#მოგონებები ფიროსმანზე - ნიკალას „ტყვეობის“ ამბავი... |


[ნაწყვეტი გიორგი ლეონიძის მიერ ფიროსმანის შესახებ შეკრებილი ცნობებიდან - „ცხოვრება ფიროსმანისა“]

[ნიკალას მეგობრის - ბეგოს ნაამბობიდან...]

„ძმობილი მყვანდა - კოლა რუსიშვილი. რიყეზედ ლუდხანა ჰქონდა. ეხლა აღარ არის. პატიოსანი ყმაწვილი იყო და სურათების დიდი მოყვარული. ახალგაზრდობაში სხვასთან იდგა დუქანში მოჯამაგირედ. იქ გაეცნო ნიკალა და მისი სურათები თურმე გულში ჩაიდო, გავხსნი თუ არა საკუთარ დუქანს, ნიკალაის დავახატვინებო! 

მართლაც, დუქნის გაღებამდე ნიკალას დაუძახა და სურათებში გაურიგდა. ოთხივე კედელი უნდა გამოეხატა. მეც იქ შევესწარი. ნიკალაიმ მეორე დღესვე დაიწყო მუშაობა და თითო არაყზედ გამოჩარხული სურათები გამოჰყავდა.

გავიდა ორი დღე, ნიკო აღარ გამოჩნდა. 

კოლა ბიჭს გულთ შემოეყარა. რა ექნა? სურათები დაუმთავრებელი რჩებოდა. დუქნის გახსნაც ამით გვიანდებოდა.

მესამე დილას ბიჭებმა უთხრეს კოლას: 

- ნიკალაი დილას ვაგზალთან ვნახეთ, სვამდაო! 

გახარებული კოლა მაშინვე ეტლში ჩაჯდა და საძებრათ გაექანა. მართლაც, იმ დუქანშივე ენახა სადაც მიასწავლეს და ნიკალაი ფაიტონით მოიყვანა:

მთვრალმა და ღამე ნათევარ ნიკალაიმ ისევ აიღო ფუნჯი, მაგრამ კოლას რა იმედი ჰქონდა, რომ სურათებს დაუბოლოვებდა? მაშინ - „ხერხი სჯობიაო“, - იფიქრა კოლამ. 
ლუდხანაში შეიყვანა, აღარ კი გამოუშვა. გარედ დუქანს კლიტე დაადვა და სამი დღე ნიკალაი მუშაობდა. ცოტა საჭმელს, ცოტა სასმელს ფანჯრიდან აწოდებდა, როგორც ტუსაღს. მანამ ყველა კუთხეები არ გამოუხატა, არ გამოუშვა. მერე კი გაანთავისუფლა...“

გიორგი ჭეიშვილი