მაგრამ ძეგლი მოგვიანებით დასდგეს - 1892 წელს, 25 მაისს.
თვით ბაღი რამდენიმე წლით ადრე იყო გაშენებული, და ხალხი „ახალ ბაღს“ უწოდებდა; „პუშკინის სკვერი“ - ძეგლის საზეიმო გახსნის შემდეგ დაერქვა (1892 წ.)
ძველად ამ ადგილას ბაზარი იყო (ერევნის მოედნის ბაზარზე იხ. ჩემი წერილი - „ლიტ. - გაზეთი“, 1934, #23). ეს ბაზარი ნაშთი იყო იმ დიდი და აურზაურიან ბაზრისა, რომელიც ცოტა ზევით, ერევნის მოედნის შუაგულში იყო გამართული 30 წლებში. როცა ვორონცოვის ინიციატივით თამამშევმა აქ თეატრი და ქარვასლა ააგო (1847 წ.), მაშინ ეს ბაზარი ცოტა ქვევით გადაიტანეს, სწორედ იქ, სადაც ამჟამად პუშკინის სახელობის ბაღია გაშენებული. აქ, ვიდრე ბაღი გაშენდებოდა, - ალბათ, ბაზრის ხალხის მოსაზიდად, - ცირკი იყო გამართული, ამ მხარეს ჩოჩქოლი და ღრიანცელი არ აკლდა. დღე ბაზრობა იმართებოდა, საღამოთი - ცირკი. ერევნის მოედნის ეს ბაზარი 1885 წლამდე ბოგინობდა. ამ წლიდან ვაზარი ვერაზე გადაიტანეს).
პუშკინის ძეგლის გახსნის ცერემონიალი, 1892 წ. |
პუშკინის ძეგლის კურთხევას დიდძალი ხალხი დასწრებია. ყველა საქალაქო სასწავლებლიდან ათ-ათი მოსწავლე ყოფილა გაგზავნილი ზეიმზე; დღესასწაულს დაესწრო მასწავლებლობა, ქალაქის საბჭოს ხმოსნები, ამქართა წარმომადგენელნი და მგოსნის უამრავი პატივისმცემელი.
თბილისი მეხუთე ქალაქი იყო, სადაც პუშკინის ძეგლი დაიდგა.
ძეგლი მიუნხენში, არ შეუკვეთიათ, როგორც ამას 1889 წლის გაზეთები აღნიშნავდნენ. პუშკინის ძეგლის პროექტი შეადგინა მხატვარმა ფელიქს ხოდოროვიჩმა თბილისში და დამტკიცდა 1891 წლის 14 მარტს პეტერბურგში. იქვე ვერფელდის ქარხანაში ძეგლისთვის ჩამოასხეს ბრინჯაოს ბიუსტი მას შემდეგ, რაც იგი მხატვარმა ხოდოროვიჩმა გამოძერწა. ძეგლის კვარცხლბეკი ქუთათური წითელი და ყომრალი ქვისაა. ქვის მთელი სამუშაო შესრულებულია ტბილელი ოსტატის ვინჩენცო პილეჯის მიერ. ბიუსტის სიმაღლე ძეგლის გახსნის დროს მასალის მიხედვით, არშინ ნახევარს უდრის, კვარცხლბეკისა კი - 2 არშინსა და 12 გრეს. ძეგლის საერთო ღირებულება შეადგენდა 2236 მანეთს.
პუშკინის ძეგლი აღმართეს ხელის მოწერით შეგროვებული ფულით. როგორც სჩანს, ძველად ძეგლის დასადგმელად აუცილებელი ყოფილა. საზოგადოებაში შემოწირულებათა შეგროვება, ვინაიდან პოლიციური მთავრობა ამნაირ და სხვა საკულტურო ხარჯებს ყოველთვის ერიდებოდა. ასე მოიქცნენ გრიგოლ ორბელიანის ძეგლსაც, რომლის ასაგებად 1885 წელს ხელის მოწერა იყო გამართული (ძეგლი უნდა აეგოთ მოქანდაკე გედევანიშვილის მოდელის მიხედვით)...
პუშკინის ძეგლის აგებამ ქართველ მოღვაწეებს მოაგონა თავის სიამაყე შოთა რუსთაველი და აი, ილია ჭავჭავაძის გაზეთმა თამამად წარმოსთქვა: „შარშან ზაფხულში ძეგლი დაუდგეს რუსეთის გამოჩენილს პოეტს პუშკინს, ეხლა კი საჭიროა ქართველმა საზოგადოებამ იფიქროს შოთა რუსთაველის ძეგლის ასაგებათაო“ („ივერია“, 1893 წ. #133).
მაგრამ მაშინ შოთა რუსთაველისთვის ძეგლის დადგმა მხოლოდ ოცნება იყო... განუხორციელებელი ოცნება...
გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, 1937 წ.