გურული Wild West... |

ლუკა ჩხარტიშვილი
საქართველოს საზღვრებს გარეთ, ევროპასა და ამერიკაში, გურული მხედრების საოცარი მოგზაურობის და თავგადასავლის შესახებ არაერთი ცნობაა შემორჩენილი. ვისაც ამ საკითხში სიღრმისეულად გარკვევა სურს, მას ირაკლი მახარაძის წიგნს ვურჩევთ [„ველური დასავლეთის მხედრები“]; 

აქ კი გთავაზობთ ძველ ქართულ პრესაში მოკვლეულ მასალებს გურული მხედრების შესახებ... 

***

„რუსეთის გაზეთებში ვკითხულობთ, რომ ლონდონში ვიღაც ქართველი ცხენოსნები და მოჯირითენი არიან, რომელნიც თავიანთ ჯირითითა და სიმღერა-თამაშობით ართობენ გულ-ჩახვეულ და შუბლ-შეკრულ ძეთ ცა-მოშავბედებულ ალბიონისასაო. 

ეს ქართველნი ინგლისელებს რუსის ყაზახებად მიუღიათ, დიდად თურმე ეალერსებიან და წერილებს ჰბეჭდავენ გაზეთებში იმათ ტანადობასა, მხარ-ბეჭიანობასა, ლეკურსა და ნაღვლიან სიმღერების შესახებ.

ნეტა, ვინ ქართველნი უნდა იყვნენ ეს ქართველნი ლონდონში!

[...]

ფოთი: „ივერიაში“ დაბეჭდილი იყო ამბავი: „ლონდონში ვიღაც ქართველნი ცხენოსნები და მოჯირითენი არიანო, რომელნიც თავიანთ ჯირითით და მღერა თამაშობით ართობენ გულ-ჩახვეულ და შუბლ შეკრულ ძეთა ცამოშავბედებულ ალბიონისასაო... ნეტავი ვინ უნდა იყვნენ ეს ქართველები ლონდონშიო“.

რადგანაც თქვენი გაზეთი სცდილობს, ყოველ მხარეში ადევნოს თვალ-ყური ქართველთ ერს, ამისთვის მეც საჭიროდ ვრაცხ მოგახსენოთ ვინაობა ლონდონში გამგზავრებულ ექვსის თვის ვადით ქართველებისა. ესენი არიან გურულები, სოფელ ჩიბათს და ლანჩხუთში მცხოვრებელნი, სხვა-და-სხვა წოდებისა, მომეტებულად აზნაურობა. 

იქნება კიდევაც გაგიკვირდეთ, სად ჩიბათ-ლანჩხუთელები და სად ლონდონიო... 

მაგრამ არაფერი გასაკვირველი არ არის: ორი თვის წინად ბათუმის ქალაქის ინგლისელ კონსულთან სამზღვარ-გარეთიდგან მოვიდა ვიღაც მდიდარი კაცი, რომელსაც ჩვენში „ინგლისის თავადად უწოდებდნენ“. ამ სტუმარს კონსულთან მყოფი გურული გრძელი ტანისამოსით მორთული „სილაღიანათ“ ძლიერ მოეწონა. მდიდარმა სთხოვა ამ ბიჭს, თორმეტი შენისთანა გამოწყობილი გრძელი ტანისამოსით, კარგი ცხენოსნები, მომღერალნი, მოთამაშენი მიშოვნე და თვეში გავუჩენ ყოველის ჩემის ხარჯით 50 მანეთს, და წავიყვან ჩვენს ქვეყანაშიო. ექვსის თვის შემდეგ ისევ ჩემის ხარჯით აქვე მოვიყვანო“.

ამორჩეულ ყმაწვილების წაყვანის ნება-რთვა გამოიტანეს ადგილობრივ გუბერნატორისაგან და ორის თთვის წინად, თუ მეტისა, გაემგზავრნენ სამზღვარ გარედ.

სწორედ ეს გურულები იქნებიან ისინი, რომელთ შესახებაც გაზეთები ლაპარაკობენ.

[...]

ბათუმი: აი სახელი და გვარი იმ ქართველებისა, რომელნიც ამას წინად წაიყვანა აქედამ ერთმა პარიჟის თეატრის აგენტმა ლონდონში ბარნუმის ცირკისათვის:
ივანე მახარაძე, დიმიტრი მგალობლიშვილი, ვასო ჭყონია, დათა ჭყონია, ლევანტი ჯორბენაძე, ლუკა ჩხარტიშვილი, მოსე გიგინეიშვილი, ირაკლი ჭყონია, ბესარიონ ცინცაძე და მელიტონ ცინცაძე. 
სულ ათი კაცი.

[...]

ამას წინად ჩვენს გაზეთში დაბეჭდილი იყო ლონდონიდგან მოწერილი ცნობა გურულების შესახებ.

ეხლა იგივე გაზეთი სწერს: ამის გამო ლონდონის ერთის კლუბის წარმომადგენელი რ. სმიტი ჩვენს ქვეყანაში ყოფილა საქართველოში ყოფნის დროს გაუცვნია გურულები და ძლიერ მოსწონებია მათი სტუმარ-მოყვარეობა, რაინდობა და გმირობა. ამ თვისებებით გურულთა ამხანაგობამ ინგლისელები მოჰხიბლაო და ამით აიხსნება, რომ იმ ადრესს, რომელიც გურულებს მიართვეს, 20, 000 ინგლისელმა მოაწერა ხელი და იმათ შორის ისეთ წარჩინებულ კაცების გვარი აწერია, როგორიც, მაგალითად, გენერალი ვილლიამსია და ვიცე-პრეზიდენტი სალისბიური, ბანკირი ბელვანი და სხვ.

გურულებს 12 ოქტომბერს (ახალის სტილით) გაუთავებიათ წარმოდგენების მართვა, 13 ოქტომბერს გამოსთხოვებიან ინგლისს და მარსელით კავკასიისკენ წამოსულან.

[...]
ის გურულები, რომლებიც წელს ლონდონში იყვნენ და იქ სხვა-და-სხვა გვარ წარმოდგენებსა ჰმართავდნენ, უკვე დაბრუნდნენ სამშობლოში და თან ჩამოიტანეს საპატიო დიპლომი, რომელიც ლონდონის მცხოვრებთ უძღვნეს. 
გურულები ძლიერ მადლიერნი არიან ევროპაში მოგზაურობისა. ერთს მათგანს პარიჟში ჯვარიც დაუწერია და ფრანგის ქალი შეურთავს“, - გაზეთი „ივერია“, 1892წ. 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]

***

★ „ბათუმი: ამას წინად წავიდა აქედამ გურიაში ჩიკაგოს გამოფენის გამგებელთა სანდო კაცი, რომელსაც დავალებული ჰქონდა, შეჰკრიბე რამდენიმე ცხენოსანი გურული ვაჟკაცი და ჩიკაგოს გამოჰგზავნეო.

ამ კაცს უკვე შეუკრებია ეს დასი, რომელშიაც 10 კარგი ვაჟ-კაცია, მშვენივრად გამოწყობილი და შეთოფ-იარაღებული.

ეს დასი 13 თებერვალს უკვე ჩამოვიდა ბათუმს და ამ მოკლე ხანში გაემგზავრება კიდეც ამერიკას“, - გაზეთი „ივერია“, 1893წ. 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]

***

„ბათუმის გაზეთის სიტყვით, ეს რამდენიმე დღეა ბათუმის ქუჩებში დადიან რვა წარმოსადეგი, ლამაზი და ახალგაზდა გურული, წითელის ჩოხებით გამოწყობილნი. 

ეს ახალგაზდობა თავისის შეხედულებითა და მხიარულის ტანისამოსით ყველას ყურადღებას იზიდავს თურმე. ეს გურულები ამერიკის ერთს ცირკში არიან მიწვეულნი, რომ ამერიკელები გაართონ თავისის ცხენოსნობით; წარსულს წელს იქვე წავიდა მთელი დასი კავკასიის ცხენოსანთაო“, - გაზეთი „ივერია“, 1897 წ. 📗 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი III [1896-1900 წწ.]

***

გურულების მოგზაურობა ამერიკის სხვა-და-სხვა ქალაქებში

მშვიდობაძე, გურული მხედრები ამერიკაში
„ამ სათაურს რომ ამოიკითხავს ცნობისმოყვარე მკითხველი, დიდად გაჰკვირდება და იტყვის: ნუ თუ ისე გათამამდა და გაყოჩაღდა ჩვენი ხალხი, რომ ამერიკის ქალაქებში მოგზაურობენო!

მართლაც-და საკვირველია ძველ დროში გურიიდან ტფილისში ასვლა ისე საძნელო იყო, როგორც დღეს ამერიკაში; მაგრამ დღეს-კი იმდენს ცრემლებს აღარ აფრქვევენ თავიანთი დედები თუ ცოლები, თავიანთ ოჯახის შვილის გამგზავრებაზე ამერიკაში, რამდენსაც ძველ დროში ტფილისში გამგზავრებაზე თვალებს ისივებდნენ.

დღეს ყველამ შეიგნო, რომ არც ერთს ქვეყანაში კაცი არ დაიკარგება და, მაშასადამე, არც სატირალ-სადარდელი რამ აქვს. პირიქით ბედნიერად იგი სთვლის თავისს თავს, ვინც მოესწრო იმ დღეს, რომ უცხო ქვეყნები ნახა - გაიგებს სხვა ხალხის ცხოვრებას და დაუბრუნდება სახლში მეტის სწავლა-ცოდნით აღჭურვილი.

დღეს ზოგიერთ მდიდრების შვილები ხარჯს არ ერიდებიან და ევროპაში მიემგზავრებიან ცოდნის შესაძენად და ზოგი, ჩვენს შორის-კი იყოს და მარტო „მოდას“ აჰყოლია.

რაღა გასაკვირვალია უბრალო მუშა სოფლის კაცმა ცოტა პირადი სარგებლობის გულისთვის ევროპაში წავიდეს. ამ მოგზაურობით იგი არც მშობლის და ოჯახისას არას ხარჯავს, ისე მიდის და მოდის, ხოლო სურვილი მოგზაურობისა პირველი ნიშანია წარმატებისა და დაწინაურებისა.
ექვსი წელიწადია, რაც ათამდე გურულები ლუკა ჩხარტიშვილის მეთაურობით მოგზაურობენ ამერიკის სხვა-და-სხვა ქალაქებში. ხსენებული გურულები მიწვეულნი ყოფილან ერთს ცირკში ცხენზე მოთამაშეებად (ცხენოსნებად), ვითარცა წარმომადგენელნი კავკასიის ტიპის ხალხისა. ცირკში მიწვეულნი ყოფილან როგორც გურულები, ისე სულ ყველა ტიპის წარმომადგენელნი, მაგრამ ვერც ერთმა ტომის ხალხმა იმდენად ვერ დაიმსახურა, თურმე, ამერიკის საზოგადოების ყურადღება, რამდენადაც გურულებმა. 
ბ-ნს ლ. ჩხარტიშვილს საჩუქრად ოქროს მედალიც მიუღია, რომელსაც აწერია:

„რუსეთის გამოჩენილ მოთამაშეს, საჩუქრად ამერიკის საზოგადოებისაგან“.

მოუქცევიათ მისი სურათი სხვა-და-სხვა გვარი წარწერებით.

ლ. ჩხარტიშვილს თავის-თავად შეუსწავლია ცხენზე „თამაში“ და სიმკვირცხლით ცირკის მოთამაშეებიც-კი ვერ შეედრებიან. ჩხარტიშვილს მიეცით მხოლოდ ცხენ-უნაგირი, გაშლილი მინდორი და სხვა თქვენი არა უნდა-რა.

ფეხზე დგომა, თავით დადგომა, ყირამალა გადმოხტომა და ისევ შეჯდომა ცხენზე, ყირამალა გადმოსვლა, ყოველივე ეს მისთვის ძლიერ ადვილია ძალზე გაჭენებულ ცხენზე.

ამისთვის დაევალა ლ. ჩხარტიშვილს ამერიკის ცირკის პატრონისაგან წაეყვანა შვიდი-რვა კაცი ყოველ წლივ. მართლაც, ჩხარტიშვილმა ამ ექვსის წლის განმავლობაში ორმოც-და-ათამდე გურულებს უჩვენა ამერიკის სხვა-და-სხვა ქალები და არც ჯიბე ცალიერები დაბრუნებულან მასთან მოგზაურნი. თვიურად ღებულობდნენ ას-ას მანათს ყოველივე ხარჯს გარდა და თან „ქვეყანა ნახეს“, - კონტი, გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1897 წ.

გიორგი ჭეიშვილი