#მოგონებები ფიროსმანზე - ფიროსმანის ბოლო... |

[ნაწყვეტი გიორგი ლეონიძის მიერ ფიროსმანის შესახებ შეკრებილი ცნობებიდან - „ცხოვრება ფიროსმანისა“]

[„ფიროსმანიშვილის ბიოგრაფიული ფაქტების ჩაწერა დავიწყე 1922 წელს. ჩაწერას ვაწარმოებდი დღიურის სახით. 1930 წელს მარტის-აგვისტოს თვეებში ჩემი დღიური ისევ განახლდა კიტა მეგრელიძის და დიმიტრი შევარდნაძის ინიციატივით.

ფიროსმანის ცხოვრების დეტალებთან ერთად, როგორც პირველად, ისე ეხლა თან მისი ბიოგრაფიის ფონიც მაინტერესებდა. მასალების შესაკრებად მე ვინახულე ღვინის ვაჭრები, ქუჩის მხატვრები, მღებარები, საზანდრები, მეთევზეები, დალაქები, მემწვანილეები, ყასბები, მედროგეები, მეჩექმეები, რკინიგზის კონდუქტორები და სხვა - მხატვრის მეგობრები, მცნობები და პატივისმცემლები, მე იქვე ვიწერდი მათს ნაუბარს „საწყალ ნიკალაის“ უბრალო ცხოვრებაზედ და ფაქტებს მათი საკუთარი თავგადასავლიდანაც. მრავალი ახალი და საინტერესო აღმოჩნდა მათთან შეხვედრებში ფიროსმანის ბიოგრაფიის გასაკრვევად. 

ამ ნედლ მასალას, რაც სტენოგრაფიული სისწორითაა თითქმის ჩაწერილი და უმეტესად დაუმუშავებელიცაა, - ახლა ვაქვეყნებ მათივე პასუხისმგებლობით“, - გიორგი ლეონიძე]

***

ფიროსმანის ბოლო...

4 სექტემბერი 1922 წ.

„მეტად მწუხარე ყოფილა ფიროსმანის უკანასკნელი დღეები. თითქმის ნახევრად შიშველი, ჩამოგლეჯილი და უბინაო, ერთი დუქნიდან მეორეში გადადიოდა. ახლა უკვე აშკარად ემდუროდა ბედს, დღემდის გაუტეხელი და ამაყი ნიკალა, მხოლოდ ბოლო დღეებში მიხვდა, რომ უსიხარულოდ თავდებოდა მისი ტანჯული სიცოცხლე. ამ ხანებში მას პატრონი აღარავინ ჰყვანდა. დიმიტრი შევარდნაძე და ლადო გუდიაშვილი აღარ, ანუ ვეღარ ჰხვდებოდნენ. მხატვართა საზოგადოებამ ვერ შესძლო მისი ამოყვანა ქუჩის უფსკრულიდან. ეს გარემოება დღესაც აკვირვებს მხატვრის მეგობრებს მდაბიო წრიდან. მათი სიტყვით სულ მცირე იყო საჭირო, რომ ნიკალას დასასრული მწარე არ ყოფილიყო.

მაგრამ აღარც ნიკალას ჰქონია თურმე ხალისი „საზოგადოებასთან“ კავშირის დაჭერისა. საბოლოო მიზეზი „კონფლიქტისა“ იყო კარიკატურა უპასუხისმგებლო მოხალისისა, რომელიც 1917 წ. მოთავსდა გაზეთ „სახალხო ფურცლის“ დამატებაში. 

კარიკატურაზე წარმოდგენილია ფიროსმანიშვილი - მოხუცი, ფეხშიშვილი, ხატვის პროცესში [ჟირაფს ხატავს] გვერდით უდგას მკაცრი პროფილით გრიგოლ რობაქიძე [პირველი ქართველი ავტორი ფიროსმანზედ], რომელიც ასე მიჰმართავს მას:

„უნდა ისწავლო ძმობილო, შენს ხანში მყოფს კიდევ ბევრის შექმნა შეუძლია... ორფიულის... ერთი ათი-ოცი წლის შემდეგ კარგი მხატვარი გამოხვალ. აი, მაშინ გაგგზავნით „ახალგაზრდათა გამოფენაზე“.
ამ კარიკატურამ თურმე საშინლად გაამწარა გულუბრყვილო, ეჭვიანი ფიროსმანი.

- მაშ მასხრად მიგდებენ? - ეკითხებოდა თურმე „მწიგნობარ“ მიკიტნებს. ისინიც ერთი ორად უღვივებდნენ სიმწარის ცეცხლს. ვერც მათ შეეძლოთ, სხვანაირი განმარტება მიეცათ და უკვირდათ, როგორ მოხდა, რომ იმავე გაზეთმა ამაზე წინათ სრულიად სერიოზულად დაბეჭდა მისი პორტრეტი?

უკანასკნელ ხანებში ნიკალას ვერავინ ხვდებოდა. მისი ნაცნობი მიკიტნები მიამბობენ, რომ ბოლო წელიწად-ნახევარში ნიკო გაჰქრა, რამდენჯერ მისი პოვნა დაგვჭირდა ვეღარ ვიპოვეთო!

სიკვდილის წინა კვირეებში - თავის კერას - ვაგზლის რაიონს დაუბრუნდა, მალაკნების ქუჩაზე, სადაც ვინმე აბაშიძისგან იშოვნა პატარა სამუშაო. აქ მოუსწრო სიკვდილმა [მის მოხატულ დუქანში, ეხლა კერძო ხალხი სცხოვრობს. კედლებზე კიდევ მოსჩანს ხომალდები თეთრი იალქნებით].

ფიროსმანის უკანასკნელი დღეების მოწმე - მეჩექმე არჩილ მაისურაძე, რომელიც 24 აგვისტოს გავიცანი, მომიყვა მის საშინელ ცხოვრებას.

- ერთად-ერთი პატრონი მე-ღა ვიყავი, მაგრამ თავად მე წვრილშვილს და უხეიროს რა შემეძლო? ამას დაუმატეთ ისიც, ნიკალასთანა კაცისთვის დახმარების აღმოჩენა მეტად ძნელი იყო. ამაყი, მოხათრებული, ის არ მიიღებდა არც ფულს, არც შეგზავნილ კერძს. მაგრამ ტკბილი სიტყვით ბოლოს დავიახლოვე და ისიც შემეთვისა, ბევრი რამ ვიცი მის ცხოვრებიდან, მისივე ნათქვამებით, გთხოვთ როდისმე თავისუფალი დღე მოიგდოთ ხელში და ჩემთან მობრძანდეთ, ყველაფერს გიამბობთ.

... - ოთხი წლის წინათ, [1919 წ.] როცა მე ამ სახლების მოურავი ვიყავი [მალაკნის ქ. #29] ნიკალა აქვე, აბაშიძის დუქანში ჰხატავდა სურათებს. უკანასკნელად, სმისგან ავად გამხდარიყო და თითქმის ნახევარ-გონებაზე მყოფი ბნელ საკუჭნაო-სარდაფში დაწოლილიყო ცივ მიწაზე. ორი-სამი დღის შემდეგ, შემთხვევით ჩაველი შიგ და თითქმის წყვდიადში წავაწყდი. ვიღაც მწარედ კვნესოდა. მე შევკრთი და შევძახე:

- ვინა ხარ?

- მე ვარ! გაისმა კვნესით და ხმაზედ მაშინვე ვიცანი ნიკალაი. მან კი ვეღარ მიცნო. მხოლოდ ძლივს მოახერხა რამდენიმე სიტყვის თქმა - „ცუდათ გავხდიო, სამი დღეა აქა ვწევარ და ვეღარ ავდექიო!“

„მე მაშინვე ეტლი მოვიყვანე და რაკი თითონ არ მეცალა, ეტლში ჩაუჯდა განსვენებული ილია ანდრიას-ძე მგალობლიშვილი და წაიყვანა მიხეილის თუ არამიანცის [არ ვიცი] საავადმყოფოში. ეს კია, საწყალი დღე-ნახევარში გათავებულიყო“.

შემდეგ არჩილ მაისურაძემ ჩაგვიყვანა პატარა სარდაფში, სადაც ჩვეულებრივი მდგმურები შეშას ან ნახშირს ინახავენ. სარდაფი ერთ-ნახევარ კვადრატის საჟენის მოცულობისა იყო. საფლავივით ბნელი და ნაგავით სავსე. როცა ასანთი გავკარით, საშინელი შმორის სუნი გვეცა. ირგვლივ ეყარა აგურის ნატეხები, მავთულის ნაწყვეტები და ღორღი. აქ, ამ ადგილას, სასიკვდილო აგონიას ებრძოდა დიდი ქართველი ოსტატი, თბილისის გენიალური მხატვარი.

რომელ წელს გარდაიცვალა ფიროსმანი?

არჩილ მაისურაძემ დაბეჯითებით გადმომცა, რომ ეს ამბავი მოხდა 1918 წელს, ზედ აღდგომა ღამეს.

მისი სიტყვით და მრავალთა დამოწმებით, ფიროსმანი დამარხულია უპატრონო მკვდართა შორის კუკიის წმ. ნინოს სასაფლაოზე. 

[ვერც მიხეილის და ვერც არამიანცის საავადმყოფოთა არხივებში ვერ აღმოჩნდა ცნობები ფიროსმანის ავადმყოფობის და მისი საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ. გ.ლ.]

გიორგი ჭეიშვილი