სასულიერო სემინარიის რექტორის - პავლე ჩუდეცკის მკვლელობის საქმე... |

იოსებ ლაღიაშვილი
„ამ საშინელმა ამბავმა ააღელვა მთელი ქალაქი. მკვლელობის დღესვე, 24 მაისს, მთელი ქალაქი მართლა-და ამ შემაძრწუნებელ ამბავზედ ლაპარაკობდა, ყველა სწუხდა და ნანობდა, რომ ასე უწყალოდ, შეუბრალებლად მოჰკლა 18 წლის ყმაწვილმა კაცმა თავის უფროსად ნამყოფი, სასულიერო პირი, დეკანოზი მამა პავლე ჩუდეცკი.

ყველას უკვირდა, როგორ გაბედა და როგორ ჩაიდინა ასეთი საშინელი ავ-კაცობა ისეთმა ყმაწვილმა, რომელსაც ათი და თერთმეტი წელიწადი სწავლაში გაუტარებია და, მაშასადამე, კეთილშობილური, კაცთ-მოყვარე და უფროსთა და მწვრთნელთა მორჩილებისა და სიყვარულის გრძნობა უნდა განემტკიცებინაო.

ამბობენ, რომ მკვლელი ქართველიაო და არა ოსიო. ეს კი სარწმუნოა, რომ იგი მღვდლის შვილია. მისი მამა ყოფილა ერთი საწყალი მღვდელი სოფელ ძევერისა, ლიახვის პირზედ. მით უმეტეს არის საკვირველი და წარმოუდგენელი ეს საზარო საქციელი ლაგიაშვილისა, რომ ამისთანა მშვიდობიანს ქვეყანაში, მშვიდობიანს ხალხში დაბადებულმა ასეთი ავ-კაცობა გაბედა.

დედა და მამა აღარა ჰყავს თურმე... ამ სამის თვის წინად რაღაც დანაშაულობისათვის გამორიცხული იყო თურმე სემინარიიდგან და ამის გამო ყოფა-ქცევის მოწმობა ცუდი ჰქონდა...
ლაგიაშვილს უყიდნია ხანჯალი, დაუმალავს რუსულის სერთუკის ქვეშ, ძალად შევარნდილა მამა რექტორის სახლში და, ამბობენ, აურ-ზაურს-დასდგომია: უთუოდ უნდა მომცე მოწმობა და ყოფა-ქცევის მოწმობაც გადამისწოროვო. 
მამა რექტორს ვეღარც-კი მოუსწვრია სიტყვის თქმა, რომ სემინარიის შეგირდად ნამყოფი მოტრიალებულა, ამოუძვრია მოზდილი ხანჯალი და უტაკებია ფერდში უკანვე გაბრუნებულისთვის და, როცა რექტორი უნებლიედ შემოტრიალებულა და დაუყვირნია: მიშველეთ, მომკლესო! გამხეცებულს დამნაშავეს, უფრო გახელებულს, ხანჯალი მუცელში დაუცია და წელები სულ გადმოუყრევინებია.

ზოგნი ასე ამბობენ, ზოგნი კი აი როგორ მოგვითხრობენ:
ლაგიაშვილი ჩუმად შეჰპარვია თურმე განსვენებულს რექტორს, წინა-ოთახში დამალულა და როცა რექტორი გამოსულა, ანაზდეულად სცემია, დაუცია მუცელში ხანჯალი და შიგ გადაუტრიალებიაო. განსვენებულს წაუვლია ჭრილობისთვის ხელი, რომ შიგნეულობა არ გადმოსცვივნოდა და როცა მობრუნებულა და დაუძახნია: მიშველეთო! - მაშინ კიდევ დაუკრავს ხანჯალი კისერში...
იმ წუთასვე რექტორის სახლში შეიკრიფნენ მასწავლებელნი სემინარიისა. ზოგს თურმე იმ დროს ეგზამენები ჰქონდა. ათის ნახევარს მოხდა ეს ამბავი, მოვიდნენ მაშინათვე პროკურორი, გამომძიებელი დიდთა და საყურადღებო საქმეთა, ვიცე-გუბენრატორი თ. გიორგი შარვაშიძე, პოლიცმეისტერი როსსინსკი და სხვანიო. პატარა ხანს უკან მობრძანდა თურმე მისი მაღალ-ყოვლად-უსამღვდელოესობა მთავარ-ეპისკოპოსი პავლე. ექიმებმაც მალე მოასწრესო, მაგრამ განსვენებული სისხლისგან ისე დაცლილი ყოფილა, რომ ექიმებს მაშინვე იმედი გადუწყვეტიათ. 

არქიელმა მიაღებინა თურმე წმიდა საიდუმლო. 2 საათს შემდეგ სასიკვდილო ჭრილობას საზარელის მახვილისას ვეღარ გაუძლო თურმე რექტორმა და სული განუტევა...

***

„ორშაბათს, 16 ივნისს, არჩევდნენ სამხედრო სასამართლოში რექტორის მკვლელის იოსებ ლალიაშვილის საქმეს. 

დილიდამ მოყოლებული საღამოს 11 საათამდე მთელი ქუჩა ხალხით სავსე იყო და სასამართლოს სადგომს გარშემო ერტყა.

საათ-ნახევარის რჩევის შემდეგ, 10 საათსა და 10 წუთზედ, კავკასიის სამხედრო ოლქის სასამართლომ შემდეგი განაჩენი გამოიტანა:

ჩამოერთვას ლაღიაშვილს ყოველივე ღირსება და ოცის წლის ვადით კატორგაში გაიგზავნოს რექტორის ჩუდეცკის მკვლელობის გამო,“ - გაზეთი „ივერია“, 1886 წ. 

***
★ „იოსებ ლაღიაშვილს, რომელსაც სამხედრო სასამართლომ გადუწყვიტა ოცის წლით კატორგა, ორის დღის განმავლობაში ნება ჰქონდა, რომ საჩივარი განეცხადებინა, მაგრამ რადგანაც ვადა გაატარა საჩივრისა, ამიტომ განაჩენი ძალაში შევიდა და გარდაწყვეტილებას სახმედრო სასამართლოისას აღსრულებაში მოიყვანენო“, - გაზეთი „ივერია“, 1886 წ. 

გიორგი ჭეიშვილი