ლიტერატურული შეკრებანი გრიგოლ ორბელიანთან… |


[იაკობ ბალახაშვილის წიგნიდან - „ლიტერატურული წრეები და სალონები საქართველოში, გამომცემლობა „საბლიტგამი“, 1940 წ.]

„ერთი ადგილთგანი, სადაც ოცდაათიანი წლების თბილისის მოწინავე არისტოკრატია თავს იყრიდა, იყო ბინა გრიგოლ ორბელიანისა.

„თუ თბილისში გიცხოვრიათ, - წერდა 1885 წელს იონა მეუნარგია, - რასაკვირველია, გეცოდინებათ, სად და რა ალაგას არის გრიგოლ ორბელიანის სახლი:

ძველთაგანვე ამ სახლის არემარე შეადგენდა ორბელიანთა გვარის სამყოფ ადგილს და იწოდებოდა ორბელიანთა უბნად, აულად. ამ აულში ცხოვრობდა სარდლიანთ ოჯახი, ასლანის ოჯახი, გიორგის ოჯახი, ზურაბ - პოეტის მამა და სხვა. 

ზურაბის დიდი, ორსართულიანი, ფართე მოაჯირით შემოვლებული სახლი ისევე დარჩა პოეტის ცხოვრებაში, როგორც იმის მამის დროს იყო. ადამის დროული არქიტექტურა, ფართე, ყოველს მცენარესა და ყვავილებს მოკლებული ეზო, შეულესელის უშნო გალავნით და ალაყაფის კარებით; გალავანის ერთ ყურეში - წვიმისაგან და მზისაგან გახუნებული ფიცრის საჯინიბო, სახლის გვერდით - სასახლის ეკლესია, - აი რა შეადგენდა სასახლის გარემოს. პოეტს არ უნდოდა სიძველეში შესულის სახლის განახლება.

ორბელიანების სახლი ვაშლოვანში
სახლის შესავალი ეკლესიის პირდაპირ იყო; კარებზე არც რიგიანი ზარი, არც მოსამსახურე, შედით, პალტო გაიხადეთ, ჩამოკიდეთ კედელზე და შეაღეთ ზალის კარები. არავინ არ არის. ვეებერთელა ზალა, სკამებით გარშემო შემომწკრივებული, რომელშიაც არც მაგიდა სდგას, არც სავარძელი, არც ტახტი. თუ კარების ხმამ გააგონა ვისმე მოსამსახურეს თქვენი შემოსვლა, ხომ კარგი, თუ არა და გასწით პირდაპირ და შეაღეთ ის დიდი კარები, რომელიც გზაზე დაგიხვდებათ. ამ კარებს შეჰყავხართ თქვენ პოეტის კაბინეტში.
მარჯვენა კედელზე მიკეთებული თაროები სავსეა წიგნებით, რომელთ ტყავის ყდაზე იკითხება წარსული პერიოდი წიგნის შემკვრელთა ვინაობისა. მაგიდები მარჯვნივ და მარცხნივ, თვითონ სამუშაო მაგიდა, ფანჯრები და ბუხრის თავი სავსეა არეულად დაყრილის მტვრიანის ქაღალდებითა, გაზეთებით, წიგნებით, სურათებით. არაფერს არ ეტყობა ხელოვნება, კაბინეტის ლამაზად მორთვის სურვილი, არსად არა სჩანს ქალის ხელი.
რომ შეხვედით პოეტთან, წიგნის კითხვაში, ან წერაში გართულმა მასპინძელმა წამოჰყო თავი, ფართეთ გაშალა ორივე ხელი, ერთი შესძახა ჩვეულებრივი „ჰოო!“, ნიშანი კმაყოფილებისა, წამოდგა, მოგეგებათ, მოგავლოთ ხელი და დაგისვათ პატარა მრგვალ მაგიდასთან, თავის პირდაპირ“.
აი ასეთი იყო ორბელიანის სახლი მისი ახალგაზრდობის დროსაც...

[...]

კვირაში ერთხელ გრ. ორბელიანი თავის ბინაზე იწვევდა აშუღებს, რომლებიც ასე ძალიან უყვარდა პოეტს და მრავალრიცხოვან მეგობრებს შორის ისმენდა შამჩი-მელქოს, ქიჩიკნოვასა და საიათნოვას „გულდამწველ სიტყვებს“

მგოსანი და მკვლევარი იოსებ გრიშაშვილი წერს:

„ჩემს შეკითხვაზე უხუცესმა აშუღმა ფნდიღამ და უსინათლო იაგორამ მიპასუხეს:

„ვა, კნიაზი?! ვენაცვალეთ ჩვენ იმას თავის ქრისტებში და ღმერთებში! 

კვირაში ერთხელ თუ ორხელ კნიაზის [გრ. ორბელიანის] ბრძანებისამებრ მივდიოდით მის სახლში, განსაკუთრებით საიათნოვას ლექსების სამღერლად-ჰაა!

კნიაზი გამოგვეგებებოდა და გვეტყოდა თავის მჯახე ხმით:

„ოხ, მოხვედით ჩემო შვილებო!“

ჩვენც ვუმღერდით საიათნოვას საჭიკმაჭიკო ლექსებს, და ოხრად  დაგვასაჩუქრებდა! 

ხოლო „ბედნიერ დღეებში“ [აღდგომასა თუ ახალწელიწადს] ტანსაცმელს შეაკერვინებდა თავის დერციკს და სახსოვრად გვიფეშქაშებდა“.

ასე იყო გრიგოლ ორბელიანის ბინაზე პოეტის გარდაცვალებამდის.“

გიორგი ჭეიშვილი