სერგი მაკალათია - ახალწლის მიგებება საქართველოს სამეფო კარზე |


„საქართველოს სამეფო კარზე ახალწელიწადს დიდის ზეიმით ეგებებოდნენ. სასახლის ყოველივე ხელისუფალი, თავიანთ სახელოს მიხედვით, მეფის და მის სახლეულის მორთვა-მოკაზმვას, ამ დღის შესახვედრად, ერთის კვირით წინ შეუდგებოდნენ. მსახურთ-უხუცესი მოლარეთ-უხუცესისაგან მოიღებდა ძვირფას საფენებს და მეფეს სადარბაზო ოთახს მოუფენდა. მონადირეთ უხუცესი მეფეს შემოსავდა ძვირფას ტანისამოსით:

„მას წელიწდის თავს დღეს მეფე არავის(გან) შე(ი)მოსოს ამისგან კიდე, რომ მონდირეთ-უხუცესი ყვთლით ყაბარჩით შეიმოსების, სახელმოკლით, ტყავიანითა მოყვინთულითა, არა დია პრტყელად, თავსა და საყელოსა კარგისა ყვნდიზისა და მაღლად აშვერილსა, მჭალოდ შეკერილსა ქუდსა დაარქვამს“.

ამგვარად მორთულ მოკაზმულ მეფეს მაღალ სკამზე დასვამდნენ. საახალწლო ტაბლას, შუაზე ველურ ტახის თავით, წინ დაუდგამდნენ. ხელისუფალნი, თავიანთ სახელოს მიხედვით, მეფის გარშემო ზოგნი სდგებოდნენ და ზოგნი სხდებოდნენ:

„მკერვალთ-უხუცესი და ტყის მცველნი დასხდებიან და მეხელადეთ-უხუცესნი დგანანო“.

პირველად მეფეს, ცისკრის ლოცვის დაწყებამდე, ვაზირთა შორის უპირველესი, მწიგნობართ-უხუცესი უკვლევდა ჯვრით, ხატით და ძვირფას ნივთების მირთმევით.
მილოცვის შემდეგ მწიგნობართ-უხუცესი მეფე-დედოფალს ტკბილეულით „დააბერებდა“. იმავე დღეს წირვის შემდეგ დაიწყებოდა მილოცვები ერისთავთა, ვაზირთა დარბაზის ერთა და სხვა ხელისუფალთა უმფროს-უმცროსობით.
ყოველი მომლოცველი მიართმევდა მეფეს მის სახელოს დამახასიათებელ სახის ძღვენს.

ხელოსანთა და ვაჭართა წარმომადგენელნი მილოცვისთანავე მიართმევდნენ მეფეს თავიანთ ნაწარმოების საუკეთესო საგანს.

პირველად მეფეს ბაზიერთ-უხუცესი ულოცავდა ქორ-შავარდნით და ველური ტახის მოოქრულ თავის მირთმევით, შემდეგ მეჯინიბეთ-უხუცესი, შეკაზმულ ცხენს ოქრო-ვერცხლით შემკობილს.

ამირ-სპასალარს მეფისათვის ძღვნად უნდა მიერთმია - ბურთი, ჩოგანი, ცხენი „უკეთსი მოიღოს საგამგეოსა“.

დადიანს საწელისწდისთავო ძღვნად უნდა მიერთმია; სამი ცხენი, ორი უკეთესი და ერთი სატალახე.

საწელისწდისთავო ძღვენი აგრეთვე ემართა ზოგიერთ მონასტრებასც.

კარის გარიგებაში მოხსენიებულია გელათური ძღვენი - „საჭარმაგეო სეფისკვერი, სამი შეკანული ღვინო, ზუთხი და სატალახე ცხენი“.

დანარჩენ ხელისუფალთა მიერ მირთმეულ ძღვნის შესახებ პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება, მხოლოდ ნათქვამია: „და სხვანი ოფიკალნი თავის-თვისთა შესატყვისა“-ო.

საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალთა შორის ერისთავთა შესახებ ნათქვამია, რომ ისინი ულოცავდნენ მეფეს „არა კეთილთა ცხენის მირთმევითო“, ე.ი. ულოცავდნენ გამხდარ და ჯაგლაგა ცხენებს.

გარდა ამისა, ყველა ზემოხსენებული მომლოცველნი მიართმევდნენ მეფეს ისარს (უძველეს დროს) ანუ ტყვიას (შემდეგ) და წყევლა-კრულვით მოიხსენიებდნენ მეფის მტრებს, შემდეგ კი სიტყვებით:

„მრავალ ჟამიერ ჰყოს ღმერთმან მეფობა თქვენი და ისარი ესე ანუ ტყვია განერთხას მეფობისა თქვენისა ორგულთა“.

დიდ ხელისუფალთა შემდეგ ახალწელიწადს მეფეს ულოცავდნენ სრულიად დარბაზის ერნი, სამეფოს დიდებულნი და ბოლოს სპანი და ლაშქარნი.
სადღესასწაულო დარბაზობას მოყვებოდა დიდი პურობა, „დიდი განცხრომითა და სახიობიოა“, რომელზედაც მიწვეულ იყვნენ სამეფოს საუკეთესო მომღერალნი, დამკვირვებლები და მოცეკვავენი.
იმართებოდა მოშაირეთა შეჯიბრება, ფალავანთა ჭიდაობა და საბელზე თამაშობა.

ამგვარ გასართობებით თავდებოდა ახალწლის პირველი დღე.

მეორე დღე განკუთვნილი იყო ნადირობისთვის.

ლაშქრობა-ნადირობას დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა ძველს საქართველოში. ამ გარემოებას ადასტურებს თვით ახალწლის წესებიც, სადაც მონადირეთ-უხუცესს და მის სახელოს უპირველესი ადგილი უჭირავს, ნადირობას ამ დღეს, გარდა სავაჟკაცო ასპარეზობისა და გართობისა, სამეკვლევო მნიშვნელობაც ჰქონდა, მასთან დაკავშირებული იყო დამდეგ წლის ყოველგვარი ბედნიერება.

ახალწლის მეორე დღეს მეფე უფლისწულებით და დიდებულთა თანხლებით ნადირობდნენ, განსაკუთრებლივ მავნე ცხოველებზე.

ამგვარ ნადირობის მოსაწყობად ბაზიერთ-უხუცესი, ერისთავთა მიერ მორთმეულ „რა კეთილ“ ცხენებს დაახოცვინებდა წინა დღით და სანადიროდ ამორჩეულ მინდორზე დაჰყრიდნენ. ეს ადგილი შემოღობილი იყო და მეფის სადგომთან მოშორებით მდებარეობდა.

ღობის კარს ღამე განგებ ღიას სტოვებდნენ, რომ ლეშის სუნზე მავნე ნადირები შემოსულიყვნენ.

როდესაც სანადირო ალაგი ნადირით გაივსებოდა, სანადიროს მცველი დილა ადრიან ღობის კარებს ჩუმად მიხურავდა და იქ მყოფ ნადირებს შიგვე მოამწყვდევდა.

იმავე დღეს მეფე დიდებულთა თანხლებით ცხენებზე მსხდომარნი სანადირო მინდვრისკენ გაემგზავრებოდნენ. მათ მისვლისთანავე ღობის კარებს გააღებდნენ და დამწყვდეული ნადირები გარედ გამოსცვივდებოდნენ. ამ დროს შეიქმნებოდა თოფების და ისრების სროლა და ნადირთა ხოცვა.

რადგანაც ამ დღის ნადირობას სიმბოლიური ხასიათი ჰქონდა, ამიტომ ყველანი სცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ნადირი დაეხოცნათ.

ნადირის სახით მათ წარმოდგენილი ჰქონდათ თავიანთი მტრები, რომლებიც ახალწელსაც არ მოუსვენებდნენ და ამიტომ სურდათ მათზე წინასწარ გამარჯვება ედღესასწაულნათ.

ნადირობის შემდეგ სიმღერით და მოლხენით მეფე - დიდებულებით უკანვე ბრუნდებოდნენ „ესრედ იკვლევდიან და შემოვიდიან მხიარულნი სანადიმოდ“.

ამგვარად ატარებდნენ ახალწლის პირველ ორ დღეს სამეფო კარზე.

საახალწლო დღეს მოჰყვებოდა სახელმწიფოს საანგარიშო დავთრების გასინჯვა და შემოწმება.

მეფის დავალებით ამგვარი რევიზია მწიგნობართ-უხუცესს ჰქონდა მინდობილი.

ის თავის თანაშემწის, საწოლის მწიგნობრის თანხლებით, სავაზიროთა სალაროებს დაუვლიდა, გასინჯავდა საანგარიშო დავთრებს და სისწორით წარმოებულ საბუთებს დაბეჭდვით ამტკიცებდა.

კარის გარიგებაში ამის შესახებ ნათქვამია: „ამილახორი, მეჰბრეთ-უხუცესი, ზარდახნის-უხუცესი და მწიგნობარი წელიწადისა შიგან ერთხელ ზარდახანს შევლენ და ზარდახნის მწიგნობარი დასწერს, ანგარიშს იქმენ და საანგარიშო გოდორსა შიგან ჩასდებსო“.

ამგვარი პირდაპირი ცნებები სხვა სავაზიროების შესახებ ჩვენ არ მოგვეპოვება, გარდა ერთი მოკლე ნაწყვეტისა რომელიც სამეფოს საღვინეს ეხება: „ანგარიში საანგარიშო გოდორთა შინა ძეს“-ო.

მაგრამ შეგვიძლია ჩვენ მაინც ვიფიქროთ, რომ საწოლის, საჭურჭლის და სხვათა სავაზიროთა მწიგნობრობანიც ამგვარ ანგარიშებს ყოველწლიურად ადგენდნენ და სახელმწიფოს „საანგარიშო გოდორში“ ინახავდნენ.

გარდა ამისა, სახელმწიფოს პასუხის მგებელ მოხელენი, როგორც იყვნენ მწიგნობარნი, საქმის ბეჯით და კანონიერ წამოებისათვის სახელმწიფო სალაროდან საახალწლო ჯილდოს იღებდნენ:

„ზარდახნის მწიგნობარმა ყოველ რაი ასწეროს წლისა თავსა, ერთი უნაგირი ზარახნის მწიგნობარ უნდა მისცესო“.

გაზეთი „ბახტრიონი“, 1923 წ. 

გიორგი ჭეიშვილი