდგარიყო, რომ დღესაც იმავ გემოსი და ფერისაა, როგორც ყიდვის დროს იყო. უეჭველია, რომ ეს რძე-კი არა, რაღაც შეზავებული სითხეა.

როგორც გვითხრეს, თურმე ტფილისელი კინტოები ჩაიცმენ ხოლმე გლეხურად და, ვითომ სოფლიდამ ჩამოგვაქვს რძეო, ასაღებენ ამ სითხეს.

კარგი იქმნებოდა, რომ ექიმებს მიექციათ ამისათვის ყურადღება და უკეთუ ეს მოვლენა ზოგადია, ეხმარათ ღონისძიება მის მოსასპობად [1887 წ.]“, -📕„1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

***

ჩვენ, რასაკვირველია, არ გვჯერა ეს, მაგრამ ამისთანა ყურადღების მიუქცევლობა და გულ-გრილობა რას არ აფიქრებინებს კაცს.

როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად ხახვი, (რომელიც ჩვენ ქალაქელებს ასე უყვარს), ძალიან ძვირობს. რისგან არის ეს? ამბობენ, რომ ამ ზაფხულ ქალაქში ხახვი შემოსულა, სულ ორ-სამ კაცს, ჩარჩს უყიდნიათ და სავსე სარდაფი აქვთ და როგორც უნდა ასწევენ და დასწევენ იმის ფასსაო. ამ გვარადვე იქცევიან ისინი ხორცზე, თევზზე, წვანილეულზე, ხილზე და სხვა ყველა საკვების თაობაზედაც.

სად არის, ვინ უყურებს ტაქცას! აბა ერთი აიღეთ ხელში ეს ტაქცა და იმ ფასებით მოინდომეთ რაიმე ხორაგის ყიდვა! პირში დაგცინებენ ჩარჩები! „არ მინდა, არ ვყიდიო!“ გეტყვისთ და გაუდისთ, გაუდისთ იმიტომ რომ იციან, ბოლოს კიდევ იმათთან მიხვალ, (რადგან სხვაგან არ იშოვება) და იმ ფასათ იყიდი, როგორც იმათ ჰსურთ.

***

★ „კვერცხით მოვაჭრენი ხშირად ეშმაკობენ, კვერცხებს ინახავენ, ბაზარში ცოტა გამოაქვთ, ხმას ავრცელებენ, რომ სოფლიდგან კვერცხი აღარ შემოაქვთო და ამის გამო ფასს უმატებენ. 

გუშინ სავაჭრო-სამეურნეო უფროსმა ზედამხედველმა ჯაბადარმა ერთს საწყობში 40 ფუთი1 კვერცხი იპოვნა, რომელიც ერთს ასეთ ვაჟბატონს შეენახა. პოლიციამ უბრძანა მოვაჭრეს კვერცხის ბაზარში გატანა და ასის ცალის 1 მან. 60 კაპ. გაყიდვა [1898 წ.]“, - 📗 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი III [1896-1900 წწ.]

***
ამბობენ, ამ ოცი-ოც-და-ხუთი წლის წინათ, კანონათ იყო დადებულიო, რომ შუადღემდინ სოფლელისაგან ვაჭარი ვერაფერს ვერ იყიდდაო; ამ დროს მხოლოთ მცხოვრებლებს, მხოლოთ პირ-და-პირ მომხმარებლებს და არა ამათა და მწარმოებელთ შუა შუამავლებს უნდა ეყიდნათ რაც ეჭირებოდათ დადებულ ფასათაო. ვაჭრებს კი მხოლოდ ნაშუადღევს შეეძლოთ სოფლელისაგან იმათი ნაწარმოების ყიდვა. ეს წესი მაინც რაღათ გადავარდა? აქედამ ცოტა შემსუბუქება მაინც ექნებოდა ქალაქის ღარიბ მცხოვრებთა!
რა სახსარი შეიძლება ურჩიოს კაცმა ქალაქის გამგეობას ამისთანა უწესოების მოსპობისათვის ჩვენ კუჭ-ბაზარში?

ჩვენ ზედ-მიწევნით მცოდნენი არა ვართ ბაზრის საქმისა; მაგრამ, რადგან ამგვარი მცოდნენი ხმას არ იღებენ და ხელს არ ანძრევენ, საჭიროთ ვსთვლით ჩვენ მაინც ვშთქვათ რამე:

ყველა კეთილ-განწყობილ ევროპის ქალაქში არის გამართული დიდი შენობა, ბაზარი, საცა მხოლოთ სოფლის სხვა-და-სხვა ნაწარმოები ისყიდება. ეს ბაზარი (les halles) ქალაქის შუაგულ ალაგშია, რომ ყველა უბნის ღარიბ ხალხს შეეძლოს დილით ადრიანად წასვლა და ვაჭრობა. ფიცხელი კანონებია აქ, და ტაქცა თითქმის ყოველ ნაბიჯზე არის აკრული. ქალაქის პოლიცია მუდამ აქ იმყოფება და ყურს უგდებს ვაჭრობაზედ. თუ ვინმემ მომეტებულად გაჰყიდა, ან სხვა რამ უწესოება ჩაიდინა, ან უვარგისი ხორაგი შემოიტანა, იმწამსვე სასამართლოში მიჰყავთ და ჯარიმითა და სხვა-ფრივ როგორ სჯიან.

***

★ „უკვე კაი ხანია რაც საზამთრო და ნესვი შემოიტანეს ქალაქში გასასყიდად. პირველ შემოსვლაზედ ისე ძვირადა ჰყიდნენ, რომ მოვაჭრეებს ბევრი გასასყიდი რჩებოდათ. ნამეტნავად მეწვრილმანეების დუქნებში ბევრი ნესვ-საზამთროა დარჩომილი. 

ეხლა მოვაჭრეები, რასაკვირველია, იმასა სცდილობენ, რომ პირველ მუშტარს მოახვიონ თავზედ ეს უვარგისი და დაბეჟილ-დათეთქვილი ნესვ-საზამთრო. თუ გაჰბედა მყიდველმა და უკან მიუტანა, ვაი იმის ბრალი! ან ლანძღვა-გინებით უკანვე გააგდებენ, ან არა და დიდს უარზედ დადგებიან, ჩვენგან არ გიყიდნია, პირველადა გხედავთო და სხვა [1898 წ.]“, - 📗 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი III [1896-1900 წწ.]

***

ჩვენს ქალაქს, რომელსაც ერთი რიგიანი ყასაბხანაც ვერ გაუმართავს, ამისთანა ცალკე შენობის გამართვას განსაკუთრებით სოფლის ნაწარმოებისათვის, რასაკვირველია, ვერ მოვთხოვთ. მაგივრად ჩვენ სრულის უფლებით შეგვიძლიან მოვთხოვოთ იმას:

1. რომ ქალაქის სხვა-და-სხვა ჩარჩებს, ბაყლებსა და კინტოებს შუადღემდინ აღკრძალული ჰქონდეს სოფლელებისაგან ხორაგის ყიდვა;

2. რომ უფრო სინიდისიანი ბაზარნიკები დააყენონ ყველა მაედნებზე, საცა კი ხორაგის ვაჭრობაა და:

3. რომ თვითონ გამგეობის წევრნი დაიარებოდნენ რიგ-რიგათ ბაზარში, ყოველ დღე თუ არა, კვირაში სამჯერ მაინც და თვალ-ყურს ადევნებდნენ როგორც თვითონ ვაჭრობას, აგრეთვე ქალაქის პოლიციის მოქმედებასა.

იქნება ამ სახსრებმა ცოტათი შეუმსუბუქოს, ამ თავით მაინცა, მდგომარეობა იმ ჩვენ ღარიბ ხალხს, რომლის ბედისათვის საზრუნველად ეს ქალაქის გამგეობა დანიშნულია და რომელიც გაკვირვებით ამბობს ახლა: „არა, ე პური და ღვინო წელს, ღვთით, ბლომად მოვიდა; მა ეს სიძვირე საიდამ უნდა იყოს!“

***


★ „ჩვენ შევიტყეთ, რომ რამდენიმე პირნი (ქართველთაგანნი), რომელნიც კარგათ გრძნობენ - თუ რა შეწუხება ადგიათ ქალაქის მცხოვრებთ ვაჭრებისაგან, განსაკუთრებით ხორაგეულის და სხვა აუცილებლად საჭირო საგნების გამყიდველებისაგან, აპირებენ თფილისში ახალ „მომხმარებელთ“ ანუ „დამზოგველ“ საზოგადოების გამართვას“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ.

გიორგი ჭეიშვილი