დათო სიმონიას ილუსტრაცია |
★ „ეს შესანიშნავი ადამიანი ისე მიღებული იყო თბილისის მოქალაქეებში, რომ ძნელად იქნებოდა ისეთი ამქრობა, ისეთი ლხინი, ისეთი ქორწინება, რომ აბელა იქ არ ყოფილიყო და თავის დახელოვნებულის ჯადობაზობით ხალხი გაოცებაში არ მიეყვანა.
აბელას პატარობიდანვე მრავალი ქვეყნები ნავალი ქონდა და აი ამ მოგზურობაში გაეცნო ისეთი იშვიათი არაბები და ენდოელი ფაკირები, რომ იმათქგან შეესწავლა უცნაური თვალთ-მაქციობა და ჯადობაზობა.
ამგვარ საქმეებში ისე დახელოვნებული იყო, რომ ხშირად ადამიანს ვირად აქცევდა, ქვის ნამტვრევს კრუხ-წიწილებად აქცევდა; რომელი ადამიანიც არ მოეწონებოდა, ტუჩებზე უზარმაზარ კლიტეს ჩამოჰკიდებდა. სტაფილოს ალყათ დასჭირდა, მერე ოქროს ფულათ აქცევდა, შემდეგ ორთაჭალის მიკიტნებს თავის დანახარჯის ფასში მისცემდა.
ერთი სიტყვით, ამგვარი საქმეები ძალიან ბევრი იცოდა.
გარდა ამისა, მაღალ აბელას იმისთვის ეძახდნენ, რომ ის ხშირად დაიარებოდა ხუთი ექვსი არშინის სიმაღლე შეშის ფეხებზე. ამგვარ ფეხებს თავიდან ფეხებამდენ ეცვა ფერადი ფერანგი. ამნაირი ფეხებით ქორწილებში და ლხინებში ზურნაზე თამაშობდა, იმის გამოთაც მდიდარი მოქალაქეები იმისთვის ფეშქაშებს არა ზოგავდნენ.
გარდა ამგვარი შნოებისა, სადაც ეკლესიის ჯვარი ყოფილიყო გუმბათზე ასამართი, აბელას უნდა ჯვარი აეტანა, ზედ საყდარზე გაემაგრებინა და მერე ზედ ყირამალა გადასულიყო.
მაღალ აბელას შესანიშნავ ადამიანად მისთვის უწოდებ, რომ მისი მგზავსი დახელოვნებული და ხალხის თვალის მომხიბლავი ვინმე ჯერ ქალაქის მცხოვრებელთა არ უნახავთ.
მართალია, სპარსეთის მეფეებისაგან უხვად დაჯილდოებული რობერტ ლენცი მრავალჯერ ეწვია თბილისის საზოგადოებას და თეატრებში წარმოდგენები გამართა, სადაც ადამიანს თავსა სჭრიდა, მერე ბლუდზე სდებდა და ხალხს უჩვენებდა, მაგრამ რაც უნდა იყოს, აბელა რომ საყდრის ჯვრებზედ თავდაყირა დგებოდა და იმისთანა საშიშარ ადგილას თამაშობდა, ესე ყოველგვარ ოსტატობას გადაცილებით სჭარბობდა.
აი ამის გამოთაც მაღალ აბელას სახელი დაუვიწყრად დარჩა ქალაქის ყველა მცხოვრებელთა ხსოვნაში, როგორც ერთი მოუშლელი სახსოვარი.“
[კარაპეტ გრიგორიანცი - „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“]