პუშკინის ძეგლის კურთხევა ტფილისში |


★ „ორშაბათს, 25 მაისს, უნდა აკურთხონ ერევნის მოედანზედ გაშენებულ ბაღში პუშკინის ძეგლი. ამ დღისათვის ტფილისის ყველა საქალაქო სასწავლებლებიდგან ათ-ათი მოსწავლე იქნება მიწვეული და ამას გარდა ქალაქის საბჭოს ხმოსნებიც დაესწერებიან“, - გაზეთი „ივერია“, 1892 წ.
ორშაბათს, ამ თთვის [მაისი, 1892 წ.] 25, ნაშუადღევის პირველ საათზედ, რუსთა პოეტის ალექსანდრე სერგეის ძის პუშკინის ძეგლის კურთხევა იყო. ა.ს-ძე პუშკინის ძეგლი ერევნის მეიდნის პატარა ბაღში დაუდგეს ნება-ყოფლობით შეგროვილის ფულით.

ტფილისი მეხუთე ქალაქია, სადაც კი განსვენებულ პოეტს ძეგლს უდგამენ. პირველად დიდი ძეგლი დაუდგეს მოსკოვში, შემდეგ პეტერბურგში, კიშინიოვში, ოდესაში და ეხლა ტფილისში.

ძეგლის კურთხევის დღეს პუშკინის ბაღს დილიდგანვე დიდ-ძალი ხალხი მიაწყდა. ახლო სახლების აივნები, ფანჯრები და სახლის ბანები სავსე იყო ხალხით. პუშკინის ბაღი შემკობილი იყო დროშებით. ძეგლს გვერდზედ, რომელიც სავანეში იყო გახვეული, გამართული იყო მშვენიერი სამფეროვანი კარავი. აქედგანა სჩანდა ის სახლი, რომელშიაც 1829 წელს სცხოვრობდა ა.ს-ძე პუშკინი ორის კვირის განმავლობაში. ეს სახლი სულ ხვეულის ყვავილებით და დროშებით იყო შემკული. იმ აივნის მოაჯირზედ, სადაც განსვენებულს პოეტს უყვარდა ყოფნა, ყვავილებით დაწერილი იყო „1829“.

შუადღისას ხალხმა ძალიან იმატა. ბაღში მოიკრიფეს თავი: ტფილისის სამისავე კლასიკურ გიმნაზიის შეგირდებმა თავიანთ მასწავლებლებით, ინსპექტორებითა და დირექტორებითურთ, ქალაქის სასწავლებლების შეგირდებმა თავიანთ მასწავლებლებით და მრავალმა მოწვეულმა დიდ-კაცობამ.

[...]

პირველ საათზედ დეკანოზმა მამა ელიევმა ორის სხვა დეკანოზით და ექსარხოსის მგალობელთა გუნდითურთ პანაშვიდი გადიხადა განსვენებულის პოეტის სულის მოსახსენებლად. შემდეგ ძეგლს სავანე მოაშორეს და სამისავე გიმნაზიის შეგირდების შეერთებულმა სამუსიკო ხორომ დაუკრა ჰიმნი „Коль славень“.

პუშკინის ძეგლის გახსნის ცერემონიალი, 1892 წ.
ამ დროს ფოტოგრაფმა ერმაკოვმა რამდენიმე ფოტოგრაფიული სურათი გადაიღო. [...] ბაღში საღამომდე მუსიკა უკრავდა და ძეგლის სანახავად დიდ-ძალი ხალხი მოდიოდა.

[...]

გოლოვინის პროსპექტზედ მაღაზიების ფანჯრებში გამოკიდებულია ფოტოგრაფიის სურათები ა.ს. პუშკინის ძეგლის კურთხევისა, რომელიც 25 მაისს მოხდა ტფილისში.


გიორგი ჭეიშვილი