ამ დღეებში ბ-ნ ტაუგლიხს ქალაქის გამგეობისთვის წარუდგენია დახატული ნიმუში სახლებზედ გამოსაკრავ ნომრებისა.
ლითონის ფიცარზედ შუაში წითელის ფერისა ნომერი იქნება, ზემოდ ქალაქის უბანი და ქვემოდ სახლის პატრონის გვარი გამოცხადებული.
ბ-ნი ტაუგლიხი სთხოვს გამგეობას, შემიკვეთეთ ამ ნომრების გაკეთება ბლომად და თითოს თითო მანეთად გავაკეთებო, მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ ენკენისთთვეშივე შევუდგები მუშაობას, თორემ მერე შეიძლება უფრო გამიძვირდეს მასალაცა და მუშაობაცაო და ამ ფასად ვერღარ ავიღებო.
ამას გარდა ბ-ნი ტაუგლიხი ითხოვს, ხუთის წლით პირობით შეკვრას, რომ ამ დროს განმავლობაში იმის მეტს სხვას არავის შეეძლოს ამ საქმის აღება,“ - გაზეთი „ივერია“, 1891 წ.
***
★ „ამას წინად ბ-ნმა ტაუგლიხმა ქალაქის გამგეობაში წინადადება შეიტანა, რომ კარგი იქნებოდა განსაკუთრებულის თუნუქის ნომრები დაგვესხა ტფილისის საუკეთესო ქუჩებზედ სახლებისათვის და იმ ნომრებთანავე აღნიშნული ყოფილიყო აგრეთვე სახლის პატრონის გვარიცაო.
ეს წინადადება ბ-ნ ტაუგლიხისა გამგეობამ განიხილა ამ დღეებში და, რადგან ადრესის სტოლი არ არის დაარსებული ტფილისში, ძლიერ საჭიროდ იცნო ესეთის ნომრების შემოღება სახლებისათვის, ხოლო, ვინაიდგან ამ საქმეს ხარჯი დასჭირდება მამულის პატრონების მხრივ და გამგეობას-კი საქალაქო დებულებით ამ ხარჯის მოკრების უფლება არა აქვს მინიჭებული, ამიტომ დაადგინა:
შევიტყოთ სატახტო ქალაქების თვით-მმართველობათაგან, იმათშიაც სავალდებულოა, თუ არა სახლების დანუმრვა და თუ სავალდებულოა, როგორ შეიძლეს და რა გვარად დაანუმვრინეს სახლები სახლის პატრონებსაო“, - გაზეთი „ივერია“, 1891 წ.
***
★ „პოლიციის მე-5 ნაწილის ბოქაულმა თხოვნა შეიტანა ქალაქის გამგეობაში იმის შესახებ, რომ ყველა სახლის პატრონებს თავისი ხარჯით დაევალოთ სახლებზედ პატარა ფიცრების გაკვრა პატრონის სახელისა, გვარისა და სახლის ნომრის ზედ წარწერით“, - გაზეთი „ივერია“, 1900 წ.