ბუხარის ემირი ტფილისში... |


📖 კარაპეტ გრიგორიანცი - „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“

„ამ ოცდა ათის წლის წინ ბუხარის ემირი რუსეთში გამგზავრების დროს, ქალაქ თბილისს ეწვია თავის 12 ვეზირებით.
თვით ემირსა და აგრეთვე თავის ამალას ეცვათ ძალიან ძვირფასი ტანისამოსი, მხოლოდ ფორმა უფრო არაბულს წააგვანდა. იმათ ეცვათ გრძელი დიდრონ ფოთლიანი  საცმელები. თავებზედაც ეხვიათ ფერადი აბრეშუმის ჩალმები. თვით ემირი ახალგაზრდა იყო და კარგის შეხედულობისა.
იმის განზრახვა ჰქონდა, შვილი რუსეთის მეფესთან სასწავლებლათ დაეტოვებინა და თავისი სამეფოც რუსეთისათვის გადაეცა, ისრეთ, როგორათაც წინად საქართველო იყო რუსეთის მფარველობის ქვეშ.

რადგანაც ავღანისტანი ინგლისის მფარველობის ქვეშ არის, ბუხარესტანიც სწორეთ ავღანეთის მომიჯნავე მეზობელია, ამის გამოთ ემირს უფიქრია შეიძლება დღეს-ხვალ მეც ჩავარდე ინგლისის კლანჭებში და ვინანო. უმჯობესია ვიდრე ცოცხალი ვარ, ჩემის ხელთ ჩემი სამეფოს მომავალი უზრუნველი ვყო და რუსეთს გარდავცეო.

თბილისის უმაღლესმა მთავრობამ ემირი ძლიან კარგათ მიიღო და ძალიან დიდის ამბებითაც ასიამოვნა. ყველა სკოლებში დაატარეს და ყველა მუზეუმების სიძველენი უჩვენეს და დაწვრილებით აუხსნეს.

ემირმა ყველა მოხელეები დაასაჩუქრა და დააჯილდოვა. გასაცილებლად ყველა ჯარების უფროსები წინ მიუძღოდნენ და ურას ძახილით მორთულ სადგურში და მორთულ ვაგონში დიდის მოწიწებით ესალმებოდნენ.
ამბობდნენ, ამგვარი გულკეთილად მიღებისათვის ბუხარის მეფეს თვალებზე ცრემლები მოსვლია...“
***

„ბუხარას ემირმა ტფილისის კლასიკურს პირველ გიმნაზიაში გაგზავნა საჩუქრად 6 ფუთი კანფეტი და ორი ოქროს საათი გიმნაზიის ორ მოწაფეთათვის. ერთმა მათგანმა ემირს ადრესი წაუკითხა. 

კადეტთა კორპუსშიაც ემირმა 3 ფუთი კანფეტი გაგზავნა და ორი ოქროს საათი ორ მოწაფეთათვის.

აგრედვე ორი ოქროს საათი გაგზავნა იუნკრის სკოლაშიაც.

ტფილისში ემირმა სხვა და სხვებს დაურიგა 32 ვარსკვლავი და დიდძალი საჩუქარი, სხვათა შორის ანტრეპრენიორებს: ქ-ნ საფაროვა-აბაშიძისას და ბ-ნ ფორკატის და არტისტებს: ენგლუნდსა, ივანოვისას და ბიაზის, რომელსაც ძვირფასი ხალათი აჩუქა.

პოლიციის კარის კაცთა ყაზახებს და სხვა მოსამსახურეთ ემირმა 1 500 მანათამდე უბოძა.

22 დეკემბერს, დილის 10 საათზედ ემირი კავკავს გაემართა და იქიდგან მოსკოვს გაემგზავრება და შემდეგ პეტერბურგს, სადაც ორ თთვემდე დაჰყოფს“, - 1892 წ.

📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]

***
★ „ბუხარის ემირს მირ-სეიდ-აბდულ-ახად-ხანს ტფილისში ყოფნის დროს უბრძანებია თავისის მინისტრისათვის მეფე ვახტანგის კანონების კრებულის ყიდვა. ეს კანონები გადათარგმნილ იქმნება ჯაგათაის ენაზედ და ემირსა ჰსურს მისი შესწავლა ბუხარაში სასამართლოების დასაწესებლად“, - 1894 წ.
***

★ „გუშინ, 14 ამ თვეს [აგვისტო], კავკასიის სამხედრო გზით, ნაშუადღევის 4 საათზედ ტფილისში ჩამოვიდა ბუხარის ემირი, რომელსაც 28 კაცამდე ამალა ახლავს. ემირი დაბინავდა გუბერნატორის სადგომში და დარჩება ტფილისში ორ კვირამდე, რადგან აქაურის აბანოებით ჰსურს ისარგებლოს“, - 1895 წ.

გიორგი ჭეიშვილი