10 ამბავი XIX საუკუნის ტფილისელ სექს-მუშაკებზე |


★ „როდესაც ორთაჭალის გარყვნილ ლამაზმანებს ვხატავ, მათ შავი ცხოვრების შავ ფონზე ვათავსებ, მაგრამ მათაც გააჩნიათ სიცოცხლის სიყვარული - ეს ის ყვავილებია, რომლებიც მათი ფიგურების გარშემოა განლაგებული და ჩიტები მხრებთან. მე მათ თეთრ ზეწრებში ვხატავ, ვიბრალებ, თეთრი ფერით მე მათ ცოდვებისაგან ვასუფთავებ“, - ნიკო ფიროსმანი |

***

ძველი თბილისით დაინტერესებულ მკითხველებს ალბათ მოეხსენებათ, რომ რუსეთის იმპერიაში, შესაბამისად, მეფის რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოშიც, პროსტიტუცია ლეგალიზებული იყო და იდეაში, მკაცრ წესებსა და რეგულაციებსაც უნდა ყოფილიყო დაქვემდებარებული. მიუხედავად ამისა, რიგი მიზეზების გამო, ამ კუთხით ტფილისში „წესრიგის“ დაცვა ერთობ ჭირდა, იმდენად, რომ XIX საუკუნის ბოლოს, „სანამუსო სახლების“, ე.წ. ბორდელების შესახებ მსჯელობა, არცთუ იშვიათად, ქალაქის რჩევაშიც იმართებოდა.

გთავაზობთ ძველ ქართულ პრესაში არსებულ მასალებს, რომლებიც ძველი თბილისის სექს-მუშაკების ცხოვრებას და მათ თავსგადამხდარ ამბებს აღწერს.

აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი ფრაზა, ან სიტყვა, რომელიც მკითხველმა არაპოლიტკორექტულად, ან შეურაცხმყოფლად შეიძლება მიიჩნიოს, მხოლოდ და მხოლოდ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ტერმინები და ფრაზებია. ჩვენ მიერ მათი უცვლელად გადმოტანა არავის შეურაცხყოფას არ ისახავს მიზნად.

***
★ „ფქვილის მოედნიდან დაწყობილი ვიდრე აბანოებავდისინ, ქუჩების ორივე მხარეს მრავალი საროსკიპო სახლები იყო. ამ ქალებში მეტი წილი მაჰმადიანები იყო, სადაც პოლიციის მოხელენი არ იყვნენ, ეჭვი არ არის, რომ ყველა ადამიანი თავის ნანდომს იზავს, იმ დროსაც სწორეთ ისე იყო, ყოველ საღამოთი საღებავებით გაგლესილი ქუჩის აქეთ იქით გამწკრივებული ისხდნენ ხოლმე და გამვლელ კაცებს სახლში ეპატიჟებოდნენ, ხშირად კაცების ქუდებს იტაცებდნენ და სახლში გარბოდნენ. უკეთუ ვინმეს შენიშნავდნენ, რომ ზედ ფული აქვს, მოკვლა და მტკვარში გადაგდებაც იმათი ხელობა იყო. აბა, ვინ მოიკითხავდა ანუ თავს ვინ გაიცხელებდა გარეცხილ გარყვნილ ბოზებთან ლაპარაკსა და გამოძიებას“, - კარაპეტ გრიგორიანცი, „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“ 
***

[13 აპრილი, ხუთშაბათი, 1878 წ.]

„გასულ ორშაბათს, 10 აპრილს, ჩვენს ქალაქის რჩევაში ხანგრძლივი ლაპარაკი ატყდა თფილისის სანამუსო სახლების თაობაზედ. 

ხმოვანმა ა. ზუბალოვმა დიდხანს ილაპარაკა ამ საგანზედ, მოიყვანა ევროპის ქალაქების მაგალითი - თუ რა ყურადღებას აქცევენ იქ ამგვარ სახლებსაო, სთქვა - თუ რა მავნებელი გავლენა აქვს ამგვარ ქალებს მცხოვრებლების ჯანმრთელობაზედაო და სხვ., და ბოლოს ურჩევდა ქალაქის რჩევას, რომ დაწვრილებით გამოიკვლიონ ეს საქმე და ეცადონ, რომ რამდენიმე გარყვნილი, ავათმყოფი ქალისაგან ქალაქის მცხოვრებლებს ვნება არ ეძლეოდესო.

ხმოვანმა დოქტორმა მარქაროვმა ამავე საგანზე, სხვათა შორის, სთქვა, შესანიშნავიაო, რომ, დოქტორის ბახუტოვის სიტყვით, თითქმის ყველა სანამუსო სახლები თფილისში გადამდგარ პოლიციის ჩინოვნიკებს უჭირავთო და საზოგადოთ, ამ გვარ ქალებს ჩვენი პოლიცია სწყალობსო.

ხმოვანის ევანგულოვის წინადადებით, ქალაქის რჩევამ ქალაქის გამგეობას მიანდო ამ საგნის შესახებ ჯეროვანი საშუალების მოპოება“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ.

***
★ „აფრინდა გოგო - მეძავი; აფრინდა ქალი - ცუდი ყოფაქცევის ქალს ეწოდება; ბოზკურაობა - კახპობა, მრუშობა, ბოზობა, გარყვნილება“, - იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“
***

„ჩვენ მივიღეთ გაზეთში დასაბეჭდათ შემდეგი შენიშვნა, რომლისთვისაც მიგვიქცევია, ვისიც ჯერ არის, იმათი ყურადღება:

„მუდამ საღამოთ ალექსანდროვის ბაღში დაიარება ოთხი ქალი, რომელთაც თავიანთ საცხოვრებლად და ხელობად უნამუსო ქცევა ამოურჩევიათ. ვერ შეგიძლიანთ წარმოიდგინოთ რიცხვი იმ ახალგაზდებისა, რომელნიც ამ ხსნეებულ ქალების წყალობით საძაგელის სენით ლპებიან.

ერთმა ამ ქალთაგანმა, რომლისგანაც ავათ გახდომა ერთმა გინმაზიელმა მიამბო, და რომელსაც განგებ გამოვკითხე, მითხრა მე შემდეგი:

- ჩვენ ისეთს ქუჩაში ვდგევართ, რომ არამც თუ პოლიცია, ეშმაკიც ვერ გვიპოვნის; და თუნდაც რომ გვიპოვნოს პოლიციამ, თვითონ პოლიცმეისტერი ხომ არ მოვა ჩვენთან და იმის აკოლოდოჩნიკების წამალი ჩვენ ვიცით, როგორც თავიდამ მოვიშოროთ...

ამ ქალებს ბილეთი არა აქვსთ, ქალაქის ექიმი ამათთან შესამოწმებლად არ დაიარება, მაშასადამე რამდენის გაუბედურება შეუძლიანთ, თქვენ მიხვდებით“, - გაზეთი „დროება“, 1880 წ.

***

„ავჭალის ქუჩის მცხოვრებელნი თურმე აპირებენ საერთო თხოვნა შეიტანონ, სადაც ჯერ არს და სთხოვონ, რომ იმათის ქუჩიდგან გადატანილ იქმნას სადმე ავის ზნის ყოფა-ქცევის ქალთა საცხოვრებელი სახლი. 

ამავე ქუჩაზე, ამ სახლის მეზობლად, ბევრი პატიოსანი ოჯახობა ჰცხოვრობსო, ამბობს გაზეთი, იქავეა სასულიერო სასწავლებელი, მომრიგებელი სასამართლო და მე-2-რე კლასიკური გიმნაზიაო.

ამ უკანასკნელს დროს ძალიანა სცდილობენ ამ ქუჩის მცხოვრებლები, როგორმე გადაატანინონ ეს სახლი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყოველი მათი ცდა ვერაფერს ნაყოფს იძლევაო”, - [გაზეთი „ივერია“, 1886 წ. 📕 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

***

★ „აღდგომა დღეს კრწანისის ბაღებში იმერლებს დაუჭრიათ ვიღაც საეჭვო ყოფა-ქცევის ქალი. დაჭრილი ქალი გუშინ, 28 აპრილს, გარდაიცვალა. გამოძიება სწარმოებს. 

[...]

გუშინდელს ნომერში იყო მოხსენიებული, რომ ვიღაცა საეჭვო ყოფა-ქცევის ქალი იმერლებმა დასჭრეს კრწანისის ბაღშიო.

ეხლა ნამდვილად შევიტყეთ, რომ ის ქალი დაუჭრია აბანოების ახლო თავის საყვარელს, ქალაქელს სომეხს ავეტიკა ანდრიასოვს. წინად, სონა (ასე ეძახდნენ იმ ქალს), საროსკიპო სახლში ყოფილა, მაგრამ ანდრიასოვს გამოუყვანია, ცალკე სახლი დაუჭერია და თავის ხარჯით არჩენდა თურმე სონას. ცოტა ხნის შემდეგ რაღაცა უსიამოვნება მოსვლიათ საყვარლებს და ქალს აღარ გაუტარებია თავისთან ანდრიასოვი.

სამშაბათს ანდრიასოვი მიდენილა ქუჩაში, სონას დაუწყია იმისთვის უშვერის პირით ლანძღვა. მთვრალს ანდრიასოვს დანა ამოუღია და რამდენსამე ალაგას დაუჭრია საცოდავი სონა. დაჭრილი უკვე გარდაიცვალა“, - [გაზეთი „ივერია“, 1888 წ. 📕 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

***

„კარგა ხანია იჩინა თავი ტფილისში ერთმა დიდმა ავ-ზნიანობამ და უნამუსობამ. ეს დიდი ავ-ზნიანობა და უნამუსობა ის არის, რომ ვიღაც სინიდისზე ხელ-აღებული დედაკაცები დაწანწალებენ აქეთ-იქით სოფლებში, არჩევენ ლამაზ ყმაწვილ ქალებს, მოჰყავთ ქალაქში ვითომ-და ხელზე მოსამსახურედ სახლში და მერე ან ჰყიდიან რამდენსამე ოცსა და ორმოც თუმნად, ან შეჰყავთ გარყვნილების სახლებში და ჰყავთ იქ საქონელივით სავაჭროდა და ფულის მოსაგებადა. 

აი ამ რამდენსამე ხნის წინადაც ჩამოუყვანიათ ტფილისში ორი ოსის ქალი სოფელ სხლითიდამ, რომელიც ცხინვალის მაზრაზეა მიწერილი, და მიუყვანიათ ვიღაც ფეფელა სვიმონოვის საროსკიპო სახლში, აბანოების ახლო.

ამ დღეებში ჩამოსულან ამ ქალების პატრონი ოსები და მოუთხოვნიათ თავიანთი გაუპატიურებული ქალები, მაგრამ სახლის პატრონს არ დაუნებებია. ოსები ძალაზე დამდგარან და ერთს მათგანს დაუჭრია ხანჯლით სახლის-პატრონის მოსამსახურე კაცი.

ეს ამბავი მომხდარა სამშაბათს საღამოს. გამოძიება ამ საქმის თაობაზე უკვე სწარმოებს“, - [გაზეთი „ივერია“, 1888 წ. 📕 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

***

„ეს ორიოდე დღეა ტფილისში ცოტა აგრილდა და სული მოითქვა ქალაქ გარეთ გაუსვლელმა დიდმა თუ მცირემ. აქამდე-კი ისეთი სიცხეები იდგა, რომ ქუჩაში არ გამოისვლებოდა. ამ საშინელის სიცხეების გამო სხვა-და-სხვა ავადმყოფობაც გაჩნდა: ციები, ხუნაგი და ათასი სხვა. ამ ბოლო დროს ძალიან გავრცელდა თურმე აგრეთვე სხვა-და-სხვა ავი ჭირი და სენი. 

ამ გარემოებისათვის მთავრობასაც მიუქცევია ყურადღება, კრება ჰქონიათ ამის შესახებ, მოულაპარაკნიათ და დადგენილებისამებრ ყველა პოლიციის განყოფილებაში ბძანება გაუგზავნიათ, რომ სასტიკად მოეპყარით ყველა უზნეო ყოფა-ქცევის ქალებს, იმათი სიები შეადგინეთ და ვალად დასდეთ, რომ კვირაში ერთხელ ან ორჯელ უეჭველად იარონ ექიმებთანაო.

ამ განკარგულების სისრულეში მოყვანას უკვე შესდგომია პოლიცია და აგროვებს კიდეც უზნეო ყოფა-ქცევის ქალთა შესახებ ცნობებს სიების შესადგენად“, - [გაზეთი „ივერია“, 1889 წ. 📕 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

***

„ამ თთვის 8-ს, ძაღლების უბანში, ივანოვის სახლში, ცუდის ყოფა-ქცევის ქალი სალომე ცარიაშვილი მარჯვენა ძუძუში დასჭრა იმისმავე საყვარელმა ვანო ჩიკორიძემ. 

დამნაშავე შეიპყრეს, ქალი-კი სამკურნალოში გაჰგზავნეს“, - [გაზეთი „ივერია“, 1892 წ. 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]

***

„ორშაბათს, 18 ოქტომბერს, კრება იყო ქალაქის საბჭოსი. კრებამ მოისმინა თერთმეტი საქმე. მათში საყურადღებო იყო სარჩელი ხმოსან ავთანდილოვისა შესახებ ცუდის ყოფა-ქცევის ქალებისა... 

სარჩელი ავთანდილოვისა გამოიწვია იმ გარემოება, რომ ცუდის ყოფა-ქცევის ქალებს ვერ უყურებენ სათანადოთ ვერც სამოქალაქო ექიმები მთავრობისა და ვერც პოლიცია, რის გამოც ეს ქალები თვითონაც ავად ხდებიან სხვა-და-სხვა გადამდებთ სენით, ხალხშიაც ავრცელებენ ამ სენს.

კარგად მოიქცევა ქალაქიო, სთქვა ავთანდილოვმა – უკეთუ ზედამხედველობას თითონ იკისრებდა და გაანთავისუფლებდა მთავრობის ექიმებს, რომელთაც ბევრი საქმე აქვთ სასამართლო, გამოძიებისა და ვერ დაუჭერიათ თვალი შესაფერადაო...“, - [გაზეთი „ივერია“, 1893 წ. 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]

***

„ადგილობრივ ადმინისტრაციის განკარგულებით, სასტუმრო ოთახები „ევროპიული“, რომელიც გოლოვინის პროსპექტზედ იმყოფება, და „ერმიტაჟი“, ვერის ხიდთან მყოფი, დაკეტილ იქმნა, რადგან ამ სასტუმროების პატრონები უზნეო ქალებს ინახავდნენ და საზოგადოდ სასტუმრო ოთახებისათვის დადგენილ საზოგადო წესებს არ ასრულებდნენ“, - [გაზეთი „ივერია“, 1894წ. 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]

***
„ტფილისში არსებობს ქალაქის სამკურნალო ავის სენით შეპყრობილ ქალთათვის. აქამდე ეს სამკურნალო არავის ექვემდებარებოდა და იმისს საქმეებს განაგებდა, როგორც ენებებოდა, მკურნალი ისტამანოვი. 19 აგვისტოს ქალაქის გამგეობამ დაადგინა, ეს სამკურნალოც დაუქვემდებაროს სასანიტარო-სამკურნალო ინსპექტორსაო“, - გაზეთი „ივერია“, 1897 წ.

***

„არა მგონია, რომ ტფილისში ავჭალისთანა უწეს-რიგო ქუჩა სხვაც იყოს რომელიმე. მართლაცა და თითქმის განგებ ყოველგვარ სისაძაგლეს აქ მოუყრია თავი. ასე გასინჯეთ, ამ ერთს ქუჩაზედ 22 მარტო ლუდხანაა; მაგრამ ლუდხანაც არის და ლუდხანაც. ყოველ დღე ამ ლუდხანებში სულ ცოტა სამი გარყვნილი ქალი გამოულეველია. გარდა ამისა ჯიბგირი, მეარღნე, კინტო და უადგილო ბიჭები აქ იბუდებენ და ყოველგვარ სისაძაგლეს სჩადიან. ლანძღვა-გინებას, ჩხუბსა და ცემა-ტყეპას ხომ დასასრული არა აქვს. ამას წინად ერთი პოლიციის მოხელეც კი დასჭრეს ერთს ასეთს ლუდხანაში. 

ერთის სიტყვით, ამ ლუდხანებსა და იმათში დაბუდებული ხალხისაგან არა თუ ავჭალის ქუჩაზედ მცხოვრებლებს, გამვლელ-გამომვლელსაც-კი მოსვენება არა აქვთ. იმათი შიშით გარეთ ვეღარავინ გასულა და ჰაერი ვეღარ ჩაუყლაპია! ამ ცოტა ხნის წინად, მეცხრე ნაწილში ოთხი ლუდხანაში მყოფი ქალი გასინჯეს ექიმებმა და ოთხივე სხვა-და-სხვა გადამდები სენით ავადმყოფი აღმოჩნდა.

ნუ თუ არ შეიძლება, რომ როდესაც ამ ნაირი ქალები ლუდით ვაჭრობის ნებართვის მოწმობებს იღებენ ხაზინაში, მოსთხოვონ ხოლმე ადგილობრივის პოლიციის მოწმობა ყოფა- ქცევის შესახებ. თუ რომელიმე ცუდი ყოფა ქცევისა გამოდგა, აღუკრძალონ ლუდით ვაჭრობა.

სწორედ დროა, ვისიც ჯერ არს, ყურადღება მიაქციოს ამ არა სასიამოვნო გარემოებას და, ასე თუ ისე, მოსპოს იგი. [გაზეთი „ივერია“, 1897 წ. 📗 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი III [1896-1900 წწ.]

***
„პარასკევს, 24 ივლისს, ღამის 11 საათზედ, პოლიცმეისტერის თანაშემწემ გ.ს. კოვალიოვმა დაიარა მე-10 ნაწილის ლუდხანები და რამდენიმე უზნეო ყოფა-ქცევის ქალი დააპატიმრა და გაჰგზავნა სადაც ჯერ არს შესამოწმებლად“, - გაზეთი „ივერია“, 1898 წ.  
***

„ვერაზედ, ივანე ბებუროვმა რევოლვერით დასჭრა თავისი ცოლი. აი საქმე როგორ ყოფილა. მარიამ ბებუროვისა მეტად ცუდის ყოფაქცევის ქალი ყოფილა და „დიდ მაშო“-ს უწოდებდნენ თურმე. 

ქალის მეტად უზნეო ხასიათის გამო ცოლ-ქმარს ერთმანეთში ხშირად უსიამოვნება ჰქონიათ. 29 იანვარს ცოლს დაუბარებია ი. ბებუროვი რაღაცა საქმის შესახებ მოსალაპარაკებლად; ლაპარაკის დროს მოსვლიათ ჩხუბი და ქმარს რევოლვერით დაუჭრია თავში.

ი. ბებუროვი კვირას, 30 იანვარს, ღამის 1 საათზედ თითონ გამოცხადებულა პოლიციის პირველ ნაწილში, გარდაუცია ბოქაულისთვის რევოლვერი და აუხსნია ცოლის მოკვლის განძრახვის მიზეზი.

მარიამ ბებუროვისა მიხეილის საავადმყოფოში გაჰგზავნეს და ივ. ბებუროვი-კი მეტეხის ციხეშია დაპატიმრებული“, - [გაზეთი „ივერია“, 1900 წ. 📗 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი III [1896-1900 წწ.]

გიორგი ჭეიშვილი