ავჭალის ქუჩაზე კი, რომელიც მთის ქედიდამ ბევრად უფრო დაშორებულია, ვიდრე, მაგ., მთაწმინდის არე-მარე, ნიაღვარს აუცურვებია მომავალი ფაიტონი შიგ მსხდომებითურთ, რომელნიც ძლივს გადაურჩენიათ უბედურებისაგან ქუჩის ნაპირა სახლებში მცხოვრებლებს...
ამისთანა შემთხვევა, სხვა ქუჩებშიაც არა მცირედი ყოფილა: სუპ-კარაპეტის ხევში, ლენჩიშვილის საპნის ქარხანებთან, უნახავთ ერთი ნიაღვრისაგან დამხრჩვალი უნტერ-ოფიცერი, რომელსაც თავ-პირი სულ-ერთიანად დამტვრეული ჰქონია და ერთ-ხეზედ ორივე ხელით შემოხვეული ყოფილა. ეს უნტერ-ოფიცერი არსენალის მხრიდამ წამოუღია ნიაღვარს.
ავლაბარში კიდევ ერთს საწყალს დედა-კაცს შევარდნია სახლში ნიაღვარი და კინაღამ თავისი ორი პატარა ყმაწვილითურთ დაუხრჩვია. ეს დედაკაცი და ყმაწვილები ტახტზე თურმე ისხდნენ და ამ დროს უცებ შევარდა ნიაღვარი ისეთი ძალით, რომ მაშინათვე ტახტი დედა-კაციანად და ბავშვებიანად ასწია მაღლა და მოიტივტივა, ასე რომ გაშტერებული დედა-კაცი და ბავშვები ზედ შერჩნენ და რამდენიმე ხანს დაცურავდნენ წყალში.
მათი დაღუპვა აუცილებელი იყო თურმე, ერთი ვიღაც ყოჩაღი მენახშირე რომ არ შესწრობოდა. ვერც პოლიციამ და ვერც არავინ სხვამ ვერ გაბედა შველა უბედური და სასო-მიხდილი დედა-კაცისა, რომელსაც მიეკრა გულში თავის პატარა შვილები, გულის საკლავად თურმე ყვიროდა და ევედრებოდა ხალხს უბედურებისგან დახსნას.
ამ დროს, როგორც მხსნელი ანგელოზი, საიდგანღაც გაჩნდა მენახშირე, შევარდა სახლში დინჯად, გულადად, გამოიყვანა იქიდგან უბედური დედა-შვილნი და ამ დროს კიდეც ჩამოწვა ბანი. ერთი წამიც რომ დასცლოდათ, მათი დახსნა შეუძლებელი-ღა იყო, - ჩამოქცეული ბანი ქვეშ მოიტანდა!
ამასთანავე, რიყეზე, მალაკნების ქუჩაზე, მეოთხე განყოფილების მომრიგებელ სასამართლოსთან, საათის 11-ზე, ნიაღვრისაგანვე მოგლეჯილა უშველებელი კიდე „პოკროვსკის“ ყაზარმების მხრიდამ და ზედ ქუჩაზე ჩამოწოლილა. უბედურება არაფერი მომხდარა, რადგანაც ამ დროს ნიაღვრის გამო არავის უვლია ამ ქუჩაზედ, - მხოლოდ ერთი მალაკნის სახლისთვის ფანჯრები ჩაუმტვრევია. გუშინვე გაუწმენდიათ ეს ქუჩა და ცხენის-რკინის გზის ვაგონებს ჩვეულებრივ დაუწყვიათ სიარული.
ყოველთვის, წვიმიანობის დროს, ამისთანა ხიფათი ეწვევა ხოლმე ჩვენი ქალაქის უბანთა უმეტეს ნაწილს იმის გამოისობით, რომ გარშემო მთის ქედები, ამ 60-ოდე წლის წინად ტევრით მოცული, დღეს სრულიად მოკლებულია ყოველ გვარ მცენარეობას და წარმოადგენენ სამწუხარო სანახავს მზისაგან გადამწვარს ქვიშა-კლდე-ღრიანკალებისას.
ნუთუ დრო არ არის და არა ღირს, რომ ქალაქმაც და მმართველობამაც ჯეროვანი ყურადღება მიაქციონ მათს ხელ-ახლავ ტყით გაშენების საქმეს?!“, - გაზეთი „დროება“, 1884 წ.