ამბავი მეფე ერეკლეს თოფისა... | 1884 წ.


★ გთავაზობთ ძველ ქართულ პრესაში [1884 წ.] არსებულ ცნობებს მეფე ერეკლე II-ის თოფის შესახებ...


ცნობა #1

„ერთმა პატივცემულმა პირმა გვიამბო, რომ მეფე ირაკლის თოფი, რომელიც კახეთის თავად-აზნაურობამ 2000 მანათად იყიდა და განსვენებულს კავკასიის სახელოვანს გმირსა და მთვარმართებელს თავადს ბარიატინსკის მიართვა, როცა მან შამილის წინააღმდეგ ლაშქრობა დაამთავრაო, დღეს ამ თოფის მფლობელს განუზრახავს ისევ საქართველოს დაუბრუნოს და საყვარელი მეფის ნაქონი ნივთი ისევ საქართველოს შვილთ ინახულონ ხოლმე სასწავლებლად და საგულისხმიეროდ. 

ჩვენის აზრით, თუ მივიღებთ მხედველობაში იმ გარემოებას, რომ მუზეუმში მისი ნახვა არც ყველას შეეძლება და უფასოდაც არ მოხერხდება, უმჯობესი იქნება, რომ ამ გვარი, წმინდა ქართულის მნიშვნელობის მქონე ძველი სახსოვარი შეწირულ ექმნას „წერა-კითხვის საზოგადოების“ ბიბლიოთეკას, სადაც იგი დაცული იქმნება მრავალ ძვირფას ხელ-ნაწერთა და მანუსკრიპტებთან ერთად ცალკე ვიტრინაში“. 


ცნობა #2

„ჩვენ ნამდვილად შევიტყეთ, რომ მეფე ერეკლეს ნაქონი თოფი, საჩუქრად თ. ბარიათინსკისთვის მირთმეული და თ. ბარიათინსკის დიდი სურათი, ეხლა ამ უკანასკნელის მემკვიდრეთა შეუწირავთ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობისათვის.

ზემოხსენებული ძვირფასი ნივთი თ. ბარიათინსკის მემკვიდრეთ შეუწირავთ თავად აზნაურობისათვის მათის ბრწყინვალების თ. ბარიათინსკის მეუღლის სურივლისამებრ.“


ცნობა #3

„ჩვენ შევიტყეთ, რომ ერეკლე II-ის ნაქონი თოფი უკვე ჩამოუტანიათ თბილისში და სათავად-აზნაურო სადეპუტატო სობრანიეში არის დაცული. 

არ იქნებოდა ურიგო, რომ ყოველს მსურველს შეეძლოს დანიშნულს დროზედ თავისუფლად შევიდეს სობრანიეში [ანდრონიკოვის სახლი, საპიორის ქუჩა] და დასტკბეს ძვირფასი საისტორიო განძის ხილვით“.

გიორგი ჭეიშვილი